გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.01.2018
საქმის ნომერი
140210015720802
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210015720802

საქმე №2/138-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 იანვარი, 2018 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე

 

მოსარჩელე - სს ”ს----------–--ს ბ---ი”

წარმომადგენელი - ი-----–ი გ-----–-ა

მოპასუხე - ზ------ა ჯ----–---–ი, გია კ------–---–ი, გ-----მ ს------–---–ი, თ----–ა ს------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე ზ------ა ჯ----–---–ს, გია კ------–---–ს, გ-----მ ს------–---–ს და თ----–ა ს------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბ---ი”-ს სასარგებლოდ ფულადი დავალიანების გადახდა 23 510.75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 13 000 ლარი, პროცენტი - 3776.75 ლარი, პირგასამტეხლო - 6734 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით 2013 წლის 18 სექტემებრს სს ”ს----------–--ს ბ---სა” და ზ------ა ჯ----–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 13 000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 22 %, 18 თვის ვადით, ვადაგადაცებული თანხის ყოველდღიური 0.5%.

 

იმავე დღეს 2013 წლის 18 სექტემბერს სხვა მოპასუხეებთან გია კ------–---–თან, გ-----მ ს------–---–თან და თ----–ა ს------–---–თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.

 

მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. მოპასუხეების სახელზე არსებული დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს 23510.75 ლარს, რომელიც მათ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოპასუხე გია კ------–---–ი, რომელმაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ 13000 ლარის ნაწილში, ამასთან 6500 ლარის ნაწილში ცნო მოსამზადებელ სხდომაზე, ხოლო 6500 ლარის ნაწილში ძირითად სხდომაზე. მოპასუხე ზ------ა ჯ----–---–ი, გ-----მ ს------–---–ი და თ----–ა ს------–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2013 წლის 18 სექტემბერს სს ”ს----------–--ს ბ---სა” და მოპასუხე ზ------ა ჯ----–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება №1676241;

 

3.1.2. 2013 წლის 18 სექტემბერს სს ”ს----------–--ს ბ---სა” და გია კ------–---–ს, გ-----მ ს------–---–ს და თ----–ა ს------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც სოლიდარულმა თავდებებმა სრული პასუხისმგებლობა აიღეს ზ------ა ჯ----–---–ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე.

 

3.1.3. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს.

 

3.1.4 საქმეში წარმოდგენილი დავალიანების ცნობით 2015 წლის 13 იანვრის მდგომარეობით ზაქრია ჯ----–---–ის დავალიანება სს "ს----------–--ს ბ---ის" მიმართ შეადგენს 23 510.75 ლარს, საიდანც სესხის ძირი თანხაა- 13000 ლარი, სესხის პროცენტი - 3776.75 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 6734 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს ზ------ა ჯ----–---–ს, გია კ------–---–ს, გ-----მ ს------–---–ს და თ----–ა ს------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ფულადი დავალიანების გადახდის ვალდებულება.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 300-ე 301-ე 361-ე, 316-ე, 317-ე, 867-868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე გია კ------–---–მა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნო, კერძოდ: 13000 (ცამეტი ათასი) ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნიათ შესასრულებელი ვალდებულებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოაპსუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა, კერძოდ:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადახდის გრაფიკი არის ხელშეკრულებების დანართი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც თავად ხელშეკრულებას, რადგან სწორედ ამ გრაფიკით არის განსაზღვრული ყოველთვიურად როდის და რა ოდენობით აქვს მოვალეს ბანკის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი, რასაც ასევე მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი როგორც ძირი თანხა - 13 000 ლარი, ასევე სარგებელი (პროცენტი)-3776.75 ლარი საფუძვლიანია და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 6734 ლარის გადახდის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 6734 ლარი, სესხის ძირი თანხისა (1300 ლარი) და პროცენტის (3776.75 ლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 500 ლარით, რომლის გადახდაც, ასევე უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.3 სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.

 

2013 წლის 18 სექტემბერს მხარეებს შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც თავდებებმა პირებმა სრული პასუხისმგებლობა აიღო ზ------ა ჯ----–---–ის მიერ ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

უდავო გარემოებაა, რომ ძირითადმა მოვალემ ზ------ა ჯ----–---–მა გადააცილა გადახდის ვადას რამდენჯერმე.

 

სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია სოლიდარული თავდებობით, რაც წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს.

 

ამდენად, სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სოლიდარული თავდებებისათვის თანხის გადახდევინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, რაც გულისხმობს კრედიტორის მიმართ.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე გია კ------–---–მა სარჩელი ცნო 6500 ლარის ნაწილში, ხოლო საქმის არსებითი განხილვის დროს 6500 ლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 705.30 ლარიდან ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს 292.50 ლარი, 187.01 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი თანხის 225.78 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ”ს----------–--ს ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ზ------ა ჯ----–---–ს, გია კ------–---–ს, გ-----მ ს------–---–ს და თ----–ა ს------–---–ს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბ---ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 17 276.75 (ჩვიდმეტიათას ორასსამოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.

 

4. მოპასუხეებს ზ------ა ჯ----–---–ს, გია კ------–---–ს, გ-----მ ს------–---–ს და თ----–ა ს------–---–ს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბ---ის” სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 225.78 (ორასოცდახუთი ლარი და სამოცდათვრამეტი) თეთრი) ლარი

 

5. მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბ---ს” (ს/ნ 204378869) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 13 იანვარს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 705.30 (შვიდასხუთი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარიდან 292.50 (ორასოთხმოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი, ხოლო 187.01 (ასოთხმოცდაშვიდი ლარი და ერთი თეთრი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე