გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.04.2018
საქმის ნომერი
190210117001986339
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1341-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.03.2018 წ ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი: თამარ კობაიძე

მოსარჩელე ო----–-- ა--------ა

უ-–----- ა--------ი

წარმომადგენელი ბელა ბერაძე

მოპასუხეები აინაზ ა--------ი

ბაბა ა--------ი

წარმომადგენელი ხატია კვასტიანი

დავის საგანი ყადაღისაგან მოძრავი ნივთების გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 18 მაისს შედგენილი დაყადაღების აქტიდან HISENSE-ის ფირმის შავი ფერის ტელევიზორის; LG-ის ფირმის ტელევიზორის, SAMSUNG-ის ფირმის ორკარიანი, ნაცრისფერი მაცივრის, ამორიცხვა.

 

მოსარჩელის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ შვილს ბაბა ა--------ს დაკისრებული აქვს ალიმენტი აინაზ ა--------ის მიმართ, რომლის გადახდვინების მიზნით აღმასრულებელმა დააყადაღა ნივთები. ნივთები დაყადაღებულია სოფე თაზაქენდში მდებარე სახლში, სადაც ბაბა ა--------ი აღარ ცხოვრობს. დაყადაღებული ნივთები შეძენილია მოსარჩელეების მიერ, მათი საკუთრებაა და არა მოვალე ბაბა ა--------ის საკუთრება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბაბა ა--------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა.

 

2.2. მოპასუხე აინაზ ა--------ამ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. ჰაისენსის ფირმის ტელევიზორის და სამსუნგის ფირმის მაცივრის ნასყიდობის ხელშეკრულებებით არ მტკიცდება, რომ დაყადაღებულია ამ ხელშეკრულებაში მითითებული ნივთები, რადგან არ დასტურდება მათი იდენტურობა. ელჯის ფირმის ტელევიზორის შესახებ მოსარჩელეების უფლებები დოკუმენტურად არ დასტურდება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალე ბაბა ა--------ისათვის დაკისრებული თანხის იძულებით გადახდევინების მიზნით 2017 წლის 18 მაისს დაყადაღებულია HISENSE-ის ფირმის შავი ფერის ტელევიზორი; LG-ის ფირმის ტელევიზორი; SAMSUNG-ის ფირმის ორკარიანი, ნაცრისფერი მაცივარი.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულების ნოდარ შოთაძის მიერ 2017 წლის 18 მაისს შედგენილია აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, რომლის მიხედვით დაყადაღებულია შემდეგი ნივთები: HISENSE-ის ფირმის შავი ფერის ტელევიზორის; LG-ის ფირმის ტელევიზორის, SAMSUNG-ის ფირმის ორკარიანი, ნაცრისფერი მაცივარი.

 

აღნიშნული ნივთები აღწერილი და დაყადაღებულია შემდეგ მისამართზე: გარდაბანი სოფელი თაზაქენდი. იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს კრედიტორის აინაზ ა--------ას სასარგებლოდ, ხოლო მოვალეა ბაბა ა--------ი, რომელსაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით დამტკიცებული მხარეთა მორიგების აქტის საფუძველზე დაკისრებული აქვს ალიმენტის 100-100 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- დაყადაღების აქტის ასლი (ს.ფ. 13-15. ტომი 1)

- განჩინების ასლი (ს.ფ. 58-59. ტომი 1)

 

3.2.2. დაყადაღებული ნივთები შეძენილია მოსარჩელეების ო----–-- ა--------ას და ულფად ა--------ის მიერ.

 

მოსარჩელის განმარტებით, სადაო ნივთები მათ შეიძინეს, რის დასადასტურებლად წარმოადგინეს ნივთების შეძენის დოკუმენტაცია.

 

2016 წლის 6 სექტემბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა და ო----–-- ა--------ას შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სესხი 1199 ლარი აღებულია საქონლის შესაძენად. ხელშეკრულების მიხედვით, სესხი გაცემულია samsung-ის ფირმის მაცივრის RT35K544058 შესაძენად. სესხის ხელშეკრულებაში მითითებული მაცივარი შეძენილია მაღაზიაში „სმაილი“, რომლის მიერ გაცემულია საგარანტიო ტალონი 2016 წლის 6 ოქტომბერს.

 

2016 წლის 18 მაისს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსა“ და ულფად ა--------ს შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სესხი 524 ლარი აღებულია საქონლის – ტელევიზირის HISENSE LEDTV 32D33 შესაძენად. აღნიშნული ტელევიზორი შეძენილია მაღაზიაში “მეგატექნიკა”, რომლის მიერ ნივთის საგარანტიო ტალონი გაცემული ულფად ა--------ის სახელზე 2016 წლის 18 მაისს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა წრე, რომელთა მეშვეობით შეიძლება მხარის მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცება. ესენია, თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამ ნორმის შესაბამისად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის განაწილებულია თანაბრად, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხის ევალება სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებების დამტკიცება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - საგარანტიო ტალონებით და სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ 2016 წლის 6 ოქტომბერს ო----–-- ა--------ამ შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან” დადებული სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებით მიღებული თანხით მაღაზიაში „სმაილი“ შეიძინა სამსუნგის ფირმის მაცივარი.

 

2016 წლის 18 მაისს შპს “მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან” დადებული სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხით ულფად ა--------მა მაღაზიაში მეგატექნიკა შეიძინა hisense-ის ფირმის ტელევიზორი.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი).

 

საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება სარჩელში მითითებული გარემოებები დაყადაღებული ნივთების შეძენის შესახებ, რის გამოც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ SAMSUNG-ის ფირმის მაცივარი და hisense-ის ფირმის ტელევიზორი შეძენილია ო----–-- ა--------ას და ულფად ა--------ის მიერ.

 

სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დაყადაღებული ნივთები განთავსებულია ო----–-- ა--------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ო----–-- ა--------ას საკუთრებად რეგისტრირებულია 1300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 3 ნაგებობა კოდი 81.14.1.109.

 

ამდენად, სადაო ნივთები აღწერილი და დაყადაღებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ნივთების დაყადაღების მომდევნო პერიოდში, 2017 წლის 30 ოქტომბერს, თუმცა ეს ფაქტი არ არის იმის უარმყოფელი გარემოება, რომ ქონების დაყადაღების დროს უძრავი ქონება იყო მოსარჩელეების სარგებლობაში. ნივთები დაყადაღებულია სოფელ თაზაქენდში მდებარე უძრავ ქონებაში, დაყადაღების აქტში ქონების საკადასტრო მონაცემები მითითებული არ არის. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დაყადაღების დროს ქონება იყო მოვალე ბაბა ა--------ის საკუთრებაში და ამის გამო იქ განთავსებული მოძრავი ნივთებიც ბინის მესაკუთრის კუთვნილებას წარმოადგენდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 21-26, ტომი 1)

- საგარანტიო ტალონები (ს.ფ. 27-28. ტომი 1)

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 105-106. ტომი 1)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დაყადაღების აქტიდან უნდა ამოირიცხოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 158-ე, 186-ე, 477-ე, 170-ე, 172-ე მუხლები

· ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 32-ე, 40-ე, 44-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო მიაჩნია, რომ მოპასუხე ბაბა ა--------ის მიერ წერილობითი შესაგებლის წარმოუდგენლობის და სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, საქმეზე გამოტანილი უნდა იქნას საერთო გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად. განსახილველი სარჩელი აღძრულია ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვით ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელში მოპასუხეები არიან სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე კრედიტორი და მოვალე. შესაბამისად, სადაო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე არის სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე კრედიტორი, რომლის სასარგებლოდ უნდა აღსრულდეს დაკისრებული ვალდებულება. სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე კრედიტორისა და მოვალის საპროცესო თანამონაწილეობა კანონითაა დადგენილი და მათ მიმართ შესაძლებელია მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა. ამდენად, მოპასუხის გამოუცხადებლობის მიუხედავად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესო საფუძველი არ არსებობს და დავა უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად.

 

სადაო ნივთები დაყადაღებულია ბაბა ა--------ის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების მიმდინარეობისას, ხოლო იძულებითი აღსრულება დაწყებულია აინაზ ა--------ას სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გადახდევინების მიზნით.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

სააღსრულებო წარმოებაში ბაბა ა--------ი არის მოვალე, შესაბამისად, იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მიხედვით თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დაცულია იმ პირთა უფლებები, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

განსახილველი სარჩელი არის მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილ მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რადგან მოსარჩელე საკუთრების უფლების შესახებ პრეტენზის აცხადებს დაყადაღებულ მოძრავ ნივთზე. შესაბამისად, უნდა შეფასდეს დაყადაღებული ნივთებზე საკუთრების უფლება ეკუთვნის თუ არა მოვალეს.

 

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის საფუძვლები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთის მფლობელის მიმართ არსებობს მის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, რადგან ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი ამავე დროს არის მისი მესაკუთრე. მოძრავი ნივთის მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს შემძენის ინტერესებს იმით, რომ მოძრავი ნივთის შეძენის დროს კანონი შემძენს არ ავალდებულებს დოკუმენტალურად შეამოწმობის გასაყიდ ნივთზე გამყიდველის საკუთრების უფლება. ამ ნორმის მიხედვით, მოძრავი ნივთის მფლობელობა საკმარისია მფლობელის მესაკუთრედ აღიარებისათვის. მოძრავ ნივთზე პირის საკუთრების უფლების არსებობის პრეზუმფცია ვრცელდება იმ დრომდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ხოლო საწინააღმდეგოს დამტკიცება იმ პირის ვალდებულებაა, რომელიც აცხადებს ნივთზე საკუთრების უფლების პრეტენზიას.

 

აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არის საოჯახო ელექტროტექნიკის მოწყობილობები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ და არის მის მფლობელობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მოსარჩელეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვეს უფლებები ამ ნივთებზე, გადაიხადეს შესაბამისი საფასური, ნივთები მათ მფლობელობაშია, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის საფუძველზე მოიპოვეს მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.

 

მოსარჩელეების საკუთრებას წარმოადგენს ასევე LG-ის ფირმის ტელევიზორი, ეს ნივთი არის მოსარჩელეების მფლობელობაში, ამ ნივთებით სარგებლობენ მოსარჩელეები, ნივთები განთავსებულია ამჟამად მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რის გამოც მის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით დადგენილი პრეზუმფცია, რომ მოძრავი ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

ამ ნორმით დადგენილი პრეზუმფციის გაქარწყლება ევალება იმ პირს, ვისაც ამ ნივთების მიმართ სამართლებრივი ინტერესი გააჩნია. ამ შემთხვევაში ასეთი მხარეა მოპასუხე აინაზ ა--------ა, რომელიც როგორც სააღსრულებო წარმოების კრედიტორი დაინტერესებულია ამ ნივთების რეალიზაციით აღსრულდეს მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება. ამდენად, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის იმ ფაქტის დადასტურება, რომ სადაო ნივთები არის მოვალის საკუთრება. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რის გამოც მან ვერ გააქარწყლა სადაო ნივთებზე მოსარჩელეების საკუთრების უფლების პრეზუმფცია. ამდენად, სადაო დაყადაღებული ნივთები მოსარჩელეების საკუთრებას წარმოადგენს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, 1. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. 2. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად. ამ ნორმის საფუძველზე უძრავი ნივთის საკუთვნებელს წარმოადგენს ამ უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთი, რომელიც განკუთვნილია მთავარი ნივთის - უძრავი ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში სადაო ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ ბინაში, რის გამოც მათი დანიშნულებაა საცხოვრებელი ბინის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დანიშნულებით სარგებლობაში მომსახურება, ბინაში მცხოვრებ პირთა ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო საჭიროებების მომსახურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლიდან გამომდინარეობს კანონისმიერი პრეზუმფცია, იმის შესახებ, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნის იმ პირს, რომლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში განთავსებულია ეს ნივთები და გამოიყენება სამეურნეო დანიშნულებით. ეს ვარაუდი არსებობს მანამ, ვიდრე პირი, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული (მოცემულ შემთხვევაში _ მოპასუხე კრედიტორი) დამაჯერებლად არ გააქარწყლებს ამ ვარაუდს. ამდენად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების სარჩელის განხილვის დროს, ისეთ შემთხვევაში როცა დაყადაღებული ნივთები განთავსებულია მესამე პირის და არა მოვალის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზუმფციის გასაქარწყლებელი ფაქტის დადასტურება. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს, რომ დაყადაღებული ნივთები ეკუთვნის მოვალეს. კრედიტორმა აინაზ ა--------მა ვერ გააბათილა ეს პრეზუმფცია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული ნივთები არის მოსარჩელეების ო----–-- ა--------ას და უფლატ ა--------ის საკუთრება, რადგან განთავსებულია ო----–-- ახემეოდოვას საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, შეძენილია მათ მიერ და განკუთვნილია მოსარჩელეების ოჯახის საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის საფუძველზე, მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის საკმარისია მესაკუთრის მიერ ნივთის შემძენის მფლობელობაში გადაცემა.

 

ამ შემთხვევაში სახეზეა მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის 186-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა გარემოება, რაც სადაო ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას ადასტურებს.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. ასეთ გარემოებას ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რადგან დაყადაღებული ნივთები შეძენილია მოსარჩელეების მიერ, ბაბა ა--------ს რაიმე საფუძვლით არ მოუპოვებია მათზე საკუთრების უფლება (მაგ. გარიგების საფუძველზე). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელეებისათვის სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ო----–-- ა--------ას და უ-–----- ა--------ის სარჩელი;

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სსიპ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 18 მაისს შედგენილ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები: HISENSE-ის ფირმის ფერადი შავი ფერის ტელევიზორი; LG-ის ფირმის ფერადი, შავი ფერის ტელევიზორი; SAMSUNG-ის ფირმის ორკარიანი, ნაცრისფერი მაცივარი;

 

2. ბაბა ა--------ს და აინაზ ა--------ას სოლიდარულად დაეკისროთ უ-–----- ა--------ის და ო----–-- ა--------ასათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100 ლარის, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების მიხედვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი