განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/454-17
(№092210917005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ლობჯანიძე,სტაჟიორ-პროკურორი: გიორგი გოგალაძე
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
თეიმურაზ მარიამული, დაბადებული 1981 წლის 23 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №31001012751, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.თბილისი, სოფელი დიღომი და ფაქტობრივად მცხოვრები -ქ.თბილისი, ტაშკენტის ქ. 31/48;
მალხაზ საყვარელიძე, დაბადებული 1980 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №54001006326, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ჭიათურის რაიონი, ზ.პატარიძის ქ. №2 და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ.თბილისი, ფონიჭალა, კორპუსი 5, ბინა N35;
ადვოკატი: ზურაბ დალაქიშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტები, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.
სხდომის სახე - ღია, ბრალდებულ მალხაზ საყვარელიძის დასწრების გარეშე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თეიმურაზ მარიამულმა და მალხაზ საყვარელიძემ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განიზრახეს ასმათ ბაკურაძის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ქ.თბილისში, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ არსებული N01.10.08.006.062 საკადასტრო კოდის მქონე, 3263 კვ.მ.) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება. მათ დაამზადეს 2017 წლის 12 ივლისით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვით თითქოს მალხაზ საყვარელიძე იყო ასმათი ბაკურაძის წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მისი კუთვნილი უძრავი ქონება. აღნიშნული მინდობილობის გამოყენებით მალხაზ საყვარელიძესა და მის რძალს ასია კვანტრიშვილს შორის 2017 წლის 17 ივლისს გაფორმდა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თითქოს ასია კვანტრიშვილმა შეიძინა დასახელებული მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტებით 2017 წლის 18 ივლისს, დასახელებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იქნა ასია კვანტრიშვილის სახელზე და მოხდა მისი დაყოფა 2000 კვ.მ. (ს/კ 01.10.08.006.623) და 1263 კვ.მ. (ს/კ 01.10.08.006.624) მიწის ნაკვეთებად. 2017 წლის 20 ივლისს თეიმურაზ მარიამულის, მალხაზ საყვარელიძისა და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელ პირების მიერ მიწის ნაკვეთის ნაწილი 1263 კვ.მ გაყიდული იქნა შპს ,,მუხიანზე“ 189 450 აშშ დოლარად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვა სასამართლოში ჩატარდა ბრალდებულ მალხაზ საყვარელიძის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან მან თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით,სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თეიმურაზ მარიამულმა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მალხაზ საყვარელიძეს მისი ვალი ჰქონდა და სთხოვდა თანხის დაბრუნებას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ჩანაწერებში იგი სწორედ ამ საკითხზე საუბრობს და სხვა სახის ურთიერთობა მალხაზთან არ ჰქონია.
ყალბი მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ასმათ ბაკურაძის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:
დაზარალებულმა ასმათ ბაკურაძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2008 წელს შეიძინა 3000 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში პ.იბერის ქუჩაზე. მისი გაყიდვა გეგმაში არ ჰქონდა და არც მინდობილობა აქვს გაცემული სხვის სახელზე ნაკვეთის გასაყიდად. როგორც მისთვის ცნობილია გაყალბებული საბუთებით მიწა გაიყო ორ ნაწილად და ისე გაიყიდა. არ იცნობს არც ბრალდებულებს და არც ასია კვანტრიშვილს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ასია კვანტრიშვილმა განმარტა, რომ 2017 წლის 14 ივლისს მასთან ოჯახში მივიდა მისი მეუღლის - მიხეილ საყვარელიძის ძმა მალხაზ საყვარელიძე და უთხრა, რომ მეგობარს ჰქონდა მიწის ნაკვეთი და უნდა გაფორმებულიყო მის სახელზე. 2017 წლის 17 ივლისს მალხაზთან ერთად მივიდა იუსტიციის სახლში და მის სახელზე დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი, რომელიც გაიმიჯნა ორ ნაწილად და 20 ივლისს კვლავ გაჰყვა მალხაზს იუსტიციის სახლში, მითითებული მიწის ნაკვეთის გასაყიდად. მალხაზს ასევე ახლდა მაკლერი და შმაგი სირაძე. შმაგიმ ბანკიდან გამოიტანა 190 ათასი აშშ დოლარი და მისცა მალხაზს. ამის შემდეგ, მასთან სახლში მივიდა თეიმურაზ მარიამული და უთხრა, რომ მიწის ნაკვეთის თანხა, რომელიც მან გაყიდა, უნდა დაებრუნებინათ, ან უნდა ეთქვა მალხაზის ადგილსამყოფელი. თ.მარიამული კვლავ დაუკავშირდა მის მეუღლეს და შეხვედრა სთხოვა. ვინაიდან იგი დაკავებული იყო, თ.მარიამულს შეხვდა მაზლთან - ირაკლი საყვარელიძესთან ერთად, რა დროსაც ბრალდებულმა კვლავ შესთავაზა, რომ ან გაეყიდათ დარჩენილი მიწის ნაკვეთი, ან ეთქვა მალხაზი სად იყო. ამ შეხვედრის დასრულებიდან, როდესაც სახლში მიდიოდა, ბრალდებულმა კიდევ დაურეკა და ამჯერად სხვა მამაკაცთან ერთად შეხვდა, რომელსაც სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა და უთხრა, რომ ამ საქმეში ქურდები იყვნენ გარეულები და ტყავს გააძრობდნენ თუ მალხაზი არ დააბრუნებდა თანხას. მალევე თ.მარიამული კვლავ დაუკავშირდა მას, ქ.თბილისში ე.წ. ციხეებთან შეხვდა და მაკლერთან დაარეკინა, რომ მიწის ნაკვეთის გაყიდვა სურდა. მაკლერთან შეხვედრას თ.მარიამული არ ესწრებოდა. ამის შემდეგ სახლში მივიდნენ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს დაკითხვაზე, მან გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობის და როდესაც თ.მარიამულმა დაურეკა მიწის ნაკვეთის მყიდველთან შეხვედრის თაობაზე, შეატყობინა გამომძიებელს და შეხვედრის დეტალები ფარულად გადაიღეს. ამ შეხვედრას მისი მაზლი ირაკლიც ესწრებოდა. იუსტიციის სახლთან თ.მარიამულმა დაარეკინა მყიდველთან, რომელიც იუსტიციის სახლში ლიბერთი ბანკის ოფისთან ელოდებოდა. მისმა მაზლმა თ.მარიამულს სთხოვა აეხსნა რაში იყო საქმე და მან უთხრა, რომ მალხაზ საყვარელიძემ წაიღო სხვისი ფული და გაიქცა, მას მხოლოდ ნაწილი - 30000 ეკუთვნოდა, ხოლო დანარჩენი სხვისი იყო. მისთვის უცნობი იყო, რომ მიწის ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირება მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოხდა. მალხაზ საყვარელიძემ უთხრა, რომ ყველაფერი წესრიგში და კანონიერი იყო. თ.მარიამულის თქმით, თუ მეორე მიწის ნაკვეთს გაყიდიდა, მას აღარ შეაწუხებდა. მისთვის ასევე უცნობია ვინმეს დავალებით მოქმედებდა მალხაზი თუ დამოუკიდებლად. თუმცა ხშირად საუბრობდა ტელეფონზე და იღებდა მითითებებს. მან დაინახა, რომ შმაგი სირაძემ თანხა გადასცა მის მაზლს - მალხაზ საყვარელიძეს.
მოწმე მიხეილ საყვარელიძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის ასია კვანტრიშვილის მეუღლე და ბრალდებულ მალხაზ საყვარელიძის ძმა. მალხაზმა სთხოვა, რომ მიწის ნაკვეთს დაარეგისტრირებდა მისი მეუღლის ასია კვანტრიშვილის სახელზე და ეს არ იქნებოდა დაკავშირებული არანაირ პრობლემასთან. შემდეგ შეიტყო, რომ გაყიდული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მის ძმას ეძებდნენ და მათგან ითხოვდნენ თანხის დაბრუნებას, რადგან ამ პერიოდისთვის იმყოფებოდა მივლინებაში, დახმარება სთხოვა ძმას ირაკლი საყვარელიძეს.
მოწმე ირაკლი საყვარელიძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის მალხაზ საყვარელიძის ძმა და მიხეილ საყვარელიძის თხოვნით შეხვდა იმ პირებს, რომლებიც ითხოვდნენ მალხაზის მიერ წაღებული ფულის დაბრუნებას. იგი, რძალთან ასია კვანტრიშვილთან ერთად შეხვდა ბრალდებულ თეიმურაზ მარიამულს და მან უთხრა, რომ მალხაზის წაღებული ფულიდან, 180 ათასიდან 30 ათასი იყო მხოლოდ მისი, ხოლო დანარჩენი სხვების წილი იყო, მალხაზმა კი თანხა სრულად მიისაკუთრა. თ.მარიამული სთხოვდა მალხაზის კორდინატებს და სასწრაფოდ მოძებნას. ერთ-ერთ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სხვა მამაკაცი, რომელსაც სახეზე პირბადე და შავი სათვალე ეკეთა და მალხაზის ან ფულის დაბრუნებას ითხოვდა და მოკვლით დაემუქრა. ამის შემდეგ თ.მარიამულმა კვლავ დაურეკა და შესთავაზა, რომ თუ გაყიდიდნენ მისი რძლის ასია კვანტრიშვილის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის დარჩენილ ნაწილს, მათ მალხაზის გამო პრობლემები აღარ შეექმნებოდათ და მისივე მოთხოვნის საფუძველზე შეხვდნენ მაკლერს. თ.მარიამულმა დაარიგა, რომ მაკლერისთვის ეთქვა, ვინაიდან ოჯახში პრობლემები ჰქონდათ სასწრაფოდ სურდათ მეორე ნაწილის გაყიდვაც. მაკლერმა უთხრა, რომ დალოდებოდნენ მალხაზის გამოჩენას და მერე შეთანხმებულიყვნენ, რაზეც თ.მარიამული გაბრაზდა და შემდეგ თვითონ მოძებნა მყიდველი და დაიბარა ისინი იუსტიციის სახლში მათთან შესახვედრად. მიწის ნაკვეთის გაყიდვის შემთხვევაში თ.მარიამული ფულს მათაც დაპირდა და უთხრა, რომ თავს დაანებებდა კიდეც. მისთვის უცნობია თუ ვის ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი, თუმცა იცოდა, რომ იმ მომენტისთვის იგი რეგისტრირებული იყო ასია კვანტრიშვილის სახელზე. თ.მარიამულთან შეხვედრამდე საქმით დაინტერესდა ფინანსური პოლიცია და მან გამოთქვა სურვილი თანამშრომლობის.
მოწმე შმაგი სირაძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მცირე მეწარმეობის ფარგლებში დაინტერესებული იყო მიწის ნაკვეთის შეძენით და მაკლერმა ამირან ომიაძემ მიაწოდა მას საკადასტრო მონაცემები. შეძენის საკითხებზე ძირითადად მისი ბიძაშვილი მოქმედებდა, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული იყო ასმათ ბაკურაძის სახელზე და კვადრატულის ფასი იყო 150 აშშ დოლარი. გასაყიდი მიწის ნაკვეთი იმაზე მეტი ფართობის იყო, ვიდრე მას სურდა, შესაბამისად საჭირო გახდა მისი გამიჯვნა. მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტის აშენება სურდა და როდესაც ბანკიდან სესხის გაცემაზე დადებითი პასუხი მიიღო, დაუკავშირდა ამირანს და შეხვდა კიდეც ასია კვანტრიშვილს და მალხაზ საყვარელიძეს. ამირანმა უთხრა, რომ ისინი მესაკუთრეები იყვნენ. 2017 წლის 20 ივლისის შეხვედრისას, მიწის ნაკვეთის დოკუმენტები წესრიგში იყო და იუსტიციის სახლში დადეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ნაკვეთის შესაძენად მას ბე 10000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა და ბანკიდან გამოიტანა 179000 აშშ დოლარი, რომელსაც მოლარე ბანკის ფილიალის ე.წ. ”ფორთოჩკიდან” აწვდიდა და იგი აძლევდა მალხაზ საყვარელიძეს, რომელსაც ხელში პარკი ეჭირა და ალაგებდა ფულს. მიწის ნაკვეთის გამყიდველი ხელშეკრულების მიხედვით იყო ასია კვანტრიშვილი, თუმცა ფულის აღებაში მასთან ერთად იყო მალხაზიც, მისი მაზლი, მისგანვე იცის, რომ სურდათ ტრაქტორის შეძენა და ამიტომ ეჩქარებოდათ მიწის ნაკვეთის გაყიდვა. არც მანამდე და არც შემდეგ მალხაზ საყვარელიძე მას არ უნახავს.
მოწმე ამირან ომიაძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის უძრავი ქონების აგენტი და დაკავებულია მათი ყიდვა-გაყიდვით. შმაგი სირაძესთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და მანვე სთხოვა, რომ სურდა მიწის ნაკვეთის შეძენა დიღმის ტერიტორიაზე. იგი დაუკავშირდა მზია სოხაძეს, რომელიც ასევე უძრავი ქონების აგენტია და რამდენიმე დღეში მზიამ უთხრა, რომ ვინმე მალხაზ საყვარელიძეს სურდა მიწის ნაკვეთის გაყიდვა. მალხაზ საყვარელიძემ უთხრა მათ, რომ თავად მუშაობდა საჯარო სამსახურში, კერძოდ თავდაცვის სამინისტროში, ამიტომ მიწის ნაკვეთი გაფორმებული იყო მამიდის ასმათ ბაკურაძის სახელზე, რომელიც მოხუცებული იყო და ჰქონდა მისგან მინდობილობა მისი გაყიდვის თაობაზე. რადგან მყიდველს არ სურდა მინდობილობის საფუძველზე ქონების შეძენა, მალხაზმა უთხრა, რომ მოაგვარებდა აღნიშნულ საკითხს და დაუკავშირდებოდა. დაკავშირებამდე შმაგი სირაძემ ნახა მიწის ნაკვეთი ადგილზე, თუმცა იგი უფრო მეტი ფართობის იყო, ვიდრე მას სურდა და მოითხოვა მისი გამიჯვნა და შეიძენდა 1200 კვ.მ-ის ფართობს. მან გადაიხადა ბე 10000 აშშ დოლარის ოდენობით. რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკა მალხაზ საყვარელიძემ და უთხრა, რომ მიწის ნაკვეთები გაიმიჯნა, გაფორმდა რძლის ასია კვატრიშვილის სახელზე და მისგან შეიძლებოდა შეძენა. მათ გადაამოწმეს და საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთი მართლაც იყო რეგისტრირებული ასია კვატრიშვილის სახელზე. 2017 წლის 20 ივლისს, შმაგი სირაძესთან ერთად მივიდა იუსტიციის სახლში, სადაც შეხვდნენ მალხაზ საყვარელიძეს და იქ გაიცნეს მისი რძალი ასია კვატრიშვილი, მათ შორის შედგა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. საქართველოს ბანკის ფილიალში დარიცხული იყო თანხა, რომელიც მალხაზის თხოვნით გაიტანეს დოლარში. შმაგიმ შესთავაზა, რომ წაიყვანდა მანქანით და მალხაზმა უთხრა, რომ მოაკითხავდა ახლობელი და ის წაიყვანდა. მართლაც მოვიდა მათთვის უცნობი პიროვნება და მალხაზი და ასია წაიყვანა მანქანით. ფული ბანკიდან აიღო და ხელში ეკავა მალხაზ სყვარელიძეს. რამდენიმე დღის შემდეგ მას დაურეკა დათომ, რომელმაც უთხრა, რომ იყო მალხაზ საყვარელიძის ბიძაშვილი და ჰკითხა, რომ მალხაზი სახლში არ მივიდა და ხომ არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. ამის შემდეგ კიდევ დაუკავშირდა მას მალხაზ საყვარელიძის ძმა ირაკლი და უთხრა, რომ სურდათ გამიჯნული ნაკვეთის მეორე ნაწილის გაყიდვა. შეხვდა მას და ასია კვატრიშვილს ქ.თბილისში ე.წ. ”ციხეების” ტერიტორიაზე და მან მალხაზის გამოჩენამდე თავი შეიკავა რაიმე სახის გარიგებაზე. ჰკითხა კიდეც, თუ მალხაზი არ ჩანდა როგორ ყიდნენ მის გარეშე და უთხრეს, რომ ძალიან ეჩქარებოდათ და მალხაზმა ისინი უფულოდ დატოვა. ამ შეხვედრის შემდეგ ირაკლიმ უთხრა, რომ მათი ბიძაშვილი დათო ეხმარებოდა ნაკვეთის გაყიდვაში და აღარ იყო საჭირო მისი დახმარება.
მოწმე მზია სოხაძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის უძრავი ქონების აგენტი და მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით, დაუკავშირდა ვინმე მალხაზ საყვარელიძე და მისი განმარტებით ყიდდა დიღომში მდებარე მიწის ნაკვეთს. ამირან ომიაძისაგან იცოდა, რომ შმაგი სირაძე დაინტერესებული იყო უძრავი ქონების შეძენით. მალხაზის განმარტებით მიწის ნაკვეთი გაფორმებული იყო ბიცოლის ასმათ ბაკურაძის სახელზე და ჰქონდა მინდობილობა გაყიდვასთან დაკავშირებით, ვინაიდან მინდობილობით ნაკვეთი ვერ გაიყიდებოდა და მალხაზი დაჰპირდა, რომ ან თავად ასმათ ბაკურაძისგან შეიძენდნენ, ან მის სახელზე გაიფორმებდა. შმაგი სირაძეს სურდა მიწის ნაკვეთის ნაწილის შეძენა და საჭირო გახდა მისი გამიჯვნა. გაკეთდა აზომვითი ნახაზი და ორი დღის შემდეგ მალხაზმა დაურეკა, რომ საბუთები წესრიგში იყო და უკვე შესაძლებელი იყო გაფორმება. 17 ივლისს გავიდა ქალაქიდან და ეს საქმე დაასრულა ამირანმა 20 ივლისს. მისგანვე შეიტყო, რომ მიწის ნაკვეთის გაყიდვის შემდეგ მალხაზს ძმები ეძებდნენ, ხოლო ნაკვეთს დაედო ყადაღა. მალხაზ საყვარელიძე საუბარში ამბობდა, რომ ნაკვეთი მისი იყო, მაგრამ რადგან საჯარო სამსახურში მუშაობდა, გაფორმებული იყო ბიცოლას სახელზე.
მოწმე დალი ახალშენაშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თარჯიმანთა ბიუროს ოფისში კლიენტმა მოითხოვა აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე შედგენილი მინდობილობის თარგმნა და დამოწმება. კონკრეტულად ვინ იყო დამკვეთი არ ახსოვს. მინდობილობა ეხებოდა მიწის ნაკვეთის გაყიდვას. დოკუმენტი რუსული ენიდან ქართულ ენაზე თარგმნა ემა გრიგორიანმა. მოწმე ემა გრიგორიანმა დაადასტურა, რომ 2017 წლის 14 ივლისს, დალი ახალშენაშვილმა მისცა მას დოკუმენტები და უთხრა, რომ სათარგმნი იყო მინდობილობა. როგორც ახსოვს ვინმე ასმათ ბაკურაძე ენდობოდა მალხაზ საყვარელიძეს, რომ მას განეკარგა მიწის ნაკვეთი. მინდობილობა შესრულებული იყო აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე. მან თარგმნა რუსული ენიდან ქართულ ენაზე და დაამოწმა თარგმანი ნოტარიულად. პირადობის მოწმობები დოკუმენტებს არ ერთვოდა, თუმცა როგორც ახსოვს, ისინი მითითებული იყო მინდობილობაში.
მოწმე დათო მიშველაძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას დაუკავშირდა დიდი ხნის ნაცნობი გიორგი ოქრუაშვილი, რომელმაც სთხოვა, რომ მათი საერთო ნაცნობი მათევოსიანი ყიდდა მიწის ნაკვეთს და მყიდველისაგან ფულის გამორთმევისთვის მას გადაუხდიდა 200 აშშ დოლარს. შეხვედრა უნდა შემდგარიყო ორშაბათს, თუმცა მანამდე შეხვდა მას, ასევე მოვიდა თეიმურაზ მარიამული, რომელმაც რაღაც ქაღალდები მოიტანა, სავარაუდოდ აზომვითი ნახაზები და უთხრეს, რომ ისინი უნდა გადაეცა მყიდველისთვის და უნდა ეთქვა მისთვის, რომ იყო მალხაზ საყვარელიძე. კვირა დღეს, იგი მანქანით მიიყვანეს მირიან მეფის ქუჩაზე, სადაც შეხვდა მყიდველებს, გადასცა მათ საბუთები და უთხრა, რომ იყო მიშა საყვარელიძე და ნაკვეთს ყიდდა იმის, გამო, რომ მის ძმას და რძალს კონფლიქტი ჰქონდათ. შემდეგ, გიორგი ოქრუაშვილთან ერთად მივიდა იუსტიციის სახლში, სადაც ყურადღება უნდა მიექცია მყიდველებისთვის და მათი გამოჩენის შემთხვევაში უნდა დაერეკა თ.მარიამულისა და მათევოსიანისთვის. თ.მარიამული შემოვიდა იუსტიციის სახლში, შეხვდა იმ პირებს, ვისაც მან ქაღალდები გადასცა დიღომში, ისინი საუბრობდნენ და ამ დროს თ.მარიამული დააკავა პოლიციამ. გიორგი ოქრუაშვილთან შეხვედრისას, მას ახლდა მათევოსიანი, მანვე სთხოვა, რომ რადგან დიდ ფულზე იყო საუბარი, მისი დახმარება ამიტომ სჭირდებოდათ, რომ ყურადღება მიექცია და უბრალოდ ეყურებინა. მისთვის უცნობი იყო, რომ ნაკვეთის გაყიდვას მოყვებოდა პრობლემები. მალხაზ სყვარელიძეს არ იცნობს.
მოწმე დავით ტოპრაკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას და მის ძმას სურდათ მიწის ნაკვეთის ყიდვა და ამ მიზნით ტელეფონით დაუკავშირდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელსაც შემდეგ შეხვდა გასაყიდი მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე. შეთანხმდნენ, რომ შეიძენდა 2000 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს კვადრატულს - 90 აშშ დოლარად და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების შემდეგ გადაუხდიდა მას ფულს. მისი ინფორმაციით მესაკუთრე იყო მიშა საყვარელიძე, ხოლო ნაკვეთი უნდა შეეძინა მისი რძლისა და ძმისგან. იუსტიციის სახლში შეხვდა მათ, თუმცა მიწის ნაკვეთი ვეღარ იყიდა, რადგან საბუთები იყო გაყალებებული. მოწმე ალექსანდრე ტოპრაკაშვილმა დამატებით განმარტა, რომ 2017 წლის 24 ივლისს გასაყიდი მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე შეხვდა მესაკუთრეს მიშა საყვარელიძეს, ამავე საკითხზე მათ უკავშირდებოდა მამაკაცი ტელეფონის საშუალებითაც, თუმცა მისთვის უცნობია ერთიდაიგივე პირები არიან თუ არა ისინი და ასევე არ გადაუმოწმებია მიშა საყვარელიძის ვინაობა.
მოწმე ნონა კოვზაძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თეიმურაზ მარიამულმა სთხოვა პასპორტი, რათა მისი სახელით მოეთხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლება. მან თავის მხრივ დახმარება სთხოვა ელიზას მანაგაძეს. იუსტიციის სახლში ელიზამ აიღო რიგის ნომერი და თეიმურაზ მარიამულმა მისცა მას ქაღალდის ფურცელი, სადაც ეწერა ასია კვანტრიშვილი, საკადასტრო კოდი, 2000 კვ.მ. დიდი დიღომი. ბრალდებულის მითითებით მანვე დაწერა ტელეფონის ნომერი და სახელი ვახო საყვარელიძე. მონაცემების განახლების შემდეგ მან ეს ფურცელი შეინახა და შემდეგ გადასცა საქმის გამომძიებელს.
მითითებული ფურცელი 2017 წლის 26 ივლისს, ამოღებულ იქნა ნონა კოვზაძისაგან, რომელზეც იკითხება ხელით შესრულებული შემდეგი წარწერები ,,01.10.08.006.625 623 ასია კვანტრიშვილი, 2000 კვმ დიდი დიღომი“, ხოლო მის მეორე გვერდზე ხელით შესრულებული წარწერა ,,593519190 ვახო საყვარელიძე“. ამასთან მეორე ცხრიანი გამუქებულია მელნით; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადების მიღების ბარათი N14768144 განცხადებაზე; შ.პ.ს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯიას მიერ გაცემული 2017 წლის 24 ივლისს გაცემული N1967474958-1 გადახდის დავალება.
2017 წლის 29 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით, ნონა კოვზაძემ განაცხადა, რომ ამოსაცნობად წარმოდგენილი სამი პიროვნებიდან მან ამოიცნო მარცხნიდან მეორე ადგილას მყოფი პირი. მისი განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ 2017 წლის 24 ივლისს სწორედ იგი გაეცნო მას სახელით - ვახო საყვარელიძე და მან სთხოვა იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლება, ვინაიდან თავად მას არ ჰქონდა პასპორტი. ნონა კოვზაძის განმარტებით, მან პიროვნება ამოიცნო სახით, აღნაგობით და სიმაღლით. ნონა კოვზაძის მიერ ამოცნობილი მამაკაცი არის თეიმურაზ მარიამული.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ელიზა მანაგაძემ განმარტა, რომ იუსტიციის სახლში მუშაობს თარჯიმნად და ერთ დღეს დაურეკა ნონა კოვზაძემ და სთხოვა ამონაწერის განახლებისთვის დახმარება. მას ახლდა თეიმურაზ მარიამული. განაცხადი წარადგინა მისი სახელით, რადგან ნონას არ ჰქონდა პირადობის მოწმობა. მანვე უთხრა, რომ ამონაწერის განახლება სჭირდებოდა თ.მარიამულს. მიწის ნაკვეთი ვის ეკუთვნის მისთვის უცნობია.
2017 წლის 24 ივლისის განცხადებით, დაინტერესებული პირი ელიზა მანაგაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს ამონაწერის გაცემის მოთხოვნით მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისში, დიდ დიღომში, 1 და მე-3 მ/რ შორის, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვ.6/62)
მოწმეთა ჩვენებების პარალელურად, მალხაზ საყვარელიძის სახელზე გაცემული მინდობილობის და მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესრულებული სხვადასხვა მოქმედებების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შემდეგი წერილობითი მტკიცებულებები:
2015 წლის 09 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან N01.10.08.006.062 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის (მდებარე ქალაქ თბილისი, დიდ დიღომში, I და III მ/რ შორის, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვ.6/62) მესაკუთრეა ასმათ ბაკურაძე (პ/ნ 01024002525).
2015 წლის 04 დეკემბერს ასმათ ბაკურაძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილებების რეგისტრაციაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882015693101-03 გადაწყვეტილებით (09.12.2015), აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
2017 წლის 12 ივლისის მინდობილობით: ასმათ ბაკურაძემ დაბ. 30.08 1957 წ. პ/ნ 01024002525, უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოს მოქალაქეს მალხაზ საყვარელიძეს დაბ. 13.11.1980 წ. პ/ნ 54001006326, რომ იგი ყოფილიყო მისი მინდობილი პირი საქართველოში შემდეგი უფლებამოსილების შესრულებისათვის: ნასყიდობა, გაქირავება, გაყოფა, საკუთარ თავზე გადაფორმება, ნებისმიერი კერძო საკუთრების გამიჯვნა, იპოთეკით დატვირთვა, მათ შორის მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი 01.10.08.006.062, მდებარე ქალაქი თბილისი, დიდი დიღომი, I და III მ/რ შორის, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ ,(ნაკვ.6/62). საკადასტრო კოდი 01.10.08.006.062. თარგმანი შესრულებულია რუსულ ენაზე, მინდობილობა გაცემულია 1 წლის ვადით, ხელმოწერით ასმათ ბაკურაძე, თარჯიმანი ემა გრიგორიანი.
2017 წლის 17 ივლისს ასმათ ბაკურაძის წარმომადგენელმა მალხაზ საყვარელიძემ (პ/ნ 54001006326), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882017632008-04 გადაწყვეტილებით (17.07.2017) განხორციელდა რეგისტრაციის წარმოების შეწყვეტა.
2017 წლის 17 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით: ასმათ ბაკურაძემ (პირადი N01024002525) წარმომადგენლის მალხაზ საყვარელიძის მეშვეობით, ასია კვანტრიშვილს მიყიდა მიწის ნაკვეთი მდებარე (ქალაქი თბილისი დიდი დიღომი I და III მ/რ შორის, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ 326300 კვ.მ, სამიათას ორასსამოცდასამი არასასოფლო სამეურნეო N01.10.08.006.062. ნასყიდობის თანხის ღირებულება 189 000 დოლარი. ხელს აწერეს გამყიდველის წარმომადგენელი მალხაზ საყვარელიძე, მყიდველი ასია კვანტრიშვილი.
2017 წლის 17 ივლისის განცხადებით, დაინტერესებული პირი ასია კვანტრიშვილი (პ/ნ 01017052804) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს თხოვნით, გარიგების საფუძველზე მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში, 1 და მე-3 მ/რ შორის, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვ.6/62) საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882017632554-03 (17.07.2017) გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
საჯარო რეესტრის 2017 წლის 17 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, მიწის ნაკვეთის მდებარე ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში, 1 და მე-3 მ/რ შორის, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვ.6/62) მესაკუთრეა ასია კვანტრიშვილი.
2017 წლის 18 ივლისის განცხადებით, ასია კვანტრიშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსაგან ითხოვს უძრავი ნივთის დაყოფის საკუთრების უფლების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882017637728-03 (18.07.2017) გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ზემოაღნიშნული განცხადება.
საკადასტრო გეგმა N01.10.08.006.624 N01.10.08.006.623 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე და მათთან დაკავშირებული 2017 წლის 18 ივლისის ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, N01.10.08.006.624 და N01.10.08.006.623 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია ასია კვანტრიშვილზე.
2017 წლის 20 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით: ასია კვანტრიშვილმა გაყიდა მიწის ნაკვეთი შპს ,,მუხიანზე“ წარმომადგენლი შმაგი სირაძე. არსებული უძრავი ნივთი მდებარეობს: ქ.თბილისში, I და III მ/რ შორის, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ 1263 ათას ორასსამოცდასამი კვ.მ, არასასოფლო-სამეურნეო 01.10.08.006.624. ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 189 500 დოლარი, შესაბამისი კურსით ლარებში 454 800 ლარი. ხელს აწერენ გამყიდველი ასია კვანტრიშვილი, მყიდველის წარმომადგენელი შმაგი სირაძე.
დაინტერესებული პირის შპს ,,მუხიანის“ წარმომადგენლის შმაგი სირაძის განცხადებით, იგი ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, 1 და მე-3 მ/რ შორის, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვ 6/62) (ზონა თბილისი სექტორი, საბურთალო).
მოწმეებმა დავით ძაძამიძემ, გიორგი ჯაფარიძემ, ქეთევან ბეჟუაშვილმა, ირაკლი წასიძემ, მერაბ ბურჭულაძემ, პაპუნა ფარცვანიამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. საქმეზე გამოძიები დაწყების საფუძველი გახდა პაპუნა ფარცვანიას მიერ მიღებული ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა ასმათ ბაკურაძის კუთვნილი, მიწის ნაკვეთის, თაღლითურად დაუფლების ფაქტს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ფარული ვიდეო ჩანაწერის ამსახველი დისკი, სადაც ასახულია, რომ 2017 წლის 25 ივლისს. ქ.თბილისში, იუსტიციის სახლის მ/ტერიტორიაზე ირაკლი საყვარელიძე და ასია კვანტრიშვილი შეხვდნენ თეიმურაზ მარიამულს. იგი ამბობს, რომ აქვს ახალი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და არის მსურველი ვისაც უნდა მიწის ყიდვა. თ.მარიამული აძლევს ნომერს და ამბობს, რომ 30 იქნება მისი. ირაკლი ეკითხება მარიამულს რა მოხდა მის ძმასა და მას შორის. თ. მარიამული პასუხობს რომ მიწა გაიყიდა 180-ად და მას უნდა აეღო 30, ხოლო 150 უნდა მიეტანა მისთვის, მან კი სულ წაიღო ეს ფული. თ.მარიამული კარნახობს ტოპრაკაშვილის ნომერს. ირაკლი საყვარელიძე ეკითხება რა მოხდება მაშინ თუ ეს მიწა გაიყიდება და დაანებებდნენ თუ არა თავს მას. შემდეგ აღნიშნული პირები იუსტიციის სახლში სხვა პირებთან ერთად საუბრობენ მიწის გაყიდვაზე და კონფიგურაციაზე.
მოწმე (ექსპერტი) ქრისტინა მარგველაშვილის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2017 წლის 14 აგვისტოს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით :
ქ. თბილისში თბილისი დიდი დიღომი I და III მ/რ შორის, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვ.6/62)მდებარე, N01.10.08.006.062 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (3263 კვ.მ) საბაზრო ღირებულება 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 476 398 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში www.nbg.gov.ge-2.3901 ) შეადგენს 1 138.639 ლარს.
ქ. თბილისში თბილისი დიდი დიღომი I და III მ/რ შორის, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვ.6/62)მდებარე, N01.10.08.006.063 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (2000 კვ.მ) საბაზრო ღირებულება 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 292 000 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში www.nbg.gov.ge-2.3901 ) შეადგენს 697 909 ლარს.
ქ. თბილისში თბილისი დიდი დიღომი I და III მ/რ შორის, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვ.6/62)მდებარე, N01.10.08.006.064 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (1263 კვ.მ) საბაზრო ღირებულება 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 194 00 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში www.nbg.gov.ge-2.3901 ) შეადგენს 463 679 ლარს.
ქრისტინა მარგველაშვილმა დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად მიწის ნაკვეთი შეისწავლა ადგილმდებარეობის მიხედვით, დაასურათა და მ/ტერიტორიაზე მოიძია მსგავსი ობიექტები. შეადარა და დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთის მთლიანი 1 კვ.მ ღირებულება იყო 146 აშშ დოლარი.
მოწმეების ცირა ზუხბაიას, თამარ გიგოლაშვილი სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებისა და 2017 წლის 13 სექტემბრის ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით:
1. ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერი ,,01.10.08. 006.625.623, ასია კვანტრიშვილი 200 კვმ. დიდი დიღომი განლაგებული, მცირე ზომის ფურცელზე (სტიკერზე), შესრულებულია არა ასია კვანტრიშვილის, არა ვიქტორ მათევოსიანის, არა გიორგი ოქრუაშვილის, არა ირაკლი საყვარელიძის, არამედ შესრულებულია თეიმურაზ მარიამულის მიერ.
2. დასკვნის გაცემა საკითხზე, ხელმოწერები ასმათი ბაკურაძის (ქართულ ენაზე) და ილიაზ გუსეინოვის (რუსულ ენაზე) სახელით, განლაგებული: მინდობილობებზე 2017 წლის 12 ივლისის თარიღით (რუსულ და აზერბაიჯანულ ეგზემპლიარებზე), შესრულებულია თუ არა ასია კვანტრიშვილის, ვიქტორ მათევოსიანის, გიორგი ოქრუაშვილის, ირაკლი საყვარელიძის, თეიმურაზ მარიამულის მიერ შეუძლებელია გამოსაკვლევი ხელმოწერების უხარისხობის გამო (გამოსაკვლევი საბუთები წარმოადგენს ქსეროასლებს.
ქმედების ჩადენა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,ჩადენილი დიდი ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთახმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულების ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. რისი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის შენიშვნა ადგენს მნიშვნელოვანი დიდი ოდენობით ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, ამ კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
წარმოდგენილი მასალების მიხედვით, დგინდება, რომ დაზარალებულს მიადგა 189 450 აშშ დოლარის ზიანი.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს თაღლითობის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1) სხვისი მოტყუება, 2) სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3) ნივთის მისაკუთრების მიზანი. დანაშაულის საგანს წარმოადგენს უძრავი ან მოძრავი ქონება. როგორც წესი თაღლითობის ჩადენას წინ უსწრებს დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული ნდობა და ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მირება ხდება მოტყუებით. მოტყუება გულისხმობს სიმადვილის განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით ქონების მესაკუთრის მიერ, რომელიც რეალურად შეცდომაშია შეყვანილი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი სახეზეა კანონით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები. თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ თეიმურაზ მარიამულისა და მალხაზ საყვარელიძის განზრახვა მოიცავდა ასმათ ბაკურაძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე დაუფლებას. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია 2017 წლის 12 ივლისის ყალბი მინდობილობით, რომლის ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული დედანი გახდა საფუძველი ასმათ ბაკურაძესა და ასია კვანტრიშვილს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად მალხაზ საყვარელიძის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მეშვეობით. ხოლო შემდეგ, ასია კვანტრიშვილმა იყო რა მიწის ნაკვეთის ფორმალური მესაკუთრე, მალხაზ საყვარელიძის მოთხოვნის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ერთი ნაწილი მიჰყიდა შმაგი კვინტრაძეს, მეორე ნაწილი კი თეიმურაზ მარიამულის მითითებით უნდა მიეყიდა დავით და ალექსანდრე ტოპრაკაშვილებისთვის.
ბრალდებულ თ.მარიამულის პოზიციას, რომ იგი მალხაზ საყვარელიძეს სთხოვდა თავის ვალს, რომელიც ეხებოდა სულ სხვა ქონების გაყიდვასთან დაკავშირებულ თანხას, ხოლო მალხაზ საყვარელიძის ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულება ნათლად ადასტურებს თ.მარიამულისა და მ.საყვარელიძის მიერ დანაშაულის ჩასადენად შეთანხმებულ და შემდეგ ერთმანეთის საპირისპიროდ მოქმედებას. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც შმაგი კვინტრაძემ შეიძინა, მისგან აღებული ფული უნდა განაწილებულიყო ბრალდებულებს შორის, თუმცა მალხაზ საყვარელიძემ თანხა სრულად მიისაკუთრა და მიიმალა, რამაც თეიმურაზ მარიამული გაანაწყენა და დაჟინებით სთხოვდა ასია კვანტრიშვილს მალხაზ საყვარელიძის ადგილსამყოფელის დადგენას და ფულის დაბრუნებას, ხოლო შემდგომში ასია კვანტრიშვილის სახელზე რეგისტრირებული დარჩენილი მიწის ნაკვეთის გაყიდვას. თეიმურაზ მარიამულის ბრალეულობაზე უთითებს საქმეზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერიც, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია ბრალდებულის პოზიციასთან. აღსანიშნავია, რომ ორივე მიწის ნაკვეთის გასაყიდად ბრალდებულებმა გამოძიებისათვის მტკიცებულებების მოპოვების გართულების მიზნით, მიმართეს და დახმარება სთხოვეს არაერთ ადამიანს. მათ, დაუდგენელი პირების მეშვეობით, თავდაპირველად დაამზადეს ყალბი მინდობილობა, რომელიც ჯერ ათარგმნინეს და მალხაზ საყვარელიძეს მიეცა უფლება განეკარგა ასმათ ბაკურაძის კუთვნილი უძრავი ქონება, ხოლო შემდეგ მან ფორმალურად მიჰყიდა იგი თავისივე რძალს, რომლის მეშვეობით გაყიდული მიწის ნაკვეთის თანხა სრულად მიისაკუთრა. თეიმურაზ მარიამულმა კი, რომელმაც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გაყიდული მიწის ნაკვეთიდან თავისი წილი თანხა ვერ მიიღო, ბრალეულობის დაფარვის მიზნით, დახმარება სთხოვა ნონა კოვზაძეს, ელიზა მანაგაძეს და დავით მიშველაძეს, ისინი გამოიყენა საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების მიზნით, რათა განმცხადებლად თავად არ დარეგისტრირებულიყო, ხოლო დავით და ალექსანდრე ტოპრაკაშვილებთან შეხვედრა დავით მიშველაძეს სთხოვა, ამასთან ეს უკანასკნელი დაარიგა ეთქვა ვითომდა მიშა საყვარელიძე იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად იყო დასაქმებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით, განზრახ არიდებდა თავს ამირან ომიაძესთან შეხვედრას, თუმცა ასია კვატრიშვილი და ირაკლი საყვარელიძე მასთან მან დააკავშირა. მიწის ნაკვეთის გაყიდვის პროცესში თეიმურაზ მარიამული ყოველმხრივ ცდილობდა არ გამჟღავნებულიყო მისი ინტერესი, ამასთან დაჟინებით ითხოვდა ასია კვატრიშვილისა და ირაკლი საყვარელიძისაგან მისი მითითებების შესრულებას და რომ არა სამართალდამცავი ორგანოების დროული რეაგირება, თეიმურაზ მარიამული მოტყუებით დაეუფლებოდა ასმათ ბაკურაძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილს.
259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულებმა თეიმურაზ მარიამულმა და მალხაზ საყვარელიძემ განხორციელებული ქმედით ჩაიდინეს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ბრალდებულების ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მათ მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც თეიმურაზ მარიამულის და მალხაზ საყვარელიძის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
თეიმურაზ მარიამულს და მალხაზ საყვარელიძეს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ს 180-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეუწონელია მათ მიმართ ჯარიმის გამოყენება, სასამართლო მხედველობაში იღებს რომ დაზარალებულისთვის ზიანი ანაზღაურებული არ არის, ბრალდებულებმა ქმედება ჩაიდინეს მოტყუებით, საფრთხე შეუქმნეს სხვა პირთა კანონიერ ინტერესებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთმითითებული დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება არის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის - თეიმურაზ მარიამულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის 7 წლის ვადით, ხოლო მალხაზ საყვარელიძის მიმართ თავისუფლების აღკვეთის 8 წლის ვადით გამოყენების საფუძველი და მათი რესოციალიზაცია შესაძლებელია აღნიშნული სასჯელის დანიშვნის პირობებში.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
თეიმურაზ მარიამულის და მალხაზ საყვარელიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე დართული DVD და CD დისკები და ნონა კოვზაძისაგან ამოღებული პატარა ფურცელი ჩანაწერები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო საქმეზე დართული, თეიმურაზ მარიამულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 189-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თეიმურაზ მარიამული ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა თეიმურაზ მარიამულს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ივლისიდან.
3. თეიმურაზ მარიამულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. მალხაზ საყვარელიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. მალხაზ საყვარელიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. მალხაზ საყვარელიძეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და დაკავების შემთხვევაში შესახლებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტის შესაბამისს დაწესებულებაში.
7. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით ასია კვანტრიშვილის სახელზე რეგისტრირებულ ქ.თბილისი, დიდი დიღომი I და III მ/რ შორის, პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე (2000 კვ.მ, ს/კ 01.10.08.006.623 და 1263 კვ.მ, ს/კ 01.10.08.006.624) დადებული ყადაღა.
8. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე დართული DVD და CD დისკები და ნონა კოვზაძისაგან ამოღებული პატარა ფურცელი ჩანაწერები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო საქმეზე დართული, თეიმურაზ მარიამულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრებს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, 1 თვის ვადაში.
11. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე მ.მაისურაძე