განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002070262
საქმე #1-749/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ პ------–-–--–--ის
ბრალდებულის - ტ------– წ--------–ის
ადვოკატის _ თ--------------–----ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №172020617002 საქმე -
ბრალდებული: ტ------– წ--------–ი
მამის სახელი: ო------
დაბადებული: 06.07.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების ადგილი: ქობულეთი
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ქ------–-----------–-----–-------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქ------–-----------------–----------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2017 წლის 02 ივნისს, დღის საათებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით ნასამართლევმა ტ------– წ--------–მა, ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–---------------ში, არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ე---------- გ------–-–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. დაზარალებულმა ე---------- გ------–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ოცი წლის წინ ცოლად გაჰყვა ტ------– წ--------–ს, შეეძინათ ორი ვაჟი - გ------- და ა-–----------. 2013 წლის 18 სექტემბერს უმცროსი შვილი, ხუთი წლის ა-–---------- ავტოავარიისას დაიღუპა, ავტომანქანის საჭეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ტ------– წ--------–ი მართავდა, რომელიც, როგორც დამნაშავე მძღოლი დააკავეს და სასჯელიც მოიხადა. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, თუმცა მალევე დააკავეს მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მეუღლეები განქორწინდნენ. სასჯელის მოხდის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში - დ-----------–-----–--------------------ში, სადაც მისი ვაჟი და ყოფილი მეუღლე ფაქტობრივად აღარ ცხოვრობდნენ, თუმცა ირიცხებოდა ამ უკანასკნელის სახელზე. მოგვიანებით ერთობლივად შეთანხმდნენ სახლის გაყიდვაზე. 2017 წლის 2 ივნისს, გ------–-–---–ი ჩავიდა ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რადგან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ესაჭიროება გაყიდვის პროცედურებისთვის. სახლი მოუწესრიგებელი დახვდა, ამიტომ გადაწყვიტა დაელაგებინა, ელოდა კლიენტებს და არ სურდა არეულ სახლში მიეღო ისინი. ამ დროს ტ------– წ--------–ი სახლის მეორე სართულზე იმყოფებოდა, სახლში შესვლისთანავე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, სიგარეტის ნამწვიც ესროლა, თუმცა გ------–-–---–ს არ მიუქცევია ყურადღება და პირველ სართულზე შევიდა, შეჰყვა წ--------–იც, შესასვლელშივე დააგდო ძირს, ურტყამდა ხელებს თავის, მუცლის, წელის არეში, თან ლანძღავდა და ემუქრებოდა. დარტყმების შედეგად გრძნობდა ძლიერ ტკივილს, ყვიროდა და შველას ითხოვდა. შემდეგ წაქცეულს ზემოდან მოექცა, ორივე ხელი პირის ღრუში ჩაუყო და "პირის ღრუს გახლეჩვას შეეცადა", გ------–-–---–ი ცდილობდა დასხლტომოდა და საწოლის ქვეშ შემძვრალიყო, შედეგად ბრალდებული ვეღარ მისწვდა, სამაგიეროდ მისი ტელეფონი დაინახა და გატეხა. ამ დროს მეზობლები ჯ----– ღ---–--ე და ვ-–- ს--------–-–---–ი შევიდნენ, წ--------–ი ეზოში გაიყვანეს. ეზოდან შემოესმა ხმა - "რას აკეთებ, თავი არ დაიღუპოო" , შემდეგ - " ჩქარა, სასწრაფო გამოიძახეთო" და მიხვდა, რომ ბრალდებულმა თავი დაიზიანა.
3. 2017 წლის 2 ივნისს, დაზარალებულ ე---------- გ------–-–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე აღწერა 2017 წლის 2 ივნისს, ქ. ქობულეთში, დ-----------–-----–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი, ყოფილი მეუღლის მიერ მის მიმართ განხოციელებული ძალადობის ფაქტი. ოქმს ერთვის ფოტო-ილუსტრაცია.
3. საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამოძიებლის, გ------- ბ---–--ის მიერ შედგენილი ამოღების ოქმის თანახმად, ე---------- გ------–-–---–ისგან ამოღებულ იქნა "სამსუნგის" ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის კორპუსი ორივე მხარეს იყო დაზიანებული. სასაქონლო ექსპერტიზის N209/ს დასკვნის თანახმად, ტელეფონს დაზიანებული აქვს სენსორული მინა, არის არამუშა მდგომარეობაში.
4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის, 2017 წლის 16 ივნისის, სამედიცინო ექსპერტიზის N003403517 დასკვნის თანახმად, დაზარალებულ ე---------- გ------–-–---–ს, პირადი შემოწმებისას ტანსაცმლისგან დაუფარავ ადგილებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, კერძოდ: ზედა ტუჩის ყაეთანზე, მთლიან ზედაპირზე გარდამავალ ლორწოვანზე აღენიშნებოდა მოწითალო-მოლურჯო ფერის, არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა პირის ღრუში მარცხენა ლოყის ლორწოვანზე. მარჯვენა ზედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის, კანის დონეზე მდებარე, მრგვალი ფორმის, ნაზი ფუფხით დაფარული ნაჭდევი, ასეთივე ნაჭდევი აღენიშნებოდა ცხვირის წვერზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
5. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დასკვნის ავტორმა - ექსპერტმა მ-----------------–მა.
6. მოწმე ვ-–- ს--------–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ტ------– წ--------–ი მისი მეზობელია. შემთხვევის დღეს, წ-------–ის სახლის ეზოს მომიჯნავედ მდებარე ჯ----– ღ---–--ის ეზოში იმყოფებოდა და ესაუბრებოდა ამ უკანასკნელს. ტ------–ის სახლიდან შემოესმათ ყვირილის და გინების ხმა, რაც გაგრძელდა 1-2 წუთის განმავლობაში. ამ დროს დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილზე იმყოფებოდნენ წ-------–ის ეზოდან. გადაწყვიტეს შესულიყვნენ მასთან და გაერკვიათ რა ხდებოდა. ეზოში შესულებმა დაინახეს როგორ გამოვიდა სახლიდან წ--------–ი გინებით, ჯიბიდან ამოიღო გასახსნელი დანა, დაისვა ყელის არეში, შემდეგ მუცელში ჩაირტყა. რას შვრებიო - უყვირეს, ჩქარა სასწრაფო გამოიძახეთო. ნანახით ცუდად გახდნენ თავადაც და ღ---–--ეც, ამიტომ ორივე სახლში წავიდა და სასწრაფოს მოსვლას და ტ------–ის საავადმყოფოში გადაყვანას აღარ შესწრებიან. მოგვიანებით, როდესაც დამშვიდდა, თავისი სახლის გადახურვაზე მომუშავე ხელოსნებთან ავიდა და სახურავიდან დაინახა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მყოფი ე-- გ------–-–---–ი, რომელიც ვიღაცას ესაუბრებოდა. გ------–-–---–ი იმ დღეს მხოლოდ ამ სიტუაციაში ნახა.
7. მოწმე მარინე ვერძაძის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 2 ივნისს ე---------- გ------–-–---–ი ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში წასვლამდე ნახა ამ უკანასკნელის დედის - ნ----- გ------–-–---–ის სახლში სტუმრად ყოფნისას. ქობულეთში წასვლამდე, გ------–-–---–ს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა სხეულზე, ხოლო საღამოს, სახლში დაბრუნებულ, შეშინებულ და აღელვებულ ე----------ს სახის არეში აღენიშნებოდა ნაკაწრები და ნაჭდევები, რომლებიც, მისი გადმოცემით მიაყენა ყოფილმა მეუღლემ ტ------– წ--------–მა.
8. მოწმე სვეტლანა თავბერიძის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 2 ივნისს, თავისმა მულმა ე---------- გ------–-–---–მა დაურეკა და შეატყობინა, რომ იმყოფებოდა ქობულეთის პოლიციაში. ჩააკითხა მას პოლიციაში და ნახა, რომ სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, რომელიც, ე----------ს განმარტებით, ყოფილმა მეუღლემ, ტ------– წ--------–მა მიაყენა.
9. მოწმეების - მა--------------------------–--------------ის ჩვენებები, მათში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები, დაცვის და ბრალდების მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
10. საქმეში წარმოდგენილია ტ------– წ-------–ის და ე---------- გ------–-–---–ი ქორწინების და განქორწინების მოწმობების ასლები, რომელთა თანახმად, ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2000 წლის 2 მარტს, ხოლო განქორწინება გაფორმდა 2015 წლის 17 მარტს.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით, გაიცა დამცავი ორდერი და მოძალადე ტ------– წ--------–ს სამი თვით აეკრძალა მსხვერპლის - ე---------- გ------–-–---–ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება 100 მეტრის რადიუსში, აეკრძალა ხელის შეშლა კუთვნილი ქონებით თავისფალ სარგებლობაში, აეკრძალა გ------–-–---–თან მიახლოვება ქ. ქობულეთში, ა----–-----–---------------ში მდებარე სახლში ყოფნისას, 10 მეტრის რადიუსში, ასევე სატელეფონო კომუნიკაცია.
12. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ქმნის ბრალდების მხარის მტკიცებულებების ძირითად ბაზას, რომლის საფუძველზეც მხარე დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულ ტ------– წ-------–ის მიერ ყოფილი მეუღლის - ე---------- გ------–-–---–ის მიმართ ძალადობას, რაც მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატა და რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
14. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
15. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ბრალდების და დაცვის მხარეებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობა მოიპოვონ და სასამართლოს წინაშე წარადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დაარწმუნებენ სასამართლოს საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
16. დაცვის მხარეს სასამართლოს წინაშე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ და გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს.
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
18. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული ტ------– წ--------–ი და დაზარალებული ე---------- გ------–-–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2000 წლიდან, განქორწინდნენ 2015 წელს, შესაბამისად, არიან ყოფილი მეუღლეები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ოჯახის წევრებად. ამდენად, სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულისთვის სახის არეში და პირის ღრუში მიყენებული დაზიანებები მსუბუქი ხარისხისაა და არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მოშლა, შესაბამისად, ქმედებას არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების ჩადენა არაერთგზის :
19. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, ტ------– წ--------–ი მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქ/პუქნტით წარდგენილ ბრალდებაში - მისი ოჯახის წევრის, ე---------- გ------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით და სასჯელად, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 3 თვის ვადით.
20. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ წარდგენილი საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.
22. მსჯავრდებულის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ 2016 წლის 29 სექტემბრის ცნობით, დასტურდება, რომ ტ------– წ-------–ემა სასჯელი მოიხადა და პენიტენციური დაწესებულება დატოვა 2016 წლის 29 სექტემბერს. შესაბამისად, ტ------– წ--------–ს - 2017 წლის 2 ივნისის მდგომარეობით ნასამართლობა გაქარწყლებული არ ქონია.
23. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
24. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სსკ-ის 1261 მუხლით ნასამართლევმა ტ------– წ--------–მა კვლავ ჩაიდინა იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ე.ი. დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.
25. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ------– წ--------–მა თავისი ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლის - ე---------- გ------–-–---–ის მიმართ, ჩაიდინა ძალადობა - სცემა ის, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
26. სასამართლო კატეგორიულად ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის თანახმად, ე---------- გ------–-–---–მა დანაშაულის პროვოცირება მოახდინა, შემდეგ თავად მიიყენა ფიზიკური დაზიანებები. დაცვის მხარის აღნიშნული ვერსია ვერ სცილდება დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც მისი გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს.
27. დადასტურებული ფაქტია და არც ერთი მხარე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რასაც საბოლოოდ მათი განქორწინება მოჰყვა, თუმცა გართულებული ურთიერთობა ამით არ გამოსწორებულა, არც დასრულებულა. პირიქით, ყოფილ მეუღლეებს შორის არსებული უთანხმოება ფიზიკური შეურაცხყოფამდე მივიდა, წ--------–მა სცემა ყოფილ მეუღლეს, რის გამოც გასამართლებულ იქნა ოჯახური ძალადობის ბრალდებით და მოიხადა სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი. თუმცა აღნიშნული გარემოებაც ვერ გახდა შემაკავებელი ფაქტორი ყოფილი მეუღლის მიმართ მისი აგრესიული ქცევისა. დაზარალებულის განმარტებით, არც პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გამოსწორებულა ყოფილი მეუღლის განწყობა. იყო მუქარები, რის თაობაზეც შეატყობინა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. 2017 წლის 2 ივნისს კი, კვლავ ფიზიკურად იძალადა მასზე. დაზარალებულის აღნიშნული განმარტება დასტურდება როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სადაც აღწერილია ის დაზიანებები, რომლებიც მიადგა მას ძალადობის შედეგად, ასევე მოწმე ვ-–- ს--------–-–---–ის ჩვენებით, რომლის თანახმად, წ-------–ის საცხოვრებელი სახლიდან, დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ისმოდა ყვირილის და გინების ხმა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა ბრალდებულმა; მოწმეების - მა--------------------------–--------------ის ჩვენებებით, რომელთა განმარტებით, დაზარალებულ გ------–-–---–ს რაიმე დაზიანება ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში წასვლამდე არ აღენიშნებოდა, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი იყო ნაცემი.
28. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
29. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
30. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
31. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
32. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
33. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
35. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
36. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ტ------– წ--------–ის მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდების დადასტურება.
სამართლებრივი შეფასება:
37. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით ნასამართლევმა ტ------– წ--------–მა, არაერთგზის, თავისი ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლის - ე---------- გ------–-–---–ის მიმართ, ჩაიდინა ძალადობა - მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია; შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
38. ტ------– წ-------–ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება, სსკ-ის 531-ე მეორე ნაწილის თანახმად, თავად წარდგენილი ბრალდების არსში მდგომარეობს.
39. ტ------– წ--------–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ არის სახეზე.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
40. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
41. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
42. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
43. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
44. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
45. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
46. სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
47. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, მიზანშეუწონელია ბრალდებულის მიმართ, რომელიც ერთხელ უკვე იყო გასამართლებული ოჯახური ძალადობისთვის და განმეორებით ჩაიდინა იგივე დანაშაული, სასჯელის სახედ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება. სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იყოს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნას თავისუფლების აღკვეთის სახით. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო, ზემოთმითითებულ გარემოებებთან ერთად, ითვალისწინებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პენიტენციური დაწესებულებიდან გაცემული სამედიცინო ცნობების თანახმად, ბრალდებული დაავადებულია ღვიძლის ციროზით, ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტით, პენიტეციური დაწესებულებაში საჭირო გახდა ოპერაციული მკურნალობაც. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ტ------– წ--------–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის და სამი თვის ვადით.
49. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
50. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი - 2017 წლის 02 ივნისს, მალხაზ ბუნაძისაგან ამოღებული ტ------– წ--------–ის ტანსაცმელი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, ასევე 2017 წლის 08 ივნისს, ე---------- გ------–-–---–ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: ტ------– ო------ს ძე წ--------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 18 ივლისიდან.
მსჯავრდებულ ტ------– წ--------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთმტკიცებები - ტ------– წ--------–ის ტანსაცმელი და ე---------- გ------–-–---–ის მობილური ტელეფონი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება გამოძიების ორგანოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი