გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2018
საქმის ნომერი
340210017002186414
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN340210017002186414

საქმე N2/835-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.04.2018 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო მოსამართლე რომან კუპატაძე სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელეები - მა----------–---–ი, ელ--------------–---–ი

მოსარჩელე- ნო------------–--ლი

მოპასუხე - რო---------------–---–ი, შპს მი----------------------------–---------–---------------–ო“

მესამე პირი - სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“

წარმომადგენელი - თი-------------–---–ი

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 02 ნოემბრის №143271 აქტით დაყადაღებული ნივთები - ტელევიზორი SONY, ტელევიზორის მაგიდა SONY, პიანინო „დრუჟბა“, სამეული (დივანი ორი სავარძლით), მაცივარი “SAMSUNG”, სარეცხი მანქანა “SAMSUNG”. მოსარჩელეებმა სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს: მოსარჩელეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და ცხოვრობენ გურ----------------ს სო----–----–---ში. მოპასუხე რო---------------–---–ი არის მოსარჩელეების მა----------–---–ის და ელ--------------–---–ის შვილი, რომელიც მართალია ჩაწერილია მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლში, თუმცა ფაქტობრივად მას არ უცხოვრია აღნიშნულ სახლში, ვინაიდან სამსახურის ძებნის გამო ხან რუსთავში და ხან თბილისში ცხოვრობს. 2017 წლის 02 ნოემბერს მოსარჩელეებთან სახლში კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი მივიდა, რომელმაც ოჯახში არსებული ნივთები აღწერა და ყადაღა დაადო. აღმასრულებლის აქტით ყადაღა დაედო ტელევიზორს SONY, ტელევიზორის მაგიდას SONY, პიანინო „დრუჟბას“, სამეულს (დივანი ორი სავარძლით), მაცივარს “SAMSUNG” და სარეცხ მანქანას “SAMSUNG”-ს. დაყადაღებული ნივთები შეძენილია მათ მიერ თანაცხოვრების პერიოდში სხვადასხვა დროს, შესაბამისად ეს ნივთები ეკუთვნით მათ და არა რო---------------–---–ს. გამომდინარე აქედან მოსარჩელეებმა ყადაღის აქტში მითითებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვეს. 2. მოპასუხე მხარის და მესამე პირის პოზიცია: 2.1. მოპასუხე რო---------------–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი სცნო და მიუთითა, რომ სესხის გამოტანამდეც და მისი გამოტანის შედეგაც იგი ცხოვრობდა ცალკე, მშობლებისგან დამოუკიდებლად და დაყადაღებული ქონება შეძენილია მისი მშობლების მიერ. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილება და დაყადაღებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა. 2.2. მოპასუხე შპს მიკ---------------------------–----------–---------------–ო" სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსამზადებელ ეტაპზე წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ სარჩელს არ ერთვის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ ყადაღის აქტში აღწერილი ნივთები წარმოადგენს მა----------–---–ის და ელ--------------–---–ს საკუთრებას, მოსარჩელეების მიერ ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არის მათი საკუთრება. შესაბამისად, სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" მიერ განხორციელებულ მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღებას ეთანხმება და ითხოვს სარჩელის არ დაკმაყოფილებას. 2.3. მესამე პირმა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, სააღსრულებო წარმოება დაწყებულია საქართველოს კანონის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 25-ე მუხლით. მოვალეს გაეგზავნა წინადადება თანხის ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე, რომელიც ჩაიბარა მოვალის დედამ მა----------–---–მა და ვინაიდან რო---------------–---–მა თანხა არ გადაიხადა, აღმასრულებელმა მოვალის იურიდიულ მისამართზე ნივთების აღწერა-დაყადაღება განახორციელა. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 44-ე მუხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი გარდა ამავე კოდექსის 45-ე მუხლში ჩამოთვლილისა. ამასთან იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან მას ეკუთვნის. შესაბამისად, აღმასრულებელმა სააღსრულებო მოქმედება კანონის სრული დაცვით განახორციელა და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე №A17------, სადაც კრედიტორია შპს მიკ---------------------------–----------–---------------–ო“, ხოლო მოვალე რო---------------–---–ი. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი 2017 წლის 02 ნოემბერს გამოცხადდა მოვალის რეგისტრაციის მისამართზე - გურ----------------ს სო----–----–---ში და შეადგინა ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №143271 აქტი, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შემდეგ ნივთებს - ტელევიზორი SONY, ტელევიზორის მაგიდა SONY, პიანინო „დრუჟბა“, სამეული (დივანი ორი სავარძლით), მაცივარი “SAMSUNG”, სარეცხი მანქანა “SAMSUNG“. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს - აღწერა-დაყადაღების აქტი (ს.ფ. 17-18); -აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი (ს.ფ. 16) 3.1.2. გურ----------------ს სო----–----–---ში მდებარე უძრავი ქონება, სადაც აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა მოძრავი ნივთები, წარმოადგენს მოსარჩელე ელ--------------–---–ის საკუთრებას და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება აღრიცხულია საჯარო რეესტრში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №51----------). სასამართო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19). 3.1.3. მოსარჩელეები ელ--------------–---–ი და მა----------–---–ი 1987 წლის 01 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. მოპასუხე რო---------------–---–ი მოსარჩელეების შვილია. სასამართო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 22); - სარჩელი (ს.ფ. 1-14). 3.2. დადგენილი სადავო გარემოებები: 3.2.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები - ტელევიზორი SONY, ტელევიზორის მაგიდა SONY, პიანინო „დრუჟბა“, სამეული (დივანი ორი სავარძლით), მაცივარი “SAMSUNG”, სარეცხი მანქანა “SAMSUNG”, წარმოადგენს მოსარჩელეების მა----------–---–ის და ელ--------------–---–ის საკუთრებას. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1987 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და ამ პერიოდიდან ეწევიან საერთო მეურნეობას. საცხოვრებელი სახლიც მათი საკუთრებაა და ნივთები, რომლებიც აღმასრულებელმა დააყადაღა, თანაცხოვრების პერიოდში მათი საერთო სახსრებით იქნა შეძენილი. მოპასუხე რო---------------–---–ი მართალია რეგისტრირებულია სო----–----–---ში, მაგრამ იგი ფაქტობრივას არ ცხოვრობს ამ მისამართზე და ნივთების შეძენაშიც არ აქვს მონაწილეობა მიღებული. მოპასუხე რო---------------–---–მა განმარტა, რომ იგი რეგისტრირებულია სო----–----–---ში თუმცა ფაქტობრივად არ ცხოვრობს ამ მისამართზე და სადავო ნივთები მისი მშობლების საკუთრებაა. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საქმე №ას-204-197-2013). საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები მდებარეობს მოსარჩელე ელ--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში. შესაბამისად, აღნიშნული ნივთები მოსარჩელე ელ--------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების საკუთვნებელს წარმოადგენს. ამასთან, მოსარჩელეები 1987 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ სადავო ნივთები თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ნივთებს წარმოადგენს და შესაბამისად მეუღლეთა თანასაკუთრებაა. აღნიშნული პრეზუმფციების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ზემოაღნიშნულ მისამართზე მოვალე რო---------------–---–ის რეგისტრაცია კი არ ადასტურებს ყადაღადადებულ ქონებაზე მის საკუთრებას. ამდენად, მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო იმის მტკიცება, რომ სადავო ნივთები არაა ელ--------------–---–ის საკუთრება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და სადავო მოძრავი ნივთები არის მოსარჩელეების თანასაკუთრება. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - სასარჩელო განცხადება (1-14); - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 17-18); - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19); - ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 22). სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა: 5.1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები - ტელევიზორი SONY, ტელევიზორის მაგიდა SONY, პიანინო „დრუჟბა“, სამეული (დივანი ორი სავარძლით), მაცივარი “SAMSUNG”, სარეცხი მანქანა “SAMSUNG” წარმოადგენს მოსარჩელეების მა----------–---–ის და ელ--------------–---–ის საკუთრებას. მოსარჩელეები არ არიან მოვალეები, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას და ამდენად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ მოსარჩელეთა კუთვნილ ნივთებს მოეხსნას ყადაღა. 7. სასამართლო ხარჯები: 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე რო---------------–---–მა სარჩელი სცნო მოსამზადებელ სხდომაზე. მოპასუხე შპს მიკ---------------------------–----------–---------------–ომ“ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო. ამასთან მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხე შპს მიკ---------------------------–----------–---------------–ოს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზრაურება 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები 8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 2591, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელეების მა----------–---–ის და ელ--------------–---–ის სარჩელი მოპასუხეების შპს მიკ---------------------------–----------–---------------–ოს" და რო---------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს; 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 02 ნოემბრის N143271 აქტით დაყადაღებული ქონება - ტელევიზორი SONY, ტელევიზორის მაგიდა SONY, პიანინო „დრუჟბა“, სამეული (დივანი ორი სავარძლით), მაცივარი “SAMSUNG”, სარეცხი მანქანა “SAMSUNG”; 3.მოპასუხე შპს მი----------------------------–---------–---------------–ოს“ მოსარჩელეების მა----------–---–ის და ელ--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება; 4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. 5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე რომან კუპატაძე