განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002137711
საქმე #1-925/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ რ------–----ის
ბრალდებულის - შ----- ბ--------ის
ადვოკატების _ ს---–----------------------------------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170140917002 საქმე,ბრალდებულ შ----- ბ--------ის მიმართ
მამის სახელი: შ-----
დაბადებული: 13.10.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქ--------------------------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილი - კანონიერი ქურდობა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. შ----- ბ--------ე არის კანონიერი ქურდი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად, მონაწილეობას ღებულობს ქურდულ გარჩევებში, აგრეთვე როგორც კანონიერი ქურდი, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ქურდულ სამყაროში, ასევე ნებისმიერი ფორმით მართავს და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ----- ბ--------ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით.
სასამართლომ დაადგინა:
3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული შ----- ბ--------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომლის მიხედვით, ბ--------ე არის კანონიერი ქურდი, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა
4. მოწმე გ-------–-------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2017 წლის 14 სექტემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ კანონიერი ქურდი შ----- შ-----ს ძე ბ--------ე, მეტსახელად "შ-------------------" უნდა შემოსულიყო ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გავლით. შს სამინისტოს ბაზაში გადაამოწმა დასახელებული პირის ვინაობა, ის აღმოჩნდა წარსულში ნასამართლევი შ----- ყ-------–---–ი, რომელსაც შეცვლილი ქონდა გვარი ბ--------ედ. ამ პირის შესახებ ინფორმაცია მოიძია ასევე სოც-ქსელში, სახელად - "პრაიმ-ქრაიმი", სადაც ინფორმაციაა განთავსებული კანონიერ ქურდებზე. აღნიშნული საიტის მონაცემებით, ბ--------ე 2014 წელს საბერძნეთში ყოფნისას "მოინათლა" კანონიერ ქურდად. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას, საქმეზე დაწყებულ იქნა გამოძიება სსკ-ის 2231 მუხლის მეორე ნაწილით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რომელ გარჩევებში იღებდა მონაწილეობას ბ--------ე, აშანტაჟებდა თუ არა ბიზნესმენებს, სძალავდა თუ არა ვინმეს ფულს, ან რომელმა კანონიერმა ქურდებმა მონათლეს ის, არ ფლობს.
5. საქმეში წარმოდგენილია მოწმე გ-------–---–--–--ის პატაკი, რომლითაც მიმართა აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსს და აცნობა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ.
6. მოწმე გ-------------ის, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის მიერ, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს, დეტექტივ-გამომძიებელმა გ-------–-------–--ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ რუსეთის ფედერაციიდან ბათუმის აეროპორტის გავლით საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა კანონიერი ქურდი შ----- ბ--------ე. ოპერატიული ინფორმაცია მოხსენდა ხელმძღვანელობას, დაიწყო საქმეზე გამოძიება, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, მიიღო დავალება და დეტექტივ-გამომძიებლებთან - ი-----–----------–--ესთან და გ------------–--ესთან ერთად წავიდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბ--------ის დასაკავებლად. აეროპორტში მისვლისას დაინახეს შ----- ბ--------ე, გამოჰკითხეს ვინაობა, განუმარტეს უფლებები, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და დააკავეს. დაკავებისას ბ--------ემ გაადასტურა, რომ იყო კანონიერი ქურდი, ოქმის ხელმოწერაზე კი უარი განაცხადა მოტივის დასახელების გარეშე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სოციალური ქსელებში არსებობს ინფორმაცია ბ--------ის, როგორც კანონიერი ქურდის შესახებ, რომელიც 2014 წელს საბერძნეთში ყოფნისას "მოინათლა" ქურდად, მეტსახელია "შ----- ქ---------". ე.წ. "ქურდულ გარჩევებში" ამ პირის მონაწილეობის შესახებ რაიმე ინფორმაციას არ ფლობს.
7. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ბრალდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლის - გ------------–--ის ჩვენებითაც. არც მოწმე ნაკაშიძე ფლობს რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ თუ სად, რა ვითარებაში, რომელ ქურდულ გარჩევაში, გამოძალვასა თუ ქურდული სამყაროს სახელით განხორციელებულ სხვა უკანონო ქმედებებში მიიღო მონაწილეობა შ----- ბ--------ემ.
8. მოწმის სახით დაკითხულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა ი-----–----------–--ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ სამმართველოში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გ------------–--ესთან და გ-------------ესთან ერთად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა და პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ბრალდებულ ბ--------ეს. ფაქტობრივი დაკავების ადგილზევე შეადგინა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი. ოქმს დაკავებულმა ხელი არ მოაწერა, მოტივი არ დაუსახელებია.
9. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, შ----- შ-----ს ძე ბ--------ე დაკავებულ იქნა 2017 წლის 14 სექტემბერს, 16:28 საათზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ გამომძიებლის ი-----–----------–--ის მიერ. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ ამავე სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლები - გ------------–--ე და გ-------------ე. პირადი ჩხრეკისას ბ--------ისგან ამოღებულ იქნა პასპორტი, სამგზავრო ბილეთი, ფული და პირადი ნივთები. დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე დაკავებულმა უარი განაცხადა, მოტივი არ დაუსახელებია.
10. მოწმე ნ-----–-------------ემ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების თანამშრომელმა, საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ქ. ქუთაისში პოლიციის მეოთხე განყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე ცხოვრობს შ----- ყ-------–---–ი, რომელიც ამჟამად მეუღლის გვარზეა გადასული და არის შ----- ბ--------ე. ის ქურდული ტრადიციების მიმდევარია. 2009 წელს ძებნილის სახით იქნა დაკავებული სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, ხოლო 2014-ში გაემგზავრა საზღვარგარეთ. იმავე წელს საბერძნეთში "მოინათლა" კანონიერ ქურდად. რომელ ქალაქში, ან რომელმა კანონიერმა ქურდებმა "მონათლეს", ინფორმაცია არ აქვს. საქართველოში ყოფნისას მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში არ დაწყებულა, ვერც "ქურდულ გარჩევებს" დაასახელებს, სადაც ბ--------ე მონაწილეობდა, ასეთი კონკრეტული ინფორმაცია არ გააჩნია.
11. მოწმე გ------------ემ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების თანამშრომელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ იცნობს შ----- ბ--------ეს, რომელიც ქუთაისის მკვიდრია. ის აღიარებს ქურდულ კანონებს და მეგობრობს კრიმინალურ ავტორიტეტებთან. 2014 წელს საბერძნეთში ყოფნისას "მოინათლა" კანონიერ ქურდად, თუმცა კონკრეტულად რომელ ქალაქში და ვის მიერ, არ იცის. არ შეუძლია დაასახელოს კონკრეული ფაქტი საქართველოში ყოფნისას ბ--------ის, როგორც ქურდული მენტალიტეტის მქონე პირის, "ქურდულ გარჩევაში", გამოძალვაში, ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობის შესახებ .
12. მოწმე ზ-------–---–---–მა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამოძიებელმა სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს, თარჯიმნის მონაწილეობით, დაათვალიერა რუსული ვებ საიტი ., რომელშიც კანონიერ ქურდებთან დაკავშირებული ინფორმაციაა ასახული, მათ შორის მითითებულია შ----- ბ--------ის მონაცემებიც. აღნიშნული ვებგვერდი არის საჯარო, ნებისმიერ პირს შეუძლია შესვლა და სასურველი ინფორმაციის მოძიება, ამიტომ არ ჩათვალა საჭიროდ სასამართლოს ნებართვით მოეპოვებინა ბ--------ესთან დაკავშირებული ინფორმაცია და საკმარისად მიიჩნია მისი საპროცესო დამაგრება მოეხდინა დათვალიერების ოქმით.
13. საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამოძიებლის ზ-------–---–---–ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს, თარჯიმან მარგარიტა სარქისიანის მონაწილეობით, თავის სამუშაო კაბინეტში, პერსონალური კომპიუტერის საშუალებით, დაათვალიერა რუსული ვებ საიტი ., რომელშიც კანონიერ ქურდებთან დაკავშირებული ინფორმაციაა ასახული, მათ შორის მითითებულია შ----- ბ--------ის მონაცემებიც. ეს მონაცემები დათვალიერების შემდეგ კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით დააკოპირა, ამობეჭდა პრინტერზე და დაურთო ოქმს.
14. აღნიშნული ვებ. საიტის ქართული თარგმანის მიხედვით, შ----- შ-----ს ძე ბ--------ე მოხსენიებულია კანონიერ ქურდად, რომელიც დაიბადა ქუთაისში, "დაგვირგვინდა" საბერძნეთში 2014 წელს. პიროვნების მაინდენტიფიცერებელ სხვა ინფორმაციას ვებ.გვერდი არ შეიცავს. განთავსებულია ასევე ინფორმაცია ვინმე შ----- ვარლამის ძე ბ--------ის, მეტსახელად "ობოლას" შესახებ, რომელიც აღნიშნული წყაროს მიხედვით ასევე კანონიერი ქურდის სატატუსით სარგებლობს და არის ბრალდებული შ----- ბ--------ის მამა.
15. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვის და რეგისტრაციის სამმართველოს 2017 წლის 26 სექტემბრის წერილის და საინფორმაციო ბაზის ამონაწერის თანხმად, მოქალაქე შ----- ბ--------ის (ყ-------–---–ის) მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები დაფიქსირებულია სსკგ "სარფის" და სსკგ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტების გავლით 2005 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში. ამ ინფორმაციის თანახმად, გვარი ყ-------–---–ი შეცვლილია ბ--------ედ 2014 წლის 2 დეკემბერს თბილისის აეროპორტიდან ბელორუსიის მიმართულებით საქართველოდან გასვლისას. უკან დაბრუნება ფიქსირდება რუსეთის ფედერაციიდან 2017 წლის 14 სექტემბერს ბათუმის აეროპორტის გავლით.
16. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.
17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
18. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
19. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
20. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - მოწმეების - მ-----–------–--–---–ის, ბადრი სირაძის, ნიკოლოზ ლაღაძის ჩვენებები, ბრალდებულის მამის - შ----- ჯ----–-- ძე ყ-------–---–ის დაბადების და გარდაცვალების მოწმობების ასლები, ბრალდებულის შვილის დაბადების მოწმობა, ინფორმაცია საზღვის კვეთის შესახებ, მეზობლების დახასიათება.
21. მოწმე მ-----–------–--–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ბრალდებული მისი მეგობარია. ბოლოს ნახა 2014 წელს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, რა დროსაც სხვა მეგობრებთან - ნიკოლოზ ლაღაძესთან და ბადრი სირაძესთან ერთად მანქანით მიდიოდნენ ხინკლის საჭმელად ერთ-ერთ რესტორანში. გზად მათი მანქანა გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, გაესაუბრნენ, ვინაობა ჰკითხეს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს. სამართალდამცავებთან ურთიერთობის პროცესში ბ--------ეს არანაირი უკმაყოფილება არ გამოთქვამს, რაიმე აგრესია არ გამოუჩენია პოლიციის თანამშრომლების მიმართ. მანაც გასცა პასუხი შეკითხვებს და წარუდგინა პირადობის მოწმობა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ კარგად იცნობდა ბ--------ის მამასაც - შ----- ჯ----–-- ძე ყ-------–---–ს.
22. იგივე ფატობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა ბადრი სირაძემ და ნიკოლოზ ლაღაძემ სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენებებით. მათი განმარტებითაც, ბ--------ეს უარყოფითი რეაქცია პოლიციის თანამშრომების მიმართ არ ჰქონია, არ შეკამათებია, არ გამოუთქვამს შეჩერების გამო უკმაყოფილება. ინფორმაციას ბ--------ის კრიმინალურ სამყაროსთან შემხებლობის შესახებ არ ფლობენ. კარგად იცნობდნენ შ-----ს მამას - შ----- ჯ----–-- ძე ყ-------–---–ს.
23. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის - დაბადების და გარდაცვალების მოწმობების თანახმად, ბრალდებულის მამა იყო შ----- ჯ----–-- ძე ყ-------–---–ი. ბრალდებულის შვილის ნატო ყ-------–---–ის დაბადების მოწმობის მიხედვით, მისი მშობლები არიან შ----- ყ-------–---–ი და სოფიო ბ--------ე. მეზობლები ბ--------ეს დადებითად ახასიათებენ, მათი მტკიცებით, ბრალდებულს არასოდეს ჰქონია დაპირისპირება და კონფლიქტი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან.
24. ამდენად, ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა შ----- ბ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის მხოლოდ ეჭვების და ვარაუდების შესაძლებლობას და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისთვის. ბრალდების მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
25. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა შ----- ბ--------ის მიერ სსკ-ის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
26. კანონიერი ქურდობა, როგორც სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული, გათვალისწინებულია სსკ-ის 2231 მუხლის მეორე ნაწილით. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოების უშიშროება, მისი ობიექტური მხარე არის კანონიერი ქურდობა. 2005 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონის "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" მე-3 მუხლის თანახმად, "ქურდული სამყარო" ეს არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი და აღიარებული, სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით ქურდული გარჩევის გზით დანაშაულებრივ ქმედებებში სხვების წაქეზებით, მისი წევრებისათვის ან სხვა პირისათვის სარგებლის მიღება. ამავე კანონის თანახმად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.
27. ამდენად, ქურდული სამყაროსათვის დამახასიათებელია რამდენიმე ნიშანი: პირთა ერთობა, მათი მოქმედება, საქმიანობა შეესაბამება მათ მიერვე დადგენილ ან აღიარებულ სპეციალურ წესებს ანუ ქურდულ კანონებს; ამ სამყაროს მიზანია მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება, საამისოდ სხვადასხვა ხერხის გამოყენებით - დაშინება, მუქარა. მოქმედება ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად გულისხმობს ისეთი ქმედებების ჩადენას, როგორიცაა: დაშინება, მუქარა, იძულება, ქურდული გარჩევა, დანაშაულის ჩასადენად პირების გამოძებნა და მათი წაქეზება.
28. "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ქურდული გარჩევა ნიშნავს ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტას, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება.
29. დანაშაული დამთავრებულია ქურდული სამყაროს აღიარებასთან ერთად ერთ- ერთი ქმედების ჩადენისთანავე, მნიშვნელობა არა აქვს მიაღწია თუ არა ქურდული სამყაროს წევრმა ამ სამყაროს მიზანს. მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, პირს გაცნობიერებული აქვს რომ ჩადის სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებს პირდაპირ განზრახვით.
30. ე.წ. „ქურდული სამყარო“ საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიიჩნევა თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემლად. ამ პროფესიონალურ კრიმინალურ სამყაროს ყავს თავისი ცნობადი ლიდერები, წინასწარ შემუშავებული ინიცირების რიტუალები და ქცევის წესები. ამ სამყაროს აქვს კარგად ორგანიზებული მართვის სტრუქტურა, სუბორდინაციისა და მისი წევრების კონტროლის მკაცრი სისტემა, მათი გავლენა ვრცელდება საზოგადოების სხვადასხვა სექტორზე.
31. განსახილველ საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ისე წერილობითი მასალა, ეფუძნება პოლიციის თანამშრომლების მიერ მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციას, რომელიც თავისი არსით, ბუნებით გამორიცხავს პირდაპირ მტკიცებულებად მის მოაზრებას. ბრალდების მხარის ყველა მოწმე მიუთითებდა სწორედ ასეთი ინფორმაციის საფუძველზე მათთვის ცნობილ გარემოებაზე, რომ ბ--------ე კანონიერი ქურდია და მხოლოდ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობდა "დამაჯერებლად" ესაუბრა სასამართლოს წინაშე და ემტკიცებინა ოპერატიული ინფორმაციის სისწორე და რეალობა ისეთ პირობებში, როდესაც არც ერთი მათგანის განმარტებები არ სცდებოდა ამ ინფორმაციის ფარგლებს.
32. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კანონის "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" მე-3 მუხლის თანახმად, "ქურდული სამყარო" არის პირთა ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი და აღიარებული, სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით ქურდული გარჩევის გზით დანაშაულებრივ ქმედებებში სხვების წაქეზებით, მისი წევრებისათვის ან სხვა პირისათვის სარგებლის მიღება. ხოლო კანონიერი ქურდი ამ სამყაროს წევრია, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.
33. ბრალდებულმა ბ--------ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლოს წინაშე დაკითხული არც ერთი მოწმე არ მიუთითებდა ჩვენებაში კონკრეტული ფაქტების შესახებ, რა დროსაც შ----- ბ--------ე მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდულ სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად, რომ მონაწილეობდა ქურდულ გარჩევებში და წყვეტდა სხვადასხვა პირებს შორის არსებულ დავებს მუქარით, იძულებით, დაშინებით და სხვა უკანონო ქმედებებით, აშანტაჟებდა და სძალავდა თანხებს ბიზნესმენებს, ყველაზე მინიმუმ - აგრესიულად იყო განწყობილი და უპატივცემულობას გამოხატავდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიმართ. ბრალდების შესახებ დადგენილებაც მხოლოდ ზოგად, კანონისმიერ მითითებებს შეიცავს ბ--------ის კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებით და არ არის გაჯერებული კონკრეტული ფაქტ(ებ)ის აღწერილობით, რა დროსაც ბრალდებულის ქმედება ხასიათდებოდა ქურდული სამყაროს წარმომადგენლისთვის აუცილებელი ნიშნების შემცველი დანაშაულებრივი ხასიათით.
34. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რომლებსაც ყველაზე დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ ბ--------ესთან, ასევე ვერ იქნა მითითებული კონკრეტული ფაქტები, რა დროსაც ბ--------ე, როგორც კანონიერი ქურდი მონაწილეობდა გარჩევებში და მართავდა ქურდულ სამყაროს. მათივე განმარტებით, საქართველოში ყოფნისას მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში არც დაწყებულა.
35. ამდენად, ბრალდების მხარემ ვერ წარუდგინა სასამართლოს არათუ კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებშიც მონაწილეობდა შ----- ბ--------ე და ქურდული სამყაროს სპეციალური წესებით მართავდა და ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივ საქმიანობას, არამედ არ წარუდგენია ინფორმაცია ასეთი კონკრეტული ფაქტების საერთოდ არსებობის შესახებ.
36. თავად ბრალდების მხარის ვერსიით, ბ--------ე კანონიერ ქურდად "მონათლეს" საბერძნეთში ყოფნისას 2014 წელს. საზღვრის კვეთის შესახებ საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის დეკემბერში ქვეყნის დატოვების შემდეგ ბ--------ე საქართველოში არ დაბრუნებულა 2017 წლის 14 სექტემბრამდე, ჩამოსვლისთანავე ის დააკავეს. 2015 წლის 27 მაისიდან, 2017 წლის 13 სექტემბრამდე სასჯელს იხდიდა რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, გაურკვეველია კანონიერი ქურდის სტატუსით, ანუ 2014 წლის შემდეგ, რომელ ქურდულ გარჩევაში, რა გზით, საშუალებით მიიღო საქართველოში მონაწილეობა ბობიხიძემ, როგორ მართა და გაუწია ორგანიზება ქურდულ სამყაროს.
37. რაც შეეხება რუსულ ვებ საიტზე . არსებულ ინფორმაციას, შ----- ბ--------ის, როგორც კანონიერი ქურდის შესახებ, რომ არაფერი ითქვას ამ კომპიუტერული ინფორმაციის მოპოვებისას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის დარღვევაზე (დარღვეულია სსკ-ის მე-3 მუხლის 27-ე ნაწილი, 136-ე, 1432 -14310 მუხლები), თავად ინფორმაციაც მხოლოდ ზედაპირულ და არაპირდაპირ მითითებებს შეიცავს მასში აღნიშნულ პირზე. მითითებულია მხოლოდ სახელი, გვარი, მამის სახელი - შ----- შ-----ს ძე ბ--------ე, რომელიც დაიბადა ქუთაისში, "დაგვირგვინდა" საბერძნეთში 2014 წელს. პიროვნების მაინდენტიფიცერებელ სხვა ინფორმაციას ვებ.გვერდი არ შეიცავს. რაიმე უკანონო ქმედებების განხორციელების შესახებ ბ--------ის მიერ, რაც "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით უნდა ახასიათებდეს კანონიერი ქურდის ქმედებებს, მითითებული არ არის. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ამ ვებ.გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, შ----- ბ--------ის მამა - შ----- ვარლამის ძე ბ--------ე ასევე კანონიერი ქურდის სტატუსით სარგებლობდა. აღნიშნული პირის შესახებ, ოდნავ უფრო ვრცელი ინფორმაციაა მითითებული საიტზე და ეს ინფორმაციაც წარმოდგენილია სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის. ამავდროულად, დაცვის მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი ინფორმაციით - მოწმეთა ჩვენებებით, დაბადების და გარდაცვალების მოწმობების ასლებით, დასტურდება, რომ ბრალდებულის მამა იყო არა შ----- ვარლამის ძე ბ--------ე, არამედ შ----- ჯ----–-- ძე ყ-------–---–ი. ბრალდებული ბ--------ე (საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის მიხედვით) ბ--------ედ ფიქსირდება მხოლოდ 2014 წლიდან, გადასულია მეუღლის - სოფიო ბ--------ის გვარზე. მისი მამა ბ--------ის გვარით (რძლის გვარით) არ სარგებლობდა, გარდაცვლილია 2008 წელს და გარდაცვალების მოწმობაში გვარი ყ-------–---–ია მითითებული.
38. ამდენად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე გაჩენილ არაერთ კითხვის ნიშანს, რომელზეც ზემოთ უკვე გაამახვილა სასამართლომ ყურადღება, პასუხი ვერ გაეცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით. თავად ბრალდების მხარის მტკიცებულებები უპასუხოდ ტოვებს წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციისთვის აუცილებელ, უმნიშვნელოვანეს კითხვებს და აჩენს მხოლოდ ეჭვებს, რაც არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაქმნელად და პირის დამნაშავედ ცნობისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
39. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
40. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
41. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
42. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
43. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
44. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
45. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
46. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შ----- ბ--------ის მიმართ სსკ-ის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდების დადასტურება, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს აღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
სამართლებრივი შეფასება:
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში შ----- ბ--------ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, სანდო და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც წარდგენილ ბრალდებაში სსკ-ის 2231 მუხლის მეორე ნაწილით შ----- ბ--------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
48. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შ----- ბ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შ----- ბ--------ის რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების ცნობა (სპრავკა N070067) ერთ პაკეთად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით. შ----- ბ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, შ----- ბ--------ის საქართველოს მოქალაქის პასპორტი ერთ პაკეტად, სამგზავრო ბილეთი, მობილური ტელეფონი და 500 (ხუთასი) რუსული რუბლი ერთ პაკეტად, გორგოლაჭებიანი ხელჩანთა ერთ ფუთად, ხელჩანთა მასში არსებული ნარდითა და ნივთებით, ერთ ფუთად, დალუქულ მდგომარეობაში, სულ 2 (ორი) ფუთად და 2 (ორი) პაკეტად, რომელიც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტში, დეტექტივ-გამომძიებელ ი-----–----------–--ესთან, უნდა დაუბრუნდეს შ----- ბ--------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: შ----- შ-----ს ძე ბ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
შ----- ბ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ შ----- ბ--------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცებები - შ----- ბ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, შ----- ბ--------ის რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობა (სპრავკა N070067) ერთ პაკეთად, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით. შ----- ბ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული, შ----- ბ--------ის საქართველოს მოქალაქის პასპორტი ერთ პაკეტად, სამგზავრო ბილეთი, მობილური ტელეფონი და 500 (ხუთასი) რუსული რუბლი ერთ პაკეტად, გორგოლაჭებიანი ხელჩანთა ერთ ფუთად, ხელჩანთა მასში არსებული ნარდითა და ნივთებით, ერთ ფუთად, დალუქულ მდგომარეობაში, სულ 2 (ორი) ფუთად და 2 (ორი) პაკეტად, რაც ინახება საქართველოს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივ - გამომძიებელ ი-----–----------–--ესთან - დაუბრუნდეს შ----- ბ--------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი