განაჩენი

სისხლის სამართლის 13.04.2018
საქმის ნომერი
010100115001089755
დავის ტიპი
180 3 ა , 180 2 ბ
თარიღი
13.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115001089755

საქმე #1-1110/15

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ბ---–----–---–------ის

ბრალდებულის - ე------ პ----ის

ადვოკატის _ ე------ პ-----ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170250715801 საქმე:

 

ბრალდებულ ე------ ნ--------ს ძე პ----ის მიმართ

დაბადებული: 26.12.1--- წელს

დაბადების ადგილი: საქართველო, ხულოს რაიონი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ-----------------------------------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტები - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2015 წლის ივლისის თვეში შ------- მ-----–-–---–ისგან ე------ პ----ემ შეიტყო, რომ შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება შ------- მ-----–-–---–ის მიმართ, პირადი მოტივით დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ოფიციალური დოკუმენტის ანგარების მიზნით შეძენის ფაქტზე. აღნიშნული ინფორმაციის გაგებისა და შ------- მ-----–-–---–ის მხრიდან მისდამი არსებული ნდობის საფუძველზე, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა ამ უკანასკნელის ფულად თანხას. "დაპირდა" შ------- მ-----–-–---–ს, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაუქირავებდა ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენდა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა, ისე რომ შ------- მ-----–-–---–ისათვის ადვოკატი არ დაუქირავებია და საქმის განხილვა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა ბრალდების მხარის მიერ სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატის მონაწილეობით, 2015 წლის 27 ივლისს, ე------ პ----ე შ------- მ-----–-–---–ისგან, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 100 ლარს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით

 

2. დაზარალებულმა შ------- მ-----–-–---–მა საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ 2015 წლის მაისის თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სარფში ყოფნისას ქუჩაში შემთხვევით იპოვა ნ----- პ----ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა. იმის გამო, რომ თვითონ დეპორტირებული იყო თურქეთის რესპუბლიკიდან და აკრძალული ჰქონდა ქვეყანაში შესვლა, გადაწყვიტა ამ პირადობის მოწმობით გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი და შესულიყო თურქეთში. განზრახვის სისრულეში მოყვანას შეეცადა მეორე საღამოსვე, მაგრამ თურქი მესაზღვრეები მიუხვდნენ სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენებას, არ შეუშვეს ქვეყანაში, უკან დააბრუნეს და ჩააბარეს ქართველ სამართალდამცავებს. გამომძიებელმა ე--------- ბ---–-----მ დაკითხა გონიოს პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ სახლში გაუშვა და განუმარტა, რომ უახლოეს დღეებში დაუკავშირდებოდა. დაბნეულმა და შეშინებულმა დაურეკა თავის დიდი ხნის ნაცნობს, ე------ პ----ეს, რომელიც პოლიციის თანამშრომელი იყო და იფიქრა, რომ დაეხმარებოდა გარკვეულიყო თუ რა შეიძლებოდა ამ ფაქტს მოჰყოლოდა, აუხსნა სიტუაცია. მოგვიანებით, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, ე------მა განუმარტა, რომ, როგორც გაიგო, ორი მუხლით წარედგინებოდა ბრალდება, დასჭირდებოდა ადვოკატი, მის დასაქირავებელად კი 200 ლარი იყო აუცილებელი. მოსთხოვა მიეცა ეს თანხა მისთვის და დაუქირავებდა დამცველს. მართალია, თანხა არ ჰქონდა, მაგრამ იშოვა და მომდევნო შეხვედრისას გადასცა ე------ს. ამის შემდეგ ისევ გამომძიებელი ბ---–----- დაუკავშირდა, სთხოვა პროკურატურაში მისულიყო. მივიდა, გააცნეს ბრალდების შესახებ დადგენილება და განუმარტეს, რომ შეეძლო მოეთხოვა ადვოკატის დანიშვნა სახელმწიფოს ხარჯზე. იმედი ჰქონდა ე------ის მიერ დაქირავებული ადვოკატი მივიდოდა გამოძიების ორგანოში, მაგრამ ის არ ჩანდა, ამიტომ დაეთანხმა და სთხოვა დაენიშნათ მისთვის სახაზინო ადვოკატი. მეორე დღეს ისევ დაიბარეს პროკურატურაში, გააცნეს და ხელი მოაწერინეს საპროცესო შეთანხმების მასალებზე. არც ამ დროს და არც შემდეგ სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების განხილვისას პ----ის მიერ დაქირავებული ადვოკატი არ გამოჩენილა. სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატი დ----- კ----–--ე იცავდა მის უფლებებს, რომელმაც, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ, ბრალდებულის კითხვაზე - ვისთვის უნდა გადაეხადა მადლობა, აუხსნა, რომ ვალში არავისთან იყო და მადლობა მხოლოდ სახელმწიფოსთვის ეთქვა. ამ დროს გაუჩნდა პირველი ეჭვი პ----ესთან დაკავშირებით. ცხადი გახდა, რომ მიუხედავად ფულის გამორთმევისა, ადვოკატი არ დაუქირავა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მონაწილეობით. იმედოვნებდა, რომ გამორთმეულ 200 ლარს პ----ე აუცილებლად დაუბრუნებდა. თუმცა, როდესაც დაურეკა და უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა სასამართლომ, მაგრამ კარგად ვერ გაიგო ჯარიმა გადასახდელი ექნებოდა თუ არა და დახმარებოდა ამის გარკვევაში, პ----ემ ისევ ფული მოსთხოვა და განუცხადა, რომ 100 ლარი კიდევ იყო ადვოკატისთვის მისაცემი და აუცილებლად ეშოვა. ფული არ მაქვსო, უთხრა მ-----–-–---–მა, მაშინ ჩემს ახლობელს გამოვართმევ, მივცემ ადვოკატს ფულს და შემდეგ დამიბრუნეო - პ----ემ. ამჯერად საბოლოოდ დარწმუნდა, რომ პ----ე ატყუებდა, უკვე მსჯავრდებულს ადვოკატის დასაქირავებელ ფულს სთხოვდა, პ----ის დაქირავებული ადვოკატი კი, ისე დასრულდა საქმე, თვალით არ უნახავს. პ----ის სატელეფონო ზარებს და თანხის მიცემის მოთხოვნას ბოლო არ უჩანდა, რის გამოც გადაწყვიტა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მოეხსენებინა მისი ქმედებების შესახებ. მივიდა იუსტიციის სახლში, დაწერა განცხადება, შემდეგ გამომძიებელმა დაურეკა და დაკითხა განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით, შესთავაზა ეთანამშრომლა გამოძიებასთან, რაზეც დათანხმდა. მოხდა მისი აღჭურვა ვიდეო-კამერით, გადაეცა თანხა 100 ლარი, საიდანაც 50 ლარიანი კუპიურა 27 ივლისს დილის საათებში შეხვედრისას გადასცა პ----ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა პრეტენზია გამოთქვა - თუ სრულად არ გქონდა ფული, 50 ლარისთვის რატომ დამირეკეო, მეორე 50 ლარიანი ბანკნოტი კი საღამოს მისცა, მანქანაში მჯდომს ისე, რომ თვითონ მანქანაში არ ჩამჯდარა, ფანჯრიდან მიაწოდა. ფულის გადაცემის შემდეგ, სამართალდამცავების დანახვაზე, პ----ე მანქანით გაიქცა.

 

3. მოწმე ე--------- ბ---–-----მ, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა,მოწმედ დაკითხვისას სასამართლოს განუმარტა, რომ 2015 წლის 15 მაისს გონიოს პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე შ------- მ-----–-–---–ის მიმართ. დაკითხა აღნიშნული ქალბატონი, ჩაიწერა საკონტაქტო მონაცემები და გაუშვა სახლში. საუბრისას მ-----–-–---–მა განუცხადა, რომ იცნობდა პოლიციის თანამშრომელ ე------ პ----ეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ბრალდების წარსადგენად უნდა გამოეძახა მ-----–-–---–ი, მაგრამ მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ამიტომ გაახსენდა მის ნათქვამი პ----ესთან ნაცნობობის თაობაზე და დაურეკა ამ უკანასკნელს, სთხოვა იქნებ მ-----–-–---–ის კორდინატები მიეცა, რომ დაკავშირებოდა. პ----ე დაპირდა, რომ თავად გააფრთხილებდა მ-----–-–---–ს გამოცხადებულიყო განყოფილებაში, თან ჰკითხა რა ხდებოდა მის საქმეზე. ბოლქვაძის პასუხზე - ამას პროკურატურა და სასამართლო გადაწყვეტსო, პ----ეს აღარაფერი უთქვამს და უკითხავს. ამის შემდეგ, მ-----–-–---–ს წარედგინა ბრალდება, პროკურორმა შესთავაზა სახაზინო ადვოკატის დანიშვნა, რასაც ეს ქალბატონი დათანხმდა. ბ---–-----მ წერილით მიმართა აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს და ადვოკატის გამოყოფა სთხოვა. დაცვის ორდერი წარმოადგინა ადვოკატმა დ----- კ----–--ემ, რომელიც საქმეში ჩართული ერთადერთი ადვოკატი იყო. ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და საქმე გადაიგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.

 

4. მოწმე დ----- ხ------–---–მა, ხ--–---------------------–--------------------------------------, სასამართლოს განუმარტა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ საქმეზე შ------- მ-----–-–---–ს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 361-ე და 363-ე მუხლებით. ბრალდებული სრულად აღიარებდა დანაშაულს. შეთანხმებით ადვოკატი საქმეში არ ფიგურირებდა, ამიტომ მ-----–-–---–ის თანხმობით დაუნიშნა მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, საქმეში ჩაერთო აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი დ----- კ----–--ე და მისი მონაწილეობით ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე, რომელიც დამტკიცდა სასამართლოს მიერ. ე------ პ----ესთან, ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი შეხება და ურთიერთობა არ ჰქონია.

 

5. მოწმე დ----- კ----–--ემ, აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2015 წლის 21 ივლის იურიდიული დახმარების ბიუროში შესული მიმართვის საფუძველზე ჩაერთო ბრალდებულ შ------- მ-----–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში, რადგან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად ამ უკანასკნელს სჭირდებოდა ადვოკატი. ხელვაჩაურის რაიონულ პროკურატურაში შეხვდა მ-----–-–---–ს და განუმარტა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები. ყველა პირობა მისთვის მისაღები აღმოჩნდა, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით სასჯელზე, რომელიც დამტკიცებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით 2015 წლის 22 ივლისს. მის გარდა სხვა ადვოკატი მ-----–-–---–ს არ ჰყოლია. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ეს უკანასკნელი შეეკითხა ვისთან იყო ვალში, ვისთვის გადაეხადა მადლობა საპროცესო შეთანხმების გაფორმების და მსუბუქი სასჯელის შეფარდების გამო. აუხსნა, რომ ვალი არავისი ჰქონდა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა სახელმწიფოს კეთილი ნებით.

 

6. საქმეში წარმოდგენილი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განაჩენით, რომლითაც დამტკიცდა მხარეთა შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დასტურდება, რომ პროცესის მონაწილეებს წარმოადგენდნენ პროკურორი დ----- ხ------–---–ი, ბრალდებული შ------- მ-----–-–---–ი და ადვოკატი დ----- კ----–--ე. აღნიშნული განაჩენით შ------- მ-----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 361-ე მუხლით და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი, ერთი წლის ვადით.

 

7. მოწმე გ------- პ-------ემ, აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელმა სასამართლოს განუმარტა, რომ 2015 წლის 25 ივლისს შ------- მ-----–-–---–ის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომელი ე------ პ----ე ამ უკანასკნელს მოტყუებით სძალავდა ფულს, დაიწყო გამოძიება. დაკითხა მ-----–-–---–ი, რომელმაც გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი, წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელიც დათვალიერდა. მ-----–-–---–ი ცნეს დაზარალებულად, გააცნეს უფლებები. სასამართლოს მიმართეს და მიიღეს განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ნებართვის თაობაზე, ვიდეო-კამერით აღჭურვეს მ-----–-–---–ი და წინასწარ გადაცემული ფულის კუპიურებით გაუშვეს პ----ესთან შესახვედრად და ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი თანხის გადასაცემად. ფულის გადაცემა მოხდა ორ ეტაპად, დილით და საღამოს. ორივე ჯერზე ხორციელდებოდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საღამოს თანხის გადაცემის შემდეგ, მიღებულ იქნა დაკავების გადაწყვეტილება, თუმცა, როდესაც შენიშნა ოპერატიული ჯგუფის წევრები, პ----ე მანქანით გაიქცა, მაგრამ მალევე თავად გამოცხადდა პოლიციის სამმართველოში.

 

8. მოწმე გ------- გ--–------ს, შსს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის მიერ, სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2015 წლის 27 ივლისს გენერალურ ინსპექციაში, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა თათბირი, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და გადაწყდა, რომ უნდა ჩატარებულიყო ოპერაცია და მ-----–-–---–ისგან თანხის აღების შემთხვევაში პოლიცის თანამშრომელი ე------ პ----ე უნდა დაეკავებინათ. სამსახურებრივი მანქანებით მივიდნენ მ-----–-–---–ის და პ----ის შეხვედრის ადგილას. თავად გ--–------ გენ. ისნპექციის მეორე თანამშრომელთან, ფ-------- კ------–--ესთან ერთად იმყოფებოდა მანქანაში. ოპერაციაში მონაწილეობდა ასევე სამმართველოს უფროსი ი---- ფ---–---–--–---–ი, რომელიც სხვა მანქანით იყო მისული და აკვირდებოდა სიტუაციას. კარგად ხედავდნენ პ----ის ავტომანქანას. დაინახეს როგორ მივიდა მანქანასთან შ------- მ-----–-–---–ი, რომელსაც ფული უნდა გადაეცა პ----ისთვის და როგორც კი მ-----–-–---–ი მანქანას მოშორდა, ი---- ფ---–---–--–---–ის მანქანა დაიძრა პ----ის მანქანისკენ. თვითონაც გაემართნენ იგივე მიმართულებით. ფ---–---–--–---–მა წინ ჩაუყენა პ----ეს მანქანა, გადავიდა და დაკავებული ხარო, უთხრა, ეს უკანასკნელი კი მოულოდნელი მანევრებით გასცდა წინ ჩაყენებულ ავტომანქანას და გაიქცა. დაედევნა ფ---–---–--–---–ი ავტომანქანით, გ--–------ს და კ------–--ეს კი ადგილზე დარჩენა უბრძანა. მოგვიანებით რადისადგურით შეიტყვეს, რომ პ----ეს მანქანა დაუტოვებია აეროპორტის გზაზე, თავად კი გამოცხადებულა პოლიციის სამმართველოში.

 

9. მოწმე ი---- ფ---–---–--–---–ის, შსს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურორის დავალებით შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო. მ-----–-–---–ის მიერ პ----ისთვის გადასაცემი თანხა 100 ლარი გამოიყო ფონდიდან და გადაწყდა, რომ ვიდეო -კამერით აღჭურვილი მ-----–-–---–ი ამ თანხას პ----ეს გადასცემდა ორ ეტაპად. მართლაც, ჯერ 50 ლარი გადასცა მ-----–-–---–მა პ----ეს, დარჩენილი 50 ლარის გადაცემა კი უნდა მომხდარიყო იმავე დღეს საღამოს საათებში. ქ. ბათუმში, ლერმონტოვის და კომახიძის ქუჩების კვეთაში, შეხვედრის ადგილას, ოპერატიული ჯგუფის წევრები განლაგდნენ მანქანებით და აკვირდებოდნენ მოვლენებს. პ----ე "შკოდას" მარკის სამსახურებრივი მანქანით მივიდა შეხვედრის ადგილას, მანქანიდან არ გადასულა, მ-----–-–---–ი მივიდა მასთან და საუბარი დაიწყეს, დაახლოებით, 15-20 მეტრის მანძილიდან უყურებდნენ ამ შეხვედრას, ხოლო როდესაც შ------- მანქანას მოსცილდა. ფ---–---–--–---–ი ავტომანქანით დაიძრა პ----ის მანქანისკენ, წინ ჩაუყენა მანქანა, გადავიდა მანქანიდან, წავიდა პ----ისკენ, მოუწოდა გაჩერებულიყო, თუმცა მის დანახვაზე, პ----ე მანქანით გაიქცა. მოადგილე მ--–---- რ------სთან ერთად დაედევნა გაქცეულს, მაგრამ იმდენად სახიფათოდ მოძრაობდა ქუჩაში პ----ე, დევნის გაგრძელების პირობებში შესაძლოა საფრთხე შექმნოდათ გამვლელებს, ამიტომ დევნა შეწყვიტეს. მალე შეიტყვეს, რომ პ----ე თავის ფეხით გამოცხადებულა პოლიციის სამმართველოში.

 

10. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებენ და აღწერენ ჩვენებებში იგივე პროცესის მონაწილე მოწმეები, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები - მ--–---- რ------ და ფ-------- კ------–--ე.

 

11. შსს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის ი---- ფ---–---–--–---–ის წერილის მიხედვით, აჭარის არ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსისადმი, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გაეგზავნა ოპერატიული მიზნებისთვის სპეციალურად გამოყოფილი თანხა -100 ლარი, ორი ცალი 50 ლარიანი კუპიურის სახით.

 

12. 2015 წლის 27 ივლისს შედგენილი ფულის გადაცემის ოქმების თანახმად, გამომძიებელმა პ-------ემ 2015 წლის 27 ივლისს, შ------- მ-----–-–---–ს გადასცა ორი 50 ლარიანი კუპიურა, ნომრებით - F36133344 და F15810373. კუპიურები დასურათდა და დაერთო ოქმებს.

 

13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ივლისის განჩინებებით გაიცა ნებართვები ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით - შ------- მ-----–-–---–ის და ე------ პ----ის მობილური ტელეფონის სააბონენტო ნომრებზე ფარული მიყურადება - ჩაწერის თაობაზე. ასევე შ------- მ-----–-–---–ის ე------ პ----ესთან შეხვედრების და საუბრების ფარული ვიდეო - აუდიო ჩაწერის შესახებ.

 

14. სასამართლო განხილვისას გამოკვლეულ იქნა როგორც ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია კრებსების სახით, ისე ვიდეო-მასალა. ვიდეო-მასალაში გარკვევით არ ისმის ფარული საგამოძიებო მოქმედების მონაწილეების ხმები, რაც დაცვის მხარის პოზიციით, სრულად გამორიცხავს ამ ინფორმაციის ბრალდების დამადასტურებელ ინფორმაციად გამოყენების შესაძლებლობას, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ვიზუალური მასალა, რომელიც ასახულია ფირებზე, ემთხვევა როგორც დაზარალებული მ-----–-–---–ის, ისე იმ მოწმე პოლიციელების ჩვენებებში გადმოცემულ ფაქტებს, რომლებიც უშუალოდ აკვირდებოდნენ მიმდინარე მოვლენებს და რომელთა თვალთახედვის არეშიც მიმდინარეობდა ეს პროცესი.

 

15. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ე------ პ----ე დაკავებულ იქნა 2015 წლის 28 ივლისს, 00:20 საათზე, აჭარის არ მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, გამომძიებელ გ------- პ-------ის მიერ. პირადი ჩხრეკისას, შ------- მ-----–-–---–ის მიერ გადაცემული თანხა - 50 ლარიანი კუპიურა არ ამოღებულა.

 

16. 2015 წლის 28 ივლისის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, "შკოდა ოქტავიას" მარკის ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც გადაადგილდებოდა პ----ე მ-----–-–---–თან შეხვედრისას და რომელიც გაქცევის შემდეგ მიატოვა ქ. ბათუმში ბეთლემის ქუაჩა N4-ის მიმდებარედ, თანხა ან გამოძიებისთვის საინტერესო სხვა რაიმე ნივთი, აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.

 

17. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.

 

18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

19. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

20. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

21. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებაც - ბრალდებულ ე------ პ----ის ჩვენება.

 

22. ბრალდებულმა ე------ პ----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ წლების განმავლობაში იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა შ------- მ-----–-–---–თან, არაერთხელ გაუწევია მისთვის დახმარება, მათ შორის ფინანსურიც. ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით მ-----–-–---–ი წუხდა და დახმარებას სთხოვდა. საქმის გამომძიებელ ე--------- ბ---–-----ს კარგად იცნობდა, თუმცა არ დაკავშირებია მას და არ უკითხავს საქმეზე არაფერი, სანამ ბ---–-----მ თვითონ არ დაურეკა და მ-----–-–---–თან დაკავშირებაში დახმარება სთხოვა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მ-----–-–---–ი გამუდმებით ურეკავდა და სთხოვდა განემარტა გაურკვევლობა, რომელიც ჯარიმის თანხის გადახდასთან დაკავშირებით შეექმნა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ. ნერვიულობდა ამის გამო, პ----ე კი ცდილობდა გაემხნევებინა და გვერდით დადგომოდა. ერთ-ერთი მორიგი შეხვედრისას, შეხვედრის ადგილას ავტომანქანით მისულ პ----ეს, შენიშნებულმა და აღელვებულმა მ-----–-–---–მა თავს უშველეო გააფრთხილა, მანაც მანქანა დაძრა, ამ დროს სხვა ავტომობილმა გზა გადაუკეტა, იმ მანქანიდან გადმოსული ადამიანები ვერ იცნო, გააგრძელა სვლა ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით, დაედევნა იგივე მანქანა, მაგრამ არ გაჩერებულა. მოგვიანებით როდესაც მიხვდა რომ დადევნებული მანქანა გენ.ინსპექციის იყო, გააჩერა თავისი ავტომობილი, გადაჯდა ტაქსში და უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაციის შემდეგ გამოცხადდა სამმართველოში.

 

23. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ ე------ პ----ის მიერ ჩადენილია სწორედ ბრალდებით გათვალისწინებული ქმედება - თაღლითობა.

 

24. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა და არც ერთი მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შ------- მ-----–-–---–სა და ე------ პ----ეს საკმაოდ ახლო და ხანგრძლივი ურთიერთობები აკავშირებდათ, ამიტომ როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან პრობლემები შეექმნა სხვისი პირადობის მოწმობით თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მცდელობის გამო, სიტუაციის გარკვევაში დახმარება ე------ პ----ეს სთხოვა, როგორც პოლიციის თანამშრომელს და საკმაოდ ახლო ურთიერთობაში მყოფ ადამიანს. დაზარალებულის განმარტებით, სწორედ აქედან დაიწყო პ----ის უცნაური მოთხოვნები ადვოკატის დასაქირავებლად საჭირო თანხასთან დაკავშირებით. აღუთქვა, რომ დაეხმარებოდა ადვოკატის აყვანაში, რისთვისაც დასჭირდებოდა გარკვეული თანხა. მ-----–-–---–ის მტკიცებით, პირველ ჯერზე 200 ლარს ითხოვდა მისგან პ----ე, რომელიც ისესხა და გადასცა, თუმცა აღმოჩნდა, რომ დაპირებული ადვოკატი საქმეში არ ჩართულა. ბრალდების წარდგენის, ბრალის აღიარების და საპროცესო შეთანხმების შეთავაზებაზე თანხმობის შემდეგ, სწორედ იმის გამო, რომ შეთანხმებით აყვანილი ადვოკატი საქმეში არ ფიგურირებდა, მ-----–-–---–ის ინტერესების დასაცავად და საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას საქმეში ადვოკატის ჩართვის კანონით სავალდებულოდ დადგენილი მოთხოვნის შესასრულებლად, გამოძიების ორგანომ საქმეში ჩართო ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. სწორედ აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, დ----- კ----–--ის მონაწილეობით გაფორმდა და შემდეგ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ხელვაჩაურის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულ შ------- მ-----–-–---–ს შორის. ამდენად, ე------ პ----ის მიერ შ------- მ-----–-–---–ისთვის დაპირებული ადვოკატი საქმეში არ ჩართულა. ზემოთმითითებული გარემოებები სრულად დასტურდება არა მხოლოდ დაზარალებული მ-----–-–---–ის, არამედ მოწმეების - ე--------- ბოლქვაძის, დ----- ხ------–---–ის, დ----- კ----–--ის ჩვენებებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განაჩენით.

 

25. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მიუხედავად საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილებისა, პ----ე ისევ ითხოვდა მისგან, თითქოსდა, ადვოკატისთვის მისაცემ თანხას, ამჯერად ასი ლარის ოდენობით. მ-----–-–---–ისთვის უკვე ცნობილი იყო ის გარემოება, რომ პ----ეს მისთვის ადვოკატი არ დაუქირავებია, როგორც თავად მიუთითებს, ელოდა პ----ის მიერ ადვოკატის ასაყვანად გამორთმეული თანხის უკან დაბრუნებასაც, თუმცა ამის საპირისპიროდ, პ----ისგან ისევ ისმოდა თანხის მოთხოვნა, ამიტომ განცხადებით მიმართა აჭარის პროკურატურას და აცნობა მომხდარის შესახებ. საქმეში სამართალდამცავების ჩართვის და მათთან თანამშრომლობის შემდეგ, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, დაზარალებული აღიჭურვა ვიდეო-სათვალთვალო საშუალებებით და 2015 წლის 27 ივლისს გამომძიებლის მიერ სპეციალურად გადაცემული თანხა, ორი ცალი 50 ლარიანი კუპიურა, ორ ეტაპად გადასცა პ----ეს. თანხის მეორე ჯერზე გადაცემის შემდეგ, კომახიძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთასთან შეხვედრისას, შსს გენერალური ინსპექციის თანაშრომლების მანქანის მიახლოების, მანქანიდან განყოფილების უფროსის ი---- ფ---–---–--–---–ის გადასვლის და პ----ისადმი მიმართვის შემდეგ, ეს უკანასკნელი არ დაემორჩილა გენ. ინსპექციის თანამშრომლების მოწოდებას, მანქანა დაძრა და გაიქცა. სწორედ მოვლენათა ასეთ განვითარებაზე მიუთითებენ ჩვენებებში გამომძიებელი გ------- პ-------ე, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები - ი---- ფ---–---–--–---–ი, მ--–---- რ------, გ------- გ--–------, ფ-------- კ------–--ე. მათ ჩვენებებში გადმოცემული ფაქტები, ერთიან ჯაჭვს ქმნიან და ლოგიკურ შესაბამისობაში მოდიან დაზარალებული შ------- მ-----–-–---–ის ჩვენებაში მითითებულ გარემოებებთან, რაც სასამართლოს მიერ დაზარალებულის ჩვენების გაზიარების პირობებს ქმნის. იგივე უნდა ითქვას ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ მასალებზეც, რომლებიც სასამართლოს განჩინების საფუძველზეა მოპოვებული და რომელში ასახული ვიზუალური მასალა შესაბამისობაში მოდის როგორც დაზარალებული მ-----–-–---–ის, ისე იმ მოწმე პოლიციელების ჩვენებებში გადმოცემულ ფაქტებთან, რომლებიც უშუალოდ აკვირდებოდნენ მიმდინარე მოვლენებს და რომელთა თვალთახედვის არეშიც მიმდინარეობდა ეს პროცესი.

 

26. რაც შეეხება მ-----–-–---–ის მიერ გადაცემულ თანხას, რომელიც პ----ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა, ეს გარემოება კი, დაცვის მხარის პოზიციით, პირდაპირ მიუთითებს თანხის გადაცემის ფაქტის არარსებობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა განმარტებებით, აჭარის მთავარ სამმართველოში გამოცხადებულმა პ----ემ თანხასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გაქცევის შემდეგ გადააგდო. უნდა აღინიშნოს, რომ გათვალისწინებით მოცემულობისა, რომელიც თავად ბრალდებულმა შექმნა შეხვედრის ადგილიდან გაქცევის გამო, გაქცევიდან პოლიციის სამმართველოში გამოცხადებამდე, თანხის მოსაშორებლად მას ჰქონდა საკმარისზე მეტი დრო და შესაძლებლობა.

 

27. დაცვის მხარის პოზიციას და არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ პ----ეს მოტყუებით, თითქოს ადვოკატისთვის გადასაცემად არ მოუთხოვია ფულადი თანხა მ-----–-–---–ისგან, რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ პროვოკაციას მისი პიროვნების წინააღმდეგ, რომ მ-----–-–---–მა თვითონ გააფრთხილა ეშველა თავისთვის, რომ ვერ იცნო გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, რომლებსაც რეალურად წლების განმავლობაში იცნობდა და თანამშრომლობა აკავშირებდა, ამიტომ გაიქცა მათგან - არ იძლევა ასეთი პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას, რადგან ეფუძნება მხოლოდ ბრალდებულის ზეპირ განმარტებებს და არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით. ცხადია, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებას და ვერ უარყოფს არაერთი მტკიცებულებით დადასტურებული გარემოებებს. სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ე------ პ----ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულ შ------- მ-----–-–---–ის კუთვნილ ფულად თანხას 100 ლარს.

 

28. თაღლითობა არის სხვისი საკუთრების უფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, მიმართული იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი. სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის მიხედვით, თაღლითობა წარმოადგენს სხვისი ნივთის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ან ქონებრივი უფლების მიღებას, ჩადენილს მოტყუებით. სწორედ მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. დანაშაული ჩადენილად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც უკვე მოხდება ნივთის (ქონების) მესაკუთრის ან მფლობელისგან ნივთის ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება და არ აქვს მნიშვნელობა შეძლო თუ არა დამნაშავემ თავისი საბოლოო მიზნის მიღწევა ანუ ნივთისა და ქონების მისაკუთრება.

 

29. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს ან მის კანონიერ მფლობელს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას.

 

30. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, რაც იმაში გამოიხატება, რომ დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ან პირიქით ნამდვილი ინფორმაციის დამალვით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის, ხერხი. ადამიანი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. თაღლითობა შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც აქტიური, ისე პასიური მოტყუებით. აქტიური მოტყუებაა, როდესაც ხდება პირის შეცდომაში შეყვანა ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე წინასწარი შეცნობით. პასიური მოტყუება კი გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას, რომლის დაზარალებულისთვის შეტყობინება სავალდებულო იყო. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად.

 

31. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა ე------ პ----ის მიერ დაზარალებულ შ------- მ-----–-–---–ისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ცრუ დაპირებით, რომ საჭირო იყო ადვოკატის დასაქირავებელი თანხა, რომელიც უნდა მიეცა მისთვის და თანხას გამოიყენებდა დამცველის ასაყვანად, - მოტყუებით, მ-----–-–---–ის კუთვნილი თანხის დაუფლების ფაქტი. ეს უკანასკნელი, რომელიც სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენებით თურქეთის რესპუბლიკაში არალეგალურად შეღწევის მცდელობაში იმხილებოდა და დაწყებული იყო ფაქტის გამო გამოძიება, დაუკავშირდა მეგობარს - ე------ პ----ეს, პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც, შეეძლო გარკვეული ინფორმაციის მიწოდება თუნდაც ზოგად პროცედურასთან და წესთან დაკავშირებით, რაც ყველა შემთხვევაში შესაძლოა მოჰყვეს საქმეზე გამოძიების დაწყებას და პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, შესაბამისად, შეძლებდა მეტი სიცხადის შეტანის სამართლებრივ საკითხებში გაუთვითცნობიერებული მ-----–-–---–ისთვის. თუმცა ისარგებლა რა ამ უკანსკნელის ნდობით, წლების განმავლობაში არსებული საკმაოდ ახლო ურთიერთობით, განიზრახა თანხის მოტყუებით დაუფლება, თითქოსდა, ადვოკატის დაქირავების მოტივით. რეალურად, კი ადვოკატი არ აუყვანია და მ-----–-–---–ის სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის პროცესში განახორციელა გამოძიების ორგანოს მიერ სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულმა ადვოკატმა.

 

32. საქმის განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

33. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა" დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

34. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

35. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

36. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

37. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

38. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

39. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ე------ პ----ის მიერ სსკ-ის 180-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების დადასტურება.

 

კვალიფიკაციის შეცვლა:

 

40. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე------ პ----ე თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაუფლა მოტყუებით შ------- მამულშვილისგან 300 ლარის ოდენობით ფულად თანხას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

41. საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №913232 ბრძანებით დასტურდება, რომ პოლიციის მაიორი ე------ ნ--------ს ძე პ----ე დაინიშნა შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად და გათავისუფლდა ამავე მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობიდან.

 

42. ამდენად, ე------ პ----ე ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას იყო შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომელი და აღნიშნული ფაქტი არ წამოადგენს მხარეთა დავის საგანს. თუმცა მნიშვნელოვანია გაირკვეს თანხის მოტყუებით დაუფლებისას რამდენად გამოიყენა მან სამსახურებრივი მდგომარეობა.

 

43. დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რომ პ----ესთან აკავშირებდა ახლო ურთიერთობები, ენდობოდა მას. ამიტომ მიმართა დახმარებისთვის და სთხოვა გაერკვია რამდენად საფრხის შემცველი იყო მისთვის სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდა სხვისი პირადობის მოწმობის გამოყენებით თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლის მცდელობის გამო. დაზარალებულის ჩვენების ანალიზით შეიძლება გაკეთდეს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ პ----ემ მხოლოდ ადვოკატის აყვანაში დახმარება შესთავაზა მას, თანხაც მხოლოდ ამ მიზნით მოითხოვა და არ დაპირებია ამ თანხის სანაცვლოდ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქმის გადაწყვეტაზე რაიმე გავლენის მოხდენას. ადვოკატის აყვანის მოტივით მოტყუებით თანხის დაუფლებას არ სჭირდება სპეციალური სუბიექტის არსებობა, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეძლებს მხოლოდ ადვოკატის აყვანაში დახმარების გაწევას. სასამართლო პრაქტიკა იცნობს არაერთ ფაქტს, როდესაც ყველგვარი სამსახურებრივი მოვალეობებისგან თავისუფალმა ფიზიკურ პირმა იგივე ქმედება განახორციელა სხვა ფიზიკური პირის მოტყუებით და დაეუფლა მის ფულად თანხებს.

 

44. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მსჯელობისას მოწმეების- გამომძიებელ ე--------- ბოლქვაძის და პროკურორ დ----- ხ------–---–ის ჩვენებები. ეს უკანასკნელი ცალსახად მიუთითებს, რომ მიუხედავად ნაცნობობისა, მასთან პოლიციის თანამშრომელ ე------ პ----ეს შ------- მ-----–-–---–ის საქმესთან დაკავშირებით არ ჰქონია არანაირი კომუნიკაცია. გამომძიებელ ე--------- ბოლქვაძის ჩვენებით კი, მიუხედავად ხანგრძლივი სამსახურებრივი ურთიერთობებისა, ე------ პ----ეს არ უცდია მისგან საქმის ირგვლის რაიმე ინფორმაციის მოპოვება, არც უთხოვია დახმარება შ------- მ-----–-–---–ის უკეთეს მდგომარეობაში ჩაყენების ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით საქმეზე ზემოქმედების მოხდენაში. მხოლოდ ერთხელ ჰკითხა, რა ხდებოდა მ-----–-–---–თან დაკავშირებით და როდესაც მიიღო პასუხი, რომ ამას პროკურატურა და სასამართლო გადაწყვეტდნენ, შეკითხვა აღარც განმეორებულა.

 

45. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს პ----ის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენაში.

 

46. იგივე უნდა ითქვას კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან დაკავშირებითაც: ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ----ე მ-----–-–---–ისგან მოტყუებით დაეუფლა 300 ლარის ოდენობით ფულად თანხას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

47. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

48. დაზარალებული შ------- მ-----–-–---–ის მტკიცებით, პ----ე მოტყუებით დაეუფლა მისგან 300 ლარს, საიდანაც 200 ლარი გადასცა პირველ ეტაპზე, საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე.

 

49. დაზარალებულის ამ განმარტების გარდა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პ----ისთვის მ-----–-–---–ის მიერ ამ ოდენობის თანხის გადაცემის ფაქტს.

 

50. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს პოზიცია, ერთის მხრივ, სრულებით არ ნიშნავს დაზარალებულის ჩვენების სისწორესა და მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანას, ჩვენება საკმაოდ თანმიმდევრული და დამაჯერებელია, თუმცა, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას სახელმძღვანელო უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა კი არ არის ამისთვის საკმარისი.

 

51. რაც შეეხება 100 ლარის გადაცემას, გარდა მ-----–-–---–ის ჩვენებისა, ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი და გამოკვლეული არაერთი მტკიცებულებით - მოწმეთა ჩვენებებით, ფულადი ნიშნების დათვალიერების და მ-----–-–---–ისთვის გადაცემის ოქმებით, ფარული აუდიო-ვიდეო მასალით, თუმცა თანხის ეს ოდენობა არ ქმნის მნიშვნელოვანი ზიანისთვის კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

 

52. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ ე------ პ----ის ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანის მიაყენა დაზარალებულს.

 

53. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

54. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

55. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

56. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

57. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

58. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე------ პ----ის მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით წარდგენილი კვალიფიკაცია - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასიკეთოდ, ამოერიცხოს ბრალდებიდან და მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სამართლებრივი შეფასება :

 

60. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე------ პ----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით .

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

61. ე------ პ----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

62. ე------ პ----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

63. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

64. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

65. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

66. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

67. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

68. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

69. სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2018 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციით, სასჯელად ითვალისწინებდა ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 170-დან 200 საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორდან ოთხ წლამდე.

 

70. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ე------ პ----ეს, რომელიც არ არის ნასამართლევი, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, დაჯილდოვებულია სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისთვის (იხ. სამედიცინო ცნობები, პრეზიდენტის განკარგულება), უნდა დაენიშნოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით, 3500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, უნდა შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

71. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებაა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

72. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ე------ პ----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში და ე------ პ----ის №07AD75273 საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ე------ პ----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო საქართველოს შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს მიერ 2015 წლის 27 ივლისის წერილით გადმოგზავნილი ერთი ცალი დისკი, 2015 წლის 28 ივლისის წერილით გადმოგზავნილი ერთი ცალი დისკი, №457 CD-R დისკი და №4310 CD-R დისკი, რაც ინახება აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებულ ე------ პ----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბრალდებული: ე------ ნ--------ს ძე პ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2015 წლის 28 ივლისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე პერიოდის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ე------ პ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას მ----–------------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქ. ბათუმი, რ----------------- (ზონა - ბათუმი 0-----------------------------–-------------------------ოდი - 01/063, საკადასტრო კოდი №05.25.10.008.01.063, დაზუსტებული ფართობი - 2850.0-------- უძრავი ქონების - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთმტკიცებები - ე------ პ----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში და ე------ პ----ის №07AD75273 საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ე------ პ----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო საქართველოს შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს მიერ 2015 წლის 27 ივლისის წერილით გადმოგზავნილი ერთი ცალი დისკი, 2015 წლის 28 ივლისის წერილით გადმოგზავნილი ერთი ცალი დისკი, №457 CD-R დისკი და №4310 CD-R დისკი, რომლებიც ინახება აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი