გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2018
საქმის ნომერი
190210017002211256
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2835-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.03.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს „პ------–-------------------------ო“

წარმომადგენელი თეონა კავთელაძე

მოპასუხე ი-–-- შ------–---–ი

წარმომადგენელი ერეკლე დოლიძე

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი-–-- შ------–---–ისათვის შპს „პ------–-------------------------ოს“ სასარგებლოდ 2000 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 4 ნოემბერს ელექტრონული ფორმით მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N99880690007, რომლის საფუძველზე ი-–-- შ------–---–მა სესხად მიიღო კრედიტი 650 ლარი 30 დღის ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 14%-ს 30 დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო და შეადგენს მიმიდინარე სესხის ძირისა და საკომისიოს 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობა, არ დააბრუნება სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი. მისი დავალიანებაა 2000 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 650 ლარი, სარგებელი 91 ლარი, პირგასამტეხლო 1259 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2014 წლის 05 დეკემბერიდან 2017 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის გამო. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2017 წლის 12 დეკემბერს, ხოლო სესხის დაბრუნების ვადა გავიდა 2014 წლის 4 დეკემბერს, რის გამოც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გავიდა 2017 წლის 5 დეკემბერს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 4 ნოემბერს ელექტრონული ფორმით ი-–-- შ------–---–სა და შპს „4 ფინანსს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N99880690007, რომლის საფუძველზე ი-–-- შ------–---–მა სესხად მიიღო 650 ლარი 30 დღის ვადით. სესხის სარგებელი შეადგენს 14%-ს 30 დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო და შეადგენს მიმდინარე სესხის ძირითადი თანხისა და საკომისიოს 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 40-43. ტომი 1)

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-23. ტომი 1)

 

3.1.2. ი-–-- შ------–---–მა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, არ დააბრუნება სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი. მისი დავალიანებაა 2000 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 650 ლარი, სარგებელი 91 ლარი, პირგასამტეხლო 1259 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2014 წლის 05 დეკემბერიდან 2017 წლის 16 ნოემბრამდე პერიოდისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 40-43. ტომი 1)

 

3.1.3. შპს „4 ფინანსსა“ და შპს პ------–-------------------------ოს შორის 2016 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებით შპს „4 ფინანსმა“ მოსარჩელეს შპს „პ------–-------------------------ოს“ დაუთმო ი-–-- შ------–---–თან დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 24. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე, 129-ე, 130-ე, 123-ე, 138-ე, 140-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 144-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ურთიერთობა წარმოშობილია სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება. ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მოთხოვნის წარმოშობა, ანუ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ხელშეკრულების არებობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. ასევე სადაოდ არ გაუხდია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი და დაადასტურა, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სესხის მიღებიდან 30 დღის ვადაში სესხის არ დაუბრუნებია. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი და განაცხადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რის გამოც განხორციელებადი არ არის მოთხოვნა სახელშეკრულებო დავისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 4 ნოემბერს 30 დღის ვადით. შესაბამისად, მოპასუხეს სესხი უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 4 დეკემბრამდე. მოპასუხემ ეს ვალდებულება არ შეასრულა.

 

სესხის სამართლებრივ ურთიერთობაში გამსესხებლის უფლების დამრღვევი მოქმედებაა მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევა, რის გამოც გამსესხებელს სესხის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის უფლება წარმოეშობა სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევის მომენტიდან. ამ შეთხვევაში ეს თარიღია 2014 წლის 5 დეკემბერი. ამდენად, სარჩელის აღძვრის გზით მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2014 წლის 5 დეკემბერს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მიხედვით, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, – მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება დაარღვია 2014 წლის 5 დეკემბერს, რის გამოც ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 5 დეკემბრიდან და დასრულდა 2017 წლის 5 დეკემბერს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის საფუძველზე ვადა სრულება თვის იმ დღეს, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. 2014 წლის 5 დეკემბერს დაწყებული სამი წლის ვადა სრულდება მესამე წლის იმ თვესა და რიცხვში, რომელიც შეესაბამება ვადის დაწყების თვეს და რიცხვს. ამდენად, ამ შემთხვევაში სარჩელის აღძვრის ვადა დასრულდა 2017 წლის 5 დეკემბერს.

 

შპს „პ------–-------------------------ომ“ რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ამ ვადის გასვლის შემდეგ 2017 წლის 12 დეკემბერს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში გამოაგზავნა ფოსტით, ასეთი გარემოება არც მოსარჩელეს მიუთითებია, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოთდასახელებული ნორმის გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. მითითებული მუხლი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას კრედიტორის მოქმედებით, როდესაც კრედიტორი საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და მიმართავს გარკვეულ ღონისძიებებს დარღვეული უფლების აღსადგენად.

 

მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმით დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით, მოვალეს უპირობოდ ეკისრება ვალდებულების შესრულება ხელშეკრულების პირობების ზუსტად დაცვით. თუმცა, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელისათვის სარჩელზე გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების წინაპირობაა სარჩელის დაკმაყოფილება. შპს პ------–-------------------------ოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, რის გამოც მას სახელმწიფო ბაჟი ვერ აუნაზღაურდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს "პ------–-------------------------ოს" სარჩელი ი-–-- შ------–---–ის მიმართ სესხის დაკისრების შესახებ;

 

2. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი