გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.04.2018
საქმის ნომერი
100310017002237483
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310017002237483

საქმე №3/88-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04.04. 2018 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასმართლო

 

მოსამართლე - ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი - ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“

წარმომადგენელი : ბი---- გა---------–---–ი, ვლ-------- სა-----ე

 

მოპასუხე: საჩხერის მუნიციპალიტეტი

წარმომადგენელი: თე---ა ჭუ--------ე

 

დავის საგანი - თანხების დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს - საჩხერის მუნიციპალიტეტს (ს/კ2--------) დაეკისროს ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ--------“-ის (439393620) სასარგებლოდ 24500 (ოცდაოთხიათასხუთასი) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- N4- დადგენილებით 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 24500 ლარი სუბსიდიის სახით ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ--------“-ის (შემდგომში ფ------) სასარგებლოდ. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომის წარდგენის შემდეგაც საკრებულო ვალდებული იყო ჩაერიცხა აღნიშნული თანხა, თუმცა დღემდე აღნიშნული თანხა მოპასუხეს არ ჩაურიცხავს.

ფონდის მიერ წარდგენილი იქნა მოპასუხესთან 2015 წლის შემოსულობების, გადასახდელების, საშტატო რიცხოვნობის, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების პროექტები. მიუხედავად აღნიშნულისა თანხა არ ჩაირიცხა. ფონდი არის სრულ კრიზისში არავითარი შემოსავალი არ გააჩნია.

მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო , თუმცა შემდგომ დააზუსტა მოპასუხის რეკვიზიტები და მიუთითა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია სარჩელს არ ცნობს განმარტავს, რომ ფონდი დაფუძნებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ. 2015 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახურმა განახორციელა ფონდის შემოწმება და აღმოჩენილი იქნა გარკვეული დარღვევები. ფონდს, რომლის შექმნის მიზანსაც წარმოადგენს ფულადი სახსრების მოძიება მუნიციპალიტეტმა 2014 წელს სუბსიდიის სახით მისცა 44700 ლარი, ხოლო საკუთარი შემოსავლები განისაზღვრა 6,75 ლარით. სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა ფონდისათვის 2015 წელს სუბსიდიის შეწყვეტის საფუძველი.

მუნიციპალირტეტის ბიუჯეტში ასახული თანხა არ წარმოადგენდა ფონდი მ--------ისათვის უპირობოდ გადაცემის საფუძველს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირის დამფუძნებლის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. აღმასრულებელი ორგანოა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება არასამეწარმეო პირისათვის ფინანსური სახსრების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. მოპასუხე თვლის, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას ფ------ს მიმართ რაიმე ვალდებულება არ აუღია.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოზიციით 2015 წლის 02 თ-------–-- N3 დადგენილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- N4- დადგენილებაში შევიდა ცვლილება და მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში სუბსიდიის სახით მოპასუხისათვის განისაზღვრა 24500 ლარი. ფ------სათვის თანხის გადარიცხვა უნდა გაეკეთებია გამგეობას(მერია) .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“ შეიქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე. ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“ რეგისტრაციაში გატარდა 2013 წლის 2 აპრილს. იურიდიული მისამართია საჩხერე თ---------–---- ქ.N9, ხოლო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ბი---- გა---------–---–ი.

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 ს----------- N4-- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ--------“-ის წესდება და შესაბამისად რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.

წესდების პირველი მუხლის შესაბამისად დამფუძნებელმა განსაზღვრა საჯარო უფლებამოსილების შესაბამისად შემდეგი მიზანი: საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფულადი სახსრების მოძიება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევითი, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის ხელშესაწყობად.

 

წესდების მესამე მუხლის შესაბამისად. შესაბამისად ფ------ს საქმიანობის მიზანია მ--------ის ციხის აღდგენა, სხვა ეკლესია მონასტრების აღდგენა ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა; ქრისტიანული განათლების ხელშეწყობა, სამრევლო სკოლების ქსელის განვითარება; ახალი ეკლესია მონასტრების ქსელის განვითარება და სხვა.

წესდების მე-4 მუხლის შესაბამისად ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი. დირექტორი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს და სტრუქტურას, ხოლო თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის წარდგინებით. დირექტორი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ. სამსახურის კონტროლს ახორციელებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი აუდიტორის მეშვეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.21)

- საკრებულოს სხდომის ოქმი (ს.ფ92)

- წესდება (ს.ფ.97)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თ-------–-- N3 დადგენილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- N4- დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2015 წლის ბიუჯეტში ფონდს სუბსიდიის სახით განესაზღვრა 24500 ლარი

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ბიუჯეტი (ს.ფ.19-20)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.3 დადგენილია, რომ მითითებული დადგენილების შესაბამისად მოხდა ფ------სთვის გამოყოფილი სუბსიდიის დაყოფა ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციისა და თვეების მიხედვით, კერძოდ: მომუშავეთა რიცხოვნობა 4; შრომის ანაზღაურება 17400 ლარი. საქონელი და მომსახურება 7000 ლარი მათ შორის 800 ლარი შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება , 300 ლარი მივლინება , 1200 ლარი ოფისის ხარჯი, 4700 ლარი სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება, 100 ლარი სოციალური უზრუნველყოფა. დადგენილია, რომ აღნიშნული გეგმა მომზადდა ფ------ს მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს. გეგმის საფუძველზე საფინანსო სამსახურმა მოამზადა ხელშეკრულება (N2------ წლის 5 იანვარი), რომელზედაც დაფიქსირებულია ბი---- გა---------–---–ისა და საფინანსო სამსახურის უფროსის ხელმოწერა, თუმცა არ არის დაფიქსირებული მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელმოწერა. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დათარიღებულია 2015 წლის 5 იანვრით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხარჯვის გეგმა (ს.ფ.69)

- ხელშეკრულება (ს.ფ. 117-119)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.4. დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 დ--------- N45 დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- N4- დადგენილებაში რომლითაც 2015 წლის ბიუჯეტიდან ამოღებული იქნა ფ------ს ხარჯი და გადანაწილდა სხვა პროგრამებზე.

2015 წლის 8მაისის N53/1677 მიმართვის საფუძველზე აუდიტისა და შიდა კონტროოლის სამსახურის მიერ ფონდში ჩატარდა აუდიტი, რომელიც მოიცავდა 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. ანგარისის თანახმად 2014 წელს საცხერის მუნიციპალიტეტიდან ფონდს სუბსიდიის სახით მიღებული აქვს 44700 ლარი, ხოლო სხვა შემოსავლების სახით მობილიზებულია 6 ლარი და 75 თეთრი.

ანგარიშის შესაბამისად შემოწმების მიზანს წარმოადგენდა აუდიტის ობიექტის საქმიანობის რელევანტურ კანონმდებლობასთან აღდგენა, რის შესახებაც გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი აუდიტის ობიექტის მიერ გაზიარებული და გამოსწორებულია.

დადგენილია, რომ ანგარიშის შემდგომ არც ფ------ს ხელმძღვანელობა შეცვლილა და არც საშტატო განრიგი. არც სტრუქტურული რეორგანიზაცია გაკეთებულა დამფუძნებლის მიერ. დადგენილია, რომ არსებობის მანძილზე უშუალოდ ფ------ს მიერ ფონდში მობილიზებულია 5197 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ანგარიში (ს.ფ.113)

- ანგარიში (ს.ფ 115)

- საბანკო ანგარიშის ამონაწერი(125 -140)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ სასამართლო თვლის, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირის დამფუძნებელია მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო საშტატო განრიგის განსაზღვრაში, ასევე განსაზღვრულია ფ------ს მისამართი წესდების მიხედვით. სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სწორედ ხელფასის, სოციალური უზრუნველყოფისა და ოფისის ხარჯების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები, საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გახდეს მისი წევრი. ასეთი ფორმით შექმნილ გათვალისწინებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, ორგანიზება გაუწიოს ერთობლივ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სფეროში, მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში, ითანამშრომლოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო კავშირებთან (ასოციაციებთან), აგრეთვე დაამყაროს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში შესაბამის უცხოურ კავშირებთან (ასოციაციებთან) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-48-ე მუხლის შესაბამისად (26.07.2017. N1251 ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად. მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოსახლეობის წინაშე. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღემდე მითითებული უფლებამოსილებით აღჭურვილი იყო გამგებელი.

 

საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-54-ე მუხლის შესაბამისად საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

 

დადგენილია, რომ ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“ რეგისტრაციაში გატარდა 2013 წლის 2 აპრილს. იურიდიული მისამართია საჩხერე თ---------–---- ქ.N9, ხოლო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ბი---- გა---------–---–ი.საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 ს----------- N4-- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ--------“-ის წესდება და შესაბამისად რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.

წესდების პირველი მუხლის შესაბამისად დამფუძნებელმა განსაზღვრა საჯარო უფლებამოსილების შესაბამისად შემდეგი მიზანი: საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფულადი სახსრების მოძიება საქველმოქმედო, სოციალური , კულტურული, საგანმანათლებლო , სამეცნიერო კვლევითი, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის ხელშესაწყობად.

 

წესდების მესამე მუხლის შესაბამისად. შესაბამისად ფონდის საქმიანობის მიზანია მ--------ის ციხის აღდგენა, სხვა ეკლესია მონასტრების აღდგენა ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა; ქრისტიანული განათლების ხელშეწყობა, სამრევლო სკოლების ქსელის განვითარება; ახალი ეკლესია მონასტრების ქსელის განვითარება და სხვა.

წესდების მე-4 მუხლის შესაბამისად ფონდს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი. დირექტორი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს და სტრუქტურას, ხოლო თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის წარდგინებით. დირექტორი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ. სამსახურის კონტროლს ახორციელებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი აუდიტორის მეშვეობით.

 

წესდება წარმოადგენს გარიგებას, სადაც გარკვეული ვალდებულებია არსებული დამფუძნებლისა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს, თუმცა დავა ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს აღნიშნული გარიგების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას კონკრეტული პირის მხრიდან. წესდების შესაბამისად როგორც დამფუძნებელს ასევე დირექტორს ერთობლივი უფლებამოსილებები გააჩნიათ, როგორ საშტატო განრიგის განსაზღვრასთან ასევე ამ დაწესებულებაში მომუშავე პირების მიმართ. ამ უფლებამოსილებების უზრუნველყოფა კი დამფუძნებლის მხრიდან შესაძლებელია განხორციელდეს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების გზით კერძოდ ბიუჯეტში დაწესებულების სუბსიდირების კუთხით.

 

საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-1061-ე მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებებს ახორციელებს/ახორციელებენ მუნიციპალიტეტის/ მუნიციპალიტეტების შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო/ორგანოები. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, როგორც დამფუძნებელი/წევრი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება (დებულება), განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი/წევრი შესაბამისი მუნიციპალიტეტია, ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო მონაწილეობს, როგორც დამფუძნებელი/წევრი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების) შესაბამისად.

 

6.3. საბიუჯეტო კოდექსის მეორე მუხლის შესაბამისად საქართველოს საბიუჯეტო სისტემა არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციების შესასრულებლად ფულადი სახსრების მობილიზებისა და გამოყენების მიზნით სამართლებრივი აქტებით რეგულირებულ საბიუჯეტო ურთიერთობათა ერთობლიობა.

 

საბიუჯეტო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისადსაბიუჯეტო პროცესი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის განუყოფელი ნაწილია. საბიუჯეტო პროცესი არის საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საქმიანობა, რომელიც მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს.

 

საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად ბიუჯეტი არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ;

 

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

 

საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია;

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტო N 672 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეოთხე თავის შესაბამისად სუბსიდიები წარმოადგენს საწარმოებსა და ორგანიზაციებზე სახელმწიფო ერთეულის მიერ მიმდინარე მიზნებისათვის უსასყიდლოდ, დაუბრუნებლად გაცემულ ტრანსფერს. ამ მუხლში არ აღირიცხება იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის გადასაცემი თანხები, რომელიც შემდგომ გამოიყენება მოსწავლეთა ვაუჩერული სისტემის დასაფინანსებლად, სტუდენტთა გრანტებისა და სტიპენდიების გასაცემად.

 

დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თ-------–-- N3 დადგენილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- N4- დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2015 წლის ბიუჯეტში ფონდს სუბსიდიის სახით განესაზღვრა 24500 ლარი

 

გამოყოფილი სუბსიდიის დაიყო ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციისა და თვეების მიხედვით, კერძოდ: მომუშავეთა რიცხოვნობა 4; შრომის ანაზღაურება 17400 ლარი . საქონელი და მომსახურება 7000 ლარი მათ შორის 800 ლარი შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება, 300 ლარი მივლინება, 1200 ლარი ოფისის ხარჯი, 4700 ლარი სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება, 100 ლარი სოციალური უზრუნველყოფა. დადგენილია, რომ აღნიშნული გეგმა მომზადდა ფ------ს მიერ 2014 წლის 20 ნოემბერს. გეგმის საფუძველზე საფინანსო სამსახურმა მოამზადა ხელშეკრულება (N2------ წლის 5 იანვარი), რომელზედაც დაფიქსირებულია ბი---- გა---------–---–ისა და საფინანსო სამსახურის უფროსის ხელმოწერა, თუმცა არ არის დაფიქსირებული მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელმოწერა. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმომწერთა ხელმოწერა დათარიღებულია 2015 წლის 5 იანვრით.

 

დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 დ--------- N45 დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- N4- დადგენილებაში რომლითაც 2015 წლის ბიუჯეტიდან ამოღებული იქნა ფ------ს ხარჯი და გადანაწილდა სხვა პროგრამებზე.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ფ------ს მხრიდან დავა შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. ამ სამართლებრივ ურთიერთობაში როგორც დადგენილია მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სუბსიდია ასახული იყო 2015 წლის ბიუჯეტში, რაც რა თქმა უნდა წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფარგლებს, რომლის შესრულება უნდა განხორციელებული დამატებით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც ამ შემთხვევაში ხელს აწერს მოსარჩელის წარმომადგენელი და მუნიციპალიტეტის საფინანსო განყოფილების უფროსი. გამგებლის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ დაფიქსირდა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ფ------ს მხრიდან საკუთარი სახსრების მოზიდვის შეუძლებლობის გამო, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან დადგენილია, რომ აუდიტის ანგარიშის შემდგომ არც ფ------ს ხელმძღვანელობა შეცვლილა და არც საშტატო განრიგი. არც სტრუქტურული რეორგანიზაცია გაკეთებულა დამფუძნებლის მიერ. მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტსა და ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“-ს დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულება ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე წარმოადგენს დავალების ხელშეკრულებას (სსკ-ის 720-ე მუხლი). ვალდებულება შრომის ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე არ შეწყვეტილა.

 

საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის გ.ა. ქვეპუნქტის შესაბამისად გამგებელი , (ხოლო შემდეგ მერი) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ბიუჯეტში მოსარჩელის სუბსიდირება ასახულია შესაბამისად საჭირო იყო ხელშეკრულების შესრულება, მითუმეტეს, რომ ბიუჯეტის პარამეტრების პროექტის შეტანა აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენცია იყო როგორც 2015 წელში ისე მოცემული პერიოდისათვის

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ--------ი“-ს წესდებით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თ-------–-- N3 დადგენილებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დ--------- N4- დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მოცემული პერიოდისათვის არსებობს მუნიციპალიტეტის ვალდებულება ფონდისათვის შრომის ანაზღაურების თანხის, ოფისის ხარჯისა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. ერთმნიშვნელოვანია, რომ აღებულია ვალდებულება და ერთობლივადაა განსაზღვრული მომუშავეთა რიცხოვნობა, ერთობლივადაა განსაზღვრული ოფისის მისამართი და ერთობლივადაა განსაზღვრული სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულება თანამშრომლების მიმართ. მომუშავეთა რიცხოვნობა 4; შრომის ანაზღაურება 17400 ლარი. 800 ლარი შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება, 1200 ლარი ოფისის ხარჯი, 100 ლარი სოციალური უზრუნველყოფა სულ19500 ლარი

 

6.5.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი – „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საჩხერის მუნიციპალიტეტს ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ---------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 19500 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამ სემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარცელე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდებოდა და გააჩნდა საკუთარი შემოსავლები.

 

ვინაიდან მოსარჩელის - მიერ შეტანილია სახელმწიფო ბაჟი ამიტომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თანხა მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ--------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საჩხერის მუნიციპალიტეტს ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ--------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 19500(ცხრამეტიათასხუთასი) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტს დაეკისროს გადასახდელად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 585 ლარი ა(ა)ი.პ. ,,ფ------ მ--------“-ის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი