გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2018
საქმის ნომერი
010210017001981416
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001981416

2-2337/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21/02/2018 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: გ---- ს---------ე

წარმომადგენელი: რ-----------------ე

მოპასუხე: ნ---- ბ--–--ე

წარმომადგენელი: ნ---------------ე

დავის საგანი: ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

გ---- ს---------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ქ. ბათუმში, მ-------–--–----------–--აში №05.32.08.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება აღიარებული იქნას მეუღლეთა თანასაკუთრებად.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

გ---- ს---------ემ 2006 წლის 21 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინებით ცოლად შეირთო ნ---- ბ--–--ე. ბოლო პერიოდში მათ ურთიერთობა დაეძაბათ, რის გამოც დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ცოლ-ქმარმა 2011 წლის 2 მარტს ქ. ბათუმში მ-------–--–----------–--აში შეიძინეს მიწის ნაკვეთი და მასზე ააშენეს სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლი. შეძენილი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ---- ბ--–--ის სახელზე. თუმცა ქონება შეძენილია ქორწინების პერიოდში, რის გამოც მიიჩნევს, რომ ამ ქონების ½ ნაწილი გ---- ს---------ის საკუთრებაა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

ნ---- ს---------ე ქონების თანასაკუთრებად აღიარების ნაწილში სარჩელს არ სცნობს. მისი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მხარეები 2007 წლიდან ფაქტიურად განქორწინებულნი არიან. მართალია ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, მაგრამ ფაქტირურად ისინი 2007 წელს დაშორდნენ და მას შემდეგ ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მიწის ნაკვეთი შეძენილია ნ---- ბ--–--ის სახსრებით და მასში გ---- ს---------ეს მონაწილეობა მიღებული არ აქვს. ამასთან ქონება შეძენილია მას შემდეგ, რაც მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა. მიიჩნევს, რომ ამ ტიპის ქონებაზე არ ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარების პრინციპი.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 გ---- ს---------ემ და ნ---- ბ--–--ემ რეგისტრირებული ქორწინებით იქორწინეს 2006 წლის 21 დეკემბერს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა. ს.ფ. 33.

 

3.1.2. გ---- ს---------ეს და ნ---- ბ--–--ეს ჰყავთ ერთი შვილი - თ----- ს---------ე, დაბადებული 2004 წლის 31 დეკემბერს. თ----- ს---------ე ცხოვრობს ნ---- ბ--–--ის ნათესავებთან - ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ბ--–--ეებში. 2007-2013 წლებში სწავლობდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. გ-----–---–--ის საჯარო სკოლაში. 2013 წლიდან სწავლობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დ------–ოს საჯარო სკოლაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

- ცნობა. ს.ფ. 133.

 

3.1.3. 2007 წლიდან ნ---- ბ--–--ე მუშაობს თურქეთში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4. ქ. ბათუმში, მ-------–--–----------–--აში №05.32.08.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2011 წლის 19 დეკემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ---- ს---------ის საკუთრებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ს.ფ.137.

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.ს.ფ. 43-44.

 

3.1.5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ---- ს---------ე და ნ---- ბ--–--ე განქორწინედნენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.ს.ფ. 77-80

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმეში მნიშვნელოვანი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა, სადაო უძრავი ქონების შეძენისას, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინება იყო თუ არა ფაქტობრივად შეწყვეტილი.

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებული ფაქტების არსებობას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ უნდა დაეკისროს დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ქონების შეძენისას მათ ერთიანი ოჯახი ჰქოდათ და ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი არ იყო. ამ ფაქტს მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს. ის განმარტავს მას, რომ ქონება ერთად ცხოვრების პერიოდშია შეძენილი. ამის დასადასტურებლად მას აქვს ქორწინების მოწმობა და საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლიტაც დგინდება, რომ ქონება შეძენილია ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში. თუ 2011 წლის 2 მარტისათვის ქორწინება მხოლოდ რეგისტრირებული იყო და სინამდვილეში მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო, მაშინ ამ გარემოების მტკიცებულება მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს. სწორედ მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ მხარეები 2007 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, ამ დროიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ცალ-ცალკე მეურნეობა აქვთ.

 

3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.6. 2007 წლიდან ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის დასამტკიცებლად მოპასუხემ წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება. ნ---- ბ--–--ის წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ მხარეები 2007 წლიდან ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მოსარჩელემ მოპასუხის ზეპირი განმარტება, თავისი ზეპირი განმარტებითვე უარყო და განმარტა, რომ ისინი 2017 წლამდე ერთად ცხოვრობდენ და მათ შორის ქორწინება შეწყვეტილი არ ყოფილა. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოპასუხის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.

 

3.2.7. სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი). როგორც დაქორწინებისას, ისე ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა ცოლ-ქმარი ქორწინებაში მხოლოდ რეგისტრაციის წყალობით იმყოფებიან. სინამდვილეში ერთმანეთს დაშორებულნი არიან და საერთო ოჯახი აღარ აქვთ. უფრო მეტიც , არსებობს შემთხვევები, როცა ერთმანეთს დაშორებული მეუღლეები ახალ ოჯახს ქმნიან, თხოვდებიან ან ქორწინდებიან და ამ პერიოდისათვის მათი ძველი ქორწინება კვლავ რეგისტრირებულია. სწორედ ამიტომაც კანონი იცნობს ისეთ ტერმინს, როგორიცაა ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტა. აღნიშნული გულისხმობს მას, რომ დაქორწინებულმა პირებმა არ მიმართეს სამოქალაქო რეესტრს, ოფიციალურად არ განქორწინებულან, მაგრამ ერთად აღარ ცხოვრობენ, აღარ აქვს საერთო მეურნეობა და ოჯახს არ მართავენ ერთად. ნ---- ბ--–--ე სწორედ ასეთ გარემოებაზე მიუთითებს. იმის გამო, რომ გ---- ს---------ე ამ ფაქტს სადაოდ ხდის, ნ---- ბ--–--ემ უნდა დაამტკიცოს, რომ 2011 წელში მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. ქორწინების შეწყვეტა და მეუღლეთა დაშორება ფაქტობრივი გარემოებებაა. მისი არსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. იქედან გამომდინარე, რომ ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს მტკიცებულებებით ეჯიბრებიან, უნდა არსებობდეს მტკიცებულება ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის შესახებ. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სწორედ ამიტომაც მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტოს ისინი გამოდგება თუ არა 2011 წლისათვის ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ფაქტის დადგენისათვის. ამისათვის ცალ-ცალკე უნდა გაანალიზდეს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება. მოპასუხემ განმარტა, რომ მუშაობს თურქეთში. მის განმარტებას დაეთანხმა მოსარჩელეც და ეს გარემოება გამყარებულია საზღვრის კვეთის დოკუმენტითაც. ეს გარემოება მართალია დადგენილია, მაგრამ იგი არც ცალკე და არც სხვა მტკიცებულებებთან ერთად არ ქმნის ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის გარემოებას. თანამედროვე პერიოდში უამრავი ადამიანია დასაქმებული რუსეთში, თურქეთში, კანადასა თუ სხვა ქვეყანაში. საქართველოში აქვთ ოჯახები, უვლიან შვილებს და ოჯახის წევრებს, ზრუნავენ საერთო ოჯახური მიზნებისათვის. უცხოეთში ყოფნა არ ნიშნავს მას, რომ ოჯახი დაინგრა, მეუღლეები გაშორდნენ ერთმანეთს და მათ შორის ქორწინება შეწყდა.

 

3.2.8. სასამართლომ, ნ---- ბ--–--ის წარმომადგენლის შუამდგომლობით დაკითხა ნარგულ მამულაძე. მან მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალშენში გააჩნდა მიწის ნაკვეთი და იგი მიყიდა ცოლ-ქმარს გ---- ს---------ესა და ნ---- ბ--–--ეს. მათ თანხა გადაიხადეს ნაწილ-ნაწილ. თანხის ნაწილი გადასცა ნ---- ბ--–--ემ და ნაწილი გადასცა გ---- ს---------ემ. ნ---- ბ--–--ე თურქეთიდან, რომ ჩამოდიოდა, გ---- ს---------ის ერთად მიდიოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალშენში და ეს ასე გრძელდებოდა 2016 წლის შუა პერიოდამდე. ამტკიცებს, რომ ეს გარემოება არაერთგზის პირდად აქვს ნანახი. 2016 წელში თურქეთში ყოფნისას გ---- ს---------ესა და ნ---- ბ--–--ეს კამათი მოუხდათ და მაშინ დაშორდნენ ერთმანეთს. შესაბამისად მოწმე ამტკიცებს, რომ მათ 2011 წელში საერთო ოჯახი ჰქონდათ.

 

მოწმის სახით იქნა დაკითხული ჰ---–--- ნ--------ე. მან განმარტა, რომ 2012-13 წლებში მუშაობდა გ---- ს---------ისა და ნ---- ბ--–--ის იმ სახლის მშენებლობაზე, რომელზეც ამჟამად მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს. მშენებლობა გრძელდებოდა 2-3 წელი. პირადად მან იმუშავა საძირკველის მოწყობაზე და იცოდა, რომ აშენებდენ ნ---- ბ--–--ისა და გ---- ს---------ის სახლს. განმარტავს, რომ სახლის მშენებლობისას გ---- ს---------ე და ნ---- ბ--–--ე ერთად ცხოვრობდენ. ნ---- ბ--–--ე თურქეთში იყო, მაგრამ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 2015 წლამდე მან რამოდენიმეჯერ ნახა ნ---- ბ--–--ე და გ---- ს---------ე ერთად.

იხ. სხდომის ოქმი.

 

3.2.9. სხვა მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

3.2.10. სასამართლო თეორიულად დასაშვებად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ 2011 წლიდან მხარეებს აღარ აქვთ საერთო ოჯახი და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, მაგრამ ასეთი გარემოების არსებობას მტკიცება სჭირდება. საქმში კი ასეთი მტკიცებულება არ მოიპოვება. ორი მოწმე იქნა დაკითხული და ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ 2014-2016 წლებში გ---- ს---------ესა და ნ---- ბ--–--ეს საერთო ოჯახი ჰქონდათ. ქორწინების შეწყვეტას მოპასუხე მხოლოდ ზეპირად ამტკიცებს. ობიექტურობა მოითხოვს, რომ მხოლოდ ზეპირი განმარტებით არ უნდა გადაწყდეს ფაქტობრივი გარემოების არსებობის საკითხი. იგი სხვა მტკიცებულებებითაც უნდა დგინდებოდეს. მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულება აქვს. შესაბამისად მან ვერ დაამტკიცა, რომ მხარეებს შორის ქორწინება 2011 წლისათვის შეწყვეტილი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ბათუმში მ-------–--–----------–--აში №05.32.08.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება გ---- ს---------ისა და ნ---- ბ--–--ის საერთო საკუთრებაა. შსაბამისად სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ქ. ბათუმში მ-------–--–----------–--აში №05.32.08.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება შეძენილია ნ---- ბ--–--ესთან რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, შესაბამისად ის თანასაკუთრებაა, მაგრამ ნ---- ბ--–--ე წინააღმდეგია ქონებაზე დარეგისტრირებული იქნას მისი საკუთრების უფლება. და ამ გზით არღვევს ქონებაზე მისი საკუთრების უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს უფლება აქვთ დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვონ სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრან და მოითხოვონ საკუთრების უფლების დაცვა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლით ,,მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება”.

დადგენილია, რომ გ---- ს---------ემ და ნ---- ბ--–--ემ რეგისტრირებული ქორწინებით იქორწინეს 2006 წლის 21 დეკემბერს. რეგისტრირებული ქორწინებით მათ ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ უფლებები და მოვალეობებეი, მათ შორის ქონებრივი უფლებებიც.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით: ,,1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დარეგულირდა ქორწინების განმავლობაში მეუღლეების მიერ შეძენილი ქონების საკუთრების საკითხი. კანონმა დაადგინა, რომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მიჩნეული იქნას მეუღლეთა საერთო საკუთრებად. ქონება საერთო საკუთრება ვერ გახდება თუ მხარეებმა დაქორწინებისას სხვგვარად გადაწყვიტეს საკუთრების ბედი.

საქმის განხილვით დადგენილია, რომ გ---- ს---------ესა და ნ---- ბ--–--ეს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებაა მიუხედავად იმისა თუ, რომელი მეუღლე ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელს შემოჰქონდა შემოსავალი და რომელი მეუღლე იყო დაკავებული საოჯახო საქმიანობით და არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი. საერთო ჯამში მოსარჩელის და მოპასუხის მიერ ოჯახში მოზიდული შემოსავალით შეძენილი ქონება, მეუღლეთა თანასაკუთრებაა. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რა ქონება შეადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ერთი მარტივი პრინციპი უნდა გავითვალისწინოთ. მეუღლეთა თანასაკუთრება (ანუ საერთო საკუთრება) არის ის ქონება, რაც მეუღლეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს. ქორწინების პერიოდში მეუღლეებს თანასაკუთრებაზე თანაბარი უფლებები აქვთ, განქორწინების შემთხვევაში კი იგი მათ შორის თანაბრად ნაწილდება (თუმცა, სხვაგვარი შეთანხმებაც შესაძლებელია). ეს წესი ძალაშია იმის მიუხედავად, კონკრეტული ნივთი თუ სხვა რამ ქმარმა შეიძინა თუ ცოლმა, ერთ–ერთი მათგანი მუშაობს თუ ორივე და ა.შ. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი – თანასაკუთრებაში არ შედის მხოლოდ ერთ–ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით ან ჩუქების შედეგად მიღებული ქონება. ქორწინებამდე შეძენილი ქონება ქორწინების პერიოდში და მის შემდეგაც მეუღლის ინდივიდუალური საკუთრებაა და მასზე შემძენის მეუღლეს არავითარი უფლება არ წარმოეშობა. განსხვავებული წესი შეიძლება შემოღებულ იქნას მეუღლეთა მიერ საქორწინო კონტრაქტის დადების გზით, რომლის შინაარსის განსაზღვრაშიც მეუღლეებს სრული თავისუფლება აქვთ.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებს აქვს უტყუარობის დანიშნულება და რეგისტრირებულ მონაცემების მიმართ მოქმედებს სისრულის პრეზუმცია. ქონება ითვლება იმ პირის საკუთრებად, რომელიც მესაკუთრედაა რეგისტრირებული. მიუხედავად ასეთი დათქმისა დასახელებული პირობა მეუღლეებს არ ართმევს უფლებას ნებისმიერ დროს მოითხოვოს მესაკუთრედ დარეგისტრირება. სადაო არაა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში მ-------–--–----------–--აში №05.32.08.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტირებულია ნ---- ბ--–--ე. ის ქონების მესაკუთრე გახდა 2011 წელში. ამ პერიოდში მხარეები ერთმანეთთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ქონების, ნ---- ბ--–--ის საკუთრებად რეგისტრაცია არ ნიშნავს მას, რომ გ---- ს---------ემ უფლება დაკარგა ქორწინების განმავლობაში შეძენილ საერთო საკუთრებაზე. მას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს პრეტენზია და მოითხოვოს მისი საკუთრების უფლების აღიარება.

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1168–ე მუხლით ,,1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს“.

მოსარჩელე დასახელებულ ნორმაზე მითითებით მოითხოვს მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმას. ამტკიცებს, რომ ქონება შეძენილია ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის და მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1168–ე მუხლს მესამე ნაწილი, გაგრძელებაა ამავე მუხლის მეორე ნაწილისა. სასამართლოს შეუძლია ქონება ინდივიდუალურ, მხოლოდ ერთი მეუღლის საკუთრებად სცნოს, თუ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, ან თუ ის შრომისუუნაროა, ან/და - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. ამ პირობას ამასთან ერთად უნდა ახლდეს ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტა ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრება. ასეთ ფაქტების დადგენის შემთხვევაში ნ---- ბ--–--ის არგუმენტებს ექნებოდა გამართლება და გ---- ს---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ ასეთი ფაქტები არ დადასტურებულა. დადგენილი იქნა, რომ ნ---- ბ--–--ე თურქეთში მუშაობს, გ---- ს---------ეც თურქეთში ხშირად იყო ნ---- ბ--–--ის ერთად, 2016 წლამდე ერთად იყიდეს სოფ. ახალშენში და მ-------–--–----------–--აში მიწის ნაკვეთები, ერთად ააშენეს სახლი და ერთ ოჯახად ცხოვრობდენ ასევე 2016 წლმდე. საზოგადოების წევრები მათ სხვადასხვა ღონისძიებაზე ხედავდენ ერთად. შესაბამისად ქონების შეძენის მომენტისათვის ისინი მეუღლეები იყვენ და შეძენილ ქონებაზე ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრება. დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული, რომ ქონება შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პროცესში. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქ. ბათუმში მ-------–--–----------–--აში №05.32.08.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. საერთო ქონებიდან თითოეულ მხარეს ერგება თანაბარი წილი, ანუ ქონების 1/2 -1/2 წილი. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 728 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი გადახდილი აქვს წინასწარ. იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მანვე მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 50 ლარი. 7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 1000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოსარჩელემ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს ნაწილობრივად. მოპასუხეს უნდა დაეკსროს მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებისათვის გადაუხადოს 500 ლარი.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქ. სსკ-ის 199-ე მუხლით ,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით”.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. ბათუმში მ-------–--–----------–--აში №05.32.08.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას. სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, ამიტომ არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადაოდ ხდის ქონების საკუთრების უფლებას მხოლოდ ½ ნაწილში. ყადაღა კი დადებული აქვს მთლიან ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მთლიან ქონებაზე დავა, ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი არ არის დაკავშირებული იმ ნაწილზე, რომელიც არაა სადო. შესაბამისად ქონების ½ ნაწილი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

1. გ---- ს---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს,2. გ---- ს---------ე ცნობილი იქნეს ქორწინების პერიოდში შეძენილი, ქ. ბათუმში მ-------–--–----------–--აში №05.32.08.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილის თანამესაკუთრედ და ამ ნაწილში მისი საკუთრების უფლება დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში.

3. ნაწილობრივ გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინება და ქ. ბათუმში მ-------–--–----------–--აში №05.32.08.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილი გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელეს აუნაზღაუროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 728 ლარის ოდენობით. ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე