გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.04.2018
საქმის ნომერი
080210116001647310
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/3073-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე

 

მოსარჩელე - ნ-----–- ბ-----–--ე

წარმომადგენელი - დ----- ბ------ე

 

მოპასუხე - ს------- ჯ----–--ე

წარმომადგენლები - მ--- ბ----–-–---–ი, გ------- გ----------–ი

 

დავის საგანი: თანხების დაკისრება (ზიანის ანაზღაურება)

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სასარჩელო განცხადებით მოითხოვს დაეკისროს ს------- ჯ----–--ეს მის სასარგებლოდ 4000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხა შეადგენს საფასურს ს------- ჯ----–--ის აწ გარდაცვლილი მამის თ---------- ჯ----–--ისა და მისი ქონების მოვლა-პატრონობისათვის 13 წლის მანძილზე. 1.2. ს------- ჯ----–--ეს დაეკისროს მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 308 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟი 50 ლარი. მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: 2003 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ---------- ჯ----–--ესთან. 2008 წელს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებისა და მეუღლის ავადმყოფობის გამო გახდა ავად, დაემართა ასთმა, დაუდგინდა შშმ პირის სტატუსი და დაენიშნა პენსია. 2010 წელს თ---------- ჯ----–--ე გახდა ავად, დაუდგინდა სწორი ნაწლავის სიმსივნე. 3 წლის განმავლობაში მკურნალობდა და უვლიდა მას. 2013 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა თ---------- ჯ----–--ე, დაკრძალა ქრისტიანული წესიტ, ასევე გადაუხადა ორმოცი და წლისთვი, უკეთებდა საკურთხს. გაიღო ყველა ფინანსური ხარჯი, რამაც შეადგინა 3520 ლარი (დაკრძალვის ხარჯი 1900 ლარი, სასაფლაოს მოწყობა 500 ლარი, ორმოცისათვის - 750 ლარი, წლისთვი - 300 ლარი, საკურთხი -70 ლარი. იმის გამო, რომ თ---------- ჯ----–--ის სახლი იყო ცუდ მდგომარეობაში, მოუვლელი, არ ჰქონდა კარი, არ იყო საკმარისი ავეჯი, თავისი ძალისხმევით გამოცვალა კარი, სახლის ჟოლობი, ჩაუტარეს კოსმეტიკური რემონტი რამდენიმე ოთახს, შეაკეთ, მოაწესრიგა დაზიანებული ნივთები. მის მიერ გაწეული იქნა ხარჯი 680 ლარი (კარები-230 ლარი, ჟოლობი - 300 ლარი, საღებავები, გაჯი, წვრილმანი სამშენებლო მასალები 100 ლარი, ხელოსანის ანაღურება 50 ლარი). თ---------- ჯ----–--ის მკურნალობისა და ოჯახის საჭიროებისათვის თავისი ოჯახის წევრებისა და სხვადასხვა პირებისაგან იღებდა სესხს, რამაც მთლიანად შეადგინა 900 ლარი. დაგროვილი 500 აშშ დოლარიც მოახმარა თ---------- ჯ----–--ის საჭიროებებს. რომლის მკურნალობისათვის 2010-2013 წლის ჩათვლით მის მიერ მკურნალობისათვის გახარჯულია 3025 ლარი (მათ შორის ექიმის მომსახურების და წამლების საფასური), რისი დამადასტურებელი ქვითრები და ჩეკები აქვს. ს------- ჯ----–--ე არის გარდაცვლილი თ---------- ჯ----–--ის შვილი. მას ევალებოდა მოევლო შრომისუუნარო მამისთვის, გაეღო მისი მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯები, თუმცა არანაირი ხარჯი არ გაუწევია. მან მამის ქონება დაისაკუთრა, მიიღო სარგებელი ისე რომ არანაირი ხარჯი არ გაუწევია. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს მოთხოვნას და დამატებით განმარტეს, რომ ს------- ჯ----–--ემ ისე მიიღო მამის ქონება მემკვიდრეობით, რომ საერთოდ არ უზრუნია მამაზე და მის ქონებაზე. მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოპასუხის მიერ უნდა მოხდეს სწორედ სამკვიდრო ქონებიდან, რადგან ის შედგება როგორც აქტივების, ისე პასივებისაგან. ამიტომ მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია მას აუნაზღაუროს ის ხარჯები, რაც მოსარჩელემ გასწია თ------ ჯ----–--ის სახლის რემონტის, მისი მკურნალობის, დაკრძალვის, საფლავის მოწყობის, ორმოცისა და წლისთავისათვის.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. სარჩელს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არის მცდარი, რადგან წარმოდგენილი არ არის რეალური მტკიცებულება მოსარჩელის მიერ 4000 აშშ დოლარის ხარჯვის შესახებ. შესაბამისად დასაზუსტებელია, ვისი წამლებია და ვის მიერ შეძენილი, თავად მოთხოვნაც დასაზუსტებელია. ამასთან წარმოდგენილი გადახდის ქვითრები სასამართლომ უნდა სცნოს დაუშვებელ მტკიცებულებად, რადგან ყველა მათგანი არის ასთმის (სპაზმური) დაავადების, რომლითც მოსარჩელისვე მითითებით, თავადაა დაავადებული და ისინი ესაჭიროებოდა პირადად და არა აწ გარდაცვლილისათვის. მოპასუხის წარმომადგენლმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს თვიანთ შესაგებელს იმავე გარემოებებზე მითითებით და დამატებით განმარტეს, რომ მოსარჩელეს თ------ ჯ----–--ის დაკრძალვის, საფლავის მოწყობის და სხვა თანხა არ გადაუხდია, მას პირადი თანხა არ გადაუხდია არც მის მკურნალობაში და ამ ხარჯებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმეტები წარმოადგენს პირადად მის სამკურნალო მედიკამენტებს. ამ და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელე ნ-----–- ბ-----–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ თ------ ჯ----–--ესთან. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: _ მხარეთა ახსნა-განმარტებები. 3.1.2. მოპასუხე ს------- ჯ----–--ე აწ გარდაცვლილი თ------ ჯ----–--ის შვილია პირველი ქორწინებიდან. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: _ მხარეთა ახსნა-განმარტებები. 3.1.3. თ------ ჯ----–--ე და ც----- ხ------–---–ი დაქორწინდნენ 1981 წლის 2 აგვისტოს. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნათ გვარები: ქმარს - ჯ----–--ე, ცოლს - ჯ----–--ე. თ------ ჯ----–--ე გარდაიცვალა 2013 წლის 23 იანვარს. მის დაკრძალვაზე იმყოფებოდა შვილი ს------- ჯ----–--ე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ქორწინების მოწმობა (ს/ფ -72 ), _ თ------ ჯ----–--ის გარდაცვალების მოწმობა (ს/ფ -19 ), _ მხარეთა ახსნა-განმარტებები. 3.1.4. თ------ი ჯ----–--ის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო, უძრავი ქონება –მდებარე: ქ. წ---–-------, სოფელი ჯ-----------, ს/კ #2-----------, მემკვიდრეობით მიიღო პირველი რიგის მემკვიდრეებმა - მეუღლემ ც----- ხ------–---–მა (ჯ----–--ემ) (რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში) და შვილმა _ ს------- ჯ----–--ემ. მან თავისი წილი აჩუქა შვილს ს------- ჯ----–--ეს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: _ ჩუქების ხელშეკრულება(ს/ფ 73-74 ), _ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ -20 ), _ მხარეთა ახსნა-განმარტებები. 3.1.5. საარქივო ცნობის თნახმად წ---–-------ს რაიონის სოფელ ო-----------ის საკრებულოს სოფელ ჯ-----------ს საკომლო წიგნებში 1996-2006 წლების საკომლო წიგნში თ------ ჯ----–--ე რეგისტრირებულია კომლის უფროსად, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან - ც----- ოთარის ასული ჯ----–--ე-ცოლი და ს------- თ------ის ასული ჯ----–--ე - შვილი. სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას: -საარქივო ცნობა (ს/ფ-70 ), 3.1.6. ნ-----–- ბ-----–--ემ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ს------- ჯ----–--ეს დაეკისროს მის მიერ თ------ ჯ----–--ისა და მისი ქონების მოვლა-პატრონობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 4000 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: _ სასარჩელო განცხადება (ს/ფ 2-17 ). 3.1.7. 2016 წლის 16 დეკემბერს მანვე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო უძრავი ქონებას –მდებარე ქ. წ---–-------, სოფელი ჯ-----------, ს/კ #2-----------. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: _ სარჩელი (ს.ფ. 2-17). _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება (ს/ფ. 36-39). 3.1.8. ნ-----–- ბ-----–--ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს თანხას 60 ლარის ოდენობით. - სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - ამონაწერი ბაზიდან (ს/ფ -24) 3.1.9. მოწმის სახით დაკითხულმა ბ--–- ჩ--------ემ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თ------ ჯ----–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან, ის მას მეუღლედ თვლიდა. იცის, რომ სახლში გარკვეული სამუშაოები გაკეთდა ნ-----–-ს დროს, შეკეთდა სახურავი, იატაკი, შეაკეთა ჩამოვარდნილი კარი, ერთიც ჩასვა. ავადმყოფობის შემდეგ უვლიდა ნ-----–- მეუღლეს, სესხულობდა თანხებს, ასევე ეხმარებოდა ძმა. შვილი ს------- არ ეხმარებოდა მამას. თ------ის ოპერაციის თანხა თავისმა ძმამ გადაუხადა. დაკრძალვის ხარჯები კი ნ-----–-მ გადაიხადა დაკრძალვაზე შემოსული თანხით. ასევე გაუკეთა ორმოცი, წლისთავი. საფლავი საგვარეულო იყო და ქვა ვინ გაუკეთა, არ იცის. 3.1.10. მოწმე ნ-----–- მ--–---ემ აჩვენა, რომ თ------ის ცოლ-შვილი წასული იყვნენ სახლიდან და სახლ-კარი მოუვლელი იყო. ნ-----–-ს მოყვანის შემდეგ გამოკეთდა. როცა თ------ი ავად გახდა, ნ-----–- დაყვებოდა ყველგან, ფულს სესხულობდა და შემდეგ ისტუმრებდა. მართალია თ------ი ხელოსანი იყო, მაგრამ შემოსავალი არ ჰქონდა, სულ ეჩხუბებოდნენ კლიენტები. მისი აზრით, ცოლ-ქმარი იყვნენ და უვლიდა კიდეც. შვილი არც ნახულობდა. დაკრძალვაზე მისი მოსვლა ყველას გაუკვირდა. 3.1.11. მოწმე მიხეილ მაჭავარიანის ჩვენების თანახმად, თ------ი გაცილებული იყო პირველ ცოლთან და შემდეგ შეირთო ნ-----–-, რომელსაც მეუღლედ აღიარებდა. ნ-----–-ს ხელი დაეტყო ოჯახს და თ------იც კმაყოფილი იყო. ავადმყოფობის დროსაც უვლიდა ნ-----–- მეუღლეს, დაკრძალვის ხარჯიც მან აუნაზღაურა, 1900 ლარი, როგორც იცის, შემოსული ფულით. 3.1.12. მოწმე იოსებ ჯიშკარიანის ჩვენების თნახმად, იცის, რომ თ------ი და ნ-----–- ცოლ-ქმარი იყვნენ. მან როგორც ხელოსანმა, მათ სახლში გააკეთა სახურავი, ჟოლობები, ფიცრები, შესასვლელი სახურავი, იატაკი, კარები, რაშიც აიღო 2500 ლარი, რომელიც ნ-----–-ს მისცა ძმამ, შეიძლება ასესხა კიდეც. როდესაც თ------ი გახდა ავად, ნ-----–- უვლიდა და მატერიალურადაც უზრუნველყოფდა. სასამართლო ეყრდნობს შემდეგ მტკიცებულებებს: -მოწმეთა ჩვენებები (2018 წლის -19 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, ს/ფ 234-287 )

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. თ------ ჯ----–--ის დაკრძალვის ხარჯი 1900 ლარი გადახდილ იქნა შემოსული შემოწირულობიდან. ასევე ორმოცის და წლისთავის ხარჯები. 3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია პაციენტის თ------ ჯ----–--ის თანხმობა სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის ოპერაციაზე. თანხმობას ხელს აწერს მეუღლე ნ-----–- ბ-----–--ე. რომელსაც თან ერთვის ქვითარი #1238, გადახდილია 150.08 ლარი სისხლის კომპონენტებზე ანალიზზე, რომლიდანაც არ ირკვევა, თუ ვის მიერ მოხდა ამ თანხის გადახდა. წარმოდგენილი რეცეპტები მართალია გაცემულია პაციენტ თ------ი ჯ----–--ის მკურნალობისათვის, თუმცა არ ირკვევა შეძენილ იქნა ყველა მედიკამენტი თუ არა, ვის მიერ და ვისი სახსრებით. მედიკამენტების ნაწილზე მითითებულია, რომ დანიშნულია ნეფროლოგის მიერ, ნაწილზე - დიაბეტის სამკურნალოდ, რეცეპტებზე ასევე მითითებულია, რომ თ------ ჯ----–--ე იყო სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე და შესაბამისად მისი მკურნალობის დაფინანსებას გარკვეულწილად ახდენდა სახელმწიფო. (-იხ. ს/ფ 142-218 ) 3.2.3. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (რეცეპტები, ქვითრები და მსგავსი) მიხედვით მათში აღნიშნული თანხების უშუალოდ მის მიერ მისი შემოსავლიდან გადახდის ფაქტს, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტებიდან უტყუარად არ დგინდება, რომ ყველა მათგანი რეცეპტების მიხედვით და მის გარეშეც შეძენილი იქნა უშუალოდ თ------ ჯ----–--ის მკურნალობისათვის და პირადად ნ-----–- ბ-----–--ის ფულადი თანხებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებითაც არ დასტურდება, რომ თ------ ჯ----–--ის მოვლისა და მკურნალობის, ასევე დაკრძალვის ხარჯები გაღებულ იქნა ნ-----–- ბ-----–--ის პირადი სახსრებიდან. საერთო ჯამში კი, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, არც უშუალოდ ნ-----–- ბ-----–--ის მიერ პირადად გახარჯული თანხების ოდენობა. 3.2.4. საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-4 მუხლით, რომელიც წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო ასევე არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს მასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოპასუხეს დარჩა უძრავი ქონება მამის გარდაცვალების შემდეგ, ანუ ამ გზით მან მიიღო იმაზე მეტი აქტივი, ვიდრე ეკუთვნოდა და ის ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს გარდაცვლილი მამის მოვლისა და მკურნალობისათვის გაწეული ხარჯები მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ამ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე. იმისათვის, რომ მხარემ დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლიანობა, ამისათვის სავალდებულოა წარმოადგინოს ამ გარემოების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნის დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილად არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ არ დგინდება თ------ ჯ----–--ის მოვლისა და მკურნალობისათვის მოსარჩელის მიერ მიერ გაწეული აუცილებელი ხარჯების ოდენობა. ამიტომ სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს და დადგენილად არ მიიჩნევს, სარჩელში მითითებულ გარემოებებს ხარჯების გაწევასთან (შესაბამისად ზიანის ანაზღაურებასთან) დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–- ბ-----–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 976-ე, 1421-ე, 1484-ე მუხლები,_ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 104-ე, 105-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოელის წილის პროპორციულად.

 

მამკვიდრებელს, აწ გარდაცვლილ თ------ ჯ----–--ეს ანდერძი არ დაუტოვებია. მისი პირველი რიგის მემკვიდრეები იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ც----- ჯ----–--ე და შვილი ს------- ჯ----–--ე და მისი გარდაცვალების შემდეგ მათ მიიღეს სამკვიდრო, რომელიც აღრიცხულია ს------- ჯ----–--ის სახელზე საჯარო რეესტრში.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ, თ------ი ჯ----–--ის დაკრძალვის, საფლავის მოწყობის, ორმოცისა და წლისთავისათვის გაწეული ხარჯის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. მოსარჩელემ თვითონ უნდა წარმოადგინოს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებს, რომ მან გასწია თ------ ჯ----–--ის მკურნალობის, მოვლის, დაკრძალვის, გაპატიოსნების და საფლავის მოწყობის ხარჯები. ამ გარემოების დამტკიცებისათვის მან ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, პირიქით, მოწმეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელის ოჯახს ძალიან უჭირდა, თ------ი იყო მანქანის ხელოსანი და ავადმყოფობამდე გარკვეულ თანხებს ისიც გამოიმუშავებდა, ამასთან ქელეხის და ორმოცის ხარჯები გასტუმრებული იქნა დაკრძალვაზე შემოწირული ფულადი თანხებით. მას ეხმარებოდნენ ასევე მისი ოჯახის წევრებიც (ძმა). თავისი ოჯახის წევრები ნ-----–-საც ეხმარებოდნენ მატერიალურად. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ოჯახი მიეკუთვნებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების კატეგორიას, არ ჰქონდათ სტაბილური შემოსავალი, თავად ნ-----–- ბ-----–--ეც არ ეწეოდა რაიმე შემოსავლიან საქმიანობას, მას დახმარებას უწევდნენ ოჯახის წევრები და ახლობლები, შესაბამისად ნაკლებ სარწმუნოა, რომ მას ჰქონდა ეს თანხები. ამასთან არ დასტურდება მის მიერ გარდაცვლილის მოვლისა და მკურნალობის მიზნით სესხის აღების ფაქტიც. მართალია მოწმეებმა დაადასტურეს საცხოვრებელ სახლზე გაწეული ცალკეული სარემონტო სამუშაოების გაწევის ფაქტი, თუმცა უტყუარად ვერ დაადასტურეს რომ მისი ხარჯები ნ-----–- ბ-----–--ემ გაიღო პირადი თანხებიდან, მოწმე იოსებ ჯიშკარიანმა განმარტა, რომ რემონტის თანხა ნ-----–-ს მისცა ძმამ. არაა წარმოდგენილი დასკვნა რემონტამდე ქონების ღირებულებისა და მის შემდეგ ამ ქონების ღირებულების გაზრდის თაობაზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ემსახურებოდა თავად მოსარჩელის მიზანს და ინტერესს, ეცხოვრა უკეთეს გარემოში.

 

ასეც რომ არ იყოს მოსარჩელე და აწ გარდაცვლილი თ------ ჯ----–--ე 2003 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, როგორც მეუღლეები და ავადმყოფი მეუღლის მოვლა წარმოადგენდა მის ზნეობრივ ვალდებულებას, რაც მოსარჩელემ იკისრა ნებაყოფლობით და თუნდაც ეს ხარჯი მის მიერ იყოს უშუალოდ გაწეული, მისი ანაზღაურება ვერ მოეთხოვება მოპასუხეს, გარდაცვლილის შვილს.

 

6.3. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში ზღვარი უნდა გაივლოს ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში მიღებულ შესრულებასა და ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულ შესრულებას შორის.

 

სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკიან დაბრუნება, ხოლო 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, თუ იგი მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან დამოკიდებულია მიმღებსა და შემსრულებელს შორის არსებულ სუბიექტური და ობიექტური გარემოებების თანხვედრასა და ერთობლიობაზე. კერძოდ, თუ შემსრულებელი შესრულების დროს ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით მოქმედებდა, მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა იმთავითვე გამოირიცხება.

არარეგისტრირებული ქორწინებიდან წარმოშობილი ზნეობრივი უფლება-მოვალეობების შესახებ ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ოჯახური ურთიერთობის ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და იგი შეიძლება მოიცავდეს სხვა დეფაქტო ოჯახურ კავშირებს, როდესაც მხარეები ცხოვრობენ ერთად ქორწინების გარეშე. რაც ასახულია სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტში, სადაც მითითებულია, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა.

ურთიერთობის ამგვარად შეფასება გაზიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაც, რომლის მიხედვითაც ქორწინება, როგორც ფაქტი, გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს და ოჯახური თანაცხოვრება მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა პირადი, მჭიდრო ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტზე (იხ. სუსგ ას-528-501-2015; 1202-1131-2012, ას-99-96-2016).

 

ამდენად ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე და აწ გარდაცვლილი თ------ ჯ----–--ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივად ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, ერთმანეთის მიმართ ზნეობრივი მოვალეობებიც წარმოეშობოდათ, რაც შესრულებულის უკან დაბრუნების უფლებას გამორიცხავს. შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები ვერ დაეკისრება მოსარჩელეს, რადგან ის განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. რომლის თანახმად ყადაღა დაედო ს------- ჯ----–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე, ქ. წ---–-------, სოფელი ჯ-----------, ს/კ # ს/კ 2----------- (შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1, განაშენიანების ფართობი - 86.34; საერთო - 67.88 კვ.მ).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე ნ-----–- ბ-----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ს------- ჯ----–--ის უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. წ---–-------, სოფელი ჯ-----------, ს/კ 2----------- (შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #1, განაშენიანების ფართობი - 86.34; საერთო - 67.88 კვ.მ)- ყადაღის დადების შესახებ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე