გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2018
საქმის ნომერი
050310017002113369
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310017002113369

N3/188-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28.03.2018 წელი ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

 

მოსარჩელე: ა------------იშვილი

წარმომადგენელი: დ----------ლაძე

მესამე პირი (მოსარჩელის უფლებებით) - მ--------------იშვილი

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისი

წარმომადგენელი: გ------------ულაძე

 

მოპასუხე: გ-----------–აძე

წარმომადგენელი: კ--------–-შვილი

 

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

ბათილად იქნეს ცნობილი საკადასტრო კოდით 27.14.43.011 გ-----------–აძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკუთრების რეგისტრაცია ა------------იშვილის მიერ რეგისტრაციაზე წარდგენილი ნახაზის შესაბამისად გადაფარვის ნაწილში.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელემ და მოპასუხე მხარის მიწის ნაკვეთები მდებარეობს ერთმანეთის მეზობლად ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო მასალები ფარავს მოპასუხის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილს. მხარე ითხოვს ჩანაწერის ბათილად ცნობას გადაფარვის ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე, მე-2, 23-ე, მე-3, 23-ე, მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე, 601-ე და 96-ე მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 33-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.3. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური;

 

6.4. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.

 

6.5. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”თ” პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

6.6. ამავე მუხლის ”ი” პუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' პუნქტის თანახმად ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება;''

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.''

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.''

 

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება უნდა ჩატარდეს სრულყოფილად. უნდა დადგინდეს, რომელი მიწის ნაკვეთები ესაზღვრება მოსარჩელის მიწის ნაკვეთს და რომელი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება მოპასუხის მიწის ნაკვეთს. აღნიშნული გარემოების დასადგენად გარდა ამჟამად სარეგისტრაციოდ წარდგენილი მასალებისა გამოყენებული უნდა იქნეს ნაკვეთის სიტუაციური გეგმა, წინა რეგისტრაციის მონაცემები, უნდა მოხდეს მათი ურთიერთშედარება. ფაქტობრივი გარემეობების სრულყოფილად დადგენის შემდეგ უნდა განხორციელდეს მათი სამართლებრივი შეფასება.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის და მოპასუხის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მასალები, უნდა შეფასდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე უნდა მოხდეს მათი ურთიერთშეჯერება, სისტემური შეფასება და შეფასება უნდა მიეცეს არამარტო ნაკვეთის კონფიგურაციას, ასევე დადგინდეს მოსაზღვრე ნაკვეთის მფლობელები და მხოლოდ შემდგომ განხორციელდეს სარეგისტრაციო წარმოება. ამასთანავე უნდა მიეცეს შეფასება წარდგენილი კომლის ცნობებს და დადგინდეს თავდაპირველი მესაკუთრეების მიწის ნაკვეთების მდებარეობა და დღეის მდგომარეობით წარდგენილი მონაცემები არის თუ არა ერთმანეთთან შესაბამისობაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 სექტემბრის N36312600109 გადაწყვეტილება.

 

ბათილად იქნეს ცნობილი საკადასტრო კოდით 27.14.43.011 გ-----------–აძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკუთრების რეგისტრაცია ა------------იშვილის მიერ რეგისტრაციაზე წარდგენილი ნახაზის შესაბამისად გადაფარვის ნაწილში.

 

დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაუქმებული რეგისტრაციის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი გარემოებების შეფასების გზით.

 

2. სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დაეკისროს მოპასუხეს საჯარო რეესტრის ერონულ სააგენტოს.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე