გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2018
საქმის ნომერი
080210016001396811
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080210016001396811

№2/1134-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 აპრილი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე მ----- ა-------ე;

წარმომადგენელი ლ--–ა ბა----–--ე;

მოპასუხე მა------ ლ---–--ე;

წარმომადგენელი ზ----- აფ----------ე;

დავის საგანი პატივის და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაევალოს მა------ ლ---–--ეს მ----- ა-------ის მიმართ გავრცელებული ცილისწამების უარყოფა;

1.2. მა------ ლ---–--ეს მ----- ა-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მორალური ზიანის 3000 ლარის გადახდა;

 

მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 18 აპრილს ყოფილ მეუღლე ბესიკ შალამბერიძეს და მის მამიდა მა------ ლ---–--ესთან ერთად იმყოფებოდა იუსტიციის სახლში, სადაც ბესიკ შალამბერიძემ შეიტანა განცხადება მათი საერთო შვილის მამობის აღიარების და გვარის მინიჭების თაობაზე. გარეთ გამოსვლის შემდეგ მოპასუხემ მოინდომა მასთან ძველი ურთიერთობის გარჩევა და დაიწყო ხმამაღლა ყვირილი, უწოდებდა ცუდ სიტყვებს, სწამებდა ცილს, თითქოს ის არის ქურდი, მოიპარა ბესიკის ოქრო და ისე წავიდა სახლიდან. ხმაურზე მოგროვდა ხალხი, მიუხედავად ამისა, მოპასუხე აგრძელებდა მის შეურაცხყოფას საზოგადოების თვალწინ. მაშინვე მიმართა პოლიციას და მოითხოვა რეაგირება. მოპასუხემ გამოკითხვისას აღიარა მისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა კონფლიქტი ამით არ დასრულებულა, მა------ ლ---–--ე კვლავ ურეკავს ტელეფონზე და აბრალებს ქურდობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მა------ ლ---–--ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან არ განხორციელებულა ისეთი მოქმედება, რაც შელახავდა მოსარჩელის პატივსა და ღირსებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აპრილს მ----- ა-------ე, მისი ყოფილი მეუღლე ბესიკ შალამბერიძე და მა------ ლ---–--ე, რომელიც არის ბესიკ შალამბერიძის მამიდა, იმყოფებოდნენ ქუთაისის იუსტიციის სახლში, სადაც მესიკ შალამბერიძემ შეიტანა განცხადება მისი და მ----- ა-------ის საერთო შვილის მამობის დადგენის და გვარის მინიჭების თაობაზე. მას შემდეგ რაც დატოვეს შენობა, მ----- ა-------ეს და მა------ ლ---–--ეს შორის მოხდა შელაპარაკება. მ----- ა-------ემ იმავე დღეს მიმართა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებას, სადაც გამოკითხეს ორივე მხარე, მა------ ლ---–--ემ გამოკითხვისას არ დაადასტურა მოსარჩელეზე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- გამოკითხვის ოქმი (იხ.ს.ფ 92-95.)

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა------ ლ---–--ემ 2016 წლის 18 აპრილს იუსტიციის სახლთან შელაპარაკების დროს მ----- ა-------ეს უწოდა ქურდი, რასაც ადასტურებს 2016 წლის 22 აპრილს ქუთაისის საქალაქო სამმრთველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში მა------ ლ---–--ის დამატებით გამოკითხვის ოქმი, სადაც მოპასუხე განმარტავს, რომ მ----- ა-------ესთან 2016 წლის 18 აპრილს მოუვიდა შელაპარაკება, უეცარი აღელვების ფონზე მ----- ა-------ეს უწოდა თითქოს ის იყო ქურდი და მის ყოფილ მეუღლეს მოპარა ოქროს ნივთები, თუმცა აღნიშნული არ შეეფერება სინამდვილეს, რადგან ეს სამკაულები მ----- ა-------ეს უყიდა ყოფილმა მეუღლემ ბესიკ შალამბერიძემ და განქორწინების შემდეგ თავისთავად წაიღო საჩუქრის მიმღებმა პირმა.

მტკიცებულებები:

- გამოკითხვის ოქმი (იხ.ს.ფ.96)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე, 409-ე, 413-ე მუხლებით, საქართველოს კანონით ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ''

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზაუროს ეს ზიანი.

 

მითითებული მუხლით, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ მას საზოგადოებრივ ადგილზე მიაყენა შეურაცხყოფა და უწოდა ქურდი, რითაც შელახა მისი პატივი და ღირსება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. მე-19 მუხლის თანახმად კი, ყველა ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. განსახილველი საკითხი უნდა გადაწყდეს კონსტიტუციით გარანტირებული ამ ორი ღირებულების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

 

ამავე კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამება არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა. აღნიშნული ნორმით მოსარჩელეს ეკისრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთი: 1. სადავო განცხადება მოპასუხის მიერ გავრცელდა; 2. განცხადება ლახავს მოსარჩელის პატივსა და ღირსებას; 3. განცხადება არ შეეფერება სინამდვილეს – არსებითად მცდარი ფაქტია; 4. განცხადება, ამავე კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა; 5. განცხადება მოსარჩელის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას ზიანს აყენებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მა------ ლ---–--ემ მ----- ა-------ეს მიმართ გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადება, თითქოს მან მოიპარა ყოფილი მეუღლის ოქროს ნივთები. სხვისი ნივთების მოპარვა, ანუ ქურდობა, შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ის გარემოება, რომ მოსარჩელის წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს, ან არ დასრულებულა და არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, საკმარისია შეფასების გასაკეთებლად, რომ მოპასუხემ გაავრცელა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადება, რითაც ზიანი მიაყენა მოსარჩელის პატივს და ღირსებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. პირადი არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას კი ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. ამასთან, მორალური ზიანის უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის განსაზღვრისას, ასევე ვერ იქნება გადამწყვეტი ქმედების კვალიფიკაცია, აქ მთავარი ის ტკივილია, რომელიც ქმედებამ (მოქმედებამ თუ უმოქმედობამ) გამოიწვია მოსარჩელეში. შედეგების გამოსწორება ძალიან ხშირად შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისი მარწმუნებელის მოსაზრებით, მ----- ა-------ეს არ მოუპარია ყოფილი ქმრის ოქროს ნივთები, რაც თავისთავად წარმოადგენს ცილისმწამებლური განცხადების უარყოფას. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ მორალური ზიანის კომპენსაციისათვის თანხის დაკისრება მოპასუხეზე.

სასამართლომ მხედველობაში იღებს რა მოპასუხის დამოკიდებულებას მოსარჩელის მიმართ, (იგი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ----- ა-------ისათვის შეურაცხყოფის მიყენების საფუძველი) და განცხადების გავრცელების არეალს, მიიჩნევს, რომ კომპენსაციის ოდენობა უნდა განისაზღვროს 300 ლარით.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარი, ვინაიდან მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, მე-4, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----- ა-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე მა------ ლ---–--ეს მოსარჩელე მ----- ა-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე მა------ ლ---–--ეს მოსარჩელე მ----- ა-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე