გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.04.2018
საქმის ნომერი
050310017002003225
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310017002003225

N3/131-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30.03.2018 წელი ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

 

მოსარჩელე: გოჩა გაჩუა

წარმომადგენელი: ალექსანდრე თათელიშვილი

 

მესამე პირი (მოსარჩელის უფლებებით): დავით კაჭკაჭიშვილი

წარმომადგენელი: ალექსანდრე თათელიშვილი

 

მოპასუხე: სოფიო კვეტენაძე

წარმომადგენელი: დავით ბრეგაძე

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: გიორგი ქობულაძე

 

მოპასუხე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი: შოთა ჩაგუნავა

 

მესამე პირი (მოპასუხის უფლებებით): თამარ ბაქრაძე, კონსრანტინე ბაქრაძე

წარმომადგენელი: რობინზონ ხურცილავა

 

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება N882017102044-17.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება N892017093524-03.

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 05 მაისის N2766 წერილი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის N01111 ოქმი.

 

1.4. გაუქმდეს სოფიო კვეტენაძის და თამარ ბაქრაძის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ და მესამე პირმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, გრიგოლეთში მდებარე მიწის ნაკვეთის 100 კვ.მ ოდენობით რეგისტრირებულია სოფიო კვეტენაძეზე. რეგისტრაციის საფუძველია სამკვიდრო მოწმობა, წერილი N2766, ოქმი N01111. საჯარო რეესტრის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სადაო მიწის თანამესაკუთრედ დარესიტრირდა თამარ ბაქრაძე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე, მე-2, 23-ე, მე-3, 23-ე, მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე, 601-ე და 96-ე მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 33-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.3. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ან/და არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური;

 

6.4. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.

 

6.5. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”თ” პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

6.6. ამავე მუხლის ”ი” პუნქტის მიხედვით კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

6.7. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' პუნქტის თანახმად ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება;''

 

6.8. საქართველოს კანონით ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ'' მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი: ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით; გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

6.9. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.''

 

მოცემულ შემთხვევაში რეგისტრაციის ძირითად საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N01111 ოქმი. აღნიშნული ოქმის შედგენას წინ უნდა უძღოდეს ადმინისტრაციული წარმოება, რომელსაც ატარებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული წარმოება მოცემულ შემთხვევაში მოიცავს მხოლოდ დათვალიერების მონაწილე პირის მოსაზრებას, კერძოდ მითითებულია, რომ უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათით N45/2000 გაც 14.08.2000 წ. დგინდება იდენტურობა წარმოდგენილი მიწის აზომვით ნახაზთან და ადგილმდებარეობასთან. თუ რა ეფუძვნება მსგავის კატეგორიული დასკვნა არის უცნობი. მოცემულ შემთხვევაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის ჩატარებული სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, წარმომადგენელი ელგუჯა ჩხარტიშვილი მხარესთან ერთად გავიდა ადგილზე და დაადასტურა ის დოკუმენტი, რაც მხარის მიერ იყო წარდგენილი საჯარო რეესტში. თუმცა საფუძველი არის გაურკვეველი. გაურკვეველია მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ელგუჯა ჩხარტიშვილს რა სახის სპეციალური ცოდნა გააჩნია მოცემული საკითხის შესაფასებლად, რა მეთოდის გამოყენებით, რა კვლევის საფუძველზე მიიღო მან მოცემული გადაწყვეტილება. ამასთანავე მხედველობაში მისაღები რომ სოფიო კვეტენაძეზე N01111 დათვალიერების ოქმით გადაცემული მიწის ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება სანაპირო ზოლს, შესალოა წარმოადგენს სანაპირო ზონის ნაწილსაც კი რაც საჭიროებს ცალკე შეფასებას. მხედველობაში მისაღები, რომ დავით კაჭკაჭიშვილის და გოჩა გაგუას ნაკვეთის გამოყენება დანიშნულებისამებრ ხდება შეუძლებელი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სარჩელი არის საფუძვლიანი. ამასთანავე ვინაიდან წერილი არ წარმოადგენს უფლების წარმომშვებ აქტს, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 04 მაისის N01111 ოქმი. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება N882017102044-17. გაუქმდეს სოფიო კვეტენაძის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, გრიგოლეთი, საკადასტრო კოდი N27.15.54.847).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს გურიის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება N892017093524-03. გაუქმდეს თამარ ბაქრაძის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, გრიგოლეთი, საკადასტრო კოდი N27.15.54.847).

 

2. სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დაეკისროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე