გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210117002150656
საქმე #2/759-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.04.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელეები - მა---------–-–--ლი, ვა-–-------–-–--ლი, მადლ------–-–--ლი
წარმომადგენელი- ლი---------–--ლი
მოპასუხე - კო------------------ძე
მოპასუხე - კო-----–-–--ლი
წარმომადგენელი- მა---------–--ლი
დავის საგანი: უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი კო-----–-–--ლს და კო------------------ძეს შორის 2016 წლის 28 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით №5----------9 და ამავე მხარეებს შორის ამავე უძრავ ქონებაზე 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
1.2. მოსარჩელეები მა---------–-–--ლი, მადლ------–-–--ლი და ვა-–-------–-–--ლი ცნობილი იქნენ №5----------9 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად თითოეული 1/5 ნაწილში.
(იხ. სასამართლოს 23.04.2018 წლის სხდომის ოქმი 17:35:12-17:36:00 სთ; 17:37:13-17:37:40)
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს: მა---------–-–--ლი და კო-----–-–--ლი 1980 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში ორი შვილი - მა---–--- და ვა-–-------–-–--ლები შეეძინათ. ოჯახს საქართველოში აქვს უძრავი ქონება მდებარე გუ------------------ს სო----–--------–--ეში, რომელიც კომლის თანასაკუთრებას წარმოადგენს და მასზე 1995 წლის 22 სექტემბერს მიწის მიღება-ჩაბარების აქტია გაცემული. კო-----–-–--ლმა 2016 წლის აპრილში განაცხადა, რომ უძრავ ქონება თავის დისშვილს კო------------------ძეს გაუფორმა, რადგან ბანკის ვალები ჰქონდა და ეშინოდა სახლი არ დაეყადაღათ. 2017 წლის 14 სექტემბერს კი უძრავი ქონება კვლავ თავის სახელზე გადაიფორმა და იმავე დღეს განაცხადა, რომ სახლის გაყიდვა სურდა. უძრავი ქონება, რომელიც ამჟამად მოპასუხის საკუთრებაშია აღრიცხული, წარმოადგენს კომლის ქონებას და მათ, როგორც კომლის წევრებს, წილი საკუთრების უფლებით ეკუთვნით. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები კი დადებულია მოჩვენებით, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
2.1. მოპასუხე კო-----–-–--ლმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ საცხოვრებელი სახლი 1974-1975 წლებში მამამისმა ააშენა. როდესაც მოსარჩელე მა---------–-–--ლთა იქორწინა სახლის მშენებლობა დასრულებული იყო. თანაცხოვრების პერიოდში სახლს ვერანდა და ფარდული გაუკეთდა. სახლის გაყიდვა გადაწყვიტა იმიტომ, რომ სამკურნალოდ თანხა სჭირდება. ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელეებისთვის არაფერი შეიცვლება, რადგან სახლი კვლავ მის სახელზე იქნება რეგისტრირებული.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი სცნო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში და მიუთითა, რომ უძრავი ქონება მოპასუხე კო-------------------ძეს გაუფორმა იმიტომ, რომ ვა-–-------–-–--ლს ბანკში ვალი ჰქონდა და შეიძლება მისი ვალის გამო ამ სახლის გაყიდვა მომხდარიყო. თანამესაკუთრეებად ცნობის ნაწილში კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო მოითხოვა.
(იხ. სასამართლოს 18:04:2018 წლის სხდომის ოქმი 11:24:40-11:26:46 სთ)
2.2. მოპასუხე კო------------------ძეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი სცნო. თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში კი განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ორივე მხარის თხოვნით დაიდო და რეალურად უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა არ მომხდარა. აგრეთვე მიუთითა, რომ მოსარჩელეების და მოპასუხის ქონებრივ დავაში ჩარევა არ სურდა.
(იხ. სასამართლოს 18.04.2018 წლის სხდომის ოქმი 11:15:54-11:17:41 სთ)
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. კო-----–-–--ლი და მა-------------------–-–--ლი 1980 წლის 04 მაისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი მა---–--- და ვა-–-------–-–--ლები. ამჟამად კო-----–-–--ლს და მა-------------------–-–--ლს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყვეტილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-16; 62-70);
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 19(;
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 18.04.2018, 20.04.2018 წლის სხდომის ოქმები).
3.1.2. კახეთის რეგიონალური არქივის 2017 წლის 23 ოქტომბრის №AA2017038611-03 საარქივო ცნობის თანახმად, გუ------------------ს სო----–--------–--ეს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის მიხედვით, კომლის უფროსად ჩაწერილი კო-----–-–--ლი გადახაზულია (ამოეწერა). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ცოლი - მა--------–-–--ლი, მამა - ვა------–-–--ლი, შვილები - მა---–--- და ვა-–-------–-–--ლები. სო----–--------–--ის 1996-2000 წლის საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის მიხედვით კომლის უფროსად მა--------–-–--ლია მითითებული. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან შვილები მა---–--- და ვა-–-------–-–--ლები და მამამთილი - ვა------–-–--ლი; სო----–--------–--ის 2001-2006 წლის საკომლო წიგნის მონაცემებით კომლის უფროსს მა--------–-–--ლი წარმოადგენს, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან მა---–--- და ვა-–-------–-–--ლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საარქივო ცნობა (ს.ფ. 23-27).
3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 თებერვლის №TT2015006990 ცნობა-დახასიათების მიხედვით, გუ------------------ს სო----–--------–--ეში, კეცხოველის ქ. №16-ში მდებარე 1046 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 191.80 მ2 ფართის საცხოვრებელი სახლი, 1988 წლიდან აღრიცხულია კო-----–-–--ლის სახელზე. ამავე ცნობის მიხედვით მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი 1994 წლამდე აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (უ.დ.დ.) გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დახასიათება TT2015006990 (ს.ფ. 33);
3.1.4. 1995 წლის 22 ნოემბერს გაცემულია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №484 აქტი , რომლის მიხედვით კო-----–-–--ლს საკუთრებაში დაეცა გუ------------------ს სო----–--------–--ეში მდებარე სამი მიწის ნაკვეთი 1) სახლობა - ფართით 602 მ2; 2) ფორტაულში - 2000 მ2 და 3) თვალწყალზე - 5000 მ2. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლად, ზედა მარჯვენა კუთხეში, მითითებულია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №484 (ს.ფ. 29).
3.1.5. სადავო უძრავი ქონება მდებარე გუ------------------ს სო----–--------–--ეში, მიწის ნაკვეთი 919 მ2 და შენობა-ნაგებობა ფართით 244 მ2, საჯარო რეესტრის 2015 წლის 11 თებერვალის №882--------0 გადაწყვეტილებით კო-----–-–--ლის საკუთრებად აღირიცხა (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №5----------9).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 36-37).
3.1.6. საჯარო რეესტრში №5----------9 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კო-----–-–--ლსა და კო------------------ძეს შორის 2016-2017 წლებში დაიდო ნასყიდობის ორი ხელშეკრულება, კერძოდ:
1) 2016 წლის 28 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით კო-----–-–--ლმა კო------------------ძეს გუ------------------ს სო----–--------–--ეში მდებარე უძრავი ქონება მიჰყიდა. ხელშეკრულებით ნასყიდობის ფასი 40 000 აშშ დოლარით განისაზღვრა და მყიდველი, საჯარო რეესტრის 05.05.2015 წლის გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა;
2) 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით კო-----–-–--ლმა კო------------------ძისგან შეიძინა იგივე ქონება. ხელშეკრულებით ნასყიდობის ფასი 40 000 აშშ დოლარით განისაზღვრა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.09.2017 წლის გადაწყვეტილებით კო-----–-–--ლი კვლავ უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 31-32; 34-35);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 36-41).
3.1.7. მოპასუხე კო-----–-–--ლის მამა ვა------–-–--ლი 2001 წელს გარდაიცვალა. მა---------–-–--ლი, ვა-–-------–-–--ლი და კო-----–-–--ლი ამჟამად სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობენ. მოსარჩელე მადლ------–-–--ლი 2008 წლიდან სა-----------------ნის სოფელ გი------–------–ი ცხოვრობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-16; 62-70
- მხარეთა ახსნა განმარტება (სასამართლოს 23.04.2018 წლის სხდომის ოქმი 17:36:50-17:37:11 სთ)
3.1.8. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კო-----–-–--ლის სარჩელი მოპასუხეების მა-------------------–-–--ლის, ვა-–-------–-–--ლის და თამ------------–--ლის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არი შესული, იგი მოპასუხეების მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა და სამოქალაქო საქმისწარმოება ჯერ არ დასრულებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-16; 62-70
- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 43-44);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 18.04.2018, 20.04.2018 წლის სხდომის ოქმები).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა თანამესაკუთრეებად ცნობის ნაწილში სრულად, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წელი); საქართველოს კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”; ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახე” საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის №128 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე”. სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეებმა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობა და უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა მოითხოვეს.
ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში სარჩელი წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, რომელიც შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის აღსაძრავად აუცილებელია იურიდიული ინტერესის ქონა, რომელიც აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების დამატებითი პირობაა. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ მხარემ სარწმუნოდ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგებზე, რისი მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მიმართავს სასამართლოს.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხის უპირატესად, უძრავ ქონებაზე მოსარჩელეების საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს, ვინაიდან მოსარჩელეები სწორედ ამ უკანასკნელით ასაბუთებენ ხელშეკრულების ბათილობის იურიდიულ ინტერესს. ამდენად, პირველ რიგში უნდა გადაწყდეს თუ რამდენად საფუძვლიანია სარჩელი უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრეებად ცნობის ნაწილში, რისთვისაც სასამართლო გამოიყენებს არამარტო მოქმედი სამართლის ნორმებს, არამედ დავის განხილვის მომენტისთვის ძალადაკარგულ იმ სამართლის ნორმებსაც, რომლებიც მხარეთა შორის არსებული ურთიერთობების პერიოდში მოქმედებდა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების (მათ შორის თანასაკუთრების) უფლება შესაძლებელია სამოქალაქო სამართლის სუბიექტებს შორის დადებული გარიგების ან კანონის საფუძველზე წარმოიშვას. გარიგებით საკუთრების უფლების შეძენისთვის მხარეთა შორის უნდა არსებობდეს წერილობითი შეთანხმება, ვინაიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოქმედი სამოქალაქო კოდექსი გარიგების ფორმასავალდებულოობას ადგენს და მიუთითებს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია (სსკ 183-ე მუხლი). ანალოგიურ პირობას საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წელი) ითვალისწინებდა, რომლის 239-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელ სახლზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით უნდა დადებულიყო.
თანასაკუთრების უფლების წარმოშობის მეორე საფუძველი კანონის მოთხოვნიდან გამომდინარეობს. ერთ-ერთი ასეთ საფუძველად განიხილება სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც კომლის ქონებაზე კომლის წევრთა უფლებებს, მათ შორის თანასაკუთრების უფლებებს განსაზღვრავდა. კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით. კომლს საკუთრებაში შეიძლება ჰქონოდა - დამხმარე მეურნეობა, მის სარგებლობაში მყოფი საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი, პროდუქტიული პირუტყვი, ფრინველი და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი კოლმეურნეობის წესდების შესაბამისად. იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც ეკუთვნოდათ თანაბარი წილი. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, იმ მოქალაქის ოჯახის საკუთრებაში, რომელიც ეწეოდა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში, გარდა 122-ე მუხლში მითითებული ქონებისა შეიძლება ჰქონოდა სხვა ქონებაც, რომელიც საჭირო იყო მისთვის სარგებლობის უფლებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად, ამასთან ასეთი ქონება ოჯახის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ და ამ თანასაკუთრების უფლების მიმართ გამოიყენებოდა ამ კოდექსის 123-129-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის ნორმებით არსებობდა საკოლმეურნეო კომლი და საკომლო კომლი. ორივე კომლის ძირითადი სამართლებრივი მახასიათებელი იყო ის, რომ კომლის წევრებს კომლისათვის განკუთვნილი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი, მათ თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ. ამ პერიოდში მოქმედი სამართლებრივი ნორმების მიხედვით, მიწაზე კერძო საკუთრება არ არსებობდა, რაზეც მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წელი) 93-ე მუხლიც, რომლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას და მხოლოდ სარგებლობის უფლებით გაიცემოდა. მიწა რომ პირად საკუთრებას არ წარმოადგენდა მიუთითებს ამავე კოდექსის 102-ე მუხლიც, რომლის თანახმად, პირად საკუთრებაში შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო, პირადი მოხმარების, კეთილმოწყობისა და დამხმარე საოჯახო მეურნეობის საგნები, საცხოვრებელი სახლი და შრომითი დანაზოგი.
ამდენად, სამოქალაქო სამართლის ნორმებით საცხოვრებელი სახლი საკოლმეურნეო და საკომლო კომლის წევრების საკუთრებას წარმოადგენდა. მიწის ნაკვეთი კი მათი საკუთრება არ იყო და რჩებოდა სახელმწიფო საკუთრებად და კომლის წევრები მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები იყვნენ.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული (სარგებლობაში არსებული) საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადაეცათ კერძო საკუთრებაში. მინისტრთა კაბინეტის აღნიშნული დადგენილებების საფუძველზე, 1992 წელს საქართველოში დაიწყო მიწის რეფორმა, რომლის შედეგად ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული და დამატებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი. ამავე დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გადაცემას ახდენდნენ სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.
საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებითი ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკაში მინისტრთა კაბინეტის №128 დადგენილების პირველი პუნქტით დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. მეორე პუნქტით კი განისაზღვრა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდებოდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.
„საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცდა მოქალაქეთათვის სარგებლობაში გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა, ამ დადგენილების მე-2 პუნქტით დადგინდა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემისა და საცხოვრებელი სახლის დაპროექტება-მშენებლობის ერთადერთ საფუძველს. ამდენად, მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწაზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს.
1996 წლის 30 აპრილიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ რომელმაც განსაზღვრა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებისა და საადგილმამულო მეურნეობების შეძენისა და გასხვისების წესი, აგრეთვე სახელმწიფოს მონაწილეობას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ურთიერთობები. ამ კანონის ამოქმედების მიზნით საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის №166-IIს დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 1992 წლის 6 თებერვლის №128, 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებერვლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად და მათ მიმართ შესაბამისად გამოიყენება კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.
ამდენად, 1993 წლიდან მიღებული სამართლებრივი დოკუმენტებით დადგინდა საკუთრების ახალი რეჟიმი და მანამდე კომლის წევრების საერთო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები მათ კერძო საკუთრებად გამოცხადდა. ამასთან, ასეთ მიწის ნაკვეთებზე გაიცემოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც სახელმწიფომ მიწის ნაკვეთის მოსარგებლეებს საკუთრების უფლება უდასტურებდა.
საქმეში წარმოდგენილი №AA2017038611-03 საარქივო ცნობის თანახმად, გუ------------------ს სო----–--------–--ის 1986-1995 წლის საკომლო წიგნში არსებული ჩანაწერის მიხედვით, კომლის უფროსად ჩაწერილი კო-----–-–--ლი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ცოლი - მა--------–-–--ლი, შვილები - მა---–--- და ვა-–-------–-–--ლები და მამა - ვა------–-–--ლი. აგრეთვე, წარმოდგენილია 1995 წლის 22 ნოემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №484 აქტი, რომლის საფუძველზეც კო-----–-–--ლს საკუთრებაში დაეცა გუ------------------ს სო----–--------–--ეში მდებარე სამი მიწის ნაკვეთი 1) სახლობა - ფართით 602 მ2; 2) ფორტაულში - 2000 მ2 და 3) თვალწყალზე - 5000 მ2. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლად, ზედა მარჯვენა კუთხეში, მითითებულია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ 1995 წლის 22 ნოემბერს გაცემული მიღება-ჩაბარების №484 აქტით კო-----–-–--ლზე გადაცემული უძრავი ქონება, მდებარე გუ---------------–----–-ტეტის სო----–--------–--ეში, 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით მისი კომლის წევრად დაფიქსირებული პირების თანსაკუთრებას წარმოადგენს, ვინაიდან საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმებით და 1993 წლიდან მიღებული სამართლებრივი აქრების მიხედვით კომლის სარგებლობაში არსებული ქონება კომლის წევრების საკუთრებას წარმოადგენს. საკომლო წიგნების ჩანაწერის მიხედვით კი კომლის შემადგენლობაში კო-----–-–--ლთან ერთად ირიცხებიან მა--------–-–--ლი, მადლ------–-–--ლი, ვა-–-------–-–--ლი და ვა------–-–--ლი. შესაბამისად, სადავო ქონება მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის მომენტისთვის კომლის წევრად რეგისტრირებული ხუთივე წევრის თანასაკუთრებას წარმოადგენდა.
გამომდინარე აქედან სასამრთლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში საფუძვლიანია და სადავო ქონება მოსარჩელეებს - მა-------------------–-–--ლს, ვა-–-------–-–--ლს და მადლ------–-–--ლს თანსაკუთრების უფლებით ეკუთვნით. თითოეულის წილი კი, კომლის წეევრების საერთო რადენობიდან გამომდინარე, 1/5-ით უნდა განისაზღვროს.
6.3. როგორც უკვე განიმარტა, სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში წარმოდგენილი სარჩელი აღიარებითი სარჩელია. აღიარებითი სარჩელის წარდგენისას კი მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად და გახდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, თუ მისი დაკმაყოფილება მხარისათვის სასურველი შედეგის დადგომას გამოიწვევს. ანუ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უნდა იკვეთებოდეს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მხარე იმ შედეგს მიაღწევს, რასაც იურიდიული შედეგი ჰქვია. აღიარებითი მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას უნდა არსებობდეს სწორედ ამგვარი ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მოიაზრებს. ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მხარის მიერ მითითებული ინტერესის დაკმაყოფილების წინაპირობა, საფუძველი ეცლება აღიარებით მოთხოვნას. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას უნდა იქნას შეფასებული მისი იურიდიული ინტერესის მართებულობა და ამ ინტერესის მართებულობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარის პროცესუალური ვალდებულებაა.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, უძრავ ქონებაზე 2016 წლის 28 აპრილს და 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი სცნო, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საპროცესო კოდექსით დადგენილი იურიდიული ინტერესის გათვალისწინება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების და შესაბამისად, მისი წარმატებულობის განმსაზღვრელი აუცილებელი ფაქტორია. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, თითოეულ მოსარჩელეს შესაძლებელია პრეტენზია გააჩნდეთ უძრავი ქონების მხოლოდ 1/5 ნაწილზე. ადენად, სამიმვე მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მთლიანობაში მთლიანი ქონების 3/5 ნაწილს შეეხება და სწორედ ეს წარმოადგენს ნამდვილ იურიდიულ ინტერესს, რომლის მიღწევაც შესაძლებელია მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობაც უძრავი ქონების 3/5 ნაწილში უნდა მოხდეს, რადგან დანარჩენი 2/5 ნაწილის მიმართ მოსარჩელეებს არ შეიძლება ნამდვილი იურიდიული ინტერესი გააჩნდეთ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს კო-----–-–--ლს და კო------------------ძეს შორის გუ---------------–----–-ტეტის სო----–--------–--ეში მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი №5----------9 2016 წლის 28 აპრილს და 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 3/5 ნაწილში და ამავე ნაწილში მოხდეს მოსარჩელეების საკუთრების უფლების აღიარება. ამასთან, თითოეული მოსარჩელის წილი 1/5-ის ოდენობით უნდა განისაზღვროს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა . თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად .
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, 1) სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 2) სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. 3) თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვით მოპასუხე კო-----–-–--ლი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილი არ ყოფილა. ამასთან მოსარჩელე ვალერი ბაწელაშვილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. სარჩელით დავის საგანს წარმოადგენდა უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რომელ ნაწილშიც მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს მოსამზადებელ სხდომაზე. შესაბამისად, ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების დაკისრების საფუძველი არ არსებობს. დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. მოსარჩელეების მიერ სახ. ბაჟი წინასწარ გადახდილი არ ყოფილა, ამიტომ არ არსებობს მოპასუხეზე სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ბათილად იქნა ცნობილი სადავო ხელშეკრულებები უძრავი ქონების 3/5 ნაწილში და მოსარჩელეები ცნობილი იქნენ სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად თითოეული 1/5 ნაწილში. შესაბამისად, მთლიან ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და მოეხსნას განჩინებით დაწესებული აკრძალვა კო-----–-–--ლის საკუთრებაში არსებულ, საჯარო რეესტრში №5----------9 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 2/5 ნაწილს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 2591,369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების მა---------–-–--ლის, ვა-–-------–-–--ლის და მადლ------–-–--ლის სარჩელი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი კო-----–-–--ლსა და კო------------------ძეს შორის 2016 წლის 28 აპრილს და 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები გუ---------------–----–-ტეტი სო----–---------–--ეში მდებარე, საჯარო რეესტრში №5----------9 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 3/5 ნაწილში;
3. მოსარჩელეები მა---------–-–--ლი, ვა-–-------–-–--ლი და მადლ------–-–--ლი ცნობილი იქნენ გუ---------------–----–-ტეტის სო----–--------–--ეში მდებარე, საჯარო რეესტრში №5----------9 საკადასტრო კოდით მოპასუხე კო-----–-–--ლის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად, თითოეული 1/5 ნაწილში;
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს ნაწილობრივ და მოეხსნას განჩინებით დაწესებული აკრძალვა კო-----–-–--ლის საკუთრებაში არსებული, საჯარო რეესტრში №5----------9 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 2/5 ნაწილზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე