გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.04.2018
საქმის ნომერი
160210018002294100
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210018002294100

საქმე №2/130-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ნათია მიქელაძე

მოსარჩელე: შა-----------------------ი

წარმომადგენელი: ხა---------------–---–ი

მოპასუხე: ბა-–----------------ი

წარმომადგენელი: აი-------------ი

თარჯიმანი: სუ-------------–---–ი, ნა--–-------------ა, ევ------------------ი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე ბა-–----------------ს მოსარჩელე შა-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 4200 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ ჰყავდა სამი სული მეწველი ძროხა, რომლებსაც სეზონურად, მაისის თვიდან ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღიურად საძოვარზე ატანდა მენახირეს - ბა-–----------------ს. მწყემსს და საქონლის პატრონს შორის დგება ზეპირი ხელშეკრულება. აღნიშნული ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბა-–----------------ი იღებდა ვალდებულებას, რომ უვნებლად დააბრუნებდა საქონელს საღამოს, ხოლო მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას, რომ თითო სულ საქონელზე გადაეხადა 6 ლარი. საქონლის დაკარგვის შემთხვევაში მოპასუხე აანაზღაურებდა საქონლის ღირებულებას, ხოლო საქონლის ავადმყოფობის შემთხვევაში წინასწარ შეატყობინებდა საქონლის პატრონს. თუ საქონელს ნადირი შეჭამდა ან დააზიანებდა, მიყენებული ზიანი იყოფოდა შუაზე. 2017 წლის 5 ოქტომბერს, დილით მოპასუხე ბა-–----------------ს მოსარჩელემ ჩააბარა სამი სული ძროხა, როდესაც მიუყვანა, შეეხმიანა და მენახირემ ჩაიბარა ძროხები. საღამოს, ექვს საათზე მოსარჩელის შვილი დახვდა ნახირს, მოვიდა მხოლოდ ერთი სული ძროხა. ხოლო ორი არ დაბრუნდა. მოპასუხემ მოსარჩელეს ორი ძროხის დაკარგვის შედეგად მიაყენა 4200 ლარის ოდენობის ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელეს საერთოდ არ მიუბარებია მისთვის საქონელი. შესაბამისად მას მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ასევე არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე ბა-–----------------ი ცხოვრობს ქ.დმანისში, არის მწყემსი. ახორციელებს მიბარებული საქონლის მეთვალყურეობას, გასამრჯელოს სანაცვლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-მოწმეთა ჩვენებები.

 

3.1.2. მოსარჩელე შა-----------------------ის ოჯახი ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ საკუთრებაში არსებულ საქონელს - სამ სულ ძროხას სამეთვალყურეოდ გადასცემდა მოპასუხე ბა-–----------------ს, რომელიც იღებდა ვალდებულებას თვალყური ედევნებინა მიბარებული საქონლისათვის, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

-მოწმეთა ჩვენებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოცემულ შემთხვევაში, დასადგენ სადავო გარემოებას წარმოადგენს, 2017 წლის 5 ოქტომბერს, მიაბარა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხეს სამი სული ძროხა და დაუბრუნა თუ არა მოპასუხემ მოსარჩელეს მიბარებული ძროხები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს, თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო.

 

სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს მოპასუხისათვის 2017 წლის 5 ოქტომბერს სამი სული ძროხის მიბარების ფაქტი, აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი - მიბარებული სამი სული ძროხის მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტი. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქარტველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მხარეთა ახსნა-განმარტება წარმოადგენს მტკიცებულებას. მოცემულ შემთხვევაში მხარეები წარმოადგენენ ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებებს. სასამართლო გაიზიარებს იმ მხარის პოზიციას, რომელი მხარეც სხვა, უფრო მყარი მტკიცებულებებით დააადასტურებს მის მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ დი-----------–---–ი, ფა----–-----–--------ი, სე---–--------------ა, ფი---------------ა, მა-–--------------ი.

 

მოწმე დი-----------–---–მა ჩვენებაში აღნიშნა, რომ ცხოვრობს ქ.დმანისში, იგი ყოველ დილით ვარჯიშობს, 2017 წლის 5 ოქტომბერსაც ჩვეულებისამებრ ვარჯიშობდა დილით. დაახლოებით, დილის რვის ნახევარზე დაინახა, რომ მოსარჩელის მეუღლე სე---–--------------ა მიერეკებოდა ნახირს, კერძოდ მოჰყავდა სამი მოზრდილი ძროხა და მიიყვანა ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც გროვდება ნახირი და საიდანაც მწყემსს მიჰყავს. აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა მწყემსი და სხვა პიროვნებებიც. უშუალოდ მწყემსს არ იცნობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მწყემსი არის ხანშიშესული მამაკაცი.

 

მოწმე ფა----–-----–--------ის განმარტებით, თავადაც თავის კუთვნილ ძროხებს უშვებს ნახირში, რომელიც უფრო ადრე გადის, ვიდრე ბა-–----------------ის ნახირი. მოსარჩელე კი, ძროხებს უშვებს ბა-–----------------ის ნახირში. 2017 წლის 5 ოქტომბერს, როდესაც თავისი ძროხები გაუშვა ნახირში, მან დაინახა, რომ მოსარჩელის მეუღლემ -სე---–--------------ამ მიიყვანა სამი სული ძროხა ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, ბალაჯას ნახირში. მოწმის განმარტებით მათი -წინა ნახირი გადის 7 საათზე, ხოლო 20-30 წუთში გადის ბალაჯას ნახირი. ვინაიდან წინა ნახირი უკვე გასული იყო, ამიტომ სე---–--------------ას ძროხები ვერ გაჰყვებოდნენ წინა ნახირს. მან ძროხები მიიყვანა ბა-–----------------ის ნახირში. საღამოს მან გაიგო, რომ შა-----------------------ის საქონელი არ დაბრუნდა.

 

მოწმე მა-–--------------მა აღნიშნა, რომ მას საქონელი დაჰყავს ბა-–----------------ის ნახირში, რომელთანაც ყველა არის შეთანხმებული ზეპირად. 2017 წლის 5 ოქტომბერს შა-----------------------ი საქონლის მისაბარებლად არ მისულა და არ ჩაუბარებია საქონელი ნახირში. მოწმემ განმარტა, რომ თავისი კუთვნილი საქონელი მიაბარა ბა-–----------------ს და წამოვიდა უკან.

 

მოწმე ფი---------------ამ აღნიშნა, რომ არის მოპასუხის შვილი და თავადაც ეხმარება მას საქმიანობაში. ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელე თავის 3 ძროხას უშვებდა ბა-–----------------ის ნახირში. მან განმარტა, რომ მოსარჩელის დაკარგული ორი ძროხიდან ერთი იყო ახალგაზრდა, მეორე საშუალო სიდიდის, 2017 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელეს არ მიუბარებია მათ ნახირში სამი სული ძროხა.

 

მოწმე სე---–--------------მა განმარტა, რომ არის მოსარჩელის მეუღლე. მან 2017 წლის 5 ოქტომბერს, დილის რვის თხუთმეტი წუთიდან რვის ნახევრამდე პერიოდში, სამი სული ძროხა ჩააბარა ბა-–----------------ის ნახირში. აღნიშნული სამი სული ძროხა იყო მათი ოჯახის საკუთრება. სარამოს სამი სული ძროხიდან, უკან ორი სული ძროხა არ დაბრუნდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დაკითხულ მოწმეთაგან სე---–--------------ა არის მოსარჩელის მეუღლე, ხოლო ფი---------------ა არის მოპასუხის შვილი. აღნიშნული პირები ბუნებრივია დაინტერესებული არიან საქმის შედეგით, შესაბამისად მათ ჩვენებებს სასამართლო ვერ განიხილავს და ვერ მიანიჭებს უტყუარი მტკიცებულების მნიშვნელობას. რაც შეეხება მოწმეებს დი-----------–---–ს, ფა----–-----–--------ს და მა-–--------------ს, ისინი წარმოადგენენ ნეიტრალურ პირებს. მოწმეების დი-----------–---–ის და ფა----–-----–--------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს მოსარჩელის მეუღლემ მოპასუხეს მიაბარა მათი ოჯახის კუთვნილი სამი სული ძროხა. მოწმე მა-–--------------ის ჩვენება ზემოთაღნიშნულ ჩვენებებს ეწინააღმდეგება იმ ნაწილში, რომ მოსარჩელეს 5 ოქტომბერს მოპასუხისათვის ძროხები არ მიუბარებია, მაგრამ სასამართლო განმარტავს, და ყურადღებას მიაქცევს მოწმის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მოწმე მა-–--------------ი აღნიშნავს, რომ მან თავისი ძროხები მიაბარა ნახირში, რომელიც გადის დილის შვიდ საათზე, ბა-–----------------ის ნახირის გასვლამდე და გამობრუნდა უკან. შესაბამისად მან კონკრეტულ ადგილზე დაჰყო გარკვეული დრო. მას არ განუმარტავს, რამდენხანს იმყოფებოდა იმ ადგილზე, სადაც ნახირი გროვდება და შეესწრო თუ არა ბა-–----------------ის ნახირის გასვლის მომენტს. აღნიშნული მოწმე ასევე არ განმარტავს, 5 ოქტომბერს დილის შვიდი საათიდან რვის ნახევრამდე, დაინახა თუ არა მოსარჩელის მეუღლე, თუნდაც ძროხების გარეშე. ამდენად აღნიშნული მოწმის ჩვენება უტყუარად ვერ ადასტურებს მოპასუხისათვის მოსარჩელის ძროხების მიუბარებლობის ფაქტს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენების შეფასების შედეგად, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 5 ოქტომბერს მოპასუხეს მიაბარა სამი სული ძროხა. ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება. მოსარჩელემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა 4200 ლარის ზიანი. მოპასუხეს აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოს დასადასტურებლად მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მხარეთა ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 394-ე მუხლის 1 ნაწილი, 763-ე, 785-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მიბარების ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 785-ე მუხლის თანახმად, შემნახველი პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვით ან/და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამის თავიდან აცილება კეთილსინდისიერ შემნახველსაც არ შეეძლო.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე ბა-–----------------ი არის მწყემსი. ახორციელებს მიბარებული საქონლის მეთვალყურეობას. მოსარჩელე შა-----------------------ის ოჯახი ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მათ საკუთრებაში არსებულ საქონელს სამეთვალყურეოდ გადასცემდა მოპასუხე ბა-–----------------ს, რომელიც იღებდა ვალდებულებას თვალყური ედევნებინა მიბარებული საქონლისათვის, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ. შა-----------------------ს საკუთრებაში ჰყავდა სამი სული ძროხა. ბა-–----------------ს საქონელი უნდა ჩაებარებინა დილით და უნდა დაებრუნებინა საღამოს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების შეფასების შემდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს, მოსარჩელე შა-----------------------ის მეუღლემ სე---–--------------ამ, მოპასუხე ბა-–----------------ს მიაბარა სამი სული ძროხა, რომელთაგან მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა მხოლოდ ერთი სული ძროხა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს მიადგა 4200 ლარის ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. შესაბამისად მან ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება.

 

ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ბა-–----------------ს მოსარჩელე შა-----------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4200 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა,საქმეში არსებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 126 ლარის ოდენობით, ასევე წარმოდგენილია ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ გაწეულია ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 126 ლარის და მოსარჩელის მიერ ადვოკატის დახმარებისათვის გაღებული თანხიდან 160 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე შა-----------------------ის სარჩელი მოპასუხე ბა-–----------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ბა-–----------------ს მოსარჩელე შა-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 4200 ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე ბა-–----------------ს მოსარჩელე შა-----------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 126 ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 160 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე