გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #160210118002264848
N 2/ 52-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.04.2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ნათია მიქელაძე
მოსარჩელე - სა---------ვი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ვახ-------–---ძე
მოპასუხე - სვ-----------ვა
მოპასუხის წარმომადგენელი - ნაი---------ძე
დავის საგანი - აუცილებელი გზით სარგებლობისათვის უფლების მიცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე სვ-----------ვას დაეკისროს არ გააუქმოს ერთადერთი აუცილებელი გზა და ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეს და მისი ოჯახის წევრებს დაუბრკოლებლად ისარგებლონ აღნიშნული ერთადერთი აუცილებელი გზით, სიგრძით 32.6 მ, სიგანით - 6.8მ, საერთო ფართით 222 კვმ, რაც ერთმნიშვნელოვნად არის დამტკიცებული სსიპ ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა N00--------ში და რომლის კოორდინატები ასახულია 2018 წლის 4 იანვრის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე. სვ-----------ვამ დაუყოვნებლივ მოხსნას მის მიერ დაახლოებით 2 თვის წინ მისი ნაკვეთისა (სკ 80.01.61.2--) და მოსარჩელის ნაკვეთის(სკ 80.01.61.0--) საზღვარზე აგებული ლითონის ღობე, რათა მოსარჩელემ და მისი ოჯახის წევრებმა შეძლონ აუცილებელი კავშირის დამყარება საჯარო გზებთან და გარე სამყაროსთან.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2013 წლის 14 იანვარს სა---------ვსა და რაფ---–--------ოვს შორის, ბოლნისის რაიონ სოფელ ცურტავში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ 80.---------) გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მესაკუთრე გახდა სა---------ვი. აღნიშნული ნაკვეთის წინ მდებარეობდა მიწის ნაკვეთი (სკ 80.01.61.2--), რომლის მესაკუთრეს წარმოადგენდა ორხან გუსეინოვი, ხოლო 2017 წლის 21 ნოემბრიდან მისი მესაკუთრე გახდა სვ-----------ვა. ორივე მიწის ნაკვეთზე საჯარო გზებიდან მოხვედრა შეიძლებოდა მხოლოდ ორხან გუსეინოვის ჭიშკრიდან და შემდეგ კი სახიბ ნებიევის ნაკვეთზე ორხან გუსეინოვის ნაკვეთზე გამავალი დაახლოებით 7 მ სიგანისა და 32 მ სიგრძის გზით. სვ-----------ვმა ნაკვეთებს შორის ააგო ლითონის ღობე, რის შედეგადაც სა---------ვსა და მის ოჯახის წევრებს გარე სამყაროსთან დაკავშირება შეუძლიათ აღნიშნულ ღობეზე გადაძრომით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და უარყო მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მოპასუხე სვ-----------ვამ შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეები განიხილება დისპიზიციურობის პრინციპის გამოყენებით. დისპოზციურობის პრინციპი გულისხმობს არა მხოლოდ მხარეებისათვის საპროცესო უფლების მინიჭებას, არამედ იგი გულისხმობს საპროცესო მოვალეობის დაკისრებასაც. ერთერთი ასეთი მოვალეობაა მოპასუხემ წარმოადგინოს შესაგებელი. შესაგებლის წარმოუდგენლობა საქართველოს სსკ-ის 232I-ე მუხლის საფუძველზე იწვევს მოპასუხის საწინააღმდეგო იურიდიულ შედეგს, რაც მასში გამოიხატება, რომ შესაგებელის წარმოუდგენლობისას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულებად ითვლება. ამდენად მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენით. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს ახალ ან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებია. მან დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, აღნიშნა რომ ითხოვს, რომ მიეცეს აუცილებელი გზის უფლება მოპასუხე სვ-----------ვას მიწის ნაკვეთზე გავლით, ამასთანავე, დაევალოს მოპასუხეს მოხსნას ლითონის ღობე, რათა მოსარჩელემ და მისმა ოჯახის წევრებმა დაუბრკოლებლად ისარგებლონ მითითებული გზით. ( 2018 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:15:47- 15:18:30)
ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 14 იანვარს სა---------ვსა და რაფ---–--------ოვს შორის, ბოლნისის რაიონ სოფელ ცურტავში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ 80.---------) გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთის (ს.კ 80.---------) მესაკუთრე გახდა სა---------ვი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 2-7, 2018 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 15);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 16; 18-19);
- საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 17; 20-21);
3.1.2. ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ 80.01.61.0--) წინ მდებარეობს მიწის ნაკვეთი (სკ 80.01.61.2--), რომლის მესაკუთრეს წარმოადგენდა ორხან გუსეინოვი, ხოლო 2017 წლის 21 ნოემბრიდან მისი მესაკუთრე გახდა მოპასუხე სვ------------ვა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 2-7; 2018 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 22)
- საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 24; 27)
3.1.3. ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს.კ 80.--------- და მიწის ნაკვეთზე სკ 80.01.61.2-- საჯარო გზებიდან მოხვედრა შეიძლებოდა მხოლოდ ორხან გუსეინოვის ჭიშკრიდან, ორხან გუსეინოვის (ამჟამად სვ-----------ვას საკუთრებაში არსებული) ნაკვეთზე გამავალი, დაახლოებით 7 მ სიგანისა და 32 მ სიგრძის გზით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 2-7; 2018 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. სვ-----------ვამ მოსარჩელის და თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის ააგო ლითონის ღობე, რის შედეგადაც სა---------ვსა და მის ოჯახის წევრებს გარე სამყაროსთან დაკავშირება შეუძლიათ აღნიშნულ ღობეზე გადაძრომით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 2-7; 2018 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი);
- ფოტოსურათები ( ს.ფ. 28-29)
- ექსპერტიზის დასკვნა - (ს.ფ. 40-53)
3.1.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 დეკემბრის N 00------7 ექსპერტის დაკვნით დადგებილია, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში მდებარე N 80.01.61.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივი მდგომარეობით გააჩნია ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც მდებარეობს მის აღმოსავლეთით. აღნიშნული გზის ძირითადი ნაწილი განტავსებულია N 80.01.61.2-- მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ საზღვარზე (N80.01.61.0-- და N 80.01.61.2-- მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ საკ.საზღვარზე) განთავსებულია გოფრირებული ლითონის ფურცლებით მოწყობილი ღობე, რომელიც კეტავს გზას და აღნიშნული მიმართულებით N 80.01.61.0-- მიწის ნაკვეთში მოხვედრა დღეის მდგომარეობით შეუძლებელია. საავტომობილო გზა იწყება N 80.01.61.2-- მიწის ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ჭიშკრიდან და მტავრდება N 80.01.61.0-- მიწის ნაკვეთზე განტავსებულ შენობა-ნაგებობასთან (ღობის შემდგომ საავტომობილო გზა გრძელდება შენობამდე). აღნიშნული საავტომობილო გზის სიგანე, შესასვლელი ჭიშკრიდან, ღობემდე მერყეობს 4.2 მ-დან 7.5 მ-მდე, ხოლო სიგრძე შეადგენს 32.6 მ-ს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 დეკემბრის N 00------7 ექსპერტის დაკვნა.( ს.ფ. 40-51)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
მართალია, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა თავის ახსნა-განმარტებაში სადავო გახადა გარკვეული ფაქტები, მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაითვალისწინოს მხოლოდ მისი სამართლებრივი მოსაზრებები სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე და 180-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია ან კანონით, ან ხელშეკრულებით (სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. სასამართლოს შეფასებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში. აუცილებელი გზით მიწის ნაკვეთის დატვირთვისას, მესაკუთრეების უფლების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გამოირიცხოს აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ზედმეტად დავალდებულება და, ამავდროულად, სხვა მესაკუთრისათვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს.კ 80.01.61.0-- საჯარო გზებიდან მოხვედრა შეიძლება მხოლოდ მოპასუხე სვ-----------ვას მიწის ნაკვეთზე (სკ 80.01.61.2--) გავლით, ასევე დადგენილია, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს კავშირი საჯარო გზასთან და რომ არ არსებობს სხვა ალტერნატიული გზა. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს მოპასუხის საკუთრების უფლების აუცილებელი გზით დატვირთვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ მოპასუხე სვ-----------ვას (პნ 150-------3) აეკრძალა მისი ნაკვეთის (ს.კ 80.01.26.2-- - 6,8 სიგანისა და 32,6მ სიგრძით) ნაწილზე (საერთო ფართი -222 კვმ, მოპასუხე სვ-----------ვას ჭიშკრიდან მოსარჩელე სა---------ვის ნაკვეთის დასაწყისამდე არსებული მიწის ნაკვეთი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომელიც ხელს შეუშლის სა---------ვს (პნ 100--------) აღნიშნული მიწის ნაკვეთის ჯეროვნად (აუცილებელი გზა) სარგებლობაში.
ამდენად, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 368-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე სა---------ვის სარჩელი მოპასუხე სვ-----------ვას მიმართ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის უფლების მიცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სა---------ვს მიეცეს აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება მოპასუხე სვ-----------ვას საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (სკ 80.01.61.2--).
3. მოპასუხეს სვ-----------ვას დაევალოს მოხსნას მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (სკ 80.01.61.2--) და მოსარჩელე სა---------ვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის (ს.კ 80.01.61.0--) საზღვარზე აგებული ლითონის ღობე.
4. მოპასუხე სვ-----------ვას მოსარჩელე სა---------ვის სასარგებლოს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე