გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2018
საქმის ნომერი
080210017001987376
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1807-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე

მოსარჩელე - გ------- მ------–---–ი

მოპასუხე - ნ--- ქ------ე

წარმომადგენელი - ნ----- მ---------–--

დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება, თანხის დაკორექტირება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაევალოს მოპასუხე ნ--- ქ------ეს, შეწყვიტოს მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებაში არსებული სახურავი-სათავსოს განზრახ ფიზიკურად დაზიანება სანიაღვრე მილის მეშვეობით და დაევალოს მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი 450 ლარის ოდენობით.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ნ--- ქ------ეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს #2/428-14 გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ 30 ლარის გადახდა კანალიზაციით სარგებლობის გამო 2016 წლის იანვრის თვის, ასევე დაკორექტირდეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული 30 ლარის გადახდა არსებული ინფლაციის გათვალისწინებით.

 

1.3. დაეკისროს მოპასუხე ნ--- ქ------ეს 1988 წლიდან 2012 წლამდე კანალიზაციით სარგებლობის გამო კომპენსაციის გადახდა ჯამში 8280 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას და მოპასუხეს აქვთ ერთმანეთთან მიდგმული სათავსოები. მოპასუხე განზრახ და სისტემატურად აზიანებს მოსარჩელის სათავსოს სახურავს, რის შედეგადაც ზიანდება სახურავი-სათავსო და სათავსოში არსებული ნივთები, მოპასუხის ასეთი ქმედებით კი მას მიადგა 450 ლარის ზიანი.

 

მოპასუხეს განზრახ აქვს ღვარსადენი მილი მოშვერილი მოსარჩელის ეზოს სათავსოსკენ და წყლით აზიანებს, შესაბამისად აუცილებელია შეწყდეს აღნიშნული ქმედება და ამიტომ მოსარჩელე ითხოვს საკუთრებით სარგებლობის მიზნით ხელშეშლის აღკვეთას.

 

მიუხედავად სასამართლოს მიერ დაკისრებული 30 ლარისა მოსარჩელეს იანვრის თვის დასაწყისისთვის არ გადაუხდია ეს თანხა. ამასთნ, ვინაიდან მოსარჩელე 1988 წლიდან 2012 წლამდე სარგებლობდა საერთო კანალიზაციით, მასვე უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა ამ პერიოდზე 8280 ლარის ოდენობით.

 

საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისას მოსარჩელემ გაიხმო სსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე შემდეგი მოთხოვნები: ,,1. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის 450 ლარის ოდენობით, ანაზღაურების შესახებ.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ნ--- ქ------ეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს #2/428-14 გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ 30 ლარის გადახდა კანალიზაციით სარგებლობის გამო 2016 წლის იანვრის თვის, ასევე დაკორექტირდეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული 30 ლარის გადახდა არსებული ინფლაციის გათვალისწინებით.

 

3. დაეკისროს მოპასუხე ნ--- ქ------ეს 1988 წლიდან 2012 წლამდე კანალიზაციით სარგებლობის გამო კომპენსაციის გადახდა ჯამში 8280 ლარის ოდენობით’’.

 

თუმცა მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა და იშუამდგომლა საქმის განხილვის გაგრძელებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ნ--- ქ------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ რა სახის ზიანი ადგება კონკრეტულად. მის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით კი არ შეიძლება მოხდეს იდენტიფიკაცია, არის თუ არა იგი ნამდვილად მხარეთა საკუთრება.

სანიაღვრეს საკითხიც უკვე დარეგულირებულია სამეზობლო სამართლის საფუძველზე და სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა გადახდილია. თავად მოსარჩელე კეტავს პერიოდულად საკანალიზაციო მილს, რაზეც 2013 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ------- მ------–---–ს აეკრძალა ხელშეშლა ამ საკანალიზაციო მილით სარგებლობაში და დაევალა საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილის გახსნა. თავად მოპასუხეს უწევს ყოველთვიურად ამ მილის გაწმენდა და ხარჯის გაწევა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო იმ მოთხოვნაზე, რომელზეც უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელში მითითებულ გარემოებებს.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 04 ივლისამდე ქ. ქუთაისში, დ. თავდადებულის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 419.00 კვ.მ., რომელზეც გადის მხარეთა საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი, დარეგისტრირებული იყო ე. ქ---------ის საკუთრებად და 2014 წლის 4 ივლისს აღირიცხა მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებად N1-------- კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (დამოწმების თარიღი: 01/07/2014წ.). შესაბამისად მოსარჩელე გ------- მ------–---–ი ცხოვრობს ქ.ქუთაისში, დ---------------–-- ქ.35-ში. ხოლო მოპასუხე ნ--- ქ------ე ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ბ-------ს ქ.№2ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

 

3.2. მოსარჩელე გ------- მ------–---–ი არის ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი უვადოდ. მას სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი ასაკის კატეგორიით. მისი სოციალური პაკეტი/ფულადი კომპონენტი შეადგენს 180 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ -20 ),-ცნობა (ს/ფ - 15 ),-სამკვიდრო მოწმობა (ს/ფ -17-19 )

 

3.3. მოპასუხე ნ--- ქ------ე 1985 წლიდან სარგებლობს ამჟამად მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში გამავალი საკანალიზაციო სისტემით.

 

3.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, 2012 წლის ივნისამდე საკანალიზაციო მილთან დაკავშირებით მხარეებს დავა არ ჰქონიათ. დადგენილი იქნა, რომ გ------- მ------–---–მა 2012 წლის ივნისში ნ--- ქ------ეს ჩაუკეტა საკანალიზაციო ხაზი, რის გამოც ამ უკანასკნელმა მიმართა სასამართლოს საერთო საკანალიზაციო მილით სარგებლობის შეზღუდვის აკრძალვის თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ--- ქ------ის სარჩელი და აეკრძალა გ------- მ------–---–ს ნ--- ქ------ის საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილით სარგებლობის ხელშეშლა, რა მიზნითაც გ------- მ------–---–ს დაევალა გახსნას მის მიერ ჩაკეტილი საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი.

 

3.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ--- ქ------ეს მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის კომპენსაციის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 30 ლარის გადახდა გ------- მ------–---–ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს/ ფ 63-72),- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ -20 ),- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს/ფ-49-72 ),- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. 2018 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--- ქ------ე ყოველთვიურად უხდის გ------- მ------–---–ს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ 30 ლარს საკანალიზაციო მილით სარგებლობისათვის.

 

-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი),- ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ -24-26)

 

4.2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ნ--- ქ------ეს მისი სახლის სახურავის ღვარსადენი განზრახ აქვს მიმართული მოსარჩელე მხარის ეზოსკენ და წყლის ნაკადით აზიანებს მის ეზოში ჩადგმულ ნაგებობას (სათავსოს და მასში განთავსებულ ნივთებს). სასამართლოს მიერ ჩატარებული ადგილზე დათვალიერების შედეგად არ დადასტურდა მოპასუხე მხარის მიერ საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მდებარე ღვარსადენი მილიდან მოსარჩელის ნაგებობებისათვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტი. წვიმის შემთხვევაში წყლის ჩადინება მოხდება მოპასუხის ეზოში. შესაბამისად არ დადასტურდა მოპასუხე ნ--- ქ------ის სახლის სახურავის ღვარსადენი მილიდან მოსარჩელის ნაგებობისათვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტი.

 

ამასთან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც საწინააღმდეგო გარემოებას დაადასტურებდა.

 

4.3. საქმეზე წარმოდგენილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ბ----- შ-----ს მიერ 2017 წლის 01 ივნისს შედგენილი სააღსრულებო მოქმედების შესახებ ოქმის თანახმად, გამოცხადდნენ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, ქ.ქუთაისი, დ---------------–-- ქ.#5, სადაც დახვდათ მოვალე გ------- მ------–---–ი, რომლის განცხადებით მის მიერ საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი ჩაკეტილი არ არის განზრახ და მისი განმარტებით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ მოიყვანოს მუშები და გაწმინდოს საკანალიზაციო მილი, რაზეც მოვალე წინააღმდეგი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს/ფ -146-147 ),-ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ (ს/ფ- 47-48 ),- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.4. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ბ----- შ-----ს მიერ 2017 წლის 05 ივნისს შედგენილი ოქმის თანახმად, გამოცხადდნენ მისამართზე, ქ.ქუთაისი, ბ-------ს ქ. #12ა, კრედიტორმა ნ--- ქ------ემ ,,წ---–-----–იდან’’ მოიყვანა სპეციალისტები, რომლებმაც გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარეს საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილს. ამ ეტაპზე საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი არ არის ჩაკეტილი და წყალი გაედინება თავისუფლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს/ფ -146-147),-ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ (ს/ფ -47-48)

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას, დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

 

მართალია, მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაიხმო 3 სასარჩელო მოთხოვნა სსკ-ის 831მუხლის საფუძველზე, მაგრამ მას არ დაეთანხმა მოპასუხის წარმომადგენელი, ამიტომ სასამართლო ყველა მოთხოვნას, მათ შორის მოთხოვნას ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, აფასებს ერთობლიობაში და თვლის, რომ მათი დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები არ დადასტურებულა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც გ------- მ------–---–ს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

 

6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

-სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე, 180-ე, 992-ე მუხლები,-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე,103-ე, 105-ე-106-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით(ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა - შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელზეც სამოქალაქო დადგენილი ფაქტები საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებას არ საჭიროებენ. კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--- ქ------ე 1985 წლიდან სარგებლობს ამჟამად მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში გამავალი საკანალიზაციო სისტემით. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 1985 წელს სახლის შეძენის დროს და 2012 წლის ივნისამდე საკანალიზაციო მილთან დაკავშირებით მხარეებს დავა არ ჰქონიათ. დადგენილი იქნა, რომ გ------- მ------–---–მა 2012 წლის ივნისის თვეში ნ--- ქ------ეს ჩაუკეტა საკანალიზაციო ხაზი, რის გამოც ამ უკანასკნელმა მიმართა სასამართლოს საერთო საკანალიზაციო მილით სარგებლობის შეზღუდვის აკრძალვის თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ--- ქ------ის სარჩელი და აეკრძალა გ------- მ------–---–ს ნ--- ქ------ის საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილით სარგებლობის ხელშეშლა, რა მიზნითაც გ------- მ------–---–ს დაევალა გახსნას მის მიერ ჩაკეტილი საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი.

 

7.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე, დააკმაყოფილა ნ--- ქ------ის სარჩელი და აეკრძალა გ------- მ------–---–ს ნ--- ქ------ის საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილით სარგებლობის ხელშეშლა, ასევე დაეკისრა ნ--- ქ------ის სასარგებლოდ საკანალიზაციო ხაზის გახსნა და შესაბამისად ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად მისი მიწის ნაკვეთის გამოყენების თმენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამეზობლო სამართალი დამყარებულია მეზობლების ურთიერთპატივისცემაზე, თუმცა კანონით გათვალისწინებულ შეთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს მისი საკუთრებით სარგებლობის თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

 

ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით კანონი მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეზღუდვას აწესებს მხოლოდ ნორმაში აღნიშნულ წინაპირობათა უტყუარად არსებობის შემთხვევაში. ამავდროულად, ამ წინაპირობების არსებობის აუცილებლობაზე გავლენას არ ახდენს მესაკუთრის მიერ მეზობლისათვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი მიზნით (მეორე მეზობლის მიერ ნაკვეთით უკეთ სარგებლობის ან სხვა) და საფუძვლით (კეთილმეზობლური, ნათესაური და სხვა) მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლების გადაცემა. ამდენად, მატერიალური სამართლით გათვალისწინებულ წინაპირობათა არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (უზენაესი სასამართლოს განმარტება, საქმე Nას-102-100-2011).

 

7.3. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა, თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის საფუძველზე პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მოცემული საქმისათვის, დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------- მ------–---–ს, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის თმენისათვის მიეცა კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 30 ლარი, რომლის გადახდასაც ახორციელებს მოპასუხე ნ--- ქ------ე. ხოლო საქმეზე არ დადასტურებულა მოპასუხე ნ--- ქ------ის სახლის სახურავის ღვარსადენი მილიდან მოსარჩელის ნაგებობებისათვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტი.

 

განსახილველ შემთხვევაშიც, ადგილზე დათვალიერების შედეგადაც არ დადასტურდა ნ--- ქ------ის მხრიდან რაიმე უკანონო ზემოქმედების ფაქტი გ------- მ------–---–ის საკუთრების მიმართ, კერძოდ, მისი სახლის ღვარსადენიდან მოსარჩელის სათავსოზე წყლის ჩადინების (გადადინების)შედეგად სათავსოს კედლების ან სახურავის დაზიანების ფაქტი.

 

სასამართლოს აზრით, მესაკუთრესაც, თავის მხრივ, აქვს უფლება დაიცვას და მოუაროს მის საკუთრებას, რასაც მოკლებულია ის დამხმარე სათავსო, რომლის განზრახ დაზიანებას სანიაღვრე მილის მეშვეობით მოსარჩელე ედავება მოპასუხეს. რადგან ნ--- ქ------ის სახლზე არსებული ღვარსადენი (სანიაღვრე) მილი არაა მიმართული მოსარჩელის სათავსოსაკენ და წყალი გადაედინება (წვიმის შემთხვევაში)მისსავე ეზოში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გ------- მ------–---–ის მოთხოვნა- ნ--- ქ------ემ შეწყვიტოს მისი სათავსოს განზრახ დაზიანება სანიაღვრე მილის მეშვეობით, უსაფუძვლოა.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელმაც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულს. პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა. ბრალი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით. განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ვერ იქნა დადგენილი მოპასუხე მხარის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ნ--- ქ------ეს მისი სახლის სახურავის ღვარსადენი მილი განზრახ აქვს მიმართული მოსარჩელე მხარის სათავსოსკენ და წყლის ნაკადით აზიანებს მის ეზოში ჩადგმულ ნაგებობას. აღნიშნული არ დადასტურდა არც ადგილზე დათვალიერების შედეგად. შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებლობასთან ერთად უსაფუძვლოცაა და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზეც.

 

7.5. ასევე ვერ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნები საკანალიზაციო მილით სარგებლობისთვის კომპენსაციის დაკორექტირების და კომპენსაციის გადახდის თაობაზე 1988 წლიდან 2012 წლამდე კანალიზაციით სარგებლობისათვის 8280 ლარის ოდენობით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ გ------- მ------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქუთაისში, დ. თავდადებულის ქ. N5-ში, მის სახელზე აღირიცხა 2014 წლის 04 ივლისს კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. 2014 წლის 04 ივლისამდე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა გ------- მ------–---–ის დედის ე. ქ---------ის საკუთრებად, მათ შორის 1988 წელსაც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, მოსარჩელე გ------- მ------–---–მა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მის საკუთრებად დაარეგისტრირა 2014 წლის 04 ივლისს, მას სწორედ აღნიშნული თარიღიდან წარმოეშვა მისი საკუთრებით სარგებლობისათვის კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება. რაზეც დაკმაყოფილდა კიდეც მისი მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით და ნ--- ქ------ეს მოსარჩელე გ------- მ------–---–ის სასარგებლოდ, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის თმენისათვის, მიეცა ფულადი ანაზღაურება ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით. შესაბამისად მოთხოვნები კომპენსაციის კორექტირებისა და 1988 -2012 წ.წ. პერიოდისათვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა.

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, მოსარჩელე გ------- მ------–---–ს უარი უნდა ეთქვას მოპასუხე ნ--- ქ------ისათვის სახურავი-სათავსოს განზრახ სანიაღვრე მილის მეშვეობით დაზიანების შეწყვეტაზე (ხელშეშლის აღკვეთა), სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურების, კომპენსაციის დაკორექტირებისა და 1988 წლიდან 2012 წლამდე კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------- მ------–---–ი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ’’მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------- მ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გ------- მ------–---–ს უარი ეთქვას მოპასუხე ნ--- ქ------ისათვის სახურავი-სათავსოს განზრახ სანიაღვრე მილის მეშვეობით დაზიანების შეწყვეტაზე (ხელშეშლის აღკვეთა), სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურების, კომპენსაციის დაკორექტირებისა და 1988 წლიდან 2012 წლამდე კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე;

 

3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე