გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2018
საქმის ნომერი
010210117002003946
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117002003946

2-2556/2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05.04.2018 წ. ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ირაკლი შ-----

სხდომის მდივანი ნათია ზოიძე

მოსარჩელე - ნ---- გ---------

წარმომადგენელი - პ----- შ-----

მოპასუხე - შპს „ბ------------–--------------–-“

წარმომადგენელი -ს----- ა--------

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, დაყოვნებული ხელფასისათვის პროცენტის გადასახდელად დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს "ბ------------–--------------–-"-სათვის სახელფასო დავალიანების 7 826 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება და საბოლოო ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მოპასუხისათვისთ გადასახდელად დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ, მოსარჩელე საერთოდ არ მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში და სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ შეცვალა პოზიცია, დაადასტურა, რომ, მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში, მაგრამ მის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნიათ, მოპასუხის განმარტებით მოსარჩელეს სრულად ანაზღაურებული აქვს გამომუშავებული ხელფასი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ბ------------–--------------–-ს დირექტორის ბრძანებით რეპროდუქტოლოგიისა და გინეკოლოგიის სამსახურის ექიმ გინეკოლოგი ნ---- გ--------- 2017 წლის 06 მარტიდან განთავისუფლდა სამსახურიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

შპს ბ------------–--------------–-ს დირექტორის 2017 წლის 01 მარტის ბრძქანება; მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა ნ---- გ-------ძის შპს ბ------------–--------------–თან შრომით ურთიერთობაში ყოფნის ფაქტი, შესაბამისად დადგენილია დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისათვის შეთანხმებული ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის არსებობისას დამსაქმებელი ვალდებულია აუნაზღაუროს დასაქმებულს მხარეებს შორის შეთანხმებული ხელფასი.

 

საქმეზე დართული მტკიცებულებებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ხელფასი განისაზღვრებოდა გამომუშავებით, რის გამოც სხვადასხვა თვის ასაღები ხელფასი იყო განსხვავებული შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

 

3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ნ---- გ---------ს არ მიუღია 2016 წლის ნოემბრის თვის ხელფასი -3438 ლარი, 2016 წლის დეკემბრის თვის ხელფასი - 2070 ლარი და 2017 წლის იანვრის თვის ხელფასი - 2318 ლარი, სულ სახელფასო დავალიანება ჯამში შეადგენს 7826 ლარს. სახელფასო დავალიანების შესახებ ფაქტობრივი გარემოება სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოპასუხე ორგანიზაციის მიერ 2017 წლის 13 მარტს გაცემულია ცნობა N85, სადაც აღნიშნულია, რომ, მოსარჩელე ნ---- გ-------ძის მიმართ მოპასუხეს გააჩნია სახელფასო დავალიანება, კერძოდ, 2016 წლის ნოემბრის თვის დავალიანება - 3438 ლარი, 2016 წლის დეკემბრის თვის დავალიანება - 2070 ლარი, 2017 წლის იანვრის თვის დავალიანება - 2318 ლარი და 2017 წლის თებერვლის თვის დავალიანება - 2898 ლარი, ცნობის გაცემის მომენტისათვის მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება ჯამში შეადგენდა 10 724 ლარს.

 

3.2.3. მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ ცნობის გაცემის შემდგომ მოპასუხე მხარემ აუნაზღაურა 2017 წლის თებერვლის თვის დავალიანება 2898 ლარის ოდენობით, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე შეადგენს 7826 ლარს.

 

3.2.4. ვინაიდან მოპასუხე მხარე სადავოდ ხდიდა ზემოაღნიშნული ცნობის ნამდვილობასა და მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობას, სასამართლო პროცესზე დაიკითხა მოწმეები: მოწმე შ----- წ-----–--ემ (მ---------) განმარტა, რომ, მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობს მთავარი ექიმის პოზიციაზე, მოწმემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 13 მარტს გაცემული ცნობაზე დირექტორის ჯ------- უ-----ის ნაცვლად არის მისი ხელმოწერა, რაც განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ, ცნობის გაცემის მომენტისათვის დირექტორი არ იმყოფებოდა სამსახურში, მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ, ვიდრე ცნობას ხელს მოაწერდა, ცნობა ხელმოწერილი იყო ფინანსური მენეჯერის აწ გარდაცვლილი დ----- ქ-------ის მიერ.

 

3.2.5. 2017 წლის 13 მარტს გაცემულ ცნობასთან დაკავშირებით მოწმის სახით დაიკითხა მოპასუხე ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი ს---–--- ა----–--ე, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა, რომ მისთვის ცნობილია ნ---- გ-------ძის სახელფასო დავალიანების თაობაზე, დაადასტურა სახელფასო დავალიანების ცნობის ნამდვილობა და განმარტა, რომ, ცნობაში ასახული ინფორმაცია სახელფასო დავალიანების თაობაზე დამუშავებული იქნა მის მიერ.

 

მოწმის სახით დაიკითხულმა მოპასუხე ორგანიზაციის კანცელარიის უფროსმა მ--- ა-----ემ, სასამართლოს დაუდასტურა, რომ აღნიშნული ცნობის გაცემა მოხდა კანცელარიის მეშვეობით, ცნობაზე ხელმოწერები ეკუთვნის აწ გარდაცვლილ ფინანსურ მენეჯერს დ----- ქ-------ეს და მთავარ ექიმ შ----- წ-----–--ეს (მ---------).

 

3.2.6. მოსარჩელე მხარის 2016 წლის იანვრის თვის ხელფასის ვადაგადაცილება სარჩელის შემოტანამდე 210 დღეზე, რასაც მოსარჩელე ითხოვს დაყოვნებული თანხის 0,07% შეადგენს 506 ლარს. 2016 წლის დეკემბრის თვეში გასაცემი ხელფასიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 180 დღეზე, რასაც მოსარჩელე ითხოვს დარიცხული 0,07% შეადგენს 260 ლარს და 82 თეთრს, ხოლო 2017 წლის იანვრის თვის გასაცემი ხელფასის 150 დღეზე ყოველდღიურად დარიცხული 0.07 % ჯამში შეადგენს 243 ლარს და 39 თეთრს.

 

3.2.7 მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯის თაოაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან დასტურდება სახელფასო დავალიანებისა და ხელფასის დაყოვნების ფაქტი ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი, რადგან სასამართლოში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯის შესახებ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე. 42-ე, მუხლები

საქართველოს შრომის კოდექსი 31-ე, 37-ე, 38-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, 39-ე, 53-ე, 55-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული იყო შრომითი ხელშეკრულება, დასაქმებული დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, იღებდა შრომის ანაზღაურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიას, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება გააჩნია 2016 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანება, 2016 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანება, 2017 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანება და დაყოვნებული ყოველი დღისთვის დასაკმაყოფილებელი თანხის 0,07 % მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში

 

საქართველოს შკ-ის 31-ე მუხლის 3 ნაწილის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 %.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, მათი ანალიზისა და შეფასების, მითითებულ სამართლებრივ ნორმათა განმარტების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ---- გ-------ძის სასარჩელო მოთხოვნა შპს „ბ------------–--------------–-“-ს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რადგან საქართველოს კანონით ,, სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-5 მუხლის 1 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან’’. ამავე კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, ,,სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია’’. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლისა და 39-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს შპს შპს „ ბ------------–--------------–“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 265 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 268-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ---- გ-------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2 შპს ბ------------–--------------–ს მოსარჩელე ნ---- გ-------ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელფასო დავალიანების 7826 (შვიდიათასრვაასოცდაექვსი) ლარის გადახდა.

 

3. შპს ბ------------–--------------–ს მოსარჩელე ნ---- გ-------ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს (ხელფასის დაყოვნებისათვის გადასახდელი პროცენტი) 1010 (ათასათი) ლარისა და 21 (ოცდაერთი) თეთრის გადახდა.

 

4. შპს „ბ------------–--------------–ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 265 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. მოსარჩელე ნ---- გ---------ს უარი ეთქვას საადვოკატო მომსახურეობის თანხის 600 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრების თაობაზე

 

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ზუბალაშვილი ქ. №30) მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე: ირაკლი შ-----