გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.04.2018
საქმის ნომერი
150310018002300281
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1503100180--30--81

3/8-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი

 

შესავალი ნაწილი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - არარატ ესოიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

 

მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მაგდა ბერიძე

 

მოპასუხე - კ------- ც------ანი (პ/ნ 0----------)

დავის საგანი - ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. კ------- ც------ანს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 4022 ლარისა და 35 თეთრის გადახდა;

მითითებული თანხიდან:

- 2411 ლარი და 80 თეთრი წარმოადგენს საიჯარო ქირის თანხას 2016 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით;

- 410 ლარი და 55 თეთრი წარმოადგენს საიჯარო ქირის გადაუხდელობის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხას 2016 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით (1287 ლარის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ჯამში 319 დღე);

- ხელშეკრულების 6.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 500 ლარი;

- ხელშეკრულების 6.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 100 ლარი;

- ხელშეკრულების 6.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 500 ლარი;

- ხელშეკრულების 6.6 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 100 ლარი;

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 25 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (მეიჯარე) და კ------- ც------ანს (პ/ნ 0----------) (მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მეიჯარის საკუთრებაში არსებული, ახალქალაქის რაიონში, სოფელ ხანდოში არსებული 29 220 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გაცემა. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 15 წელი, ხოლო ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელ ყოველწლიურ საიჯარო ქირად - 1287 ლარი.

იჯარის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის გადახდა განხორციელდებოდა ყოველწლიურად, ყოველი წლის 31 დეკემბერს, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მეიჯარის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

იჯარის ხელშეკრულების მე-3 მუხლით, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად ინფორმაციის წარდგენა (3.1.1 პუნქტი), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თუ იჯარის ვადის გასვლამდე დარჩენილია 5 წელიწადი - იჯარის ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა (3.1.2 პუნქტი) და აღნიშნულ ვალდებულებათა შესრულების დადასტურების მიზნით, დოკუმენტების საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა მეიჯარისათვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენა (3.1.6 და 3.1.7 პუნქტები).

იჯარის ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგინდა მხარეთა პასუხისმგებლობის ფორმა. კერძოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთანავე, ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.2. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით თითოეული დარღვევისათვის, ხოლო 3.1.6. და 3.1.7. პუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში - 100 ლარის ოდენობით თითოეული დარღვევისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არცერთი ვალდებულება არ შესრულებულა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ნოემბრის N16/59821 წერილით, 2017 წლის 21 თებერვლის N16/8190 წერილით, 2017 წლის მარტის N16/14209 წერილით, 2017 წლის 13 ივლისის N16/35182 წერილით მიეცა წინადადება მეიჯარისათვის წარმოედგინა იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გადახდის ქვითრები), ხოლო სააგენტოს 2017 წლის 14 ნოემბრის N1/2-469 ბრძანებით ცალმხრივად მოიშალა მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.

კ------- ც------ანის მიერ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დღემდე არ შესრულებულა.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე კ------- ც------ანი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა პროცესის თაობაზე, სხდომაზე არ გამოცხადდა და არც წერილობით შესაგებელი არ წარმოუდგენია, შესაბამისად მისი პოზიცია მოცემულ დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ცნობილი არ არის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 25 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოსა (მეიჯარე) და კ------- ც------ანს (პ/ნ 0----------) (მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მეიჯარის საკუთრებაში არსებული, ახალქალაქის რაიონში, სოფელ ხანდოში არსებული 29 220 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 63.08.31.0--) იჯარის უფლებით გაცემა. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 15 წელი, ხოლო ქონებით სარგებლობისათვის გადასახდელ ყოველწლიურ საიჯარო ქირად - 1287 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და კ------- ც------ანს შორის 2016 წლის 25 მარტის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-31).

 

3.1.2. იჯარის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის გადახდა განხორციელდებოდა ყოველწლიურად, ყოველი წლის 31 დეკემბერს, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მეიჯარის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

იჯარის ხელშეკრულების მე-3 მუხლით, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად ინფორმაციის წარდგენა (3.1.1 პუნქტი), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თუ იჯარის ვადის გასვლამდე დარჩენილია 5 წელიწადი - იჯარის ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა (3.1.2 პუნქტი) და აღნიშნულ ვალდებულებათა შესრულების დადასტურების მიზნით, დოკუმენტების საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა მეიჯარისათვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენა (3.1.6 და 3.1.7 პუნქტები).

იჯარის ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგინდა მხარეთა პასუხისმგებლობის ფორმა. კერძოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთანავე, ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.2. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით თითოეული დარღვევისათვის, ხოლო 3.1.6. და 3.1.7. პუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში - 100 ლარის ოდენობით თითოეული დარღვევისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და კ------- ც------ანს შორის 2016 წლის 25 მარტის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-31).

 

3.1.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოს 2016 წლის 21 ნოემბრის N16/59821 წერილით (ს.ფ 53-54) კ------- ც------ანს ეცნობა, რომ უზრუნველეყო იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვადების გათვალისწინებით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოს 2017 წლის 21 თებერვლის N16/8190 წერილით (ს.ფ 34-35) კ------- ც------ანს მიეცა წინადადება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა საიჯარო უძრავი ქონების ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის N16/14209 წერილით (ს.ფ 37-38), კ------- ც------ანი გაფრთხილებულია ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხიმგებლობის შესახებ და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულს სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის N16/35182 წერილით (ს.ფ 40-41) კ------- ც------ანს მიეცა წინადადება მეიჯარისათვის წარედგინა იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გადახდის ქვითრები).

ამასთან დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მითითებული წერილები ჩაბარდა მოპასუხეს, თუმცა კ------- ც------ანის მიერ წერილებში მითითებული დაკისრებული ვალდებულებები არ შესრულებულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მითითებული წერილები;

- მოსარჩელის განმარტება;

- საქართველოს ფოსტის ჩაბარების შეტყობინების ბარათები (ს.ფ. 36, 39, 49-52)

 

3.1.4. დადგენილია, რომ კ------- ც------ანის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინაშე შეადგენს 4022 ლარისა და 35 თეთრს;

საიდანაც:

- 2411 ლარი და 80 თეთრი წარმოადგენს საიჯარო ქირის თანხას 2016 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით;

- 410 ლარი და 55 თეთრი წარმოადგენს საიჯარო ქირის გადაუხდელობის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხას 2016 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით (1287 ლარის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ჯამში 319 დღე);

- ხელშეკრულების 6.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 500 ლარი;

- ხელშეკრულების 6.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 100 ლარი;

- ხელშეკრულების 6.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 500 ლარი;

- ხელშეკრულების 6.6 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 100 ლარი);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და კ------- ც------ანს შორის 2016 წლის 25 მარტის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ 19-31);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის სამსახურებრივი ბარათები (ს.ფ 33, 42, 43, 55);

- მოსარჩელის განმარტება.

 

3.1.5. მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება მოიშალა 2017 წლის 14 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ, იმ მოტივით, რომ მოიჯარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 14 ნოემბრის N1/2-469 ბრძანება (ს.ფ 44);

- მოსარჩელის განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეებს, აკეთებს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (მუხლი 2), ასევე განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხებს პირველი ინსტანციის სასამართლოში (თავი VIII). ამ კოდექსის პირველი მუხლი ადგენს კოდექსის მოქმედების სფეროს და ამბობს, რომ ,,ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი''. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი კი აკეთებს ჩამონათვალს იმ საქმეებისა, რაც შეიძლება იყოს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი, კერძოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ხოლო მე-3 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რაც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალური მიზნის განსახორციელებლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს სარჩელის სხვადასხვა ფორმები და საპროცესო მოქმედებები. იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ამ პირთა ქმედითი სამართლებრივი დაცვა, შეიქმნა სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა ფორმები, როგორც ადეკვატური პროცესუალური საშუალებები, რა ფორმის სარჩელი უნდა იქნეს აღძრული დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნისათვის იღწვის მოსარჩელე. პირმა, რომელიც საჭიროებს სამართლებრივ დაცვას, პირველ რიგში თვითონ უნდა შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ამავდროულად ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია გაუწიოს ამ პირს სათანადო მხარდაჭერა, ამასთან, დავის საგნის განსაზღვრა მთლიანად მოსარჩელის კომპეტენციაა, იგი განსაზღვრავს სარჩელის შინაარს და მოცულობას. სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში. სარჩელის წარდგენის უფლების არსებობის შესახებ მოთხოვნა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი პირის მიერ შემოტანილი სარჩელები, ანუ ხელი შეეშალოს იმას, რომ ნებისმიერ პირს ვისი უშუალო კანონიერი ინტერესიც არ შელახულა არ შეეძლოს სარჩელის აღძვრა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წინააღმდეგ, ან მის მიღებაზე უარის თქმის ან ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის შემთხვევაში.

კომპეტენციის გამიჯვნის პოზიტიური ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით სზაკ-ის 2.1 მუხლი იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. ამასთანავე, კომპეტენციის განსაზღვრის ზოგადი ნიშნის გამოყენებით (ენუმერაციის მეთოდი) კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის. ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას.

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ, სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს (სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.06.2012წ. №ბს-1394-1377(კ-11) განჩინება).

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში (იჯარით) გადაცემა, მისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი, ასევე აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების (ვალდებულებების/პასუხისმგებლობის) აღსრულება ხორციელდება/განპირობებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოტანით.

შესაბამისად, მოცემული დავა განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამასთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 592-ე მუხლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლოსამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში (იჯარით) გადაცემა ასევე რეგულირდება სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და იმანენტურ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა (მაგალითად, 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შესრულება. კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსსა და შესრულებით დაინტერესებული პირების მოლოდინს. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ვალდებულება არ წყდება და როგორც წესი, შედეგად იწვევს ვალდებულების დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა განუხრელ დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. თუ როგორი შესრულებაა ჯეროვანი, უპირველეს ყოვლისა, ხელშეკრულებით განისაზღვრება.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და კ------- ც------ანს შორის გაფორმებული იჯარის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (იხ. 3.1.1 და 3.1.2.)

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, თუმცა დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ვალდებულება არ იქნა შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. როგორც უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავისთავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, კერძოდ, ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი აღნიშნულის თაობაზე, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ განაკვეთს, ამ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს - ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, ასევე საჯარო ინტერესს.

6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დადგენილია რა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშვათ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ვალდებულება, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებულია იყო გადაეხადა იჯარის თანხა 2411.8 ლარის ოდენობით, რაც მის მიერ არის გადახდილი, ასევე ვალდებული იყო გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაკისრებული პირგასამტეხლო 1610,55 ლარის ოდენობით, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა (იხ. 3.1.3. და 3.1.4.), რის გამოც სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევბის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 120 ლარისა და 70 თეთრს, ხოლო სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შესაბამისად მოპასუხე კ------- ც------ანს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარისა და 70 თეთრის ოდენობით;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. კ------- ც------ანს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 4022 ლარისა და 35 თეთრის გადახდა (საიდანაც: 2411 ლარი და 80 თეთრი წარმოადგენს საიჯარო ქირის თანხას 2016 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით; 410 ლარი და 55 თეთრი წარმოადგენს საიჯარო ქირის გადაუხდელობის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხას 2016 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით (1287 ლარის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ჯამში 319 დღე); ხელშეკრულების 6.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 500 ლარი; ხელშეკრულების 6.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 100 ლარი; ხელშეკრულების 6.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 500 ლარი; ხელშეკრულების 6.6 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 100 ლარი);

3. მოპასუხე კ------- ც------ანს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარისა და 70 თეთრის ოდენობით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალქალაქი მ. მაშტოცის ქ. №110) მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: არარატ ესოიან