გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
200210017001683419
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30-17

N200210017001683419

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 მაისი, 2018 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - შპს ,,ე-------“

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

მოპასუხე - მ--- კ---–-–---–ი-ჯ--–---–---–ი

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ--- კ---–-–---–ი-ჯ--–---–---–ს შპს ,,ე--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 12 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 553.81 ლარის გადახდა, საიდანაც 300.00 ლარი არის ძირი, 42.00 - პროცენტი, ხოლო პირგასამტეხლო - 211.81 ლარი.

1.2. მოპასუხე მ--- კ---–-–---–ი-ჯ--–---–---–ს შპს ,,ე--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

შპს ,,ე--------სსა“ და მ--- კ---–-–---–-ჯ--–---–---–ს შორის 2015 წლის 12 მარტს გაფორმებულ იქნა სესხის ხელშეკრულება N15318, რომლის საფუძველზედაც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 300.00 ლარის ოდენობით, 2015 წლის 11 აპრილამდე. სესხი გაცემულ იქნა 30 დღის ვადით პროცენტი შეადგენდა 42.00 ლარს. ხელშეკრულების 0.1 პუნქტით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული დღისათვის ძირითადი თანხის 1.5 პროცენტი, ყოველდღიურად შეადგენდა 4.500ლარს. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 11 აპრილამდე ან/და განხორციელებულიყო გადასახდელი თანხის გადავადება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-8 პუნქტის თანახმად. მ--- კ---–-–---–ი-ჯ--–---–---–ის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის 27 აპრილს, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მ--- კ---–-–---–ი-ჯ--–---–---–მა სასამართლოს მომართა შესაგებლით, რომლის მიხედვითაც იგი სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და განმარტა, რომ მართალია მას სესხის აღების შემდეგ პირველ თვეს დაუფიქსირდა ვადაგადაცილება, თუმცა ამის შემდეგ მან შეიტანა თანხა ძირითად თანხისა და საპროცენტო სარგებლის დასაფარად, რამაც ჯამში შეადგინა 338.00 ლარი. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებიდან გამომიდინარე და თითქმის ძირითადი თანხის ტოლია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ე--------სსა“ და მ--- კ---–-–---–-ჯ--–---–---–ს შორის 2015 წლის 12 მარტს გაფორმებულ იქნა სესხის ხელშეკრულება N15318, რომლის საფუძველზედაც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 300.00 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 12 მარტს გაფორმებულ იქნა სესხის ხელშეკრულება N15318 (ს.ფ. 15-21).

 

- მსესხებლის მიერ შევსებული ელექტორნული განაცხადის ფორმა, გამსესხებლის მიერ მსესხებლის წარმოდგენილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარი (ს.ფ.29);

 

3.1.2. მოპასუხეს ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილი აქვს 342.36 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობები, გადახდის ქვითრები (ს.ფ. )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ--- კ---–-–---–ი-ჯ--–---–---–ის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის 27 აპრილს და 2016 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით მისი დავალიანება შპს ,,ე--------ის“ წინაშე შეადგენს 2907 ლარს, მათ შორის: 300.00 ლარი ძირი მოთხოვნა, პროცენტი - 42.00 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2565 ლარი.მოსარჩელე მხარე სარჩელით ითხოვს მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 211 ლარის დაკისრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 12 მარტს გაფორმებულ იქნა სესხის ხელშეკრულება N15318 (ს.ფ. 15-21).

-სარჩელი(ს.ფ.3-7)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2016 წლის 14 ივნისის სესხის ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე შპს ,,ე-------’’ ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,კრედიტ მენეჯმენტი“ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს 400 ლარს.

 

სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ამავდროულად ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეკიდონ თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ აღნიშნული გადიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი სუბიექტის ქცევის ფარგლებიდან.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას. ამ პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრები არ არის შეუზღუდავი და მისი ფარგლების განმსაზღვრელიც სწორედ ზემოაღნიშნული კეთილსინდისიერების პრინციპი გახლავთ. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ დაადგინონ ის იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ დააკისრებს ხელშეკრულების მხარეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, კანონი დაცვითი მექანიზმის სახით - პირგასამტეხლოს დანიშნულების ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს ანიჭებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია და სასამართლოს უფლება აქვს პირგასამტეხლო შეამციროს იმ ოდენობამდე, რომ იგი ამ დანიშნულებას არ გასცდეს.

 

განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს შპს ე-------“ მიერ პირგასამტეხლოს სახით დასახელებული თანხა გონივრულად არ მიაჩნია, მისი მოცულობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 21 ლარით.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სესხის დაფარვის გადავადების პირობაზე, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში გადავადების საკომისიოს ტარიფი გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ სესხის გადავადების ტარიფი განსაზღვრული არ არის, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება ინდივიდუალურად.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო 2015 წელის 12 მარტს. მოპასუხის მიერ გადახდილია 341.86 ლარი,რაც მიემართა სესხის დასაფარად, ხოლო სესხის გადავადების საკომისიოს დასაფარად მიემართა მოპასუხის მიერ 2015 წლის12 აპრილს გადახდილი 30.50 ლარი, 2016 წლის 09 მარტს გადახდილი 49.98 ლარი, 2016 წლის 09 მარტს გადახდილი 4.50 ლარი, 2016 წლის 14 ივლისს გადახდილი 104.00 ლარი, სულ ჯამში 341.86 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ სესხის გადავადების ტარიფი მხარეებს შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა და მოსარჩელის მიერ სესხის გადავადებისათვის მიმართულია სხვადასხვა თანხები,სასამართლო სესხის გადავადების საფასურის გონივრულ ოდენობად მიიჩნევს 30 ლარს.

 

როგორც სასამართლომ შპს ,,ემ ბი სი“ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების სპეციალური პირობების შესაბამისად დაადგინა, სესხთან დაკავშირებით ასანაზღაურებელი სარგებელი (საკომისიო), რომელიც სესხის ძირითადი თანხის ლიმიტების შესაბამისად სხვადასხვა ოდენობით ფიქსირდება, მაქსიმალური ოდენობით შეადგენს 42 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ მ--- კ---–-–---–ი-ჯ--–---–---–ის მიერ შპს ,,ემ ბი სის“ მიმართ გადახდილია რა 341 ლარი, მან აანაზღაურა როგორც სესხის ძირითადი ნაწილის 248 ლარი, ისე სარგებელი/საკომისიო 42 ლარი, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა 21 ლარი, სესხის გადავადების საკომისიო 30 ლარი.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე-------’’ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხა 52 ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე,365-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ე--------ის’’ სარჩელი მოპასუხე მ--- კ---–-–---–ი-ჯ--–---–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხე მ--- კ---–-–---–-ჯ--–---–---–ს მოსარჩელე შპს ,,ე--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 52 ლარის გადახდა.

2.მოპასუხე მ--- კ---–-–---–-ჯ--–---–---–ს მოსარჩელე შპს ,,ე--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1.50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

2. შპს ,,ე--------ის’’ დარჩენილი სახლემწიფო ბაჟი ჩაეთვალოს გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე