გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2018
საქმის ნომერი
190210017002075053
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1985-2017წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.04.2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე გ------- კ-----ე

წარმომადგენელი ლევან გელაშვილი

მოპასუხე თ------- ვ------–---–ი

წარმომადგენელი ქეთევან მიროტაძე

არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილება

წარმომადგენელი პაატა ცნობილაძე

დავის საგანი არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა

II აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

1.1. გ------- კ-----ეს განესაზღვროს 2015 წლის 14 ივნისს დაბადებული შვილის ა-–---------- კ-----ის ნახვის დღეები შემდეგი პერიოდულობით: ყოველი კვირის ორშაბათი დღის 16.00 საათიდან იმავე დღის 21.00 საათამდე წაყვანის უფლებით; ოთხშაბათი დღის 16.00 საათიდან მომდევნო დღის 10.00 საათამდე წაყვანის და ღამით დატოვების უფლებით; პარასკევი დღის 16.00 საათიდან მომდევნო დღის 21.00 საათამდე წაყვანის და ღამით დატოვების უფლებით.

1.2. გ------- კ-----ეს განესაზღვროს 2015 წლის 14 ივნისს დაბადებული შვილის ა-–---------- კ-----ის ნახვის დღეები თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე ივნისის თვის ბოლო ერთი კვირა, ივლისის თვის ბოლო ერთი კვირა, აგვისტოს თვის 1- რიცხვიდან 20 აგვისტოს ჩათვლით და იანვრის 7 რიცხვიდან 14 იანვრის ჩათვლით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებმა განქორწინების შემდეგ შეადგინეს ურთიერთშეთანხმების აქტი, რითაც განისაზღვრა მოსარჩელისათვის ბავშვთან ურთიერთობის წესი. თუმცა, მხარეთა შეუთანხმებლობის გამო დაირღვა შეთანხმება და დღეის მდგომარეობით მოსარჩელეს ეზღუდება არასრულწლოვანთან ურთიერთობა. მოპასუხე არ აძლევს ბავშვის ღამით დარჩენის უფლებას, თუმცა ბავშვი მის საცხოვრებელ სახლში ყოველთვის სიხარულით რჩება, მის აღზრდაში დაბადებიდანვე მონაწილეობდნენ მისი მშობლები, რომლებთანაც ბავშვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისათვის აუცილებელია მშობელთან ინტენსიური ურთიერთობა, რაც მამასთან ღამით დარჩენასაც გულისხმობს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

თ------- ვ------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო შემდეგი გარემოებების გამო:

 

წინააღმდეგი არ არის დღის განმავლობაში, ნებისმიერ დღეს მოსარჩელემ წაიყვანოს ბავშვი, მაგრამ წინააღმდეგია ღამით ბავშვი დარჩეს მამასთან. ბავშვი არის მცირეწლოვანი, 2 წლის 5 თვის. იგი ძალზე მიჯაჭვულია დედასთან, ღამით ძილის დროს ეძებს დედას. მამასთან ღამით დარჩენის შემდეგ ბავშვი ემოციურად დაიძაბა, განერვიულდა, რის გამოც დასჭირდა მკურნალობა. ასეთ ასაკში ღამით დედისგან მოშორებით ბავშვის ყოფნა მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოემოციურ სტაბილურობაზე, მის განვითარებაზე და ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილების წარმომადგენლის განმარტებით, ორივე მშობლის საცხოვრებელი პირობები ბავშვის აღზრდისათვის დამაკმაყოფილებელია. მოსარჩელესთან ღამით დარჩენის წინააღმდეგი არ არიან, რადგან არ დასტურდება, რომ ღამით დარჩენამ ბავშვზე უარყოფითად იმოქმედა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა გაუარესდა. მამის ოჯახში ბავშვზე მზრუნველი და მოსიყვარულე გარემოა.

(16.03.2018წ და 05.04.2018წ სხდომის ოქმი CD დისკები)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 31 მაისიდან თ------- ვ------–---–სა და გ------- კ-----ეს შორის ქორწინება შეწყვეტილია. თ------- ვ------–---–ი მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მოსარჩელისგან განცალკევებით ქალაქ რუსთავში. ასევე ქალაქ რუსთავში ცხოვრობს მოსარჩელე გ------- კ-----ე მშობლებთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 3-5. ტომი 1);

- შესაგებელი (ს.ფ. 42-47. ტომი 1).

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. გ------- კ-----ესა და თ------- ვ------–---–ს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი - ა-–---------- კ-----ე.

 

გ------- კ-----ესა და თ------- ვ------–---–ს ჰყავთ ერთი შვილი: 2015 წლის 14 ივნისს დაბადებული ა-–---------- კ-----ე. დაბადების მოწმობის თანახმად, მათ მშობლებად რეგისტრირებულნი არიან: დედა – თ------- ვ------–---–ი, მამა - გ------- კ-----ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 19. ტომი 1 )

 

3.2.4. გ------- კ-----ეს შესწევს უნარი სათანადოდ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე, ბავშვის მასთან ხანგრძლივად ყოფნა, გარკვეული დროით ღამით დარჩენა ბავშვის განვითარების და მისი სწორი აღზრდისათვის აუცილებელია და ბავშვისათვის ზიანის მომტანი არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ა-–---------- კ-----ის განვითარებისათვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საზიანო იქნება მამის ოჯახში ღამით დარჩენა.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა მას ნება დაერთოს არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას როგორც დღის განმავლობაში, ისე ბავშვი მასთან დარჩეს ღამით. მოპასუხე თანახმაა ბავშვი დღის განმავლობაში იმყოფებოდეს მოსარჩელესთან, ხოლო ღამით დარჩენის წინააღმდეგია ბავშვის მცირეწლოვანი ასაკის გამო. მოპასუხის განმარტებით, მამასთან დარჩენის შემდეგ ბავშვს დასჭირდა ნევროლოგის დანიშნულებით მედიკამენტებით მკურნალობა. მოპასუხემ შესაგებელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმე ლია მესხის ჩვენება, ასევე ბავშვთა ნევროლოგის ამბულატორიული ბარათი.

 

ბავშვთა ნევროლოგის მიერ 2017 წლის 5 მაისს გაცემულ ამბულატორიულ ბარათში მითითებულია, რომ მშობელი უჩივის, რომ ბავშვი შფოთავს, აქვს შიში, მოუსვენრობა, ღამით კარგად ვერ იძინებს, ღამით აქვს ხშირი წამოტირება, შიშები და კრთობები. დიაგნოზია შფოთვა, მოისვენრობა, R451.

 

სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმე ლია მესხის განმარტებით, იგი არის საბავშვო ბაღში ა-–---------- კ-----ის პედაგოგი. მისი განმარტებით, ბავშვი არის თავის ასაკთან შედარებით მეტად გონებაგახსნილი, მგრძნობიარე. ბაღში ბავშვი მოჰყავს თ------- ვ------–---–ს და გ------- კ-----ეს და სასწავლო დღის დასრულების შემდეგ ისევ მშობლებს ან ოჯახის წევრების მიჰყავთ. რამდენიმე თვის წინ ბაღში სასწავლო დღის დასრულების შემდეგ ა-–---------- კ-----ეს არავინ მოაკითხა წასაყვანად, რაც მანამდე არასდროს მომხდარა და დაურეკა თ------- ვ------–---–ს, რომელმაც განუმარტა, რომ იმ დღეს ბავშვის მამასთან ყოფნის დრო იყო და მამას უნდა გამოეყვანა. მანამდე ბაღში ცნობილი არ იყო ა-–----------ს მშობლების დაშორების შესახებ. ბავშვი ბაღში გ------- კ-----ეს როცა მოჰყავდა ან მიჰყვდა, ბავშვი ხალისით ურთიერთობდა მამასთან. მოწმის განმარტებით, რამდენიმე ხნის წინ ბავშვს შეატყო მოწყენა და მას გაესაუბრა, რა დროსაც ბავშვმა განუცხადა, რომ დედა დაიჩაგრა.

 

საქმეში წარმოდგენილია სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მაია ჯაქაიას დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ თ------- ვ------–---–ი და გ------- კ-----ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2014 წლის 2 სექტემბრიდან 2017 წლის 31 მაისამდე. წყვილს ჰყავს ერთი შვილი, განქორწინების დროისათვის მხარეებმა შეადგინეს ურთიერთშეთანხმების აქტი, რითიც განსაზღვრეს ბავშვთან ურთიერთობის წესი, თუმცა მხარეთა შეუთანხმებლობის გამო მოხდა შეთანხმების დარღვევა.

 

არასრულწლოვანი ა-–---------- კ-----ე დაბადებიდან არის ჯანმრთელი, ბავშვი აღრიცხვაზე იმყოფება რუსთავის მე-2 სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში პედიატრ ქეთევან შენგელიასთან. ჩატარებული აქვს ვაქცინაცია, ბავშვს განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროება არა აქვს. გოგონა 2017 წლის სექტემბრიდან ირიცხება რუსთავის მე-11 საბავში ბაღში, დადის სისტემატიურად, თანდათან მიეჩვია საბავშვო ბაღის რეჟიმს, არ უჭირს კონტაქტი თანატოლებთან და უფროსებთან.

 

დედის ინფორმაციით ა-–---------- 19 აგვისტოს მამამ შეთანხმების დარღვევით რამდენიმე დღით, ერთი კვირით წაიყვანა ღამით დარჩენით. შემდეგ გოგონას ჰქონდა შფოთვები ღამით ძილისას, თუმცა მამის ინფორმაციით გოგონა მასთან მშვიდად გრძობდა თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში უხალისობა და მოწყენილობა რომ შეემჩნია, აუცილებლად მიიყვანდა დედასთან. 2017 წლის მაისის თვეში გოგონას ნევროპათოლოგის დანიშნულებით მიეცა მედიკამენტენი „ბაგა“ და ნოოფენი ერთი თვით. დედა აღნიშნულ საჭიროებს უკავშირებს ა-–----------ს ღამით დედასთან განშორებებს მამასთან წაყვანისას. მამის განმარტებით, ექიმი მსგავსი დანიშნულების მიცემის საჭიროებას ვერ ხედავდა და მედიკამენტების დანიშვნა დედის გაზვიადებულად მიწოდებულმა ინფორმაციამ გამოიწვია.

 

დასკვნაში მითითებულია, რომ გ------- კ-----ე ცხოვრობს ქალაქ რუსთავში ოთხ ოთახიან კეთილმოწყობილ ბინაში მშობლებთან ერთად, მას ბინაში აქვს საძინებელი ოთახი, სადაც ეძინა ა-–----------ს მამასთან ყოფნისას. საცხოვრებელში სანიტარიული ნორმები დაცულია. საძინებელში არის საწოლი გოგონასათვის, თუმცა ალექსანადრას იქ ძილი არ უყვარს და წევს ხოლმე მამის გვერდით ორსაწოლიანი საწოლის ერთ მხარეს. საძინებელში და მისაღებ ოთახში გამოყოფილია ზონა გოგონას სათამაშოებისათვის, რომელიც ა-–----------ს მრავლად აქვს. გოგონა ხალისით თამაშობს, ტიტინებს და თამაშში რთავს ოჯახის ყველა წევრს. განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავს ბაბუის მიმართ, დასდევს მას უკან, არ უშვებს გარეთ და მისდევს თავადაც. გოგონა მეტყველებს გამართულად, გამოხატავს სურვილებს, ოჯახში ბავშვს სითბოთი და სიყვარულით ეპყრობიან. უწევენ სათანადო მეთვალყურეობას, ითვალისწინებენ მის საჭიროებებს. მამა შვილთან ურთიერთობის დროს მის მიმართ სიყვარულს გამოხატავს როგორც ფიზიკური ჩახუტებით, ასევე სიტყვიერად. გ------- კ-----ეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, პროფესიით ექიმია, დასაქმებულია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაუდებელი დახმარების ექიმად. ასევე ატარებს ტრენინგებს სახელმწიფო ელექტროსისტემაში, მისი შემოსავალი შეადგენს ჯანში 1000 ლარს. მისი სამუშაო გრაფიკი არ არის სტაბილური და აქვს 24 საათიანი მორიგეობები, ასეთი გრაფიკით მუშაობის გამო, თანაცხოვრების პერიოდში ბავშვის გაზრდაში დახმარებისათვის ჰყავდათ ძიძა, რომელიც მხოლოდ მორიგეობიდან მობრუნების დღეს იტოვებდა ბავშვს, როცა თ-------ი სამსახურში მიდიოდა. ხოლო მომდევნო დღეს მორიგეობამდე გ------- დამოუკიდებლად ზრუნავდა შვილზე თ-------ის სამსახურიდან მოსვლამდე. თ-------იც აღნიშნავს, რომ მშვიდაა როცა ა-–---------- გ-------სთანაა, თუმცა ბავშვის ღამით დატოვებას აპროტესტებს.

 

ამ ეტაპზე ა-–---------- სტაბილურად ცხოვრობს დედასთან ქალაქ რუსთავში, ხუთოთახიან ბინაში, ბინაში გამოყოფილია ცალკე საძინებელი, სადაც გოგონას სძინავს დედის გვერდით ორსაწოლიან საწოლში. ბინაში სანიტარიული პირობები დაცულია, როგორც საძენებლში, ისე მისაღებ ოთახში გამოყოფილია ზონა გოგონას სათამაშორებისათვის, რომელიც გოგონას მრავლად აქვს. განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავს დედის მიმართ, თამაშისას ხშირად მიირბენს დედასთან, უჯდება კალთაში და ეკვრის.

 

თ-------ი დასაქმებულია ს/ო კარიტასის სადღეღამისო ცენტრის სპეცპედაგოგად, ხოლო რუსთავის მე-18 საჯარო სკოლაში, საკვირაო სკოლაში „კანდიგო“ ფსიქოლოგად, მისი ჯამური ხელფასია 500 ლარი. ოჯახში ასევე დასაქმებულია თანათინის მამა. დედა ნინო ცინცაძე დიასახლისია და ეხმარება თ-------ს ბავშვის აღზრდაში, ბაღიდან გამოყვანასა და ბავშვზე მეთვალყურეობაში სამსახურიდან დედის დაბრუნებამდე.

 

დედის ინფორმაციით, მას შემდგომ, რაც მამას გოგონა მიჰყავს საბავშვო ბაღის შემდეგ საღამოს 9 საათამდე და კვლავ დედასთან აბრუნებს, ა-–---------- ხალისით მიჰყვება მას, რადგან აცნობიერებს რომ კვლავ დედასთან დაბრუნდება. თ-------ი გამოხატავს მზაობას ხელი შეუწყოს ბავშვის მამასთან ურთიერთობას. თანახმაა შაბათ-კვირიდან ერთი დღე ბავშვმა მამასთან გაატაროს, თუმცა ღამით დარჩენისათვის ბავშვს მზაობა არა აქვს.

 

განქორწინების შემდეგ გ------- კ-----ესა და თ------- ვ------–---–ს შორის დადებულია წერილობითი შეთანხმება ბავშვის რჩენის და ბავშვთან ურთიერთობის საკითხზე. შეთანხმება დადებულია 2017 წლის 23 მაისს, რომლის მიხედვით, მამას შეუძლია ყოველი კვირის განმავლობაში ორი დღით 12 საათიდან იმავე კალენდარული დღის 20 საათამდე და 13 საათიდან იმავე კალენდარული დღის 21 საათამდე მოინახულოს და წაიყვანოს შვილი. ამ პუნქტით გათვალისწინებული დღეების გარდა შეძლებს შვილი წაიყვანოს და დაიტოვოს კვირაში ორი ღამის განმავლობაში 17:00 ან 18:00 საათიდან მომდევნო კალენდარული დღის 13:00 საათამდე. დღის განმავლობაში წაყვანას შეიძლება მოჰყვეს იმავე კალენდარულ დღეს ღამით წაყვანა 2,2 პუნქტში აღწერილი წესების მიხედვით, რის შესახებ დედამ წინასწარ უნდა შეიტყოს მამისგან. ღამის განმავლობაში წაყვანას შეიძლება მოჰყვეს მომდევნო კალენდარულ დღეს დღი განმავლობაში წაყვანა, რის შესახებ დედამ წინასწარ უნდა შეიტყოს მამისგან.

 

მშობლების შვილების, შვილის არდადეგების პერიოდში ზაფხული/ზამთარი ყოველი კვირის განმავლობაში მამას შეეძლება წაიყვანოს შვილი ორი დღე-ღამით გადაბმულად ამ თავში აღწერილი პირობების მიხედვით, რის შესახებ წინასწარ უნდა შეატყობინოს დედას.

 

მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ შეთანხმების დადების შემდეგ, 2017 წლის აგვისტოში მოსარჩელეს ბავშვი წაყვანილი ჰყავდა ქალაქგარეთ, ხაშურში ერთი კვირის განმავლობაში მშობლებთან ერთად. მოპასუხის განმარტებით, ამით მოსარჩელემ დაარღვია შეთანხმება, რომლითაც მას ჰქონდა კვირაში 2 დღით ბავშვის წაყვანის უფლება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ღამით მამასთან დარჩენამ გამოიწვია ბავშვის გაღიზიანება, ჭირვეულობა. ბავშვთა ნევროლოგის მიერ ა-–---------- კ-----ის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა გაცემულია 2017 წლის 5 მაისს, მხარეთა მიერ შეთანხმების დადებამდე. 2017წლის 23 მაისს დადებული შეთანხმება ითვალისწინებს გ------- კ-----ის მიერ ბავშვის ღამით დატოვებას კვირაში ორი დღის განმავლობაში. ასეთ პირობაზე შეთანხმების დადება იმაზე მიუთითებს, რომ ღამით დატოვებით ბავშვის ინტერესებისათვის საფრთხე იმ დროისათვის არ არსებობდა. შეთანხმების დადების შემდეგ აგვისტოს თვეში მოსარჩელეს ერთი კვირით ბავშვი წაყვანილი ჰყავდა თავი საცხოვრებელ ადგილზე, რასაც არ გამოუწვევია ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის შეცვლა, მისი გაღიზიანება. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა გაცემულია 2017 წლის მაისში, შეთანხმების დადებამდე, იმ დრომდე ვიდრე მოპასუხე ბავშვს წაიყვანდა თავის საცხოვრებელ ადგილზე.

 

მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ ბავშვი მოსარჩელესთან იმყოფებოდა ერთი კვირის მანძილზე. მართალია შეთანხმებაში მითითებული დრო მოსარჩელემ დაარღვია, მაგრამ თ------- ვ------–---–ს ამ დროის მანძილზე არ მოუთხოვია ბავშვის ჩამოყვანა, არ მიუღია ზომები ბავშვის დასაბრუნებლად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვისათვის სამომავლო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თუკი ბავშვის სიმშვიდე უზრუნველყოფილი არ იყო, მოსარჩელეს უნდა მიეღო შესაბამისი ზომები ბავშვის ინტერესების დასაცავად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ მოსარჩელესთან ბავშვის ყოფნა საზიანო არ არის, მას და მისი ოჯახის წევრებს შესწევთ უნარი სათანადოდ იზრუნონ ბავშვზე, ბავშვის და მათი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვი ხანგრძლივად დარჩეს მამის ოჯახში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 61-62. ტომი 1)

- ნევროლოგის ცნობის ასლი (ს.ფ. 54. ტომი 1)

- მოწმის ჩვენება (07.03.2018წ სხდომის ოქმის CD დისკი)

- ურთიერთშეთანხმების აქტი (ს.ფ. 20-24. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბავშვის მცირეწლოვანი ასაკის გამო მოსარჩელეს უნდა მიეცეს უფლება ბავშვი მის საცხოვრებელ ადგილზე ღამით დარჩენის შესაძლებლოთ წაიყვანოს კვირაში ერთხელ, რადგან არ დასტურდება შვილის აღზრდაზე საზიანო გავლენა.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს კონტიტუციის 36-ე მუხლი

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1199-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

- ” ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-3, მე-7, მე-9, 18-ე 27-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღნიშნული ნორმებით სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, დაიცვას დედათა და ბავშვთა უფლებები. ამ ნორმით აღიარებულია დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტია, რომლის მიხედვით სახელმწიფო კისრულობს ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებას, რადგან საერთაშორისო და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით საოჯახო ურთიერთობებში უპირატესია ბავშვის ინტერესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მიხედვით, 1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. 2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის უფლებს შეეხება გაეროს მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული ”ბავშვის უფლებების კონვენცია”. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობების სამართლებრივ ასპექტებს შეეხება ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებთან შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ხსენებული ნორმის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. კანონის ეს ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, შესაბამისად შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. მშობლების ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია. ბავშვის ეს უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყო ასევე მშობლების დაშორების შემდეგაც იმგვარად, რომ ბავშვს მიეცეს ორივე მშობელთან ინტენსიური პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

აღნიშნული ნორმებით აღიარებულია მშობლების თანაბარი უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები, მან უნდა უზრუნველყოს მეორე მშობლის შვილთან ნორმალური ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

გაეროს მიერ მიღებული ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ოქმი №7-ის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

ამდენად, ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების სასიკეთოდ.

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისთვის ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპების შთაგონება. ოჯახური გარემოს შექმნა გულისხმობს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.

 

მშობლებს ან ოჯახის წევრებს შეიძლება შეეზღუდოთ ან ჩამოერთვათ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათი ბავშვთან ურთიერთობა მის აღზრდა-განვითარებაზე მავნე ზეგავლენას მოახდენს, ასეთი ურთიერთობა ნეგატიურად აისახება ბავშვის აღძრის პროცესზე, ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობას, საზიანო იქნება მისი ფსიქოემოციური სტაბილურობისათვის.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-7 მუხლის მიხედვით, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინაღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზაღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით დადგენილია ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობლებს შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ის საკითხი, თუ რა არის ბავშვის ინტერესი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ბავშვთა უფლებების კონვენციის დებულებების საფუძველზე, რომლის მიხედვით მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. ყოველ დავაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობების ხასიათის და ინტენსივობის მიხედვით, მშობლებთან ბავშვის ურთიერთობის წესი, ასეთი ურთიერობის გავლენა ბავშვის აზღვრის პროცესზე.

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებათა შესახებ“ და სხვა სამართლებრივი აქტები იცავს ბავშვთა ინტერესებს და ახორციელებს მათი უფლებების დაცვას. მათი მიზანია ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთესი უზრუნველყოფა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შესაძლებლობა არის არა მარტო მშობლის უფლება, არამედ ბავშვის უფლება, რადგან კონვენცია სახელწიფოს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის უფლების განხორციელება, ჰქონდეს მშობლებთან პირადი რეგულარული ურთიერთობები. შესაბამისად, ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელია მშობელთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია შესაძლებელია სრულფასოვნად ვერ განხორციელდეს თუ ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. ამდენად, კონვენციითვე არის განსაზღვრული რა შემთხვევაში ვერ განხორციელდება ბავშვის მშობელთან ურთიერთობის უფლება - თუ ეს ეწინააღმდეგება მის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდისათვის ყველაზე ხელსაყრელი და ჰარმონიული გარემოა ოჯახი - ორივე მშობლის მზრუნველობის და ყურადღების ქვეშ ყოფნა. თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო ამ ინტერესის რეალიზაცია გარკვეულ შემთხვევებში შეუძლებელია. ასეთი მიზეზია მშობლების განქორწინება, რის გამოც ბაშვს უწევს ერთერთი მშობლისგან განცალკევებით ცხოვრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ბავშვთა უფლებების კონვენცია ბავშვის აღზდაში პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახურ გარემოს, თუმცა ამავე დროს ითვალისწინებს ბავშვის მშობელთან დაშორების შესაძლებლობას, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის მითითებით ბავშვის მშობელთან დაშორების საკითხი წყდება, როდესაც „კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს“.

 

სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, სასამართლოს მიერ ბავშვთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვების ინტერესები, უნდა გამოირკვეს თუ რომელ მშობელს შეუძლია უკეთ იზრუნოს შვილებზე და რომელ მშობელთან უკეთესი იქნება შვილების აღზრდა, როგორც მორალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.

 

მშობლების დაშორება არის ისეთი გარემოება, როცა შეუძლებელია თანაბრად განაწილდეს ბავშვის ორივე მშობელთან ცხოვრების შესაძლებლობა და დრო. საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საქმეში სადაოა მოსარჩელესთან ღამით დარჩენა მიზანშეწონილია თუ არა ბავშვის მცირეწლოვანი ასაკის გამო. ბავშვის ასაკის გამო (არის 2 წლის და 8 თვის) მისი მოსაზრების სხდომაზე მოსმენა ან სოციალური მუშაკის მიერ გამოკითხვა შესაძლებელი არ არის.

 

ბავშვის უფლებების კონვენციის 12-ე მუხლის თანახმად, “1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.”

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შემუშავებულია ძირითად სახელმძღვანელო განმარტებების ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების კრიტერიუმები. სასამართლოს განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის #12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე- 12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე- 12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.

 

სასამართლოს განმარტებით, როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს იგივე უფლებები აქვთ, რაც ყველა ბავშვს, მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი მოსაზრების გამოხატვა ან საკუთარი თავის წარმოდგენა ისე, როგორც უფრო მოზრდილ ბავშვებს. სახელმწიფოებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ, მათ შორის უზრუნველყონ წარმომადგენლობა შესაბამის შემთხვევებში, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის; იგივე ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომლებსაც არ აქვთ მოსაზრების გამოხატვის უნარი ან ნება.

 

იმის გამო, რომ ბავშვის მოსაზრების პირადად მოსმენა შესაძლებელი არ არის, სასამართლომ სხდომაზე მოიწვია სპეციალისტი ფსიქოლოგი, რომლის განმარტებით, მცირეწლოვანი ასაკის ბავშვს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ახასიათებს აღმზრდელის მიმართ. ბავშვის სწორი აღზრდისათვის აუცილებელი ორივე მშობელთან ინტენსიური ურთიერთობა, რაშიც ხელშეწყობა ორივე მშობლის ვალდებულებაა. რაიმე კატეგორიული აკრძალვა ფსიქოლოგის მიერ რეკომენდირებული არ არის. ბავშთან დაკავშირებული საკითხი ყოველი ურთიერთობისათვის ინდივიდუალურია და ოჯახური ურთიერთობის ხასიათზეა დამოკიდებული ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტა.

 

”ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის” მე-16 მუხლის თანახმად, 1. არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი. ამ ნორმის მიხედვით, დაუშვებელია ბავშვი იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების უკანონო ხელყოფის ობიექტი.

 

ამ შემთხვევაში ა-–---------- კ-----ე ცხოვრობს და იზრდება ძირითადად დედასთან მას შემდეგ, რაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მშობლების განქორწინებამდე ბავშვის აღზრდაში ინტენსიურად პირადად იყო ჩართული მოსარჩელე გ------- კ-----ე. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე და სოციალურ მუშაკთან გასაუბრების დროს განმარტა, რომ მშვიდაა, როცა ბავშვი მამასთან არის. აღსანიშნავია, რომ გ------- კ-----ე არის პროფესიით ექიმი, რის გამოც მას გარდა მშობლიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე უნარის, აქვს პროფესიული უნარი, რომ იზრუნოს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

 

მოპასუხე თანახმაა ბავშვი მოპასუხემ წაიყვანოს დღის განმავლობაში, ხოლო ღამით დარჩენის წინააღმდეგია იმ საფუძვლით, რომ ამან ბავშვის შფოთვა და გაღიზიანება გამოიწვია.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ განქორწინების შემდეგ მხარეებს შორის სანოტარო ფორმის დაცვით დაიდო შეთანხმება ბავშვთან ურთიერთობის და ბავშვის რჩენის საკითხებზე. შეთანხმების მიხედვით, მამას შეეძლო ყოველი კვირის განმავლობაში ორი ღამის განმავლობაში ბავშვი წაეყვანა თავის საცხოვრებელ ადგილზე. ასევე არდადეგების პერიოდში ზაფხული/ზამთარი ყოველი კვირის განმავლობაში მამას შეეძლება წაიყვანოს შვილი ორი დღე-ღამით გადაბმულად, რის შესახებ წინასწარ უნდა შეტყობინოს დედას. მხარეებს შორის შეთანხმება დადებულია 2017 წლის 23 მაისს.

 

მოპასუხის განმარტებით, დასტურდება, რომ 2017 წლის ზაფხულში მოსარჩელეს ერთი კვირით ბავშვი წაყვანილი ჰყავდა ქალაქგარეთ ხაშურის რაიონში დასასვენებლად. მოპასუხის განმარტებით, ამით დაირღვა შეთანხმება, რომელიც ქალაქგარეთ ბავშის წაყვანის უფლებას მოსარჩელეს არ ანიჭებდა. მოპასუხის განმარტებით, ამის შემდეგ ბავშვს აღენიშნებოდა ღამის ძილში შფოთვა, ჭირვეულობა.

 

სასამართლო მოპასუხის განმარტებით ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ იმ დროის მანძილზე, რაც ბავშვი იმყოფებოდა მამასთან ერთად აგარაკზე, მას არ მოუთხოვია ბავშვის ჩამოყვანა, არ მიუღია ზომები ბავშვის ჩამოსაყვანად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მამასთან ღამით დარჩენა ბავშვის ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი იქნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მცირეწლოვან ასაკში ბავშვი განსაკუთრებულად მიჯაჭვულია და ახლო ურთიერთობა აქვს იმ პირთან, რომელი მის აღზრდაში ინტენსიურად, ყოველდღიურად ჩართულია. მცირეწლოვანი ასაკის გამო ბავშვს აქვს კვების და ძილის სპეციალური რეჟიმი. მცირეწლოვანი ასაკის ბავშვის ძილის რეჟიმი ზრდასრული ადამიანის ძილის რეჟიმისგან მკვეთრად განსხვავდება და მას აუცილებლად სჭირდება ძილის დროს მეთვალყურე, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანი, რომელთანაც ბავშვი მშვიდად იგრძნობს თავს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში დედის როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებულია და ეს განპირობებულია დედასა და შვილს შორის მჭიდრო ბიოლოგიური კავშირით, რაც მყარდება ბავშვის დაბადებამდე. თუმცა ბავშვის აღზრდის პროცესში ასევე მნიშვნელოვანია მამის როლი, მისი პირადი და ინტენსიური მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. ბავშვის უფლებაა აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, ბავშვს ეს უფლება რათქმა უნდა შენარჩუნებული აქვს მშობლების განქორწინების შემდეგად, რის გამოც მშობლებმა და მათი დავის შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების დაცვა. მშობლების განქორწინების შემდეგაც ბავშვმა უნდა შეიგრძნოს ორივე მშობლის ინტენსიური, უშუალო, ფიზიკური ჩართულობა მასზე ზრუნვაში.

 

მცირეწლოვანი ასაკის ბავშვთან მშობლების ურთიერთობის საკითხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მათი ურთიერთობის ხასიათზე, მშობლის დამოკიდებულებაზე და უნარებზე. მშობლების განქორწინების შემდეგ თუ ეს შესაძლებელია, ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს იმ მშობელთან, რომელთანაც ძირითადად არ ცხოვრობს. ამ გზით არის შესაძლებელია ბავშვის გარშემო შეიქმნას ოჯახური გარემო, იგრძნოს ორივე მშობლის შეძლებისდაგვარად თანაბარი მონაწილეობა მის აღზრდაში, არ გაუცხოვდეს იმ მშობლის მიმართ, რომელთანაც მუდმივად არ ცხოვრობს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ დღის განმავლობაში ბავშვის წაყვანა ასეთი ინტენსივობის ურთიერთობის ჩამოყალიბებას ხელს არ უწყობს, რადგან დღისით ურთიერთობა გარკვეული დროის ჩარჩოებში აქცევს ამ ურთიერთობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის მიერ ღამის გატარება მშობელთან ან ნათესავთან მოიცავს არა მარტო დაძინებას, ძილს, არამედ დაძინებამდე ძილისათვის ბავშვის მომზადების პროცესს, რა დროსაც შესაძლოა ჩართული იყოს ოჯახის სხვა წევრებიც. დაძინებამდე ბავშვს შესაძლოა წაუკითხონ წიგნი, ისაუბრონ ბავშვისათვის საინტერესო თემებზე და ა.შ., რაც ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობას აღრმავებს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მამასთან დარჩენის შემდეგ ა-–---------- კ-----ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ამან მასზე ნეგატიურად იმოქმედა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ ცნობის - ბავშვთა ნევროლოგის მიერ გაცემული ამბულატორიული ბარათი გაცემულია 2017 წლის 15 მაისს. ამის შემდგომ პერიოდში, 2017 წლის 23 მაისს არის დადებული მხარეებს შორის შეთანხმება, რომლითაც გ------- კ-----ეს მიეცა უფლება კვირის განმავლობაში ორი ღამით ბავშვი წაეყვანა თავის საცხოვრებელ ადგილზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მამასთან ღამით დარჩენის გამო ბავშვის გაღიზიანების და აღელვების გამო ასეთი შეთანხმებაზე მოპასუხის თანხმობა არ იარსებებდა, იგი მამას არ მისცემდა უფლებას ბავშვი ღამით თავის საცხოვრებელ ადგილზე, დედისგან მოშორებით წაეყვანა. ამასთან, შეთანხმების დადების შემდეგ 2017 წლის ზაფხულში მოსარჩელეს ბავშვი წაყვანილი ჰყავდა ქალაქგარეთ ერთი კვირით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის და მისი ფსიქო-ემოციური სტაბილურობისათვის რეალური საფრთხის შემთხვევაში მოპასუხე არ დაუშვებდა ბავშვი მამასთან ყოფილიყო ასე ხანგრძლივად, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როცა ბავშვი იმ პერიოდში იყო 2 წლის ასაკის და ასაკის გამო განსაკუთრებულად ახლო და მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს აღმზრდელი დედის მიმართ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის წესის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ოჯახური გარემოება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შვილის დაბადებიდან მხარეთა ოჯახური ურთიერთობის შეწყვეტამდე მშობლები ერთობლივად უშუალოდ ზრუნავდნენ ბავშვზე. ბავშვს მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ჩამოყალიბებული აქვს უშუალო, ახლო, ოჯახური ურთიერთობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვი მუდმივად საჭიროებს მასზე ზრუნვას და ყურადღებას, რის შედეგად მას უყალიბდება მიჯაჭვულობა, რაც არის ძლიერი გრძობითი კავშირი, რომელიც ადამიანებს მათთვის ემოციურად მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ აქვთ. მიჯაჭვულობას ახლავს დაცულობის გრძნობა. სიმყუდროვე და შვება. ბავშისათვის მიჯაჭვულობის გრძნობის განცდა აუცილებელია, მოზრდილი ადამიანის მიმართ მიჯაჭვულობის გრძნობის გარეშე ბავშვი სრულფასოვნად ვერ განვითარდება. მიჯაჭვულობის შედეგად ბავშვს შეუძლია განასხვავოს ნაცნობი და უცნობი ადანიანი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვზე მზრუნველობის საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. რადგან ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობა ორივეს უფლებაა. ასეთ დავაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობა მისი აღზრდისათვის აუცილებელია, რადგან მისი ჯანსაღი ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური განვითარებისათვის აუცილებელია გრძნობდეს ორივე მშობლის მზრუნველობას, ნათლად აღიქვამდეს მშობლის უშუალო მონაწილეობას მის აღზრდაში. ამასთან, ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბება აუცილებელია მცირეწლოვანი ასაკიდანვე .

 

ბავშვს მისი ასაკის გამო არა აქვს დამოუკიდებლად მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ბავშვი ჯერ განვითარების პროცესშია და დამოკიდებულია მშობლების მიერ შექმნილ გარემოზე. აქედან გამომდინარეობს მშობლის ვალდებულება უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისათვის ოჯახური გარემო, განქორწინების შემდეგ უზრუნველყოს, რომ ბავშვს ჰქონდეს მეორე მშობელთან ინტენსიური ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობა. მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვის საფუძვლები სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული და ამ საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალურია ყოველი ოჯახისათვის ოჯახის წევრებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის კვალობაზე.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ღამით მამასთან დარჩენა ბავშვის ჯანმრთელობისათვის საზიანო იქნება. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მიეცეს შვილის ღამით საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მისი მოთხოვნაა ნება დაერთოს კვირის განმავლობაში ორი დღით ღამით დარჩენის შესაძლებლობით წაიყვანოს ბავშვი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის მცირეწლოვანი ასაკის გამო კვირის მანძილზე ორი ღამით მოსარჩელესთან დატოვება მიზანშეწონილი არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ კვირის მანძილზე ორი ღამის განმავლობაში მცირეწლოვანი ბავშვი ხანგრძლივად მოწყვეტილი იქნება ძილის ჩვეულ გარემოს, რაც მისი ასაკის გათვალისწინებით უარყოფითად აისახება მის განვითარებაზე, რადგან კვირის განმავლობაში სხვა დღეებში მოსარჩელეს აქვს დღის განმავლობაში ბავშვთან ინტენსიური ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ნება უნდა დაერთოს ბავშვი თავის საცხოვრებელ ადგილზე წაიყვანოს ხანგრძლივი ვადით. სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტის დროს მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მამასა და მამის ოჯახის წევრებს და ბავშვს შორის ურთიერთობა ინტენსიურია, მათ მიერ ბავშვის არდადეგებზე წაყვანას ბავშვის განვითარებისათვის საფრთხე არ შეუქმნია. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულის არდადეგები ხანგრძლივი პერიოდისაა, მოსარჩელეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა სარჩელით მოთხოვნილი პერიოდულობით, თვეში ერთი კვირის მანძილზე ბავშვი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას. ა-–---------- კ-----ის მშობლები ცხოვრობენ ქალაქ რუსთავში, ერთ დასახლებულ პუნქტში, შესაბამისად, ბავშვისათვის არ იქნება დამღლელი და საზიანო მამასთან გამგზავრება. ამასთან, ზაფხულის უმეტესი დროის მანძილზე ბავშვი ისევ დედასთან იქნება საცხოვრებელად, მას ნებისმიერ დროს ექნება შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ასევე უნდა მიეცეს უფლება ბავშვი თავის საცხოვრებელ ადგილზე წაიყვანოს ზამთრის არდადეგებზე 7-დან 14 იანვრის ჩათვლით, რადგან ბავშვის აღზრდაზე დადებითი გავლენა ექნება, თუ იგი საახალწლო სადღესასწაულო დღეების ნაწილს ინტენსიურად გაატარებს მამის ოჯახში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებებს, ასეთი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, განსახილველ საქმეში არ დასტურდება, რომ ღამით მამასთან დარჩენა ბავშვის ჯანმრთელობის და განვითარებისათვის საზიანო იქნება, გამოც მოსარჩელეს უნდა მიეცეს ღამით ბავშვის დატოვების უფლება, რაც ასევე ბავშვის მამასთან ყოფნის უფლების რეალიზაციაა .

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 50 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ამ საქმეზე 2018 წლის 30 მარტის და 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებებით მიღებული დროებითი განკარგულება, რაც საოჯახო სამართლებრივ დავაში წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომლითაც განისაზღვრება დავის დასრულებამდე მხარეებს შორის ურთიერთობის წესი. შესაბამისად, დროებითი განკარგულებით დადგენილი ურთიერთობის წესი გაუქმდება მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

IV სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გ------- კ-----ის სარჩელი;

1.1. გ------- კ-----ეს განესაზღვროს შვილთან 2015 წლის 14 ივნისს დაბადებულ ა-–---------- კ-----ესთან ურთიერთობის შემდეგი წესი : ყოველი კვირის ორშაბათს დღის 16.00 საათიდან იმავე დღის 21.00 საათამდე, ოთხშაბათს დღის 16.00 საათიდან იმავე დღის 21 საათამდე წაყვანის უფლებით; პარასკევს დღის 16.00 საათიდან მომდევნო დღის შაბათის 21.00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის და ღამით დატოვების უფლებით.

1.3. გ------- კ-----ეს ნება დაერთოს შვილი - 2015 წლის 14 ივნისს დაბადებული ა-–---------- კ-----ის თავის საცხოვრებელ ადგილზე წაიყვანოს ზაფხულისა არდადეგებზე ივნისის თვის ბოლოს ერთი კვირით, ივლისის თვის ბოლოს ერთი კვირით, აგვისტოს თვეში 10 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით და ზამთრის არდადეგებზე 7 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით.

 

2. თ------- ვ------–---–ს დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი