გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2018
საქმის ნომერი
010210017001892045
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017001892045

№2/1292

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

17.05.2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე

 

მოსარჩელე - სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ი

წარმომადგენელი - რ------------–---–ი

 

მოპასუხე - ე-–--ა ე-------ა

წარმომადგენელი - ე----------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ე-–--ა ე-------ასათვის სწავლის გადაუხდელი საფასურის - 1250 ლარის ანაზღაურების დაკისრება, სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის მიმართ არის ხანდაზმული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ე-–--ა ე-------ა სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის 2008 წლის 4 მარტის წლის N3-370 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალობის სამაგისტრო განყოფილებაზე.

 

3.1.2. ე-–--ა ე-------ასა და სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სტუდენტმა იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები, დაწესებულების შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, ბ---–ს მართვის ორგანოების მიერ გამოცემული აქტები, მათ შორის იკისრა ვალდებულება გადაეხადა უნივერსიტეტისათვის სწავლის საფასური.

 

3.1.3. სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის 2009 წლის 15 მაისის წლის N3-231 ბრძანებით, ე-–--ა ე-------ას შეუჩერდა სტუდენტის აკადემიური სტატუსი, აკადემიურ შვებულებაში გასვლის გამო. 2010 წელს, 24 სექტემბერს, #3-418 ბრძანებით ე-–--ა ე-------ას ერთი წლით გაუგრძელდა აკადემიური შვებულების ვადა. მასვე აკადემიური შვებულების ვადა გაუგრძელდა ბ----ს რექტორის 2011 წლის 20 სექტემბრის #3-347 ბრძანებითა და 2012 წლის 27 აგვისტოს #01-09/330 ბრძანებით.

 

3.1.3. ე-–--ა ე-------ამ ვერ უზრუნველყო 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის გადახდა, რის გამოც ბ---–ს რექტორის 2013 წლის 23 სექტემბრის #01-09/443 ბრძანების საფუძვე-–--ე, შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. ე-–--ა ე-------ას დაერიცხა 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დავალიანება - 1250 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 04.03.2008 წლის ბრძანება;

- 28.10.2010 წლის ხელშეკრულება;

- მაგისტრატურის სტუდენტის სასწავლო ბარათი;

- საგანმანათლებლო პროგრამის შესრულება;

- 24.09.2010 წლის ბრძანება;

- 20.09.2011 წლის ბრძანება;

- 27.08.2012 წლის ბრძანება;

- 23.09.2013 წლის ბრძანება;

- მიმართვა დავალიანების დაფარვის თაობაზე;

- გადაწყვეტილება სწავლის საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ და სწავლის საფასურის გადახდის წესი;

 

3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ს ე-–--ა ე-------ას მიმართ სწავლის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2009 წლიდან. უნივერსიტეტმა სარჩელით სასამართლოს მომართა 2017 წლის 20 აპრილს, ე. ი. ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მომსახურების (ნარდობის) სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის მიმართაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილია ხანდაზმულობის სპეციალური ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.

 

დადგენილია და მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება, წარმოეშვა 2009 წლიდან. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო ამ პერიოდიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2017 წელს, ე.ი. კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რის შესახებაც სასამართლო იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასების დროს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით, ასევე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეთა ურთიერთვალდებულებების წარმოშობის საფუძველი, მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაა. განსახილველ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ვალდებულებას წარმოადგენდა სასწავლო მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა - მომსახურებისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდა. ამასთან, მოპასუხეს იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება, თუ მოსარჩელე შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, რასაც მიიღებდა მოპასუხე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს 2008-2009 სასწავლო წლისათვის დარიცხული სწავლის საფასურის დავალიანების გადახდას. დადგენილია, რომ ამ თანხის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2009 წლიდან. ამასთან, 2013 წლის 23 სექტემბერს მოპასუხეს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი, საფასურის გადაუხდელობის გამო. თუმცა მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში წარმოადგინა 2017 წლის 20 აპრილს. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

დადგენილია, რომ უნივერსიტეტი ითხოვს 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის ანაზღაურებას. 2013 წლის 23 სექტემბრის ბრძანებით მოპასუხეს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. შესაბამისად, ამ დროისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე და მას მოთხოვნა უნდა დაეყენებინა სულ მცირე სამი წლის ვადაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის დროისათვის, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის აპრილის თვეში, ანუ სამი წლის გასვლის შემდეგ.

 

ამდენად, სასამართლო, მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ არ ცნო რა სარჩელის მოთხოვნა, მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზეც, ეს კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის სარჩელი ე-–--ა ე-------ას მიმართ გადაუხდელი სწავლის საფასურის 1250 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი