გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017002195466
№2/4725-2017
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17.05.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ი
წარმომადგენელი - რ-------------–---–ი
მოპასუხე - მ------ნ ქ-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ------ნ ქ-------ისათვის სწავლის გადაუხდელი საფასურის - 223 ლარის ანაზღაურების დაკისრება, სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მას უ-------------ისაგან მომსახურება არ მიუღია, რის გამოც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ------ნ ქ-------ე სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის 2015 წლის 30 სექტემბრის N01-09/455 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
3.1.2. მ------ნ ქ-------ემ, როგორც სტუდენტმა იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები, დაწესებულების შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, ბ---–ს მართვის ორგანოების მიერ გამოცემული აქტები, მათ შორის იკისრა ვალდებულება გადაეხადა უ-------------ისათვის სწავლის საფასური.
3.1.3. სტუდენტმა მ------ნ ქ-------ემ არ გადაიხადა 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური 223 ლარის ოდენობით, რის გამოც ბ---–ს რექტორის 2016 წლის 8 ნოემბრის #01-09/832 ბრძანების საფუძველზე, შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი და დაერიცხა დავალიანება 223 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.09.2015 წლის ბრძანება;
- 08.11.2016 წლის ბრძანება;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- მიმართვა დავალიანების შესახებ;
3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ------ნ ქ-------ეს მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 8 ნოემბრამდე ატარებდა სტუდენტის სტატუსს, 2016 -2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ში არ უსწავლია და შესაბამისი მომსახურება არ მიუღია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპის დაცვით, იმ გარემოების მტკიცება, რომ მოპასუხე სწავლობდა უ-------------ში და იღებდა შესაბამის მომსახურებას, ეკისრება მოსარჩელეს. მას კი რაიმე სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის უ-------------ში სწავლისა და მისთვის მომსახურების გაწევის ფაქტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია, სტუდენტის სასწავლო ბარათი, რომლის მიხედვით მოპასუხეს, პირველ და მეორე სემესტრში, სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში, მიღებული აქვს კრედიტების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ვინაიდან ეს დოკუმენტი დათარიღებული არ არის, არ ირკვევა ის ასახავს 2015-2016 სასწავლო წლის მდგომარეობით მოპასუხის უ-------------ში სწავლის პროცესს, თუ ის შეეხება 2016-2017 წლების მდგომარეობას, რაც რეალურად სადავოა მხარეთა შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით, სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, .საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს 2016-2017 წლებში უ-------------ში სწავლისა და რაიმე მომსახურების მიღების ფაქტს. მოსარჩელემ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება, სსკ-ის 102 მუხლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მოპასუხეს უ-------------ში არ უსწავლია და შესაბამისი მომსახურება მოსარჩელისაგან არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით, ასევე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეთა ურთიერთვალდებულებების წარმოშობის საფუძველი, მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაა. განსახილველ შემთხვევაში, უ-------------ის ვალდებულებას წარმოადგენდა სასწავლო მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა - მომსახურებისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდა. ამასთან, მოპასუხეს სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოეშვებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, რასაც მიიღებდა მოპასუხე.
საქართველოს კანონის ”უმაღლესი განათლების შესახებ” 79-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.
მითითებული ნორმის თანახმად, დადგენილია სწავლის საზღაურის გადახდის ვალდებულება შესაბამისი მომსახურების მიღებისას ანუ სწავლებისათვის და არა სტუდენტის სტატუსის ფლობისათვის. აქედან გამომდინარე, სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან - ისწავლოს და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი; მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უ-------------ის მიერ მოპასუხისთვის შესაბამისი სასწავლო მომსახურების გაწევისა და ამგვარი მომსახურების მოპასუხის მიერ მიღების ფაქტს. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის სასარგებლოდ სწავლის საფასურის მოპასუხისათვის გადახდევინების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის სარჩელი მ------ნ ქ-------ის მიმართ გადაუხდელი სწავლის საფასურის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.
3. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი