გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2018
საქმის ნომერი
240210016001341335
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
21.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 240210016001341335

( 2/154-2016 )

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.05.2018 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - მი----– ქა-----ა

მოპასუხე - ავ--------– ქა-----ა

წარმომადგენელი - ლე--- ხე-–--ა

მოპასუხე - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხის ავ--------– ქა-----ას უკანონო მფლობელობიდან მი----– ქა-----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საფლავის) გამოთხოვა.

 

1.2. მოპასუხე ავ--------– ქა-----ასათვის თავისი მიცვალებულთა (მამის-საფლავის ქვაზე წარწერით-სერგო ქა-----ა.1927-1993წ და მამიდის-საფლავის ქვაზე წარწერით -ალექსანდრა ქა-----ა-ფირცხალავა 1921-1995წ) ნეშთების გადასვენების დავალება.

 

მოსარჩელის მითითებით სენაკის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის (საკალანდარიშვილოს ეკლესია) ეზოში დასაფლავებულია მისი წინაპრები, სადაც მოპასუხის ავ--------– ქა-----ას მიერ უკანონოდ, თვითნებურად დასაფლავებულ იქნა მისი წინაპრები მამა-სერგო ქა-----ა და მამიდა ალექსანდრა ქა-----ა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია არის მისი საკუთრება და ითხოვს ავ--------– ქა-----ას მიერ თავისი მიცვალებულების გადასვენებას მისი კუთვნილი ტერიტორიიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ავ--------– ქა-----ამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

2.2.მოპასუხე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ქ.სენაკში ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში (საკალანდარიშვილოს ეკლესია) 1993 წლიდან დაკრძალულია მოპასუხის ავ--------– ქა-----ას მამა-სერგო ქა-----ა, ხოლო 1995 წლიდან მამიდა- ალექსანდრა ქა-----ა-ფირცხალავა.

 

3.2.2.იმავე ეზოში ასევე, დაკრძალულია მოსარჩელის მი----– ქა-----ას წინაპრები, მათ შორის მი----– ქა-----ას მშობლები.

 

3.2.3. ქ.სენაკში ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით-44.01.26.305) მესაკუთრედ რეგისტრირებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესია.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ;

- მხარეთა განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-148-ე,183-ე, 311-ე, 312-ე, 170-ე, 172-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147- ე მუხლის თანახმად, ქონება ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს, ხოლო იმავე კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად, ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი.

 

საკუთრების საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი, რომელზეც სამართლის სუბიექტის ბატონობა შესაძლებელია, შესაბამისად, საკუთრების უფლება როგორც უძრავ, ისე მოძრავ ნივთზე კანონით თანაბრად არის დაცული. კანონი ნივთის სახეობის მიხედვით განასხვავებს რა ნივთის შეძენის, უფლების დაკარგვის, უფლების პრეზუმფციის და სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებულ წესებს, მათ მარეგულირებელ სპეციალურ ნორმებში პირდაპირაა მითითებული ნივთის სახეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

დასახელებული ნორმით რეგლამენტირებულია მესაკუთრის უფლებები საკუთარი შეხედულებისამებრ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით ისარგებლოს (მათ შორის არ ისარგებლოს) საკუთრების ობიექტით და ნორმით გაუთვალისწინებელი ნებისმიერი ჩარევა განხილულ უნდა იქნეს საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. შესაბამისად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნისას სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთი მოპასუხის მფლობელობაში იმყოფება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამ გარემოების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელის მოვალეობაა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ამ ნორმების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო -სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გაჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას შედეგად მოყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის პირობებში სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სადავო ნივთზე მისი მოთხოვნის მართლზომიერების დამტკიცების მოვალეობა, რაც მან ვერ განახორციელა. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ შეძლო სადავო უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დადგენა, რაც გამორიცხავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და შესაბამისად, მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, რაც ნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით სადავო უძრავი ქონება- აღრიცხულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელზე და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამ ჩანაწერის სიმცდარე, ამ ეტაპისათვის დადგენილი არ არის და შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში აღრიცხული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა.

 

მოპასუხის მი----– ქა-----ას მითითება, რომ სადავო უძრავი ქონება არის მისი კუთვნილი, ვერ გახდება უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის დადგენა კი, მოცემული დავის ფარგლებში შეუძლებელია.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის მიხედვით სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

აღნიშნული მუხლით კანონმდებელმა დაადგინა საქმის განხილვის ის ფარგლები, რომელსაც სასამართლო ვერ გაცდება. სასამართლო იხილავს სარჩელს და გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომლებსაც სასამართლო ვერც შეცვლის და ვერც განავრცობს.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს საჯარო რეესტრის ჩანაწერის კანონიერება. აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ მხარის მოთხოვნის საფუძველზე, რაც მას არ განუხორციელებია.

 

ამ ეტაპზე, ვიდრე კანონით დადგენილი წესით არ დადგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობა, მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა უფლებამოსილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-173-ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვოს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი ნივთის გამოთხოვა.

 

მოპასუხე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, თუმცა აღნიშნული ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო 230.2. მუხლის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე (13.05.99. N1956).

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოუთხოვია, თუმცა ასეთი შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაშიც, სასამართლო მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2. მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ვინაიდან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო საჯარო რეესტრის ჩანაწერებით სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, რაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერების აუცილებელი წინაპირობაა, არ დასტურდება, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რაც ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადები, ანუ ვადები, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია თავის დარღვეული უფლებების დაცვა, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ნივთის გამოთხოვის უფლებამოსილება, რის გამოც მხარის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული ვერ იქნება.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უსაფუძვლოა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52.1. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა,წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს იმავე ანგარიშზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მი----– ქა-----ას სასარჩელო მოთხოვნა ავ--------– ქა-----ასა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს იმავე ანგარიშზე.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია