გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210018002293294
N2/126-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.04.2018 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თეიმურაზი ლომთაძე
მოსარჩელე-სს მ--------------–-,მოსარჩელის წარმომადგენელი -ნი--------–--ა,მოპასუხე- მუ---------------ე,მოპასუხე -ცი--–-----–-----ძე,მოპასუხე -და--------------–-ძე,წარმომადგენელი-თი------------–-–--ლი
დავის საგანი:თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დაეკისროთ მოპასუხეებს- მუ---------------ეს, ცი--–-----–-----ძეს და და--------------–-ძეს სს მ--------------–-ს სასარგებლოდ 1586604-1883044 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე-5264.56 ლარი (საიდანაც ძირი არის-4284.45 ლარი, პროცენტი-690.83 ლარი და პირგასამტეხლო-289.28 ლარი).
მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელი-ნი--------–--ა ეთანხმება სარჩელს. მისი განმარტებით სარჩელი არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეთა წარმომადგენლის-თი------------–-–--ლის განმარტებით სესხის ხელშეკრულების შეწყეტა არ არის კანონიერი, ვინაიდან მოსარჩელე მხარისათვის ასეთის თაობაზე გაფრთხილება არ ყოფილა და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება ძალაშია. იგი ეთანხმება მხოლოდ ძირ თანხას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემობები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.საქმეშია 2015 წლის 4 ნოემბრის N1586604-1683044 სესხის ხელშეკრულება სს მისო კრისტალსა და მუ---------------ეს შორის დადებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სესხის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 15-17).
3.2.2.საქმეშია თავდებობის ხელშეკრულებები ცი--–-----–-----ძესთან და და--------------–-ძესთან გაფორმებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
თავდებობის ხელშეკრულებები (იხ. ს.ფ. 15-17).
3.2.3. საქმეშია სალაროს გასავლის ორდერი-8700 ლარზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გასავლის ორდერი (იხ. ს.ფ. 20)
3.2.4 საქმეშია შეტყობინენბები ვალდებულების შესრულების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შეტყობინებები *იხ. ს.ფ. 22-27).
3.2.5.საქმეშია სესხის ამონაწერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი (იხ. ს.ფ. 28-30)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართო გაეცნო რა საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს, მიაჩნია, რომ მოთხოვნა არის კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი,საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი,,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, მე-400, 402-403-ე, 867-873-ე, 405-ე,417-418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.
როგორც დადგენილია სს სს მისო კრისტალმა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2018 წლის 7 თებერვალს.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.
ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის-სს მ--------------–-ს მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის `ა~ პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
როგორც დადგენილია მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
6.7. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.
დადგენილია, რომ 2015 წლის 4 ნოემბერს N1586604-1683044 სესხის ხელშეკრულება დაიდო სს მისო კრისტალსა და მუ---------------ეს შორის (იხ. პუნქტი 3.2.1).
დადგენილია, რომ თავდებობის ხელშეკრულებები დაიდო ცი--–-----–-----ძესთან და და--------------–-ძესთან (იხ. პუნქტი 3.2.2.).
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხების მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულების პირობები და მათ ერიცხებათ დავალინება მოსარჩელე ორგანიზაციის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნეს ბანკს. მოპასუხეები ვალდებული იყვნენ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ ჯეროვნად. კერძოდ, მათ გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი ბანკში უნდა შეეტანათ იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარათ პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულეს, რითაც დაარღვიეს ხელშეკრულება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა კრედიტის თანხის გადახდა შეწყვიტეს, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს. საკრედიტო ხელშეკრულების შესრულება ნიშნავს მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ამოწურვას. ჯეროვანი შესრულება სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია შესრულების ვადასთან. სესხის დაბრუნების ვადა შეიძლება ზუსტად იყოს განსაზღვრული ხელშეკრულებით და ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დააბრუნოს სესხად აღებული თანხა. მოცემულ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვადა წინასწარ იყო აღნიშნული ხელშეკრულებაში, მაგრამ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულებას და ბანკის წინაშე თავისი ვალდებულებები ეკონომიური პრობლემების გამო ჯეროვნად ვერ შეასრულა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულება არ არის შესრულებული და მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობები არ ამოწურულა.
მოპასუხეებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ დაუბრუნეს სესხად მიღებული თანხა და სარგებელი. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოპასუხეები უნდა დავალდებულდეს მოსარჩელეს გადაუხადოს ის თანხა, რაც დავალიანებად დარჩა სესხის გადახდის შეწყვეტის შემდეგ და ასევე ის თანხა, რასაც მოსარჩელე მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებით.
6.9. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგაამტეხლოს გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შესახებ მხარეები შეთანხმებული იყვნენ (იხ. ხელშეკრულებები).
6.10 სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების წინაშე არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის მართლზომიერი და იგი არ უნდა შემცირდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანხამდ, მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელე სს მ--------------–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 157.93 ლარის ანაზღუარება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისიძება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს მ--------------–-ს სარცელი დაკმაყოფილდეს.
დაეკისროს მოპასუხეებს- მუ---------------ეს, ცი--–-----–-----ძეს და და--------------–-ძეს სს მ--------------–-ს სასარგებლოდ 1586604-1883044 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე-5264.56 ლარი (საიდანაც ძირი არის-4284.45 ლარი, პროცენტი-690.83 ლარი და პირგასამტეხლო-289.28 ლარი).
2. დაეკისროს მოპასუხეებს- მუ---------------ეს, ცი--–-----–-----ძეს და და--------------–-ძეს სს მ--------------–-ს სასარგებლოდ სახ. ბაჟის თანხა-157.93 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარინა კიკნაძე