გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210116001665279
№2-4165/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - შპს „ბ------–--ი“. დირექტორი ბ--------------
წარმომადგენელი - ი-----------–--ე
მოპასუხე - ი/მ ი-----–--------–---–ი
წარმომადგენელი - ი-----–-------------
დავის საგანი თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ი/მ ი-----–--------–---–ს დაეკისროს შპს „ბ------–--ის“ სასარგებლოდ 6812,42 ლარის გადახდა (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ბ------–--ი“ წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის წარმოებას და რეგისტრორებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია N445387896.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.1.2. მოპასუხე ი/მ ი-----–--------–---–ი 2012 წლიდან მოსარჩელისაგან ყიდულობდა სხვადასხვა დასახელების პროდუქციას, რომლის თანხებსაც იხდიდა ეტაპობრივად და მიჰქონდა ახალი საქონელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ი-----–--------–---–მა 2013 წლის 04 აპრილს შპს „ბ------–--ისაგან“ შეიძინა 2458,73 ლარის ღირებულების საქონელი (მინა), 2013 წლის 18 მაისს შეიძინა 1144, 04 ლარის ღირებულების საქონელი, 2013 წლის 26 ივლისს შეიძინა - 551,76 ლარის ღირებულების საქონელი, 2013 წლის 11 სექტემბერს შეიძინა 146,5448 ლარის ღირებულების საქონელი, 2013 წლის 14 დეკემბერს შეიძინა 2877,60 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო 2013 წლის 31 დეკემბერს შეიძინა 1461,26 ლარის ღირებულების საქონელი.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შეძენილი საქონლის ღირებულებას იხდიდა ეტაპობრივად. 2013 წლის დეკემბრის შემდეგ მოპასუხეს არანაირი თანხა აღარ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სასაქონლო ზედნადებები.
- ანგარიშის ბარათი.
- სალაროს შემოსავლის ორდერი.
- მოწმის ჩვენება.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის დარჩენილმა დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 6812,42 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ------–--ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხე ი/მ ი-----–--------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე შპს „ბ------–--ის“ სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 1461,26 ლარის ოდენობით, დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას ხანდაზმულობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე, 483-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მიაწოდა მოპასუხეს საქონელი, ხოლო მყიდველის, ამ შემთხვევაში მოპასუხე ი/მ ი-----–--------–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება და არ იქნა გადახდილი მიღებული საქონლის ღირებულება სრულად, რის გამოც მისი დავალიანება შეადგენს 6812,42 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე დავალიანების დაკისრების შესახებ არის დასაბუთებული.
6.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს 2013 წლის 04 აპრილს, 2013 წლის 18 მაისს, 2013 წლის 26 ივლისს, 2013 წლის 11 სექტემბერს, 2013 წლის 14 დეკემბერს და 2013 წლის 31 დეკემბერს შეძენილი საქონლის ღირებულების ანაზღაურებას. ასევე დადგენილია, რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 30 დეკემბერს.
ზ/ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2013 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილი საქონლის ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, ასევე სამი წელია, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;
დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან სხვადასხვა დროს შეიძინა საქონელი, რომლის ღირებულებაც უნდა გადაეხადა პერიოდულად, კერძოდ 2013 წლის 04 აპრილს მოსარჩელისაგან შეიძინა 2458,73 ლარის ღირებულების საქონელი (მინა), 2013 წლის 18 მაისს შეიძინა 1144, 04 ლარის ღირებულების საქონელი, 2013 წლის 26 ივლისს შეიძინა - 551,76 ლარის ღირებულების საქონელი, 2013 წლის 11 სექტემბერს შეიძინა 146,5448 ლარის ღირებულების საქონელი, 2013 წლის 14 დეკემბერს შეიძინა 2877,60 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო 2013 წლის 31 დეკემბერს შეიძინა 1461,26 ლარის ღირებულების საქონელი. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველი მიწოდება არის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შეკვეთა და ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულებაც წარმოიშვა თითოეული მიწოდების დროიდან.
ამდენად 2458,73 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა 2013 წლის 04 აპრილიდან, 1144, 04 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა 2013 წლის 18 მაისიდას, 551,76 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა 2013 წლის 26 ივლისიდან, 146,5448 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა 2013 წლის 11 სექტემბრიდან, 2877,60 ლარის ლარის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა 2013 წლის 14 დეკემბრიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ნასყიდობის საფასურის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა თითოეული შეკვეთის გაფორმებიდან და თითოეული საქონლის მიწოდებიდან, შესაბამისად თითოეული შეკვეთის გაფორმების დროისათვის მისთვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 30 დეკემბერს.
ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ 2013 წლის 30 დეკემბრამდე დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებზე გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
6.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2013 წლის 4 აპრილს, 2013 წლის 18 მაისს, 2013 წლის 26 ივლისს, 2013 წლის11 სექტემბერს და 2013 წლის14 დეკემბერს მიწოდებულ საქონელზე გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნების სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო. რაც შეეხება 2013 წლის 31 დეკემბერს მოწოდებულ საქონელზე გადასახდელ თანხას, რაც შეადგენს 1461,26 ლარს, ამ ნაწილში სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 207 ლარის ოდენობით, ასევე მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 44 ლარის ანაზღაურება, მასვე დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ბ------–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა ი/მ ი-----–--------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;
1.1. ი/მ ი-----–--------–---–ს დაეკისროს შპს „ბ------–--ის“ სასარგებლოდ 1461,26 ლარის გადახდა.
1.2. შპს „ბ------–--ს“ უარი ეთქვას დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო.
1.3. მოპასუხე ი/მ ი-----–--------–---–ს დაეკისროს შპს „ბ------–--ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის განსახილველად წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 44 ლარის ანაზღაურება. მასვე დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე