გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.04.2018
საქმის ნომერი
210210017001775894
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017001775894

საქმე №2/ 55 -17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26.04.2018 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: სს „ ბ----ს ბანკი “ ;

წარმომადგენელი: ა------–--ე;

მოპასუხე: ა---------------ი, ე-–---------------ი, ს------------ი

წარმომადგენელი: ნ-----–-------------ე

 

დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სარჩელის მოთხოვნები:

 

1.1.მოპასუხეებს ა---------------ს, ე-–---------------ს და ს------------ს მოსარჩელე სს „ბ----ს ბანკის “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 16 272.31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 15 508.74 ლარს, დარიცხული პროცენტი შეადგენს - 282.69. ლარს, პირგასამტეხლო - 480.88 ლარს. სულ დავალიანება შეადგენს 16 272.31 ლარს.

 

1.2. გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდეს მოპასუხე ა---------------ის პ/ნ:3---------- საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, საკადასტრო კოდი: №55.21.5-.2--- აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

1.3. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა, საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარავად გადახდევინება აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების ა---------------ის, ე-–---------------ის და ს------------ის სხვა ქონებაზე.

 

1.4. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

1.5. მოპასუხეების ე-–---------------ისა და ს------------ის ფულადი პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვროს 150 000 აშშ დოლარით.

 

სარჩელის დასაბუთება:

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2015 წლის 02 აპრილს სს “ ბ----ს ბანკს” და ა---------------ის შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელს მიეცა კრედიტი 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით. კრედიტი გაცემულ იქნა 2015 წლის 02 აპრილიდან 2018 წლის 02 იანვრამდე, წლიურ 17%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0,5%-ით. ხსენებული საკრედიტო ხელშეკრულების 4.3.1. და 4.3.2. პუნქტების შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რაც 2016 წლის 26 დეკემბრის შემდეგ მოპასუხეს ნებაყოფლობით არც მთლიანად და არც ნაწილობრივ აღარ შეუსრულებია. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტის ძირითადი თანხის მოცულობა შემცირებულ იქნა 15 508.74 ლარამდე, 2016 წლის 02 დეკემბრის შემდეგ სესხი იმყოფებოდა ვადაგადაცილებაში. გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის გადაცილებისა და მოპასუხის მიერ დამატებითი ორკვირიანი ვადის უშედეგოდ გაშვების შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყონებლივ დაფარვის მოთხოვნის უფლება, ასევე მოთხოვნის უფლება პირგასამტეხლოზე ხელშეკრულების 4.3.3. პუნქტის საფუძველზე ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. 2017 წლის 18 იანვრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს: ძირითადი თანხა: 15 508,74 (თხუთმეტი ათას ხუთას რვა ლარი სამოც და თოთხმეტი თეთრი) ლარი, პროცენტი: 282,69 (ორას ოთხმოცდაორი ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) ლარი, ჯარიმა 480.88 (ოთხას ოთხმოცი ლარი და ოთხოცდარვა თეთრი) ლარი, სულ დავალიანება 16 272.31 (თექვსმეტი ათას ორას სამოცდათორმეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარი.

2015 წლის 26 მარტს სს “ ბ----ს ბანკს ” და ა---------------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ა---------------ის პ/ნ:3---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, საკადასტრო კოდი: N 55.21.5-.2--. ზონა - საგარეჯო, კოდი - 5-- სექტორი ლაბალო- 21, კვრტალი - 5-, ნაკვეთი - 2--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1103.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი:N0---, საცხოვრებელი გაშენების ფართი 162 კვ.მ. N021/1 დამხმარე -67 კვ.მ.

 

2015 წლის 02 აპრილს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს “ ბ----ს ბანკსა” და მოპასუხეებს ე-–---------------სა და ს------------ს შორის შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები და მათი სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარით თითოეულზე.

ვინაიდან, მოპასუხე ა---------------ის მიერ ნებაყოფლობით არ სრულდება ფულადი ვალდებულებები, დავალიანების ამოღება პირველ რიგში უნდა მოხდეს ა---------------ის საკუთრებაში აღრიცხული იპოთეკის საგნის რეალიზაციის ხარჯზე. იქიდან გამომდინარე, რომ ამას ითვალისწინებს იპოთეკის ხელშეკრულების 6.2. პუნქტი, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება უნდა მიექცეს მოპასუხეების ა---------------ის, ე-–---------------ისა და ს------------ის, საკუთრებაში რიცხულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას.

მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა სახელშეკრულებო ვალდებულებები და მოსარჩელის განმარტებით საკრედიტო ხელშეკრულებები შეწყვეტილი იქნა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ბანკის წინაშე ერიცხებათ დავალიანება სულ 16 272.31 (თექვსმეტი ათას ორას სამოცდათორმეტი ლარი და ოცდათერთმეტი) ლარი. იმის გამო, რომ ვალდებულება ნებაყოფლობით არ სრულდება მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხეების წარმომადგენელმა ნ-----–-------------ემ დაადასტურა სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ხელშეკრულებების ნამდვილობის, გაცემული სესხების ოდენობის და მოპასუხეების მხრიდან ვალდებულებების დარღვევის ნაწილში.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის 15 508.74 ლარის ნაწილში, ხოლო დარჩენილი მოთხოვნები არ ცნო.

ასევე არ დაეთანხმა შუამდგომლობას, რომ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ეს დაასაბუთა იმით, რომ მსესხებელს ყავს მრავალშვილიანი ოჯახი და სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ, რის გამოც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება გამოიწვევს ოჯახისათვის მძიმე შედეგებს.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2015 წლის 02 აპრილს სს “ ბ----ს ბანკს ” და ა---------------ის შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელს მიეცა კრედიტი 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით. კრედიტი გაცემულ იქნა 2015 წლის 02 აპრილიდან 2018 წლის 02 იანვრამდე, წლიურ 17%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0,5%-ით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური ხელშეკრულება

- საკრედიტო ხელშეკრულება

- მხარეთა განმარტებები

 

3.2. 2015 წლის 26 მარტს სს “ ბ----ს ბანკს ” და ა---------------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ა---------------ის პ/ნ:3---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, საკადასტრო კოდი: N 55.21.5-.2--. ზონა - საგარეჯო, კოდი - 5-- სექტორი ლაბალო- 21, კვრტალი - 5-, ნაკვეთი - 2--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1103.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი:N0---, საცხოვრებელი გაშენების ფართი 162 კვ.მ. N021/1 დამხმარე -67 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

3.3. 2015 წლის 02 აპრილს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს “ბ----ს ბანკსა” და მოპასუხეებს ე-–---------------სა და ს------------ს შორის შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები და მათი სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარით თითოეულზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულებები

 

3.4. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა სახელშეკრულებო ვალდებულებები და მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებები შეწყვეტილი იქნა. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ბანკის წინაშე 2017 წლის 18 იანვრის მდგომარეობით, ერიცხებათ დავალიანება სულ 16 272.31 (თექვსმეტიათას ორას სამოცდათორმეტი ლარი და ოცდათერთმეტი) ლარი. საიდანაც ძირითად თანხაა: 15 508 ლარი და 74 თეთრი (თხუთმეტი ათას ხუთას რვა ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი), პროცენტი: 282 ლარი და 69 თეთრი (ორას ოთხმოცდაორი ლარი სამოცდაცხრა თეთრი), ჯარიმა: 480 ლარი და 88 თეთრი (ოთხას ოთხმოცი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

– ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.5. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--ში, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1103.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი:N0---, საცხოვრებელი გაშენების ფართი 162 კვ.მ. N021/1 დამხმარე -67 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 55.21.5-.2-- მესაკუთრეს წარმოადგენს ა---------------ი, ასევე ფიქსირდება იპოთეკა, იპოთეკარს წარმოადგენს სს ,, ბ----ს ბანკი “.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ

ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი

შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 131-ე, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე 316-ე, 317-ე, 403, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად : თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 464-ე მუხლით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლით: თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუნარიანობა აშკარაა.

 

ამავე კოდექსის 896-ე მუხლით: თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ იკისრეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

როგორც ზ/აღინიშნა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული იქნა სესხები და დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეებს ვალდებულების შესრულება.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების წარმომადგენელმა სარჩელი ცნო გაცემული კრედიტის ძირის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. მოპასუხემ ცნო ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულება და შესაბამისად მას ეკისრება პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, რადგან საბანკო კრედიტი არ არსებობს საბანკო პროცენტის გარეშე და მისი შემადგენელი ნაწილია. მოპასუხის წარმომადგენლის მოთხოვნა პროცენტის მოხსნის შესახებ რაიმე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლო.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 480.88 ლარის ოდენობით მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია, შეუსაბამოდ მაღალი არ არის და არ უნდა შემცირდეს.

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს კანონით გათვალისწინებულ უფლებას და მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება ითვალისწინებს დათქმას, რომ თუ აუქციონზე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების დაფარვას, დარჩენილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება კლიენტის სხვა ქონების ხარჯზე. ამრიგად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების სხვა ქონებიდან, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1- ნაწილის „ ზ “ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 489 ლარი. ვინაიდან სარჩელი მოსამზადებელ სტადიაზე მოპასუხემ ცნო ნაწილობრივ ამ ნაწილში იგი გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 2---ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სარჩელის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1.მოპასუხეებს ა---------------ს, ე-–---------------ს და ს------------ს მოსარჩელე სს „ ბ----ს ბანკის “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 16 272.31 (თექვსმეტი ათას ორას სამოც და თორმეტი ლარი და 31 თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 15 508.74 ლარს, დარიცხული პროცენტი შეადგენს - 282.69 ლარს, პირგასამტეხლო - 480.88 ლარს.

 

2.გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდეს მოპასუხე ა---------------ის პ/ნ:3---------- საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, საკადასტრო კოდი: № 55.21.5-.2--- აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

4. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა, საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარავად გადახდევინება აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების ა---------------ის, ე-–---------------ის და ს------------ის სხვა ქონებაზე.

 

5. შუამდგომლობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

3. სს „ ბ----ს ბანკს “ დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 465.26 (ოთხას სამოცდახუთი ლარი და 26 თეთრი) ლარი.

 

4. მოპასუხეებს ა---------------ს, ე-–---------------ს და ს------------ს მოსარჩელე სს „ბ----ს ბანკის “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 22.88 (ოცდაორი ლარის და 88 თეთრი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის წესების დაცვით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე