გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2599-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 მაისი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "თ-----------ი"
წარმომადგენელი კახაბერ კუპრაშვილი
მოპასუხეები შპს “კ------------------ი”
წარმომადგენელი ანა ვარდიაშვილი
რ----–- მ------ა
კ------- მ------ი
ფ--- მ------ი
წარმომადგენელი ეკატერინე მიშველიძე, დავით სარიბეგოვი
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ----–- მ------ას, ფ--- მ------ას და კ------- მ------ისათვის 70 025.88 ლარის დაკისრება;
1.2. რ----–- მ------ას, ფ--- მ------ს და კ------- მ------ისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება ყოველთვიურად 691.28 ლარის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2017 წლის 7 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა 8295.4 ლარის ოდენობით.
1.3. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს შპს კ------------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რუსთავი, თ-------------------------------------–------------, კოდი 0------------------ იძულებით რეალიზაცია. ასევე ფ--- მ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – ბოლნისის მუნციპალიტეტის ს------–-----–ი არსებული 1720 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე ნაგებობების (კოდი 8-----------) რეალიზაცია, ხოლო თუ რელიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი, თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაცია.
(03.05.2018წ სხდომის ოქი CD დისკი)
სარჩელის საფუძვლები
2015 წლის 30 ნომბერს სს „თიბისი ბანკსა“ და რ----–- მ------ას შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N013-3207843.002, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 140 000 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 30 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1%.
2015 წლის 30 ნოემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით ფ--- მ------მა და კ------- მ------მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა რ----–- მ------ას საკრედიტო ვალდებულების შესრულებისათვის. თავდებობის ზღვრული თანხაა 109 200 ლარი.
2015 წლის 30 ნოემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით რ----–- მ------ას კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ბოლნისის მუნციპალიტეტის ს------–-----–ი არსებული 1720 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ნაგებობება (კოდი 8-----------) .
2015 წლის 30 ნოემბერს სს „თიბისი ბანკსა“ და მარინა მ------ას შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით რ----–- მ------ას კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მარინა მ------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რუსთავში, თ-------------------------------------–------------, კოდი 0------------------. აღნიშნული უძრავი ქონება სხვა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იძულებით აუქციონზე შეიძინა შპს „კ------------------მა“, რომელსაც საკუთრებაში გადაეცა უფლებრივად დატვირთული ქონება. ბანკის იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტში.
მოპასუხეებმა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. მათი დავალიანებაა 70025.88 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 60075.97 ლარი, სარგებელი 6264.22 ლარი, პირგასამტეხლო 3685.69 ლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბანკმა განიცადა ზიანი, რადგან ვერ გაასესხა ის თანხა, რასაც მოპასუხეებისგან მიიღებდა და დაკარგა შემოსავალი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა ფ--- მ------მა, კ------- მ------მა და რ----–- მ------ამ სარჩელი ცნეს, ხოლო შპს კ------------------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა სს „თიბისი ბანკთან“ არა აქვს და სარჩელზე პასუხისმგებელი არ არის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 30 ნოემბერს სს „თიბისი ბანკსა“ და რ----–- მ------ას შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N013-3207843.002, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 140 000 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 30 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 18-26. 39-43. 7ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)
- მოპასუხეების განმარტებები (03.04.2018წ და 03.05.2018წ სხდომის ოქმები CD დისკები)
3.1.2. იპოთეკის ხელშეკრულებით რ----–- მ------ას კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ბოლნისის მუნციპალიტეტის ს------–-----–ი არსებული 1720 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ნაგებობები (კოდი 8-----------). იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს „თიბისი ბანკის“ იპოთეკის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 27-31)
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 73-74)
- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)
- მოპასუხეების განმარტებები (03.04.2018წ და 03.05.2018წ სხდომის ოქმები CD დისკები)
3.1.3. 2015 წლის 30 ნოემბერს სს „თიბისი ბანკსა“ და მარინა მ------ას შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით რ----–- მ------ას კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მარინა მ------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - რუსთავში, თ-------------------------------------–------------, კოდი 0------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 27-32)
- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)
3.1.4. 2015 წლის 30 ნოემბერს სს „თიბისი ბანკსა ფაუგ მ------ს და ბანკსა და კ------- მ------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც ფ--- მ------მა და კ------- მ------მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა რ----–- მ------ას საკრედიტო ვალდებულების შესრულებისათვის. თავდებობის ზღვრული თანხაა თითოეული თავდებისათვის 109 200 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 50-59. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)
- მოპასუხეების განმარტებები (03.04.2018წ და 03.05.2018წ სხდომის ოქმები CD დისკები)
3.1.5. 2017 წლის 18 აპრილს თბილისის სააღსრულებო ბიუროში გამართული აუქციონის შედეგად რუსთავში, თოდრიას ქ. მე-2 ჩიხი N1, სართული 7, ბინა 21-ზე საკუთრების უფლება გადაეცა შპს „კ------------------ს“. ამ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „კ------------------ის“ საკუთრების უფლება. ქონებაზე ასევე რეგისტრირებულია სს „თიბისი ბანკის“ იპოთეკის უფლება 2015 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებ:
- საჯარო რეეტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 75-76. ტომი 1)
3.1.6. რ----–- მ------ასა და სს „თიბისი ბანკს“ შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. მოპასუხეების დავალიანებაა 70 025.88 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 60075.97 ლარი, სარგებელი 6264.22 ლარი, პირგასამტეხლო 3685.69 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)
- მოპასუხეების განმარტებები (03.04.2018წ და 03.05.2018წ სხდომის ოქმები CD დისკები)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ფიზიკურ პირებს უნდა დაეკისროს მოთხოვნილი თანხის გადახდა, ასევე უნდა დაკმყოფილდეს იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 361-ე, 417–ე , 418-ე, 419-ე, 394-ე, 411-ე, 153-ე, 3065-ე, 289-ე, 286-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ საქმეში დავის საგანია 2015 წლის 30 ნოემბერს დადებული საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც, ხოლო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ასევე პირგასამტეხლოს გადახდა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოპასუხეებმა სრულად ცნეს ბანკის სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია როგორც საკრედიტო ვალდებულების შესრულება, ისე ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
განსახილველ საქმეში დავის საგანია მხარეებს შორის დადებული საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე თანხის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია. ამდენად, დავა შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხეები უფლებამოსილნი არიან ცნონ სარჩელი. რწმუნებულებების თანახმად, მოპასუხეების წარმომადგენელებს აქვთ მინიჭებული უფლება ცნონ სარჩელი სრულად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მოპასუხეების რ----–- მ------ას, ფ--- მ------ის და კ------- მ------ისათვის თანხის დაკისების და ფ--- მ------ის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ.
მოპასუხეებმა ვინაიდან სრულად ცნეს სარჩელი, ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ბანკის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მისი მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს მოვალის და სოლიდარული თავდებების სხვა ქონების რეალიზაცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა შპს „კ------------------ის“ მიმართ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.
იპოთეკა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რადგან იგი სესხის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი გარიგება არ არის და მის მიზანია ძირითადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელი კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „კ------------------ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს „თიბისი ბანკის“ იპოთეკის უფლება 2015 წლის 30 ნოემბერი იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065-ე მუხლით გათვალისწინებულია აუქციონის შედეგად შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის საფუძვლები და სამართლებრივი შედეგები. ამ ნორის მე-5-7 ნაწილების თანახმად, 5საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება; აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.7. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.
მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 30 ნოემბრიდან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება სხვა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით 2017 წელს იძულებით აუქციონზე შეიძინა შპს „კ------------------მა“. შპს „კ------------------მა“ უძრავი ქონება შეიძინა აუქციონზე, რის შედეგად მან საკუთრებაში მიიღო სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოს უფლებრივად დატვირთული უძრავი ქონება. სამოქალაქო კოდექსის 3065-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, აუქციონზე ნივთის შეძენით მოპასუხე გახდა ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთბის მონაწილე, ხოლო ნივთის აუქციონზე გასხვისების მიუხედავად ძალაში დარჩა ქონებაზე სს „თიბისი ბანკის“ იპოთეკის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. იპოთეკა არის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება, რის გამოც ეს უფლება უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლის გამო არ უქმდება, უზრუნველყოფის უფლება უცვლელი რჩება მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში. 3065-ე მუხლის საფუძველზე სს „თიბისი ბანკის“ იპოთეკის უფლება ძალაშია, რის გამოც სადაო საკრედიტო ვალდებულების შესრულების მიზნით უნდა განხორციელდეს ამჟამად შპს „კ------------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოპასუხეებმა კ------- მ------მა, ფ--- მ------მა და რ----–- მ------ამ სარჩელი ცნეს სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რის გამო სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება და მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი. ვინაიდან შპს „კ------------------მა“ სარჩელი არ ცნო, სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდა მას უნდა დაეკისროს, რადგან მის მიმართ გადაწყვეტილება მიღებულია მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე და მასზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხში შეღავათი არ ვრცელდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-3, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ის“ სარჩელი;
1.1. რ----–- მ------ას, ფ--- მ------ს და კ------- მ------ს დაეკისროთ სს „თიბისი ბანკისათვის“ 70 025.88 ლარის სოლიდარულ გადახდა;
1.2. რ----–- მ------ას, ფ--- მ------ს და კ------- მ------ს დაეკისროთ სს „თიბისი ბანკისათვის“ მიუღებელი შემოსავლის სოლიდარულად ანაზღაურება ყოველთვიურად 691.28 ლარის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2017 წლის 7 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა - 8295.4 ლარის ოდენობით.
1.3. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს შპს „კ------------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - რუსთავი, თ-------------------------------------–------------, კოდი 0------------------ იძულებით რეალიზაცია.
ასევე ფ--- მ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – ბოლნისის მუნიციპალიტეტის ს------–-----–ი არსებული 1720 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე ნაგებობების (კოდი 8-----------) რეალიზაცია, ხოლო თუ ამ ნივთების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის სრულად დაკმყოფილებისათვის, თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ფ--- მ------ის, რ----–- მ------ას და კ------- მ------ის სხვა ქონების რეალიზაცია.
2. სს „თ-----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 10 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1294,23 ლარი (საგადასახადო დავალება N1). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე სახელწიფო ხაზინა კოდი 300063150.
3. შპს "კ------------------ს" დაეკისროთ სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1294,23 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი