გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.05.2018
საქმის ნომერი
221210018002292473
კატეგორია
დავის ტიპი
დავალიანების გადახდის შესახებ
თარიღი
04.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №221210018002292473 (2/2-18)

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო მესტიის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა

მოსარჩელე - შპს “ონ-–-----------ს“

წარმომადგენელი - ხა-------------–-–---–ი

მოპასუხე - ზუ-------–-----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

განხილვის ფორმა - სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1.მოპასუხე ზუ------–------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1000 ლარის გადახდის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხეს წარმოდგენილ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოში შესაგებელი არ შემოუტანია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოპასუხეზე 2016 წლის 23 მარტს ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე 31 დღის ვადით გაიცა სესხი 500 ლარი, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით.

 

მოპასუხე მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სესხის გადახდის თაობაზე, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 1000 ლარს, რომელიც შედგება ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოსაგან.

 

3.1.2.საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული დოკუმენტები) მოპასუხეს გაეგზავნა კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი 2018 წლის 12 მარტს ჩაბარდა მოპასუხეს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოსათვის მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა და სამართლებრივი შეფასება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლით:

 

4.1.საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები და განესაზღვრა 10 დღის ვადა შესაგებელის წარმოსადგენად. ამასთან, მოპასუხეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიღებულ იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 12.03.2018 წელს, მოპასუხისათვის შესაგებელის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან და სსს კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა მე-10 სამუშაო დღეს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ასევე სასამართლოსათვის მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს. სასამართლო სსს კოდექსის 2321-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

4.2.მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები, კერძოდ:

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

აღნიშნული კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ასევე აღსანიშნავია 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებიდან.

 

აღნიშნულის გარდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

5.საპროცესო ხარჯები

 

5.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების გამო უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 2321-ე, 233-237-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხე ზუ-------–-----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1000 ლარის გადახდა;

 

3.მოპასუხე ზუ-------–-----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მესტიის მაგისტრატ სასამართლოში მხარისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა