გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001680604
2-112/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25/04/2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–----------------------ი;
წარმომადგენელი - რ------------–---–-
მოპასუხე - თ----- ნ--------ე
წარმომადგენელი - დ-----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა
1.1. სსიპ ,,ბ---------–-----------------–--------–-–----------------------ი” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს თ----- ნ--------ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს სწავლის საფასურის 2250 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თ----- ნ--------ე სსიპ ,,ბ---------–-----------------–--------–-–----------------------ის” რექტორის 2008 წლის 4 მარტის №3-370 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ ,,ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტზე. მოსარჩელემ აიღო ვალდებულება უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით მოპასუხისათვის მიეწოდებინა მომსახურება. თავის მხრივ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება სრულად გადაეხადა სწავლის საფასური. მოსარჩელემ თავისი ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება და არ გადაიხადა სწავლის საფასური. მოპასუხეს გადასახდელი აქვს 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასური 2250 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. თ----- ნ--------ე სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მასზე თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ----- ნ--------ე სსიპ ,,ბ---------–-----------------–--------–-–----------------------ის” რექტორის 2008 წლის 4 მარტის №3-370 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ ,,ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2008 წლის 4 მარტის №3-370 ბრძანება.
3.1.2. ურთიერთვალდებულებათა შესახებ მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, მაგრამ მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მოსარჩელემ აიღო ვალდებულება უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით მოპასუხისათვის მიეწოდებინა მომსახურება. თავის მხრივ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება სრულად გადაეხადა სწავლის საფასური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.
3.1.3. თ----- ნ--------ეს სწავლის საფასური უნდა გადაეხადა სემესტრების მიხედვით. მას 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის ღირებულება უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2008 წლის გაზაფხულისა. ასევე 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის გადასახადი უნდა გადაეხადა 2008 წლის შემოდგომაზე და არაუგვიანეს 2009 წლის გაზფხულისა. მან სწავლის საფასური არ გადაიხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში.
2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანება.
3.1.3. სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანებით თ----- ნ--------ეს შეუჩერდა ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი და დაერიცხა დავალიანება, რაც მოპასუხეს გადახდილი არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანება.
3.1.4. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სწავლის ღირებულების გადაუხდელობით ირღვევა მისი კანონიერი ინტერესი და დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2250 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასარჩელო განცხადება. ს.ფ.(1-12)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 სადაო ფაქტობრივი გარემოებაა დაესწრო თუ არა თ----- ნ--------ე სსიპ შო---------------–--------–-–---------------------ში სალექციო კურსს და უნივესიტეტისაგან მიიღო თუ არა მომსახურება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხემ მიიღო მომსახურება და იგი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის ღირებულება. თავის მხრივ მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს მომსახურების მიღებას და განმარტავს, რომ მას საერთოდ არ უვლია ლექციებზე და უნივერსიტეტისაგან არ მიუღია მომსახურება.
3.2.2. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავლდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოების, კერძოდ: მოპასუხის მიერ მომსახურების მიღების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს უნდა დაეკისროს. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლბელი იყოს. მოსარჩელისათვის თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ წარმოადგინოს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ლექციებზე ესწრებოდა და მისთვის სალექციო კურსი მიწოდებული აქვს. ამ ფაქტის უარყოფის მტკიცება მოპასუხისათვის ობიექტურად შეუძლებელია. ამიტომ მომსახურების გაწევა უნდა ამტკიცოს მოსარჩელემ. მან თავისი არგუმენტის დასადასტურებლად წარმოადგინა ზეპირი განმარტება მასზედ, რომ მოპასუხე დადიოდა ლექციებზე და ღებულობდა მომსახურებას. მას ზეპირი განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
3.2.5. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხისათვის მომსახურების მიწოდება ფაქტობრივი გარემოებებაა. მისი არსებობა ან არარსებობა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მოსარჩელემ მომსახურების მიწოდების მტკიცებულებად წარმოადგინა ზეპირი განმარტება. მოსარჩელემ მოპასუხის ზეპირი განმარტება, ზეპირი განმარტებითვე უარყო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა (საქ. სსკ-ის 102-ე მუხლი). მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოსარჩელეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია შემოწმდეს რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ზეპირი განმარტების ნამდვილობისათვის აუცილებელია სხვა მტკიცებულებების გამოყენება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. წინამდებარე დავაში აღნიშნული სტანდარტი მოეთხოვება მოსარჩელეს. როგორც ზემოთ ვთქვით, მოსარჩელეს მოპასუხისათვის მომსახურების გადაცემის მტკიცებულება (გარდა ზეპირი განმარტებისა) არ აქვს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან მომსახურების მიღების ფაქტის დასადასტურებლად ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. მოპასუხის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხვა არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ მოპასუხე დადიოდა ლექციებზე და მიიღო მომსახურება. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებისათვის საჭიროა წარმოდგენილი იქნას აღრიცხვის ჟურნალი, უწყისი ან სხვა კატეგორიის დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება მოპასუხის დასწრება სალექციო კურსზე. მოსარჩელეს მსგავსი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ასეთ რამეს არ შეიცავს. შესაბამისად მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან მიღებული აქვს მომსახურება.
3.2.6. მოპასუხემ მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულია. მას ამის შესახებ შესაგებელში მითიტებული არ აქვს.
იხ. შესაგებელი.
3.2.7. საქ. სსკ-ის 201-ე მუხლით ,,პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს“.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მიხედვით სარჩელის და შესაგებლის შევსება არ არის სარეკომენდაციო ხასიათის. ამ მოთხოვნის დაცვა სავალდებულოა და მისი დაუცველობა იწვევს გარკვეულ იურიდიულ შედეგებს (სარჩელის მიღებაზე უარის თქმას, ან ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითების შეზღუდვას). დასახელებული ნიმუში მოითხოვს სარჩელში და შესაგებელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით იყოს ასახული მოსარჩელის და მოპასუხის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. ასეთი თანამიდმევრული ასახვა აუცილებელია არა მხოლოდ სასამართლოსათვის, არამედ მხარეებისათვის. სწორედ დავის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით იძლევა პასუხს მოპასუხე. იმისათვის, რომ თავიდანვე გაირკვეს რომელი ფაქტობრივი გარემოებაა სადაო და რომელი უდაო, აუცილებელია შემოწმდეს სარჩელისა და შესაგებლის ის გრაფა, სადაც ფაქტობრივი გარემოებებია აღწერილია. თუ მოსარჩელე ან მოპასუხე არ აღწერს ფაქტობრივ გარემოებებს და არ მიუთითებს თუ, რომელი მტკიცებულებით ამტკიცებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, მოწინააღმდეგე მხარეს გაუჭირდება კონკრეტულად პასუხი გასცეს მის წინააღმდეგ მიმართულ ფაქტობრივ გარემოებას და გააბათილოს ამ გარემოების დამამტკიცებელი მტკიცებულება. შესაბამისად ის ვერ განახორციელებს თავის საპროცესო ვალდებულებას თავი დაიცვას სარჩელისაგან, ან შესაგებელში მითითებული გარემოებები და მისი მტკიცებულებები გააბათილოს. სწორედ ამ მიზნითაა შექმნილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუში და მისი მიზანი მხარეთათვის სწორი შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის განხორციელებაა. საქმის განხილვის ერთერთი მნიშვნელოვანი პრინციპია შეჯიბრებითობის წარმართვა მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით. მხარეებს უნდა მიეცეთ ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების თანაბარი საპროცესო საშუალებები. სარჩელის წარმოდგენის შემდეგ მოპასუხეს ეძლევა შესაგებლით სარჩელისაგან თავის დაცვის საშუალება. სწორედ შესაგებლით უნდა გააბათილოს მოპასუხემ სარჩელში მითითებული გარემოებები და მისი მტკიცებულებები. თუ მოპასუხე არ ისარგებლებს ამ მოთხოვნით, მაშინ ის კარგავს უფლებას მთავარ სხდომაზე მიუთითოს ახალ, ისეთ გარემოებაზე, რომელიც არ ყოფილა შესაგებელში მითითებული. თუ მოპასუხემ საპატიო მიზეზით ესა თუ ის გარემოება შესაგებელში ვერ მიუთითა, მაშინ აუცილებელია მან ახალ გარემოებაზე მიუთითოს მინიმუმ მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელესაც უნდა მიეცეს საშუალება მოემზადოს ახალ გარემოებასთან დაკავშირებით და გააბათილოს მოპასუხის მიერ დასახელებული ახალი გარემოებები და მტიცებულებები. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა მხოლოდ ის, რომ მას არ მიუღია მოსარჩელის მომსახურება. მან მოსამზადებელ ეტაპზე ფაქტობრივი გარემოებები არ დააზუსტა და მთავარ სხდომაზე დემონსტრაციულად განაცხადა, რომ სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ახალი გარემოებები სასამართლომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს. მას დრო და საშუალება ჰქნდა იმისა, რომ საქმის მომზადების ეტაპზე მიეთითებინა რა საკითხებს ხდის სადაოდ და რა ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით იცავს თავს სარჩელისაგან. მისი, საპროცესო მოვალეობის შესრულებისადმი ზერელე დამოკიდებულება და გულგრილობა, არ უნდა იქნას გამოყენებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა შეჯიბრების პროცესში მხარეთა თანასწორობის უფლება. მოპასუხეს მიენიჭება მოსარჩელეთან შედარებით უპირატესობა. მას აღარ ექნება საშუალება წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს ის გარემოებები, რაზეც სარჩელში ჰქონდა მითითებული და ასევე ვერ გააბათილებს მოპასუხის იმ არგუმენტებს, რომელიც მოპასუხემ მთავარ სხდომაზე განაცხადა. მომზადების ეტაპზე მათი განუცხადებლობის გამო, მოარჩელეს არ ჰქონდა საშუალება ამ ახალ გარემოებებს შეჯიბრებოდა და დაემტკიცებინა თავისი არგუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე უნდა მოექცეს საქ. სსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ფარგლებში და მას უნდა შეეზღუდოს ახალ გარემოებებზე მითითების საშუალება. შესაბამისად ახალი ფაქტობრივი გარემობა მასზედ, რომ სარჩელი ხანდაზმულია, სასამართლომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ----- ნ--------ისათვის 2008-2009 სასწავლო წლის პერიოდში უნივერსიტეტს საგანმანათლებლო მომსახურება არ გაუწევია. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს კონსტიტუცია 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ თ----- ნ--------ე სსიპ ,,ბ---------–-----------------–--------–-–----------------------ის” რექტორის 2008 წლის 4 მარტის №3-370 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ ,,ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტზე. მოსარჩელეს, მოპასუხე უნდა უზრუნველყო ხარისხიანი განათლებით, მეცნიერულ კვლევებში მონაწილეობით, სწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ ტექნიკური ბაზით, მართვის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობით, ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა აქტივობების მინიჭებით. სანაცვლოდ მოპასუხეს უნდა გადაეხადა შესაბამისი ღირებულება. მხარეებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა წარმოადგენს ხელშეკრულებას.
რაც ურთიერთ ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას მეორე მხარის სასარგებლოდ აიძულებს შეასრულოს გარკვეული მოქმედება ან თავი შეიკავოს მოქმედების შერულებისაგან. წინამდებარე შემთხვევაში მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. შეთანხმებისამებრ მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა მომსახურება, ხოლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა მომსახურების ღირებულება. თუ დადგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა მომსახურება, მაშინ ვალდებულების მიხედვით შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის სანაცვლო შესრულება და მომსახურების ღირებულების გადახდა. თუ მოპასუხეს არ მიუღია მომსახურება, მაშინ არც შესასრულებელი ვალდებულება არ წარმოეშობა. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.
6.3. მხარეთა შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულება განსაზღვრავს ურთიერთვალდებულებებს, მათ შორის მოცემულ დავის საგანზეც, - სწავლის საფასურის გადახდის წესზე.
სტუდენტის მიმართ მოქმედებდა სსიპ შო---------------–--------–-–---------------------ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 01 ოქტომბრის №02 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სსიპ შო---------------–--------–-–---------------------ის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განათლების მიღება მოპასუხის უფლებაა. იგი მოპასუხის ვალდებულება არაა. სტუდენტის სტატუსის მინიჭება ავტომატურ რეჟიმში განათლების მიღებას არ ნიშნავს. განათლების მიღება ხანგრძლივი პროცესია და იგი მოიცავს მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის მინიჭებიდან შესაბამისი დიპოლომის მიღებამდე პროცესს, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია მოსარჩელის მიერ ცოდნის მიწოდებასა და მოპასუხის მიერ მიღებული ცოდნის ათვისებაზე. მოპასუხემ არ ისარგებლა მინიჭებული უფლებით და უნივერსიტეტში ცოდნის მისაღებად არ გამოცხადდა.
სსიპ შო---------------–--------–-–---------------------ის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2010 წლის 01 ოქტომბერს მიღებული №02 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესი. კერძოდ, ,,სწავლის საფასურის გადახდის წესის’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება სემესტრულად, შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში სწავლის საფაურის 50%, ხოლო დარჩენილი 50%- გაზაფხულის სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში. ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით ბსუ-ს სტუდენტი, თუკი შესაბამისი სწავლის საფეხურის ყოველი სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას- არ გადაიხდის სწავლის საფასურს სრულად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, შეუჩერდება ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი.
6.4. ფაქტობრივად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომლითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. მოპასუხეს იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა თანხის გადახდის ვალდებულება, თუ მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. კონკრეტულ შემთხვევაში უნივერსიტეტის ვალდებულებას შეადგენდა მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხის ვალდებულებას - მომსახურებისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდა. იგივე გამომდინარეობს საქართველოს კანონის ”უმაღლესი განათლების შესახებ” 79-ე მუხლის მეორე პუნქტიდან, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური. შესაბამისად, კანონით დადგენილია საზღაურის გადახდა და გადახდის ვალდებულება სწავლისათვის მომსახურების მიღებისას და არა სტუდენტად ყოფნისათვის. სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: - ისწავლოს, ან მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმის მასალებით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების მომენტისათვის მოპასუხეს გააჩნდა სასწავლო დავალიანება. თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოპასუხემ სსიპ შო---------------–--------–-–---------------------ის მხრიდან საანგარიშო პერიოდში მიიღო სასწავლო მომსახურეობა და სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი. მან შეწყვიტა სწავლა და არ უვლია ლექციებზე. საგანმანათლებლო მომსახურების მიღება არ დასტურდება, რაც გამორიცხავს საფასურის გადახდის ვალდებულებას. ძველი რომის სამართლის ფუძემდებლური პრინციპების მიხედვით რის მტკიცებულებაც საქმეში არაა წარმოდგენილი, ნიშნავს, რომ ის არც ბუნებაში არსებობს. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ მან მოპასუხეს მიაწოდა მომსახურება. ასეთი მტკიცებულების არ წარმოდგენა კი ნიშნავს, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის მომსახურება არ მიუწოდებია. შესაბამისად მას არც მოთხოვნის უფლება არ აქვს. მოსარჩელეს მაშინ ექნებოდა მოთხოვნის უფლება თუ ის მოპასუხეს მიაწვდიდა მომსახურებას. მას მომსახურება არ მიუწვდია, ამიტომ მოპასუხე არაა ვალდებული გადაიხადოს იმ მომსახურების ღირებულება, რაც რეალურად არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე