გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
240210016001653880
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210016001653880

(2/586-2016)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.06.2018 წ. ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი -თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - შპს ‘ემ------------ი“

წარმომადგენელი - ტა-----– გე------ე

მოპასუხე - მა----- პა-------ა

წარმომადგენელი -ლე--- ან----ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

მოპასუხე მა----- პა-------ასათვის (პ/ნ 3----------) შპს“ემ------------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ 595 (ხუთასოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურების დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 7 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება,რომლის საფუძველზე მა----- პა-------აზე გაიცა სესხი-300 ლარი, 25 დღის ვადით, სარგებელი შეადგენდა 75 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი (7.4.პუნქტი) და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5% (7.5.პუნქტი), რამაც შეადგინა 505 ლარი. მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა -200 ლარამდე. მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მა----- პა-------ამ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ 395 ლარის ფარგლებში, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, არ ცნო იმ საფუძვლით, რომ პირგასამტეხლოს გადახდაზე მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 7 აპრილს მოსარჩელე შპს „ემ------------“-სა და მოპასუხე მა----- პა-------ას შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მა----- პა-------აზე გაიცა სესხი-300 ლარი, 25 დღის ვადით, სარგებელი შეადგენდა 75 ლარს.

3.2.2.ხელშეკრულების 7.4.პუნქტის თანახმად, სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს უნდა გაეხადა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ხოლო ხელშეკრულების 7.5. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%.

3.2.3.მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. გააჩნია დავალიანება -900 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა-300 ლარი, სარგებელი-75 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა-20 ლარი და პირგასამტეხლო -505 ლარი, თუმცა მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 595 ლარამდე.

3.2.4.მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება (07.04.2014 წ)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მა----- პა-------ას შპს „ემ------------ი“ -ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 595 ლარის გადახდა.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-625-ე, 411-ე, 417-418-ე მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს სასესხო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 7 აპრილს მოსარჩელე შპს „ემ------------“-სა და მოპასუხე მა----- პა-------ას შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მა----- პა-------აზე გაიცა სესხი-300 ლარი, 25 დღის ვადით, სარგებელი შეადგენდა 75 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 505 ლარიდან შემცირდა 200 ლარამდე, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განსაზღვრულია დავალიანების მოცულობის პროპორციულად, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირგასამტეხლოს შესახებ მხარეები წერილობით არ ყოფილან შეთანხმებული, აღნიშნულს სასამართლო ვერ დაეთანხმება, ვინაიდან მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმებულია ელექტრონულად, წერილობითი სახით, წერილობითი ხელშეკრულების 7.4.პუნქტით გათვალისწინებულ იქნა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ხოლო 7.5. პუნქტით- პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5% .

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი არ აწესებს სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მხარეთა შორის ნების გამოვლენისას, რაიმე შეზღუდვას, ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან ისეთ პირობებზე, რაც მათთვისაა სასურველი და მისაღები. მოცემულ შემთხვევაშიც, მხარეები შეთანხმდნენ ისეთ პირობებზე, როგორიც მათ სურდათ, მხარეებს შორის ნების გამოვლენის ნამდვილობა სადავო არ გამხდარა და მხარეთა შეთანხმებაში არც კანონსაწინააღმდეგო პირობა გამოვლენილა.

 

ვინაიდან მა----- პა-------ამ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულებების ანაზღაურება.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოპასუხე - მა----- პა-------ას მოსარჩელე შპს“ემ------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 595 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 ლარი, იურიდიული მომსახურების -40 ლარი, რომელთა გადახდაც მითითებული ნორმის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხე მა----- პა-------ას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 356-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს“ემ------------ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს .

2. დაეკისროს მოპასუხეს მა----- პა-------ას (პ/ნ 3----------) შპს“ემ------------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ 595 (ხუთასოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება.

3. დაეკისროს მოპასუხეს მა----- პა-------ას (პ/ნ 3----------) შპს“ემ------------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარისა და იურიდიული მომსახურების -40 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ დაიშვება.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია