განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100118002416626
N1/141-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
5.06.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი მარიამ გამგებელი
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი
დაცვის მხარე
ბრალდებული - მ-----– მ--–----ის ძე ლ-–-ი, დაბადებული 1--- წლის 8----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------, დ--------–-----, რ---------–-------------
კვალიფიკაცია
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2017 წლის სექტემბრის თვეში, ქალაქ თ---–--ში, ანა დ-------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ-------------, კო--------------------, მ-----– ლ-–-მა, ორსულ მეუღლეს - ლ---- ო-----–--–---–ს სახეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ლ---- ო-----–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ზემოაღნიშნული ქმედებისათვის, 2018 წლის 25 აპრილს, მ-----– ლ-–-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----– ლ-–-ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. სასამართლოს გადაწყვეტილება მ-----– ლ-–-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რის გამოც ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.
2.3. სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბრალდებულმა მ-----– ლ-–-მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
3.2. დაზარალებულ ლ---- ო-----–--–---–ის ჩვენებით, გასულ წელს, ორსულობის პერიოდში, მ-----– ლ-–-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ ძალადობის ფაქტს, კერძოდ, 2017 წლის სექტემბრის თვეში, როდესაც იგი იყო ფეხმძიმედ, ქალაქ თ---–--ში, ნათესავის - ანა დ-------ის საცხოვრებელ სახლში, მ-----– ლ-–-მა, შელაპარაკების ნიადაგზე, ერთხელ დაარტყა მას ხელი სახის არეში, რის შედეგადც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ლ---- ო-----–--–---–ის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს არავინ შესწრებია, რადგან ამ დროს იგი, მეუღლესთან ერთად, ანა დ-------ის საცხოვრებელ სახლში, მარტო იმყოფებოდა. დასახელებულ ფაქტთან დაკავშირებით მას არც სამედიცინო დაწესებულების და არც პოლიციისათვის არ მიუმართავს.
3.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, პროკურორის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
3.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს საქმეზე მოპოვებული არცერთი სხვა მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სადავოდ არ გაუხდია, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
3.6. დაზარალებულის ჩვენების გარდა, მ-----– ლ-–-ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობითაც, კერძოდ, მოწმეების - ნ---- შ--–-–---–-ს, გ------- მ-----–-–---–--- რ--------ნ მ------ის, გ------- თ---–--ისა და გ------- პ---–--–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; არასრულწლოვანი მოწმის - ტ-------- ო-----–--–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ლ---- ო-----–--–---–ის კუთვნილი ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, მ-----– ლ-–-ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
4.6. საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.7. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს ან გამოიკვლიოს რომელიმე მტკიცებულება, რადგან მოსამართლე სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებსაც მხარეები წარმოადგენენ.
4.8. ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ასევე ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განმარტებით №510აპ-14 საქმეზე, რომლის თანახმადაც, „12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. მ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება მოწმე ზ. ს-ს ჩვენების სახით. მხოლოდ ამ მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოება, რომ გ. მ-მ მისთვის უცნობ მოქალაქეს ჯიბიდან ფარულად ამოაცალა საფულე და გადასცა გ. ძ-ს; 18. თავად გ. მ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი არ შეიცავს ისეთი ხასიათის ინფორმაციას, რაც შეიძლება გ. მ-ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტის დადგენის საშუალება იყოს. პირადი ჩხრეკის დროს მისგან არ ამოღებულა არანაირი სახის საეჭვო ნივთმტკიცება ქურდობაში მისი ბრალეულობის დასადასტურებლად; 21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. მ-ს დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც ის უნდა გამართლდეს“.
4.9. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მ-----– ლ-–-ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს, რამდენადაც პროკურორმა სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულ ლ---- ო-----–--–---–ის ჩვენების სახით, არც ერთი სხვა მოწმე, თუ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება კი პირდაპირ არ მიუთითებს მ-----– ლ-–-ის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული მეუღლის - ლ---- ო-----–--–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს. ამდენად, მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, არ არის საკმარისი მ-----– ლ-–-ის მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებლი განაჩენის დადგენისათვის.
4.10. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მ-----– ლ-–-ის მსჯავრდებას საფუძვლად ვერ დაედება, რამდენადაც სახეზეა მხოლოდ დაზარალებულის პირდაპირი ჩვენება. მ-----– ლ-–-ის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, შეუძლებელია პირის დამნაშავედ ცნობა. ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, ვერ აკმაყოფილებს გამამატყუნებელი განაჩენის მიღებისათვის კანონით დადგენილ, უალტერნატივო, კონსტიტუციურ სტანდარტს. დაზარალებულის ჩვენებით წარმოშობილი მხოლოდ თუნდაც გონივრული ეჭვი მ-----– ლ-–-ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დადასტურდა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ (საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი).
4.11. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----– ლ-–-ი უნდა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4.12. მ-----– ლ-–-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გონივრული ეჭვი კი, რომელიც ლოგიკურად წარმოიშვა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.13. აქვე სასამართლო იხსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას, საქმეზე „ვასილიოს სტავროპოულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, „როგორც კი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს გამართლება ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძვლითაც რომ იყოს დადგენილი, დაუშვებელია ბრალეულობის მიმართ ეჭვის გამოხატვა, რაც მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუთავსებელია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან... სასამართლოს მიაჩნია, რომ „in dubio pro reo” პრინციპის შესაბამისად, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის განსაკუთრებული ასპექტია, არ უნდა არსებობდეს არანაირი თვისობრივი სხვაობა მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე გათავისუფლებასა და უდანაშაულობის დადგენის შედეგად გათავისუფლებას შორის, როდესაც პირის უდანაშაულობის მიმართ არავითარი ეჭვი არ არსებობს. სინამდვილეში, გამამართლებელი გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება დასაბუთებით, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე წარმოადგენს, პირიქით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამამართლებელ განაჩენს პატივი უნდა სცეს ხელისუფლების ყველა შტომ.“
5. სასამართლომ დაადგინა:
5.1. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ-----– ლ-–-მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ------------------------–------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----– ლ-–-მა, ოჯახის კუთვნილი თანხის განკარგვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - ლ---- ო-----–--–---–ს სახის და ტანის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, რის შედეგადაც ლ---- ო-----–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
5.2. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მ-----– ლ-–-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ------------------------–------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ-----– ლ-–-ი მეუღლეს - ლ---- ო-----–--–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის მ-----– ლ-–-ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
6. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
6.1. ბრალდებულმა მ-----– ლ-–-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
6.2. დაზარალებულ ლ---- ო-----–--–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 24 მარტს, ლ---- ო-----–--–---–ი იმყოფებოდა სახლში, მეუღლესთან - მ-----– ლ-–-თან და მათ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ამ დროს მათთან ერთად სახლში ასევე იმყოფებოდა მ-----– ლ-–-ის ბიძა, რომელთან ერთადაც მ-----– ლ-–-ი უნდა წასულიყო ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში. ბრალდებულმა მეუღლეს გამოართვა ფულადი თანხა ორმოცდაათი ლარის ოდენობით, რომლის ნაწილი მას უნდა დაეხარჯა, ხოლო ნაწილი მეუღლისთვის უკან დაებრუნებინა. მ-----– ლ-–-ი სახლში მთვრალ მდგომარეობაში დაბრუნდა და შეთანხმებული თანხის ნაწილი მეუღლეს აღარ დაუბრუნა. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ლ---- ო-----–--–---–მა მას უსაყვედურა, რამაც გამოიწვია მ-----– ლ-–-ის გაღიზიანება. მან ლ---- ო-----–--–---–ს სახის და ტანის არეში რამდენჯერმე ხელი გაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ლ---- ო-----–--–---–მა მეუღლეს უთხრა, რომ მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელება აღარ შეეძლო. ამის გამო მ-----– ლ-–-ი კვლავ გაღიზიანდა და ლ---- ო-----–--–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მან დაზარალებულს უთხრა, რომ გაშორების შემთხვევაში მას აღარ აცოცხლებდა. დაზარალებულის განმარტებით, იმ მომენტში მეუღლის ამგვარი ქმედების გამო მან განიცადა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების რეალური შიში, თუმცა, დღეს უკვე აღარ ეშინია და სურს, რომ მეუღლე დაუბრუნდეს ოჯახს. ლ---- ო-----–--–---–მა აღნიშნა, რომ მ-----– ლ-–-ი მათი მცირეწლოვანი შვილის ერთადერთი მარჩენალია, ამიტომ სურს, რომ იგი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
6.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
6.4. მ-----– ლ-–-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - ნ---- შ--–-–---–-ს, გ------- მ-----–-–---–--- რ--------- მ------ის, გ------- თ---–--ისა და გ------- პ---–--–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; არასრულწლოვანი მოწმის - ტ-------- ო-----–--–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ლ---- ო-----–--–---–ის კუთვნილი ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, მ-----– ლ-–-ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
6.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
6.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
6.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
6.8. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
6.9. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ-----– ლ-–-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია მ-----– ლ-–-ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
7.2. რაც შეეხება მუქარას, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის განცდა, რაც დაკავშირებულია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან.
7.3. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ-----– ლ-–-ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
7.4. რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. მ-----– ლ-–-ს ამოძრავებდა ოჯახის კუთვნილი თანხის განკარგვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე აღძრული შურისძიების მოტივი. მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიზანს სწორედ ლ---- ო-----–--–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მისი დამორჩილება წარმოადგენდა, რაც მან ძალადობრივი ქმედებებით სისრულეში მოიყვანა.
7.5. დაზარალებულის ჩვენებით, მოწმეთა უდავო გამოკითხვის ოქმებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება ასევე, რომ მ-----– ლ-–-ის ძალადობრივი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.
7.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია მ-----– ლ-–-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
7.7. დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.
8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
8.1. მ-----– ლ-–-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
8.2. სასამართლო მ-----– ლ-–-ის პასუხისმგებლობის დამაძიმებელ გარემოებად მიიჩნევს სქესზე დაფუძნებული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობის ჩადენას ქალის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილი); პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ასევე მიჩნეული უნდა იქნეს მ-----– ლ-–-ის მიერ ძალადობრივი დანაშაულების ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში, წარსულში განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის პერიოდში.
9. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
9.1. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----– ლ-–-ის მიმართ მიზანშეწონილია საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
9.2. სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, განახორციელოს ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობაზე დროული და ეფექტური რეაგირება, სასამართლო, თავდაპირველად, მიზანშეწონოლად მიიჩნევს, მიმოიხილოს ამ მიმართებით მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპები და ნორმები, სახელდობრ:
გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.
2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაში (რეკ(2002)5), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა inter alia, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმრების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, inter alia, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშავეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.
9.3. სასამართლო ასევე მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, -
საქმეში ბეგანოვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Beganovic v. Croatia, No. 46456/06, 25.6.09) სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც კერძო პირების მიერ მიყენებული ძალადობა აღწევს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნეს მე-3 მუხლი, ხელისუფლების ორგანოებს მოეთხოვებათ ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მოქმედების უზრუნველყოფა. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები არ იქნა შესრულებული განმცხადებელზე სერიოზული თავდასხმის პასუხად გატარებული ღონისძიებებით, განსაკუთრებით იმ მიზეზით, რომ ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოწვეული გაჭიანურების გამო, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად.
საქმეში A.T. v. Hungary (2005 წლის 26 იანვრის განჩინება), სადაც მომჩივანი აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე (ჩვეულებითი სამართლის მიხედვით) და მისი ორი შვილის მამა მას ფიზიკურაც უსწორდებოდა და ემუქრებოდა 1998 წლიდან მოყოლებული, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა მიმართა უნგრეთს "უზრუნველეყო მომჩივანისა და მისი ოჯახის ფიზიკური და გონებრივი შეუვალობა" ისევე როგორც მიეცა მისთვის ბავშვებთან ერთად უსაფრთხო საცხოვრებელი და ბავშვის დახმარება, იურიდიული დახმარება და გაეცა კომპენსაცია მისი უფლებების დარღვევის პროპორციულად. კომიტეტმა ასევე წარუდგინა რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია უნგრეთს ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ქალთა დაცვის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ეფექტიანი გამოძიების, სამართლებრივი და მართლმსაჯულების პროცესების დადგენისა და მკურნალობისა და დახმარების რესურსების გაზრდის გზით.
საქმეში კონტროვა სლოვაკეთის წინააღმდეგ (Kontrova v. Slovakia, No. 7510/04, 31.5.07) პოლიციამ ვერ შეძლო ადეკვატურად ეპასუხა განმცხადებლის სისხლისსამართლებრივ საჩივრებსა და სატელეფონო ზარებზე გადაუდებელი დახმარების თხოვნით, რაც გამოწვეული იყო მისი ქმრის მიერ ფიზიკური ხელყოფით; მათ არ დაარეგისტრირეს საჩივარი, არ ჩაიწერეს ზარები, არ დაიწყეს გამოძიება და არ აღძრეს სისხლისსამართლებრივი წარმოება. სასამართლომ შესაბამისად დაადგინდა, რომ დაირღვა მე-2 მუხლი, მას შემდეგ რაც ქმარმა სროლის შედეგად მოკლა მათი ორი შვილი.
კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას ადგილი ჰქონდა აგრეთვე საქმეში ბრანკო ტომაშიცი და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ (Branko Tomazic and others v. Croatia, No. 46598/06, 15.1.09), სადაც მამაკაცმა შეასრულა თავისი მუქარა და მოკლა თავისი პარტნიორი და თავიანთი ახალშობილი ქალიშვილი. ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ საფრთხის სერიოზულობის შესახებ, მაგრამ ვერ შეასრულეს თავიანთი პოზიტიური მოვალეობები...არავითარი რისკების შეფასება არ მომხდარა უშუალოდ მისი (მამაკაცის) გათავისუფლების წინ.
საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ოპუზის საქმეში განმცხადებელი და დედამისი განმცხადებლის ქმრის სისტემატური ძალადობრივი თავდასხმების მსხვერპლნი იყვნენ, რაც დაგვირგვინდა დედამისის მოკვლით. განმცხახდებლის ქმრის მხრიდან მუდმივად გამწვავებადი ძალადობის ისტორიის გათვალისწინებით, რის შესახებაც ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მათ შეეძლოთ განეჭვრიტათ სასიკვდილო თავდასხმა. სისხლის სამართალწარმოება იქამდე დაწყებული იქნა განმცხადებლის ქმრის მიმართ, მაგრამ მთავრობა ამტკიცებდა, რომ დევნის განმახორციელებელ ორგანოებს თითოეულ შემთხვევაში, როცა დაიწყეს დევნა, უწევდათ შიდა სამართლის თანახმად მისი შეწყვეტა, რადგან განმცხადებელს და დედამისს გაჰქონდათ თავიანთი საჩივრები. ისევე როგორც ამ სიტუაციაში, დევნის განმახორციელებელ ორგანოებს კანონი არ აძლევდა საშუალებას, გაეგრძელებინა სისხლის სამართალწარმოება, რადგან სადაო ქმედებები არ იწვევდა ავადმყოფობას ან შრომმისუნარიანობის დაკარგვას 10 დღით ან მეტი ვადით. სასამართლომ დაასკვნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო არ იყო საკმარისი სახელმწიფოს იმ პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც მოითხოვდა ოჯახური ძალადობის ყველა ფორმის დასასჯელად სისტემის შექმნას და ეფექტიან ამოქმედებას, აგრეთვე დადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი პოზიტიური ვალდებულება, გაეტარებინა პრევენციული ოპერატიული ღონისძიებები რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდის სიცოცხლის დასაცავად. ამას ერთვოდა ისიც, რომ გამოძიება იყო არასაკმარისად სწრაფი, შესაბამისად, განცხადებლის დედის მიმართ დაირღვა მე-2 მუხლი და თავად განცხადებლის მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი, აგრეთვე დაირღვა მე-14 მუხლი, როგორც მე-2, ისე მე-3 მუხლთან მიმართებით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის კომიტეტის (CEDAW) 2015 წლის 13 ივლისის დასკვნას საქმეზე „X დაY საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ დისკრიმინაციად უნდა შეფასდეს ქალების წინააღმდეგ განხორციელებული სქესზე დაფუძნებული ძალადობა. აღნიშნულ საქმეზე კომიტეტმა დაადგინა „ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის დარღვევა და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ, სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულებები, გაეტარებინა შესაბამისი ეფექტური ღონისძიებები, მათ შორის, სანქციები, რომლებიც აღკვეთდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობას, როგორც ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას.
9.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ქალის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე დროული რეაგირება მოახდინა, რითაც შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მყისიერი ამოქმედების თვალსაზრისით. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარმა დროულმა რეაგირებამ, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ძალადობის მსხვერპლი ქალის სათანადო დაცვა და საქმეზე დროული, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება.
9.5. სასამართლო შეფასების გარეშე ვერ დატოვებს ბრალდებულის ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ დაზარალებული - ლ---- ო-----–--–---–ი, მ-----– ლ-–-ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად, მათი თანაცხოვრების განმავლობაში, იმყოფებოდა მუდმივი სტრესის ქვეშ. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ-----– ლ-–-ი მეუღლეს ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას და ამ გზით ცდილობდა მისი, როგორც ქალის, დამორჩილებას.
9.6. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულისა და დაზარალებულის საერთო საცხოვრებელ სახლში იზრდება მათი მცირეწლოვანი შვილი, არასაპატირმო სასჯელის გამოყენების შემთხვევაში კი შესაძლოა დაირღვეს არასრულწლოვნის სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოში და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება (გაეროს გენერალური ასამბლეის 1959 წლის N1386 რეზოლუცია (პრინციპი 2), რომელიც ცნობილია „ბავშვის უფლებათა დეკლარაციის“ სახელით).
9.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულ ლ---- ო-----–--–---–ის განცხადებას ბრალდებულთან „შერიგებისა და მის მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ“, რადგან აღნიშნული შეგვიძლია მხოლოდ ფორმალური ხასიათის დოკუმენტად მივიჩნიოთ, რომელიც მოტივირებულია საერთო შვილის მამის მიმართ მეუღლის მხრიდან გამოხატული მოჩვენებითი შემწყნარებლური პოზიციით. სასამართლოს აზრით, აღნიშნული დოკუმენტი არ ასახავს რეალობას და არ გამომდინარეობს არასრულწლოვნის საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესებიდან. სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს დაზარალებულის პოზიციას იმის შესახებ, რომ იგი უკვე შეურიგდა მ-----– ლ-–-ს და მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება საწინააღმდეგო. ლ---- ო-----–--–---–ის ამგვარი შემწყნარებლური პოზიცია გამომდინარეობს საქართველოში დამკვიდრებული არასწორი დისკრიმინაციული სტერეოტიპებიდან და ადეკვატურად არ ასახავს შექმნილ ვითარებას.
9.8. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განაჩენით მ-----– ლ-–-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 6 (ექვსი) დღის ვადით. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ-----– ლ-–-ს შეუმცირდა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. 2013 წლის 21 იანვარს იგი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან, საპატიმრო სასჯელის მოხდის გამო.
9.9. მოცემულ შემთხვევაში, მ-----– ლ-–-მა ბრალად შერაცხული დანაშაულები ჩაიდინა 2018 წლის 24 მარტს, მაშინ, როდესაც იგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით თანახმად, ჯერ კიდევ ითვლებოდა წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მ-----– ლ-–-ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას.
9.10. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ მ-----– ლ-–-ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მ-----– ლ-–-ს უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით, თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლოს აზრით, სასჯელის ამგვარი სახე და ზომა შექმნის მ-----– ლ-–-ის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 269-ე-279-ე, 283-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დაადგინა
1. მ-----– ლ-–-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. მ-----– ლ-–-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ-----– ლ-–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. მსჯავრდებულ მ-----– ლ-–-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 25 მარტის 01:00 საათიდან.
4. მსჯავრდებულ მ-----– ლ-–-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. მ-----– ლ-–-ს განემარტოს, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე