გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
050210018002340382
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210018002340382 (N2/245-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

29 მაისი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე - შპს ,,------–---”

წარმომადგენელი - თი------------–---–ი, ელ-----------–---–ი

მოპასუხე - და-------------–-–---–-

წარმომადგენელი - ნა----------------ე

დავის საგანი - გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე დარიკო ნიკოლაშვილს შპს ,,------–---ს” სასარგებლოდ დაეკისროს 127.76 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2015 წლის 6 აგვისტოდან 10 აგვისტომდე პაციენტ ლუ-----------ას შპს ,,------–---ს'' სამედიცინო ცენტრში გაეწია სამედიცინო მომსახურება. 2015 წლის 10 აგვისტოს ერთის მხრივ შპს ,,------–---ს", წარმოდგენილი დირექტორის დავით მდინარაძის სახით, მეორეს მხრივ 0--------- წელს დაბადებულ ლუ-----------ასა და მესამე მხრივ დარიკო ნიკოლაშვილს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოაგენდა პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა ჩატარებული მკურნალობის ღირებულება, რომელმაც ჯამში შეადგინა 127.76 ლარი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში;

 

მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შესრულებულია, მოპასუხემ კი არ შეასრულა, რის გამოც, ერიცხება დავალიანება კლინიკის მიმართ 127.76 ლარის ოდენობით. შპს ”მედალფას” მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე თავს არიდებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებლით და სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა მასზედ, რომ მართალია ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ვალი აღიარებულია, თუმცა მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაუწევლობის გამო;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 06 აგვისტოდან 10 აგვისტომდე მოპასუხე და-------------–-–---–-ს შვილი 0--------- წელს დაბადებული ლუ-----------ა მკურნალობას გადიოდა შპს ,,------–---ს'' ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 29.05.2018 წ. სხდომის ოქმი);

-შპს ,,------–---ს'' ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში კალკულაცია (ს.ფ. 59);

 

3.1.2. 2015 წლის 6 აგვისტოდან 10 აგვისტომდე პაციენტ ლუ-----------ას გაეწია სამედიცინო მომსახურება შპს ,,------–---ს'' სამედიცინო ცენტრში. 2015 წლის 10 აგვისტოს ერთის მხრივ შპს ,,------–---ს", წარმოდგენილი დირექტორის დავით მდინარაძის სახით, მეორეს მხრივ 0--------- წელს დაბადებულ ლუ-----------ასა და მესამე მხრივ დარიკო ნიკოლაშვილს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოაგენდა პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა ჩატარებული მკურნალობის ღირებულება, რომელმაც ჯამში შეადგინა 127.76 ლარი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 29.05.2018 წ. სხდომის ოქმი);

-2015 წლის 10 აგვისტოს ხელშკრულება (ს.ფ. 44-45);

 

3.1.3. საქმეზე წარმოდგენილი პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევებისა და მანიპულაციების კალკულაციის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნევს, რომ ლუ-----------ასათვის გაწეული მომსახურების ღირებულება ჯამში შეადგენს 127.76 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-კალკულაცია (ს.ფ. 59);

-მხარეთა ახსნა-განმარტება(29.05.18 წლის სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება - 127.76 ლარი მოპასუხე მხარის მიერ არ არის გადახდილი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ იქნა გამხდარი დავალიანების არსებობის გარემოება, იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელემ არასათანადოდ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაუწევლობაში, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,------–---ს'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 629- 630-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე და 365-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამავე კოდექსის 630-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება.

 

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს.

 

განსახილველ საქმეში, სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების გაწევის საფასურის მოპასუხისათვის დაკისრება. აღსანიშნავია, რომ ფულადი ვალდებულების შესრულებას, გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, დადგენილია, რომ მოპასუხე და-------------–-–---–-ს შვილს ლუ-----------ას შპს ,,------–---ს" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გაეწია სამედიცინო მომსახურება. წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო სამედიცინო მომსახურების სახეობისა და ღირებულების თაობაზე და თავად მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ზუსტი და ამომწურავი ხარჯთაღრიცხვა მომსახურების გაწევამდე დადგენილი ვერ იქნებოდა. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,------–---ს'' და დარიკო ნიკოლაშვილს შორის არსებული დავის სამართლებრივი რეგულირებისთვის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში სასამართლო აღნიშნულ დავას ვერ განიხილავს ცალსახად ნარდობის ხელშეკრულების ჭრილში (მისთვის დადგენილი კონკრეტული მოთხოვნების, მაგ. წინასწარი ხარჯთაღიცხვა თუ სხვა), ვინაიდან აღნიშნული ურთიერთობის არსებით ნაწილს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. შესაბამისად, წინასწარ პროგნოზირება იმისა, თუ როგორი იქნება პაციენტისთვის ჩატარებული მკურნალობის შედეგი, მოჰყვება თუ არა მას შემდგომი გართულებები, ან საბოლოო ჯამში რა ოდენობის იქნება გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური, შეუძლებელია. ამასთან, აღნიშნული ურთიერთობის თავისებურება, რაც მას განასხვავებს ტიპიური ნარდობის ხელშეკრულებისაგან არის ის, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული და დადებითი შედეგის მომტანი იქნება პაციენტისთვის ჩატარებული მკურნალობის კურსი, მომსახურების საფასური უნდა იქნეს ვალდებული პირის მიერ გადახდილი. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულება უნდა იქნეს შეფასებული იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც ამ სახის ურთიერთობისთვის არის დამახასიათებელი.

 

გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული იქნა სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება მოპასუხის მიერ ანაზღაურებული არ არის და დავალიანების ოდენობა შეადგეს - 127.76 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებისა და 2015 წლის 10 აგვისტოს პაციენტის ლუ-----------ას წარმომადგენელთან დარიკო ნიკოლაშვილთან გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულების შესაბამისად აკისრია მოპასუხეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,------–---ს'' სარჩელი მოპასუხე და-------------–-–---–-ს მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე დარიკო ნიკოლაშვილს მოსარჩელის შპს ,,------–---ს'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 127.76 (ასოდაშვიდი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე დარიკო ნიკოლაშვილს მოსარჩელის შპს ,,------–---ს'' სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 3.83 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: ციცინო როხვაძე