გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210018002355769
საქმე #2/227-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.06.2018 წელი ქ. გურჯაანი
(შესავალი ნაწილი )
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - რა-------------–---–ი
წარმომადგენელი- მა-----------–---–ი
მოპასუხეები - მი----–---------–---–ი, ნი------–---–ი
წარმომადგენელი - მა----–----------–---–-------–-ძე
დავის საგანი: საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს მი----–--------–---–ს და ნი------–---–ს აეკრძალოთ მოსარჩელე რა-------------–---–ისთვის გუ------------------ს სოფე-–--------–--ეში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით №5----------0, სარგებლობის ხელშეშლა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მხარეთა თანასაკუთრებაშია გუ------------------ს სოფე-–--------–--ეში მდებარე საცხოვრებელი სახლი საკადასტრო კოდით №5----------0. საკუთრების უფლება აღრიცხულია საჯარო რეესტრში. მოსარჩელეს მოპასუხეებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც დაახლოებით 9 წლის წინ მან თავის მეუღლესთან ერთად დატოვა საცხოვრებელი სახლი. ამჟამად ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები და მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ იზაბელ ლეგერონის კუთვნილ სახლში ცხოვრობს, თუმცა მესაკუთრემ სახლის დაცლა მოსთხოვა. მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და ფაქტობრივად ქუჩაში რჩება. ამიტომ კუთვნილ სახლში დაბრუნება სურს, რის საშუალებასაც მოპასუხეები არ აძლევენ.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელესთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ერთად ცხოვრების პერიოდში ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი და მოსარჩელის მხრიდან ძალადობასაც ჰქონდა ადგილი, რის გამოც ყოველდღე პატრულის გამოძახება სჭირდებოდათ. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ერთმანეთთან კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობის გამო მათი ერთად ცხოვრება გამორიცხულია. ამიტომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გუ------------------ს სოფე-–--------–--ეში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №5----------0, წარმოადგენს რა-------------–---–ის, მი----–--------–---–ის, ნი------–---–ის და თა-------------–---–ის თანასაკუთრებას. საკუთრების უფლება 2017 წლის 08 დეკემბრიდან აღრიცხულია საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 27).
3.1.2. მი----–--------–---–ი და ნი------–---–ი, საჯარო რეესტრში №5----------0 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-14; 33-40).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 08.05.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)
3.1.3. მი----–--------–---–ი და ნი------–---–ი წინააღმდეგები არიან, რომ მოსარჩელემ თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში იცხოვროს. ამის მიზეზად მოპასუხეებმა მოსარჩელესთან კონფლიქტური ურთიერთობაზე მიუთითეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი (ს.ფ. 33-40).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 08.05.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო–სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა და მხოლოდ საკუთრების უფლება აქვს შერჩენილი. როდესაც მესაკუთრის ნების გარეშე გამოდის ქონება მისი ხელიდან, ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ეს ქონება, მისგან ნივთის გამოთხოვა გარდაუვალია. საკუთრების დაცვის მეორე საშუალება ნეგატორული სარჩელია. ამ შემთხვევაში საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე. ნეგატორული სარჩელი აღიძვრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნივთთან დაკავშირებული სხვათა უფლებიდან გამომდინარე უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელყოფის აკრძალვის მართლზომიერებისათვის სახეზე უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონით დაცული უფლების უკანონო ხელყოფა. ამის განსაზღვრისთვის კი აუცილებელია დადგინდეს - არის თუ არა მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი; ხელყოფს თუ არა მოპასუხე მოსარჩელის საკუთრების ან მფლობელობის უფლებას და აქვს თუ არა მოპასუხის მოქმედებას მართლზომიერი საფუძველი.
იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილება, ზემოაღნიშნული სამივე პირობის არსებობა აუცილებელია.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, (1) საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება; (2) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი; (3) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციითა და სხვა შიდა საკანონმდებლო აქტებით დაცული უფლებაა. მართალია იგი აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს მაგრამ ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და პირობების მიხედვით. ამდენად, საკუთრების უფლების შეზღუდვა მკაცრად დაცული წინაპირობების არსებობის შემთხვევებშია შესაძლებელი და ამისათვის მართლზომიერი საფუძველი უნდა არსებობდეს.
საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 18.05.2007 წლის №2/1-370 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ [...] საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. მაგრამ ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/1-370).
ამდენად, საკუთრების უფლება დაცულია როგორც შიდა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის ნორმებითაც და ყოველი დარღვეული უფლების დაცვა, აგრეთვე ამ უფლებაში პირის აღდგენა, სამართლებრივი ნორმებით გარანტირებული და უზრუნველყოფილია. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს, თუმცა მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და კანონით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების მიხედვით. იმ შემთხვევაში კი თუ საკუთრების უფლების შეზღუდვის მართლზომიერი საფუძველი არ არსებობს, მაშინ ხელმყოფისგან მესაკუთრის უფლების დაცვა გარდაუვალია.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით დადასტურებულია, რომ გუ------------------ს სოფე-–--------–--ეში მდებარე, საჯარო რეესტრში №5----------0 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს რა-------------–---–ის, მი----–--------–---–ის, ნი------–---–ის და თა-------------–---–ის თანასაკუთრებას. საკუთრების უფლება 2017 წლის 08 დეკემბრიდან აღრიცხულია საჯარო რეესტრში და რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებით რაიმე დავა აღძრული არ არის. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იმ უძრავი ქონების თანამესაკუთრეს, რომლით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთასაც იგი ითხოვს. აგრეთვე დადგენილია, რომ მოსარჩელეს უძრავი ქონებით სარგებლობაში ხელს მოპასუხეები უშლიან - არ უშვებენ სახლში და არ აძლევენ სადავო ქონებაში ცხოვრების და სარგებლობის უფლებას.
ამდენად, ზემოთ მითითებული სამი პირობიდან (მოსარჩელე უნდ აიყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა ხელყოფდეს მოსარჩელის საკუთრების უფლებას; მოპასუხის მოქმედება არამართლზომიერია) პირველი და მეორე პირობა სახეზეა. რაც შეეხება მოსარჩელის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს, მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ აღნიშნული გამოწვეულია მოსარჩელესთან კონფლიქტური დამოკიდებულებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. აგრეთვე მიუთითებს ამავე კოდექსის 955-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის ნაწილი. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით, უძრავ ქონებაზე მხარეთა საკუთრება იდეალურ წილშია გამოხატული და ამდენად, იგულისხმება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ქონება თანაბრად ეკუთვნის. თითოეულმა თანამესაკუთრემ პატივი უნდა სცეს მეორე მესაკუთრის უფლებას თავისუფლად ისარგებლოს საზიარო ქონებით. ამასთან, ქონებით სარგებლობა დანიშნულების მიხედვით და სხვა თანამესაკუთრეების უფლებების შელახვის გარეშე უნდა მოხდეს. სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობა საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშემშლელი მართლზომიერი საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან, როგორც აღინიშნა მთავარია სარგებლობა არ მოხდეს ისეთი ფორმით, რომ ამით გაუმართლებლად იზღუდებოდეს სხვა თანამესაკუთრეების უფლებები. რაც შეეხება მესაკუთრების ერთმანეთის მიმართ ურყოფით გრძნობებს, ამ საფუძვლით საკუთრების შეზღუდვას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ამდენად, მოპასუხეების მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მართლზომიერ საფუძველს და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.
6.4. სასამართლო მხარეებს მიუთითებს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
მითითებული კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობას წარმოადგენს შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალურ ძალადობა განმარტებულია, როგორც სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკურ ძალადობად განიხილება ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.
ამავე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით... ამავე მუხლის „თ” ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის წევრი ამ კანონის მიზნებისთვის არის დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მითითებული კანონის თანახმად, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ძალადობის შემთხვევის გამოვლენას და მასზე შესაბამის რეაგირებას კი უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი. ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. (იხ. ხსენებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, მე-91 მუხლის პირველი პუნქტი, მე-10 მუხლი)
სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრულ სარჩელებზე სასამართლო არ იკვლევს თანამესაკუთრეთა შორის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე დამყარებულ საკითხებს, ვინაიდან აღნიშნული არ განიხილება ამგვარი სარჩელით განსახილველი დავის არსებით გარემოებად და მხარეთა ხასიათი, შეხედულება, დამოკიდებულება და ერთმანეთის მიმართ გრძნობები არ წარმოადგენს საკუთრების უფლების შემზღუდველ პირობას. იმ შემთხვევაში თუ ოჯახის წევრებს შორის არ არსებობს ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები (რაზეც მოპასუხეებმა და მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა მიუთითეს) და ოჯახის ერთი წევრის მხრიდან მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა ხდება, მაშინ დამრღვევი პირის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული ის ღონისძიებები, რაც მითითებულია ზემოხსენებულ კანონში და რასაც ამ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, ხოლო მსხვერპლს აქვს ამ ღონისძიებების გატარების მოთხოვნის უფლება.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიუთითებს, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეებს შორის კონფლიქტი, უარყოფითი განწყობები და სუბიექტური (პირადი ხასიათის) დამოკიდებულებები არ წარმოადგენენ სარჩელის წარმატებულობის დამაბრკოლებელ ფაქტორს. მოპასუხეებმა კი ვერ მიუთითეს სხვა ისეთ გარემოებაზე, რაც მათი მხრიდან საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის მართლზომიერი საფუძველი გახდებოდა. ამდენად, მოპასუხეების მიმართ მოსარჩელის პრეტენზია, სადავო უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებით დასაბუთებულია და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) განისაზღვრება 4 000 ლარით.
ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ მომხდარა, ვინაიდან იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 2591,369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე რა-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს მი----–--------–---–ს და ნი------–---–ს აეკრძალოთ მოსარჩელე რა-------------–---–ისთვის გუ------------------ს სოფე-–--------–--ეში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით №5----------0, სარგებლობის ხელშეშლა;
3. მოპასუხეებს მი----–--------–---–ს და ნი------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე