გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამე N010210017002046397
N2/3077-17
გადაწყვეტილება
საქართველოსსახელით
18 მაისი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი -თამარ გიორგაძე
მოსარჩელე- შსს სა---------–-------–-–--------------------
წარმომადგენელი - ზუ---ბ გვ----–---–ი
მოპასუხე- ედ----ი წუ-–-----ე
დავის საგანი- მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა: 1.1. ედ----ი წუ-–-----ეზე მატერიალური ზიანის სახით 868.48 ლარის დაკისრება, შსს სა---------–-------–-–--------------------ს სასარგებლოდ 2. მხარეთა პოზიციები მოსარჩელის პოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის N1936130 ბრძანებით, 2014 წლის 8 სექტემბრიდან, მოპასუხე განთავისუფლებული იქნა შსს სა---------–-------–-–--------------------დან, ხოლო ხელფასი დაერიცხა სექტემბრის თვის სრული ოდენოთ (868.48 ლ.). ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის N1938130 ბრძანებით, შსს სა---------–-------–-–--------------------ს აჭარის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს I სახაზო-საპატრულო განყოფილების (ბათუმი) პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ედ---- წუ-–-----ე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, 2014 წლის 8 სექტემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის N1938130 ბრძანება (ს.ფ. 13)
3.1.2. 2014 წლის 23 მარტის საგადახდო მოთხოვნით N103796, ედ---- წუ-–-----ეს ჩაერიცხა 2014 წლის სექტემბრის თანამდებობრივი სარგო 904 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 23 სექტემბრის N99902 საგადახდო მოთხოვნით- 2014 წლის სექტემბრის თვის დანამატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო მოთხოვნა N103796 (ს.ფ 14)
- საგადახდო მოთხოვნა N99902 (ს.ფ. N15)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 131-ე მუხლით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 132-ე მუხლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსამართლის კითხვაზე, ახორციელებდა თუ არა მოპასუხე თავის უფლებამოსილებას 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, უპასუხა, რომ ედ---- წუ-–-----ე, პატრულ-ინსპექტორის უფლებამოსილებას ახორციელებდა და მორიგეობდა, მითითებულ თარიღამდე ანუ 2014 წლის 30 სექტენბრის ჩათვლით.
შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ედ---- წუ-–-----ე შსს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის თანამდებობა ეჭირა და შესაბამის უფლებამოსილებას ახორციელებდა 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს კონსტიტუცია
-ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
-ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1951 წლის N100 კონვენცია
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- საქართველოს შრომის კოდექსი
-საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურიის შესახებ“
-საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, განისაზღვრება კანონით. ადამიანის უფლება, მიიღოს შრომის ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, განმტკიცებულია არაერთ საერთაშორისო აქტში და ხელშეკრულებაში.
ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის 1-3 ნაწილით: 1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. 3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლში, აღიარებულია ინდივიდის უფლება ჰქონდეს ანაზღაურება, რომელიც ყველა დასაქმებულისათვის, როგორც მინიმუმ უზრუნველყოფს სამართლიან ხელფასს.
საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1951 წლის N100 კონვენციით „თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ (მუხლი 1(ა), ტერმინი "ანაზღაურება" გულისხმობს ჩვეულებრივ, ძირითად ან მინიმალურ გასამჯელოს ან ხელფასს და ნებისმიერ დამატებით სარგებელს, რომელიც წარმოიშობა დასაქმებულის შრომითი ურთიერთობიდან და რომელსაც პირდაპირ ან ირიბად, ნაღდი ანგარიშსწორებით ან ნატურით, დამსაქმებელი უხდის დასაქმებულს.
საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 37.1 -ის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან. პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.
მითითებული შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადასტურებულია დასაქმებულის უფლება მიიღოს ანაზღაურება, მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად. ამავე ნორმებიდან გამომდინარეობს დასაქმებულის უფლება მიიღოს ის ანაზღაურება, რომელიც მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შეესაბამება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დათხოვნილი სამუშაოდან.
6.2. მოცემულ საქმეში, უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხე განთავისუფლდა სამუშაოდან შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად ედ---- წუ-–-----ე დათხოვნილი იქნა საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2014 წლის 8 სექტემბრიდან. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხემ არასწორად მიიღო სექტემბრის თვის სახელფასო ანაზღაურება სრულად, ვინაიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდა 2014 წლის 8 სექტემბრიდან და მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს ზედმეტად მიღებული გასამჯელო, როგორც ზიანი. მოპასუხე განმარტავს, რომ ბრძანების გაცნობამდე ის ჩვეულებრივად ახორციელებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მიღებული გასამჯელო შეესაბამება მის მიერ შესრულებული ვალდებულების მოცულობას.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და ვერ დაეთანხმება მოსარჩელეს იმაში, რომ 2014 წლის 8 სექტემბრიდან მოპასუხისათვის გადახდილი ხელფაასი არის ზედმეტად ჩარიცხული და ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ედ---- წუ-–-----ე სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მოპასუხე ახორციელებდა პატრულირებას დადგენილი წესით და სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის თავი არ დაუნებებია. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა ედ---- წუ-–-----ის მიერ 2014 წლის 8 სექტემბრიდან პატრულ-ინსპექტორის უფლებამოსილებისათვის ჩამოშორების ფაქტს. აღნიშნულით კი უდავოდ დადასტურებულია, რომ ედ---- წუ-–-----ეზე სახელფასო ანაზღაურებისა და დანამატის ჩარიცხვა მოხდა სწორად, შესრულებული სამუშაოს ადეკვატურად და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ამ ანაზღაურების შედეგად ზიანი არ მიყენებია. სადავო პერიოდისათვის მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობებში, რაც უცილობლად იწვევს მოსარჩელე ორგანოზაციიდან ხელფასის ანაზღაურების ვალდებულებას.
6.3 სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შსს საპატრულო პოლიციის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის არც მატერიალური და არც სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს
7.საპროცესო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 2. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. 3. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქათველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან-ყველა საქმეზე.
შესაბამისად, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან და საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შსს სა---------–-------–-–--------------------ს სარჩელი ედ---- წუ-–-----ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე