გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210016001626255
(2/536-2016)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.06.2018 წ. ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი -თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - შპს “ევ-------------+“
წარმომადგენელი - ტა-----– გე------ე
მოპასუხე - დ----- სა-----
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
მოპასუხე დ----- სა-----სათვის (პ/ნ 4----------) - შპს “ევ-------------+“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ 323 (სამასოცდასამი) აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 14 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N1-----/კ ხელშეკრულება და სესხის N1-----/კ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დ----- სა-----ზე გაიცა სესხი-800 აშშ დოლარი, 5%-იანი სარგებლის დარიცხვით 24 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა გი-----ი ბო----ს (პ/ნ 3----------) კუთვნილი ავტომობილი-ოპელ ვექტრა ბე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%, მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა 323 დოლარამდე. მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ----- სა-----მ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 14 აპრილს მოსარჩელე - შპს “ევ-------------+“-სსა და მოპასუხე დ----- სა-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N1-----/კ ხელშეკრულება და სესხის N1-----/კ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დ----- სა-----ზე გაიცა სესხი-800 აშშ დოლარი, 5%-იანი სარგებლის დარიცხვით 24 თვის ვადით.
3.2.2.სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%.
3.2.3.სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა გი-----ი ბო----ს (3----------) კუთვნილი ავტომობილი-ოპელ ვექტრა ბე.
3.2.4.ხელშეკრულების 6.5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მოგირავნის მოთხოვნიდან ან გირავნობის მოწმობის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში დამგირავებელი არ უზრუნველყოფს მოგირავნისათვის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემას, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მსესხებელი უპირობოდ მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.
3.2.5.მოპასუხე დ----- სა-----მ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. მოპასუხის მიმართ გააჩნია დავალიანება -ძირითადი თანხა-800 აშშ დოლარი,სარგებელი-299,99 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო -796 აშშ დოლარი, თუმცა მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 323 აშშ დოლარამდე.
3.2.6.მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.
3.2.7.მოპასუხის მიერ გირავნობის საგანი მოსარჩელისათვის გადაცემული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება 14.04.2016 წ)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე დ----- სა-----ს - შპს “ევ-------------+“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 323 აშშ დოლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-625-ე, 411-ე, 417-418-ე მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს სასესხო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 14 აპრილს მოსარჩელე შპს “ევ-------------+“-სსა და მოპასუხე დ----- სა-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N1-----/კ ხელშეკრულება და სესხის N1-----/კ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დ----- სა-----ზე გაიცა სესხი-800 აშშ დოლარი, 5%-იანი სარგებლის დარიცხვით 24 თვის ვადით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 796 აშშ დოლარიდან შემცირდა 120 აშშ დოლარამდე, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განსაზღვრულია დავალიანების მოცულობის პროპორციულად, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი არ აწესებს სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მხარეთა შორის ნების გამოვლენისას, რაიმე შეზღუდვას, ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპის შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან ისეთ პირობებზე, რაც მათთვისაა სასურველი და მისაღები.
დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა გი-----ი ბო----ს (3----------) კუთვნილი ავტომობილი-ოპელ ვექტრა ბე, თუმცა, მიუხედავად მოსარჩელის მცდელობისა (სააღსრულებო წარმოება დაწყებულია 2016 წლის 21 სექტემბრიდან), იგი არ იძებნება.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების 6.5 პუნქტით მხარეების მიერ განისაზღვრა აღსრულების წესი, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მოგირავნის მოთხოვნიდან ან გირავნობის მოწმობის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში დამგირავებელი არ უზრუნველყოფს მოგირავნისათვის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემას, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მსესხებელი უპირობოდ მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ ისეთ პირობებზე, როგორიც მათ სურდათ, მხარეებს შორის ნების გამოვლენის ნამდვილობა სადავო არ გამხდარა და მხარეთა შეთანხმებაში არც კანონსაწინააღმდეგო პირობა გამოვლენილა.
ვინაიდან დ----- სა-----მ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულებების ანაზღაურება.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოპასუხე - დ----- სა-----ს მოსარჩელე შპს “ევ-------------+“
სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 323 აშშ დოლარის ანაზღაურება, რომლის აღსრულება უნდა განხორციელდეს დ----- სა-----ს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, გირავნობის მოწმობის-50 ლარი, გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებიs-200 ლარი, რომელთა გადახდაც მითითებული ნორმის შესაბამისად, უნდა დაეკისროს მოპასუხე დ----- სა-----ს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 356-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1 მოსარჩელე შპს“ევ-------------- + “ის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2 დაეკისროს მოპასუხე დ----- სა-----ს (პ/ნ 4----------) შპს“ევ-------------- + “ის სასარგებლოდ 323 (სამასოცდასამი) აშშ დოლარის ანაზღაურება.
3 თანხის ანაზღაურება განხორციელდეს დ----- სა-----ს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
4 დაეკისროს მოპასუხეს დ----- სა-----ს (პ/ნ 4----------) შპს“ევ-------------- + “ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ-100 ლარის, გირავნობის მოწმობის-50 ლარის, გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების-200 ლარის გადახდა.
5 გადაწყვეტილების გასაჩივრება არ დაიშვება.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია