გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.05.2018
საქმის ნომერი
010210017002048407
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამე N010210017002048407

N2/3106-17

გადაწყვეტილება

საქართველოსსახელით

18 მაისი 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

მოსარჩელე- შპს “ვი---------------------ი”

წარმომადგენელი - და--თ ხა-----ი

მოპასუხე- შპს “ორ------0”

წარმომადგენელი-ვა-----გ ლო---ა

დავის საგანი- თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა: 1.1. შპს „ორ------0“-ზე შპს „ვი----------------------ს“ სასარგებლოდ 4500 ლარის დაკისრება. 2. მხარეთა პოზიციები მოსარჩელის პოზიცია 2015 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული დაცვითი მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც შეწყდა 2017 წლის 1 მაისს, მოპასუხეს ერიცხება მოსარჩელის დავალიანება 4500 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე ზემოაღნიშნული დავალიანების დაკისრებას.

მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. მისი განმარტებით ხელშეკრულება შეწყდა ბევრად უფრო ადრე და დავალიანება არ ერიცხება.

3. ფაქტობრივიგარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 1 ნოემბერს, შპს „ვიქ---------------------ა“ და შპს „ორ------0“-ს შორის გაფორმდა დაცვითი მომსახურეობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ აიღო ვალდებულება დაეცვა მოპასუხის ობიექტი, მეტალოპლასტმასის ქარხანა, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი მეჯინისწყალი. მომსახურების სფერო მოიცავდა საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ქონების 24 საათიან დაცვას. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა თვეში 900 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულება მოქმედებდა უვადოდ. რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულებიდას შეწყვეტის შემთხვევაში, შემწყვეტი მხარე ვალდებული იყო ამის შესახებ 1 თვით ადრე ეცნობებინა მეორე მხარისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება ობიექტის ცოცხალი ძალით დაცვაზე (ს.ფ. 12-13)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი, რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტებისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით, მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. გამონაკლის წარმოადგენს, ზოგიერთი სპეციფიკის სამოქალაქო დავა (მაგ. საოჯახო), სადაც სასამართლოს დისკრეცია მოიცავს შესაძლებლობას თავად დაადგინოს გამოსაკვლევ გარემოებათა წრე და მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მართალია მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა საპროცესო უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.

 

მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისას მხოლოდ იმ ფაქტებს და გარემოებებს მიექცეს ყურადღება, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.

 

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ არ გამოიყენა პროცესუალური შესაძლებლობა, გაექარწყლებინა სარჩელში მითითებული ფაქტები, არ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რის გამოც ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება.

 

3.2.2. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 4500 ლარის დაცვითი მომსახურება, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი, მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებული, საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რომლებიც მხარის მიერ შეცილებული არ ყოფილა. სასამართლოს ასევე, დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარეს აღნიშნული მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია. მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება.

 

3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნევს ის ფაქტობრივი გარემოებას, რომ მხარეთა შორის მომსახურების ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 1 მაისს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულება შეწყდა ბევრად ადრე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება შეწყდა გაცილებით ადრე, ვიდრე ამაზე უთითებს მოსარჩელე და შესაბამისად, მას დავალიანება არ გააჩნია.

 

სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მოპასუხის ვალდებულებაა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ მას მითითებული მომსახურება არ მიუღია. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებას, ხელშეკრულების შეწყვეტასთან და ამ მიზეზით ვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივი გარემოები დადასტურებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 18-22)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულების სამართლებრივი არსის დადგენისა და ხელშეკრულების პირობების გამოკვლევის შედეგად.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 637-ე მუხლით მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხება, ხოლო 638-ე მუხლით თუ მენარდე ვალდებულებას შეწყვეტს 637-ე მუხლის მიხედვით, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას, თუკი შემკვეთს ადრე გაწეული მომსახურების მიმართ აქვს რაიმე ინტერესი.

 

მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლებიდან. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო - ობიექტის ცოცხალი ძალით დაცვა, ხოლო მოპასუხემ აიღო ვალდებულება გადაეხადა შესრულებული მომსახურეობის საფასური;

 

სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე თვლის, რომ სახეზეა ვალდებულების წარმოშობის მართლზომიერი საფუძველი და სახეზეა აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა. მოსარჩელემ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები და გარემოებები და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები და გარემოებები. შესაბამისად, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს გასამრჯელოს იმ ნაწილის ანაზღაურება, რომელიც შეესაბამება გაწეულ მომსახურებას. მოცემულ შემთხვევაში, გასამრჯელოს ამ ნაწილს შეადგენს მოსარჩელის მიერ გამოწერილ ანგარიშფაქტურებში მითითებული თანხა 4500 ლარი, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2017 წლის 10 აგვისტოს, 135 ლარის ოდენობით, რისი გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ვიქტო---ა სექიურითის“ სარჩელი შპს „ორ------0“ -ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. დაეკისროს შპს „ორ------0“-ს შპს „ვი----------------------ს“ სასარგებლოდ 4500 ლარი;

 

3. დაეკისროს შპს „ორ------0“-ს შპს „ვი----------------------ს“ სასარგებლოდ 135 ლარი, მოსარჩელის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე