გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.05.2018
საქმის ნომერი
820310017002071684
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310017002071684 ( 3-152/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - ვე-----------ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - ომ---------–---–ი

მოპასუხე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოპასუხის წარმომადგენელი - ირ---–-------–--ლი

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 მაისის N439 ბრძანებით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2017 წლის 20 ივნისის (N61 სხდომის ოქმი) გადაწყვეტილება ვე-----------ის(შემდგომში ეკომიგრანტი ოჯახის) განცხადების განხილვისა და მასზე კატეგორიის არ მინიჭების თაობაზე როგორც უკანონო.

 

1.2. დავალდებულდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 მაისის N439 ბრძანებით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისია მიანიჭოს ვე-----------ის ოჯახს (ეკომიგრანტი ოჯახი) პირველი კატეგორიის სტატუსი.

 

1.3. სასამართლო ხარჯები და იურიდიული მომსახურების საფასური გადახდეს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ვე-----------ე დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს ხულოს რაიონის სოფელ ი-----ძეებში, მეუღლესთან, ნა----–ა ი-----ძესთან ერთად. მინიჭებული აქვთ მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებლის სტატუსი, ღებულობენ სოციალურ შემწეობას. მათი საცხოვრებელი სახლი დაიშალა 2008 წლის სტიქიური მოვლენების განვითარების შედეგად(მეწყერი). მას შემდეგ არიან უსახლკაროდ. ცხოვრობენ ნანგრევებით აგებულ ქოხში, რომელიც არ აკმაყოფილებს ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს. 2008 წლიდან მოყოლებული ვე-----------ე რაიონის გამგეობისაგან ითხოვს დახმარებას, აქვს უამრავი განცხადება შეტანილი თუმცა დღემდე არ გადაწყდა მასზე კანონით დადგენილი დახმარების გაცემის საკითხი, აქვს სათანადო გეოლოგიური დასკვნა, რითაც დგინდება, რომ მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობა გეოლოგიური თავლსაზრისით მიზანშეუწონელია.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 მაისის N439 ბრძანებით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2016 წლის 18 ივლისის N42 სხდომის ოქმით ვე-----------ეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, რომლმაც 2017 01 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ვე-----------ის სარჩელის მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ვე-----------ეზე ეკომიგრანტი ოჯახის კატეგორიის საკითხის ხელახლა განხილვა.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 მაისის N439 ბრძანებით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2017 წლის 20 ივნისის N61 საოქმო გადაწყვეტილებით ვე-----------ის ოჯახს კატეგორიის მინიჭებაზე კვლავ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ დი--------ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2011 წლის 29 დეკემბრის აქტით დგინდება, თითქოს ვე-----------ე არის სოფელ ი-----ძეების სეზონური მცხოვრები და საცხოვრებელი სახლი 2007 წელს გაყიდა სოფ. დი-------აში.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომისიამ სრულყოფილად არ დაადგინა საქმის გარემოებები, არ შეისწავლა სასამრთლოს გადაწყვეტილებით მითითებული საკითხები და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. შესაბამისად ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და მოპასუხის დავალდებულებას ვე-----------ის ოჯახს მიენიჭოს სტიქიით დაზარალებულის პირველი კატეგორია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის) წარმომადგენელმა შესაგებელითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

სტიქიური მოვლენების შედეგად 2008 წელს ვე-----------ის საცხოვრებელი სახლის დანგრევის არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს. 2011 წლის 29 დეკემბრის ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დი--------ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ჯ------– წუ-–-----ის ხელმძღვანელობით შესწავლილი და შედგენილი აქტით დგინდება, რომ ვე-----------ე არის სოფელ ი-----ძეების სეზონური მცხოვრები 2007 წლიდან. მანამდე ვე-----------ე მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ი-----ძეებში სოფლის ცენტრში, ჰქონდა მაღაზია თავისი შენობით. 2007 წელს ვე-----------ემ თავისი ხის ორსართულიანი სახლი გაყიდა სოფ. დი-------აში, მას შემდგომ მან თავისი მაღაზიის ერთ ოთახიანი შენობა გადაიტანა თავის ნასახლარზე და გადავიდა საცხოვრებლად ქ. ბათუმში.

მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კომისიამ სრულყოფილად გამოიკვლია საკითხი, არ დგინდება ვე-----------ის საცხოვრებელი სახლის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანების ფაქტი, მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

საქმეზე მესამე პირი არ ყოფილა ჩართული.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ვე-----------ის ოჯახი (თვითონ ვე-----------ე და მეუღლე ნა----–ა ი-----ძე) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა შეადგენს 26110, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართია ხულო, სოფ. ი-----ძეები. ოჯახი ღებულობს სოციალურ შემწეობას. ოჯახის წევრებს მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან( ტ.1. ს.ფ.64, 144, 151, 153, 174,);

- ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ,(ტ.1. ს.ფ. 143, 154, 220)

-სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო ბარათი.(ტ.1. ს.ფ. 108-109)

-2016 წლის 31 იანვრის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ. .(ტ.1. ს.ფ. 141-142)

 

4.1.2. ვე-----------ის ოჯახს სოფ. ი-----ძეებში, სკვანის უბანში აქვს ფიცრით მოჭედილი ერთსართულიანო პატარა ნაგებობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს. შენობის მიმდებარედ ფიქსირდება მეწყრული პროცესებისათვის დამახასიათებელი ფორმები ლოკალური ჩამოქცევების სახით. ვე-----------ის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია, ფერდზე შესაძლებელია მომავალში მეწყრული პროცესებისათვის დამახასიათებელი ფორმების გააქტიურება. ვე-----------ეს სხვა უძრავი ქონება საკუთრებაში არ ერიცხება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარის ახსნა განმარტება

-მოწმეთა ჩვენებები,- მიწის ნაკვეთის ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა (ტ.1. ს.ფ. 26, 234)

-გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესყრსების სამმართველოს უფროსის 23.06.2015. წერილი. (ტ.1. ს.ფ. 24-25)

- სოფ. დი--------ს რწმუნებულის მოხსენებითი ბარათი, (ტ.1. ს.ფ. 238)

- საცხოვრებელი სახლის დათვალიერების აქტი. (ტ.1. ს.ფ. 137)

 

4.1.3. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული, დი--------ს თემის საკრებულოს სტიქიით დაზარალებული ოჯახების მონაცემებით დგინდება, რომ ვე-----------ის სახლი დანგრეულია სტიქიური მოვლენების (ზვავის) შედეგად, საცხოვრებელი სახლის დაზიანების თარიღია 2008 წელი, მინიჭებულია მესამე კატეგორია. ცნობას ხელს აწერს გამგებლის მოადგილე, დი--------ს თემის რწმუნებული და მონიტორინგის ჯგუფის წევრები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დაზარალებული ოჯახების მონაცემების შესახებ. ( ტ.1. ს.ფ. 45, 152, 173,192)

 

4.1.4. 2010 წლის 19 ივნისს ვე-----------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, და იმ საფუძვლით, რომ მისი საცხოვრებელი სახლი მოხვდა სტიქიაში და დაიშალა მოითხოვა დახმარება და თავშესაფრის მიცემა.

აჭარის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2010 წლის 06 ივლისი წერილით ვე-----------ეს ეცნობა, რომ მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე აღემატება სამინისტროს შესაძლებლობებს, სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და დახმარებას უწევს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის მუნიციპალიტეტში შემდგომი განსახლების საქმეში.

ვე-----------ე საცხოვრებელი სახლის დაშლის გამო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფით დახმარებაზე სისტემატიურად მიმართავდა განცხადებით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის რა---------–----ის 2010 წლის 30 აგვისტოს წერილით ვე-----------ეს ეცნობა, რომ მოთხოვნა თავშესაფრის მიცემაზე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციებს სცილდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თე----- ბ---–------ 2011 წლის 07 ივლისის წერილით ვე-----------ეს 2011 წლის 27 აპრილის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მოთხოვნა თავშესაფრის მიცემაზე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ძალებს აღემატება.

ვე-----------ის განცხადების პასუხად ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის და--------–-ძის 2012 წლის 14 დეკემბრის წერილით დგინდება, რომ ამ ეტაპზე ვერ ხერხდება მასზე დახმარების გაწევა, განცხადება განხილული იქნება როდესაც დადგება ბინით უზრუნველყოფის საკითხი.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გუ-----------------ძის 2013 წლის 107 ივნისის წერილით დგინდება, რომ შესწავლილი იქნა ვე-----------ის საცხოვრებელი ფართი, ტერიტორიულო ორგანოს მოხსენებითი ბარათის თანახმად, სახლი არ შეესაბამება საცხოვრებელ პირობებს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გუ-----------------ძის 2013 წლის 17 ივლისის წერილით ვე-----------ეს ეცნობა, რომ მისი განცხადება აყვანილია აღრიცხვაზე და როდესაც დადგება ბინით დაკმაყოფილების საკითხი მაშინ იქნება განხილული მისი მდგომარეობა.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბე-----------ის 2014 წლის 24 აპრილის წერილით ვე-----------ეს ეცნობა, რომ ვინაიდან მისი ოჯახი არ იმყოფება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა 1-2 კატეგორიაში, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება მის ოჯახზე, როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულზე რაიმე სახის დახმარების გაწევა.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბე-----------ის 2015 წლის 20 ნ---მბრის წერილით ვე-----------ეს, რომელიც მოითხოვს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, ეცნობა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა , რომელიც უნდა დასრულდეს მიმდინარე წლის ბოლომდე, მისი განცხადება აყვანილია კონტროლზე და განიხილება ამ მიზნით შექმნილი კომისიის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ვე-----------ის განცხადებები (ტ.1. ს.ფ. 27-28, 147, 163, 166, 169, 172, 177,190, 198, 206, 244)

-აჭარის ა. რ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილები (ტ.1. ს.ფ. 27-28,131,132, 250)

-ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილები. (ტ.1. ს.ფ. 27-28, 58, 133-136, 145, 161, 167, 170, 179, 185-186, 202-205, 207, 251253,255,)

 

4.1.5. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2016 წლის 18 ივლისის N42 სხდომის ოქმით ვე-----------ეს უარი ეთქვა ოჯახზე კატეგორიის მინიჭებაზე. ასევე დადგენილია, რომ მისი ოჯახის მიმართ რაიმე სახის კომპენსაცია საცხოვრისთან დაკავშირებით არ გაცემულა და არც სხვა ფართით არის უზრუნველყოფილი. საოქმო გადაწყვეტილება ვე-----------ის მიერ გასაჩივრებული იქნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-კომისიის 2016 წლის 18 ივლისის N42 სხდომის ოქმი(29-30);

-ხულოს მინიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 07 ნ---მბრის N09/30/522 წერილი ვე-----------ისადმი.

-მხარეთა ახსნა განმარტებები

 

4.1.6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვე-----------ის სარჩელის მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ვე-----------ეზე ეკომიგრანტი ოჯახის კატეგორიის საკითხის ხელახლა განხილვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება.

(ტ.1. ს.ფ. 32-52);

 

4.1.7. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 მაისის N439 ბრძანებით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2017 წლის 20 ივნისის N61 საოქმო გადაწყვეტილებით ვე-----------ის ოჯახს კატეგორიის მინიჭებაზე კვლავ უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ დი--------ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ჯ------– წუ-–-----ის 2012 წლის 19 ნ---მბრის ოქმით გასაუბრების შესახებ განმარტებულია, რომ ვე-----------ემ გაყიდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ეროზიის გამო არ არის დაშლილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-კომისიის 2017 წლის 20 ივნისის N61 საოქმო გადაწყვეტილება. (ტ.1. ს.ფ. 60-6, 282-285)

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. მხარეთა შორის სადავოა ვე-----------ის საცხოვრებელი სახლის სტიქიის შედეგად დაზიანების საკითხი.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ ვე-----------ის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა 2008 წლის სტიქიური მოვლენების, ზვავის შედეგად, რის გამოც ოჯახი იძულებული იყო დაეტოვებინა საცხოვრებელი და დროებით სხვაგან გადასულიყო, შემდგომ კი ფიცრის ნარჩენებით ააგო ერთსართულიანო პატარა ნაგებობა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს შენობაში, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს.

 

მოპასუხე მხარე მოცემულ სარჩელზე სადავოდ არ ხდის ვე-----------ის სოფელ ი-----ძეებში მუდმივად ცხოვრებისა და საცხოვრებლად უვარგის შენობაში შენობაში ცხოვრების ფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ ვე-----------ის საცხოვრებელი სახლი სტიქიით შედეგად არ დაშლილა, იგი ვე-----------ემ 2007 წელში თვითონ დაშალა და გაყიდა სოფ. დი-------აში, ხოლო ნასახლარზე ააგო სოფ. ი-----ძეების მაღაზიის შენობის ნარჩენებით დროებითი საცხოვრებელი სახლი და საცხოვრებლად დროებით გადავიდა ქ. ბათუმში თავის შვილთან.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის პოზიციას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გარდა თავისი ახსნა განმარტებისა, წარმოადგინა მტკიცებულებები: 2013 წლის 27 ნ---მბერს გაცემული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი-----ძეებში (სკვანის უბანი) მცხოვრები ვე-----------ის საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო ნაკვეთის ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ტერიტორია მორფოლოგიურად წარმოადგენს ძველ მეწყრულ ფერდს, საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ერთსართულიან ფიცრულ ნაგებობას, რომელიც ელემენტარულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, შენობის მიმდებარედ შიდა საუბნო გზის გასწვრივ ფიქსირდება, მეწყრული პროცესებისათვის დამახასიათებელი ფორმები ლოკალური ჩამოქცევების სახით, ვე-----------ის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია, ფერდზე შესაძლებელია მომავალში მეწყრული პროცესებისათვის დამახასიათებელი ფორმების გააქტიურება.

წარმოდგენილია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2015 წლის 23 ივნისის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნაში მითითებული მეწყერული პროცესებისათვის დამახასიათებელი ფორმები უფრო რთული და საშიში ფორმაა, ვიდრე ეროზიული პროცესები, რომლის მითითებასაც მოითხოვთ ვიზუალურ საინჟინრო გეოლოგიურ დასკვნაში.

წარმოდგენილია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული, სადაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ვე-----------ის სახლი დაიშალა 2008 წელს სტიქიური მოვლენების განვითარების შედეგად,წარმოადგინა ცნობა დი--------ს თემის საკრებულოს სტიქიით დაზარალებული ოჯახების შესახებ, რითაც დგინდება, რომ ვე-----------ის სახლი დანგრეულია სტიქიური მოვლენების (ზვავის) შედეგად, საცხოვრებელი სახლის დაზიანების თარიღია 2008 წელი, მინიჭებულია მესამე კატეგორია.

წარმოდგენილია სოფ. ი-----ძეების მცხოვრებთა მიერ 2016 წლის 15 ოქტომბერს შედგენილი აქტი, სადაც სოფლის მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ ვე-----------ის საცხოვრებელი სახლი დაიშალა ეროზიის შედეგად და მის ნაცვლად აქვს ქოხი ჩადგმული.

თავის მტკიცების დასადასტურებლად მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა საკადასტრო ნახაზები და ორთოგრაფიული ფოტო, რითაც ადასტურებს, რომ ვე-----------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 2000 წელს განთავსებული იყო ორი საცხოვრებელი შენობა, ვე-----------ის და მისი შვილის, რომელთაგან ერთი გაყიდა მისმა შვილმა, მეორე კი დაიშალა სტიქიური მოვლენებით. მოსარჩელე მხარე თავის განმარტების გასამყარებლად ასევე მიუთითებს სასამართლოს მიერ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილ ვე-----------ის განცხადებებთან დაკავშირებულ მასალებზე, რითაც ამტკიცებს, რომ ვე-----------ე 2008 წლიდან სისტემატიურად ითხოვდა გამგეობისაგან კომპენსაციას საცხოვრებელი სახლის დაშლის გამო.

თავის მტკიცების გასამყარებლად მოსარჩელის ინიციატივით სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ მოწმეები ნ--- ი-----ძე, ო----- ი-----ძე, რე--------–-ძე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ვე-----------ეს ნამდვილად სტიქიური მოვლენების შედეგად დაეშალა საცხოვრებელი სახლი 2008 წელს.

 

მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა განმარტების სიზუსტის დასადასტურებლად მიუთითა წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, დი--------ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ჯ------– წუ-–-----ის, ი-----ძეების წამყვანი სპეციალისტის რო-–--------–--ის, ბო-------ის სპეციალისტის ტა-----–---------ის და სოფ გო---ეების სპეციალისტის ზა------------ს მიერ 2011 წლის 29 დეკემბერს შედგენილ აქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ ვე-----------ე დღეისთვის არის სოფ. ი-----ძეების სეზონური მცხოვრები 2007 წლიდან, მანამდე ვე-----------ე ცხოვრობდა სოფ. ი-----ძეებში, სოფლის ცენტრში, ჰქონდა მაღაზია თავისი შენობით. 2007 წელს ვე-----------ემ თავისი ხის ორსართულიანი სახლი გაყიდა სოფ. დი-------აში, შემდგომ მან თავისი ერთ ოთახიანი შენობა გადაიტანა თავის ნასახლარზე და გადავიდა საცხოვრებლად ქ. ბათუმში. ამჟამად ვე-----------ე ცხოვრობს თავის შვილთან ქ. ბათუმში.

აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია 2012 წლის 19 ნ---მბრის ჯ------– წუ-–-----ის ოქმში გასაუბრების შესახებ, რაზეც მიუთითებს მოპასუხის წარმომადგენელი.

აქტში აღნიშნულ გარემოებებს დაეთანხმნენ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხული ზემო დასახელებული აქტის შემდეგნი პირები.

 

დასახელებულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები და ვერ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, იმ მხრივ, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად განხილული საკითხის გადასაწყვეტად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის საჭირო გარემოებები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 -ე მუხლით განსაზღვრულ დანაწესზე, რომ ,,მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მოთხოვნები, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ“, მათ შორის ესენია ,, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ზალაში შესული გადაწყვეტილებით თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ“.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომელიც წარმოადგენდა ვე-----------ის განცხადების ხელახლა განხილვის საფუძველს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ვე-----------ის სახლი დაიშალა 2008 წელს სტიქიური მოვლენების განვითარების შედეგად.

 

სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი)

-მოწმეთა ჩვენები (იხ. სხდომის ოქმი)

-სოფლის . ირემაძეების მცხოვრებთა აქტი. (ტ.1. ს.ფ. 64)

-გეოლოგიური დასკვნები.

-სიტუაციური საკადასტრო ნახაზი (ტ.1. ს.ფ. 106-107)

- სასამართლოს გადაწყვეტილება ((ტ.1. ს.ფ. 32-52)

- 2011 წლის 29 დეკემბრის აქტი.(ტ.1. ს.ფ. 59, 82, 138)

-დადაჭარის რწმუნებულის მოხსენებითი ბარათი (ტ.1. ს.ფ. 81, 137, )

-გასაუბრების ოქმი. (ტ.1. ს.ფ. 80,139,)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება.

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 მაისის N439 ბრძანებით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2017 წლის 20 ივნისის N61 საოქმო გადაწყვეტილება ვე-----------ის მიმართ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში. გასაჩივრებული აქტის კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისითაც, რისთვისაც საკმარისი არ არის აქტების ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა ვე-----------ის მოთხოვნაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი.

 

7.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნ---მბრის N779 ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ

 

ამავე ბრძანების დანართი N1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."

 

6.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც,1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით:

ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას;

ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია.

2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.

 

აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;

კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);

ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;

მ) I ხარისხი – ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია ან იმდენად დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.), რომ არ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა მისი ადგილზე მშენებლობა;

ნ) II ხარისხი – ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.), რომლის ადგილზე აღდგენა/რეაბილიტაცია შესაძლებელია

 

7.3. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული რეგულაციის თანახმად, თვითმმართველ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას, გეგმას პრობლემების გადაჭრის გზებს სწავლობს და აანალიზებს ადგილობრივი კომისია, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიას წარუდგენს სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს.

ამავე მუხლით, განსაზღვრულია კომისიის კომპეტენცია და უფლება-მოვალეობები:

2. დაზარალებული ოჯახების განსახლებისათვის საცხოვრებელი ფონდის შექმნის მიზნით აგროვებს ინფორმაციას თვითმმართველ ერთეულებში არსებული შენობებისა და მიწის რეზერვების თაობაზე და სამთავრობო კომისიას წარუდგენს სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს.

3. შეისწავლის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივ მდგომარეობას და სათანადო დოკუმენტაციას წარადგენს სამინისტროში სამთავრობო კომისიაზე განხილვის მიზნით. უფლებამოსილია წარადგინოს წინადადება ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების თაობაზე.

4. ადგილობრივი კომისიების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) ადგილობრივი კომისიის მიერ შედგენილ სხდომის ოქმს;

ბ) ადგილობრივი კომისიის მიერ ადგილზე გასვლით შედგენილ ვიზუალური დათვალიერების აქტს;

გ) დაზარალებულის განცხადებას;

დ) დაზარალებულის პირადობის დამადასტურებული მოწმობის ასლს ან სხვა დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;

ე) ფოტომასალას;

ვ) ამ დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ დანართი N-2 – ის შესაბამისად შევსებულ ცხრილს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ადგილობრივი კომისიის თავმჯდომარე და დასმული აქვს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭედი. ცხრილს უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემდეგი ჩამონათვალი:

ვ.ა) კომპეტენტური სამსახურების/სპეციალისტების მიერ, დაზარალებულის სახლზე სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული დაზიანების ამსახველ ინფორმაცია/ცნობა/აქტი;

ვ.ბ) კომპეტენტური სამსახურების/სპეციალისტების მიერ საცხოვრებელ სახლზე შედგენილი დეფექტური აქტი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ.გ) კომპეტენტური სამსახურების/სპეციალისტების მიერ დაზარალებულის სახლის აშენების, აღდგენა/რეკონსტრუქციის ან ადგილმონაცვლეობისათვის საჭირო საპროექტო - სახარჯთააღრიცხვო ან ხარჯთაღრიცხვის ამსახველი დოკუმენტი;

ვ.დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ.ე) შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ საბუთი ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) ზარალის შეფასების აქტი იმ შემთხვევაში, თუ დახმარების განხილვის მოცემული ეტაპისათვის კომპენსაციის გაცემა განიხილება დაზარალებულ ოჯახებზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის პროპორციულად.

6.4. მოცემულ შემთხვევაში კომისიამ საოქმო გადაწყვეტილებაში მიუთითა რომ დი--------ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ჯ------– წუ-–-----ის 2012 წლის 19 ნ---მბრის ოქმით გასაუბრების შესახებ განმარტებულია, რომ ვე-----------ემ გაყიდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ეროზიის გამო არ არის დაშლილი. ანუ კომისიამ ვე-----------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად გამოიყენა მხოლოდ დი--------ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ჯ------– წუ-–-----ის 2012 წლის 19 ნ---მბრის გასაუბრების ოქმი ისე, რომ არ აწარმოა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება.

 

დადგენილია, რომ ვე-----------ის ოჯახს სოფ. ი-----ძეებში, სკვანის უბანში აქვს ფიცრით მოჭედილი ერთსართულიანი პატარა ნაგებობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს. შენობის მიმდებარედ ფიქსირდება მეწყრული პროცესებისათვის დამახასიათებელი ფორმები ლოკალური ჩამოქცევების სახით. ვე-----------ის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია, ფერდზე შესაძლებელია მომავალში მეწყრული პროცესებისათვის დამახასიათებელი ფორმების გააქტიურება. ამასთანავე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული, დი--------ს თემის საკრებულოს სტიქიით დაზარალებული ოჯახების მონაცემებით დგინდება, რომ ვე-----------ის სახლი დანგრეულია სტიქიური მოვლენების (ზვავის) შედეგად, საცხოვრებელი სახლის დაზიანების თარიღია 2008 წელი, მინიჭებულია მესამე კატეგორია.

 

კომისიამ სათანადო შეფასება არ მისცა ზემო დასახელებულ გარემოებებს, არ იქნა შეფასებული მუნიციპალიტეტის გამგებლების მიერ სხვადასხვა პერიოდებში გაცემულ წერილები, სადაც აღნიშნულია, რომ გამგეობა ვე-----------ეს დაეხმარება როგორც კი იქნება შესაძლებლობა, შესაფასებელია 2013 წლის 17 ივლისის წერილი, რომლითაც ვე-----------ეს ეცნობა, რომ მისი განცხადება აყვანილია აღრიცხვაზე და როდესაც დადგება ბინით დაკმაყოფილების საკითხი მაშინ იქნება განხილული მისი მდგომარეობა. ამ დროისათვის გამგეობისათვის ცნობილი იყო დი--------ს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ჯ------– წუ-–-----ის 2012 წლის 19 ნ---მბრის ოქმის შესახებ, თუმცა ამის გამო უარი არ უთქვამს დახმარებაზე და შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეცხრე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.

 

7.4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მე-5-ე მუხლის მე-5-ე ნაწილი ითვალისწინებს ადგილობრივი გამგეობის მიერ სამინისტროში შუამდგომლობასთან ერთად წარსადგენ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რომელშიც ერთ-ერთი არის ადგილობრივი კომისიის მიერ ადგილზე გასვლით შედგენილი ვიზუალური დათვალიერების აქტი. ანუ კანონი კომისიას ავალდებულებდა ადგილზე გასვლით შეესწავლა საკითხი და შეედგინა ვიზუალური დათვალიერების აქტი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომისიას ადგილზე დათვალიერება არ განუხორციელებია და შესაბამისად არ არის შედგენილი ვიზუალური დათვალიერების აქტი. კომისიას საერთოდ არ შეუსწავლია ვე-----------ის ამჟამინდელი პირობები, რომლის დადგენითაც კომისია შეიძლება მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ ვე-----------ის ოჯახი საჭიროებდა განცხადებით მოთხოვნილ, ან სხვა სახის სოციალურ დახმარებას.

 

7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, ვე-----------ის განცხადების განხილვისას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 მაისის N439 ბრძანებით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიას 2017 წლის 20 ივნისის (N61 სხდომის ოქმი) გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად, არ განახორციელა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გარემოებების გამოკვლევა, არ გაითვალისწინა აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ვე-----------ის სახლი დაინგრა 2008 წელს განვითარებული სტიქიური მოვლენის განვითარების შედეგად. თუ მოპასუხე არ ეთანხმებოდა აღნიშნულ დადგენილად მიჩნეულ გარემოებას, უნდა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში უნდა ემსჯელა აღნიშნულ გარემოებაზე და დაედგინა დაზიანების ხარისხი.

 

ამასთანავე სასამართლო აღნიშნავს, რომ წინა სასამართლო განხილვის დროს, როცა 2017 წლის 01 თებერვალს მიღებული იქნა გადაწვეტილება და მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა შესწავლა, მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ ვე-----------ე არ არის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ი-----ძეების მუდმივი მაცხოვრებელი. მოცემული საქმის განხილვისას უდავოდ იქნა დადგენილი, რომ ვე--- ი-----ძის ოჯახი (თვითონ ვე-----------ე და მეუღლე ნა----–ა ი-----ძე) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა შეადგენს 26110, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართია ხულო, სოფ. ი-----ძეები. ოჯახი ღებულობს სოციალურ შემწეობას. ოჯახის წევრებს მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ამდენად, კომისიას უნდა ემსჯელა ვე-----------ის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და შესაბამისად განესაზღვრა მოთხოვნილი, ან სხვა სახის კატეგორიის სტატუსი, კომისიას უნდა ემსჯელა და სათანადო შეფასება მიეცა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული, დი--------ს თემის საკრებულოს სტიქიით დაზარალებული ოჯახების მონაცემებზე, რომლითაც დგინდება, რომ ვე-----------ის სახლი დანგრეულია სტიქიური მოვლენების (ზვავის) შედეგად, საცხოვრებელი სახლის დაზიანების თარიღია 2008 წელი, მინიჭებულია მესამე კატეგორია. კომისიას უნდა დაედგინა ამჟამინდელ რომელ კატეგორიას შეესაბამება ზემო დასახელებულ ცნობაში მითითებული მესამე კატეგორია.

 

სასამართლო ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც ეს აქტი სათანადო გამოკვლევის გარშე არის მიღებული და სახეზეა ამ აქტების შედეგად მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი.

 

7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 მაისის N439 ბრძანებით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2017 წლის 20 ივნისის (N61 სხდომის ოქმი) გადაწყვეტილება ვე-----------ის ნაწილში და მოპასუხეს -ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვე-----------ის ოჯახის სტიქიურ მოვლენების შედეგად დაზარალებულად ცნობის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის ან ხარისხის მინიჭებით.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

მოცემულ შემთხვევაში შემთხვევაში მოსარჩელე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან და სახელმწიფო ბაჟი არ აქვს გადახდილი. მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს მოპასუხეს გადახდეს სასამართლო ხარჯები და იურიდიული მომსახურების საფასური. საქმეზე არ არის წარმოდგენილი ქვითარი ან სხვა მტკიცებულება, რითაც დადგინდებოდა, რომ მოსარჩელემ საქმის წარმოებისათვის გაიღო ხარჯები, შესაბამისად მოთხოვნა ამ ნაწილში არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციონაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა

 

1.ვე-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 30 მაისის N439 ბრძანებით შექმნილი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კომისიის 2017 წლის 20 ივნისის (N61 სხდომის ოქმი) გადაწყვეტილება ვე-----------ის ნაწილში, მასზე სტიქიით დაზარალებულის კატეგორიის არ მინიჭების თაობაზე.

 

1.2. მოპასუხეს -ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვე-----------ის ოჯახის სტიქიურ მოვლენების შედეგად დაზარალებულად ცნობის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მინიჭებით.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

4. გადაწყვეტილება შესაძლებელი არის გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი ქ. ბათუმი ფრიდონ ხალვაშის გამზირი 358).

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე