გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2018
საქმის ნომერი
180210017002041993
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/465-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ივნისი, 2018 წელი ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური

მოსარჩელე – შპს „პროკრედიტ ფროფერთის“;

წარმომადგენელი - თ----------–---–--

მოპასუხე - ე-–--------------------

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი;

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. ე-–-------------------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ქ. მცხეთაში, სოფელი ციხისძირში მდებარე შპს „პროკრედიტ ფროფერთის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №72.10.01.---- და აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე შპს „პროკრედიტ ფროფერთის“.(იხ. დაზუსტებული მოთხოვნა 2018 წლის 13 ივნისის სასამართლო სხდომი ოქმი)

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება აუქციონის წესით შეძენილი უძრავი ქონება მდებარე ქ. მცხეთის რაიონი, სოფელ ციხისძირში (საკადასტრო კოდი №72.10.01.----. შპს „პროკრედიტ ფროფერთის“ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე არ ათავისუფლებს მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი ბინა მდებარე ქ. მცხეთაში, სოფელ ციხისძირში (საკადასტრო კოდი №72.10.01.---- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს „პროკრედიტ ფროფერთის“ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

სამოტივაციო ნაწილი;

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. მცხეთაში, სოფელ ციხისძირში (საკადასტრო კოდი №72.10.01.---- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს „პროკრედიტ ფროფერთის“ სახელზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „პროკრედიტ ფროფერთის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - ე-–-------------------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ქ. მცხეთაში, სოფელი ციხისძირში მდებარე შპს „პროკრედიტ ფროფერთის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №72.10.01.---- და აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე შპს „პროკრედიტ ფროფერთის“.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ ცნო სარჩელი, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფოს ბაჟის გადახდისგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 368-ე და 369-ე, მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „პროკრედიტ ფროფერთის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ე-–-------------------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ქ. მცხეთაში, სოფელი ციხისძირში მდებარე შპს „პროკრედიტ ფროფერთის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №72.10.01.---- და აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე შპს „პროკრედიტ ფროფერთის“.

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ.რობაქიძის გამზირი, #7ა-ში) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. მცხეთა სამხედროს ქ.#17) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე კობა გოცირიძე.