გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210017002140822
საქმე # 2/734-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.06.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - მა----------------ი
წარმომადგენელი - ირ----------–---–ი
მოპასუხე - შა----------ი
წარმომადგენელი - ზუ--------------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოპასუხე შა----------ს მოსარჩელე მა----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 000 აშშ დოლარის და 4 500 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოპასუხეს, 2014 წლის 9 დეკემბერს, 10 000 აშშ დოლარი და 4 500 ლარი ასესხა. მოპასუხე შეჰპირდა, რომ ამ თანხით ბანკის კრედიტს დაფარავდა და მოსარჩელეს თანხას 2 წლის ვადაში დაუბრუნებდა. იმ შემთხვევაში, თუ თანხის დაბრუნებას ვერ შეძლებდა, მაშინ თავის საკუთრებაში არსებულ 6 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთს ან საკუთრებაში გადასცემდა, ან გაყიდიდა და ვალს სრულად დაუფარავდა. თანხის გადაცემა ოჯახის წევრების თანდასწრებით მოხდა. 2016 წლის ოქტომბერში მოსარჩელეს თანხა დასჭირდა და მოპასუხეს ვალის დაბრუნება მოსთხოვა. მოპასუხემ ოჯახში მხოლოდ 10 000 ლარი მიუტანა. მოსარჩელე ამ დროს სახლში არ იყო და მისმა მეუღლემ მოტანილი ფული არ გამოართვა, რადგან ვალი ლარში კი არა დოლარში ჰქონდა დასაბრუნებელი. მოსარჩელემ რამოდენიმეჯერ სთხოვა მოპასუხეს თანხის გადახდა, თუმცა ამ დრომდე ვალის დაფარვა არ მომხდარა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისგან სესხად თანხა არასდროს აუღია. მოსარჩელის მიზანი მოპასუხის კუთვნილი მიწის მისაკუთრებაა, რომელ მიწასაც მოსარჩელე წლებია მოპასუხის თანხმობით უსასყიდლოდ იყენებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები - დაიდო თუ არა მხარეთა შორის სესხის ზეპირი ხელშეკრულება; მოხდა თუ არა მის ფარგლებში თანხის გადაცემა; დააბრუნა თუ არა მოპასუხემ თანხა; ყველა ეს გარემოება მხარეებმა სადავო გახადეს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ 2014 წლის 09 დეკემბერს მოპასუხესთან ზეპირი სესხის ხელშეკრულების დადო და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს სესხად 10 000 აშშ დოლარის და 4 500 ლარის გადასცა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გამსესხებლის მხრიდან დავის აღძვრის შემთხვევაში, მას, როგორც მოსარჩელეს, სესხის ხელშეკრულების დადების და მის ფარგლებში მოპასუხისთვის თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრება. ანუ, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ხელშეკრულების დადების, აგრეთვე, მის ფარგლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი თანხის მოპასუხისთვის გადაცემის ფაქტის არსებობა. ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოს რელევანტური მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს, რაც მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტს სარწმუნოდ დაადასტურებს, რადგან ეს მტკიცების ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით.
მოსარჩელემ მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადასტურების მიზნით, გარდა სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებისა, მტკიცებულების სახით მოწმედ მე-----------------ას, ილ----------ას და ქი-----------------ას და ფა-----------------ას დაკითხვა მოითხოვა, რაც სასამართლოს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა და დასახელებული პირები მოწმის სახით გამოძახებული იქნენ სასამართლო სხდომაზე.
მოწმე ილ----------ამ, რომელიც მოსარჩელის მეუღლე და მოპასუხის შვილია, განმარტა, რომ ერთ საღამოს მათ სახლში მამამისი შა----------ი (მოპასუხე) მივიდა, რომელმაც თანხის სესხად გადაცემა სთხოვა. დედამთილმა გამოიტანა თანხა, რომელიც დაითვალეს და მთლიანობაში შა----------ს 10 000 აშშ დოლარი და 4 500 ლარი გადასცეს. ვინაიდან შემდგომში თანხა თავადაც დასჭირდათ, მისი მეუღლე მივიდა მოპასუხესთან და თანხის დაბრუნება მოსთხოვა. თვითონაც მივიდა მოპასუხესთან და ბიძაშვილებიც მიაგზავნეს თანხის დაბრუნების თხოვნით. მოწმემ განმარტა, რომ მოპასუხემ მოგვიანებით 10 000 ლარი მიუტანა, მაგრამ ვალი დოლარში ჰქონდა დასაბრუნებელი და ამიტომ, მოპასუხეს ლარში მიტანილი თანხა არ გამოართვა.
მოწმე მე-----------------ამ, რომელიც მოსარჩელის დედაა, განმარტა, რომ ერთ საღამოს მათთან სტუმრად მოპასუხე შა----------ი მივიდა, რომელმაც მა----------------ს ფულის სესხება სთხოვა. მოწმეს არ სურდა, რომ მის შვილს მოპასუხისთვის თანხა ესესხებინა, მაგრამ მა----------------მა თანხა გამოატანინა და მოპასუხეს გადასცა. თანხის გადაცემას მასთან ერთად ილ----------ა, ქი-----------------ა და ფა-----------------ა ესწრებოდნენ. მოწმემ მიუთითა, რომ მისმა შვილმა და რძალმა მოპასუხეს რამოდენიმეჯერ სთხოვეს თანხის დაბრუნება, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.
მოწმე ქი-----------------ამ, რომელიც მოსარჩელის ძმის ცოლია, განმარტა, მოსარჩელის ოჯახში სტუმრად იყო, როდესაც მათთან შა----------ი მივიდა და თანხის სესხად გადაცემა სთხოვა. მა----------------მა დედამისს თანხა გამოატანინა და მოპასუხეს მთლიანობაში 10 000 აშშ დოლარი და 4 500 ლარი გადასცა. მოპასუხემ სესხად გადაცემული თანხა დააბრუნა თუ არა არ იცის.
მოწმე ფა-----------------ამ განმარტა, რომ ერთ საღამოს მათთან სტუმრად შა----------ი მივიდა და თანხა სთხოვა. მა----------------მა დედამისს თანხა გამოატანინა და მოპასუხეს გადასცა. მთლიანობაში მოპასუხეს 10 000 აშშ დოლარი და 4 500 ლარი გადასცეს. მოპასუხე დაპირდათ, რომ თუ თანხას ვერ იშოვნიდა მაშინ მიწის ნაკვეთებს გაყიდიდა და თანხას ისე დაუბრუნებდა. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, მოპასუხეს თანხა არ დაუბრუნებია.
განსახილველ შემთხვევაში მართალია მოწმედ დაკითხულმა პირებმა განმარტეს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად თანხა გადასცა, მაგრამ მხოლოდ მათ ჩვენებაზე დაყრდნობით ზეპირი სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება ვერ მოხდება. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების ვალდებულებას არ ითვალისწინებს და იგი შეიძლება ზეპირი ფორმითაც დაიდოს, თუმცა მატერიალური სამართლის ნორმის მიხედვით, ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მისი დადასტურება მხოლოდ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე დაუშვებელია. ამ სახის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მატერიალური სამართლის ნორმით განსაზღვრულია მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დასადასტურებლად მოწმეთა ჩვენება არასაკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მეორე მხარე უარყოფს სასესხო ურთიერთობის არსებობას, მისი დადგენა, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების და მოწმის ჩვენების საფუძველზე, ვერ მოხდება. (იხ. სუს 17.10.2014 წლის განჩინება საქმეზე ას-872-870-2013; 15.02.2018 წლის განჩინება #ას-1488-1408-2017)
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს და განსაზღვრავს მტკიცებულებათა კრიტერიუმს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება და იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო გარემოებების არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე სასურველი ფაქტი ვერ დადგინდება და მოსარჩელისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადასტურება. მან ვერ წარუდგინა ამგვარი ურთიერთობაში კანონმდებლობით განსაზღვრული დამაჯერებელი მტკიცებულებები და მხოლოდ ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით შემოიფარგლა, რაც სადავო ფაქტის სარწმუნოდ დადასტურებისთვის საკმარის და რელევანტურ მტკიცებულებებად ვერ ჩაითვლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-12);
- შესაგებელი (ს.ფ. 22-31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 30.05.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი);
- მოწმეთა ჩვენება (სასამართლოს 06.06.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. სამოქალაქო კოდექსი;
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული პირობებით. ამასთან, სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთების საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. რეალური სესხის ხელშეკრულება გულისხმობს საგნის ფიზიკურ გადაცემას შემდგომში დაბრუნების პირობით.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრობითობის პრინციპის თანახმად, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც. სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებობს მტკიცების განაწილების როგორც საპროცესო აგრეთვე მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით განაწილების პრინციპი. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში სადავო იყო ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოსარჩელე მხარემ კი მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება ვერ შეძლო. მოსარჩელემ ვერ წარუდგინა სასამართლო მტკიცებულებები, რომლებიც ინდივიდუალურად ან ერთობლიობაში სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტს დააკმაყოფილებდა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სასესხო ურთიერთობის თაობაზე წერილობითი მტკიცებულების (ხელშეკრულება, ხელწერილი და ა.შ.) არარსებობის პირობებში, ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ვერ მოხდება. მისი დადგენა დასაშვებია მხოლოდ საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ერთობლიობაში. აღნიშნული განპირობებულია სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დისპოზიციით, რომლის მიხედვით, სასესხო ურთიერთობების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ზეპირი ფორმით სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებდნენ სადავო ფაქტს. შესაბამისად, მატერიალური სამართლის ეს ნორმა ითვალისწინებს უფრო მაღალ სტანდარტს და ფაქტობრივად მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულების დადება მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებაზე და მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით დაუშვებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების დადების დადასტურების ტვირთი იმ ხარეს აკისრია, რომელი მხარეც ასეთი ფაქტის არსებობაზე მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობის არსებობა სადავო გახადა. მოსარჩელე მხარემ კი, სესხის ხელშეკრულების დადების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა.
6.2. რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ მოპასუხემ შესაგებელში სესხის ხელშეკრულების ფარგლებში 4 500 ლარის ოდენობით თანხის მიღების ფაქტი აღიარა, სასამართლო ვერ დაეთანხმება წარმომადგენლის ამ განმარტებას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლისმე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოში საქმე აწარმოონ პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის შესაგებელში დაფიქსირებული შინაარსი ცალსახად არ იძლევა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში 4 500 ლარის მიღების დადასტურების შესაძლებლობას. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის სხვა და სხვა დროს მიცემული აქვს თანხები დაახლოებით 4 500 ლარის ოდენობით. თუმცა იქვე მითითებულია, რომ თანხის მიღება მოხდა არა სასესხო ურთიერთობის, არამედ მიწის ნაკვეთით სარგებლობიდან გამომდინარე ურთიერთობის ფარგლებში. მოპასუხის წარმომადგენელმა კი განმარტა, რომ ამ თანხის მიღება 2014 წლამდე გაცილებით ადრე მოხდა, როდესაც მიწა მოპასუხის საკუთრებას არ წარმოადგენდა და იგი იჯარით ჰქონდა სახელმწიფოსგან აღებული. მიღებული თანხის დანიშნულება სახელმწიფოსთან მიწის გადასახადების გადახდა იყო. ამდენად, მოპასუხის წარმომადგენელმა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში თანხის მიღების ფაქტი უარყო (იხ. სასამართლოს 05.30.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:01:13-13:07:40 სთ; 13:10:05-13:10:19 სთ). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ ამ შემთხვევაში შესაგებელს ხელს მოპასუხე კი არა მისი წარმომადგენელი აწერს. წარმომადგენლის უფლებამოსილება კი განსაზღვრულია მოპასუხის მიერ ნოტარიული წესით გაცემულ მინდობილობაში, რომლის მიხედვით წარმომადგენელი იცავს მარწმუნებლის ინტერესებს და უფლებამოსილია მისი სახელით შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება და პროცედურა რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და იქვე განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების ფარგლებს, რომლის მიხედვითაც წარმომადგენელს არ აქვს მინიჭებული სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ ცნობის, აგრეთვე მოსარჩელის მიერ მითითებული რომელიმე ფაქტის დადასტურების უფლება (იხ. მინდობილობა ს.ფ 66).
ამდენად, საქმის განხილვის შედეგად ვერ იქნა დადასტურებული, რომ 2014 წლის 9 დეკემბერს მოსარჩელემ მოპასუხესთან სესხის ზეპირი ხელშეკრულება დადო და ვერც სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურება მოხდა. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი განისაზღვრა 29 331 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 880.93 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მა----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მა----------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე