გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210016001488955
(2/357-2016)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.06.2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - სს „ტე-------ი“ (ყოფილი სს „კო--------------------ი“)
წარმომადგენელი - ლე--- ჩხ-----ე
მოპასუხე - მა--- ღვ------–-ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე მა--- ღვ------–-ას დაეკისროს სს „ტე-------ი“-ს (ყოფილი სს „კო--------------------ი“) სასარგებლოდ 10 721.13 ლარის ანაზღაურება (ძირი თანხა- 10163.43 ლარი, პროცენტი 412.01 ლარი და ჯარიმა 145.69 ლარი); მოპასუხეს დაეკისროს სს „ტე-------ი“ -ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა ძირი თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 29 აგვისტოდან კრედიტის სრულად დაფარვამდე; მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 433 ლარის გადახდა;
1.2 მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 13 დეკემბერს მა--- ღვ------–-ასა და სს „ტე-------“-ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N40.0------.0--- კრედიტის თანხა: 10500 ლარი, საბანკო კრედიტის ვადა- 23.12.2015-დან-23.12.2019-მდე, საპროცენტო განაკვეთი -20%, ყოველთვიური შენატანი 321.16 ლარი, პირგასამტეხლო- ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რის გამოც გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, მაგრამ ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მა--- ღვ------–-ამ 2016 წლის 13 სექტემბერს წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო წარმოდგენილი სარჩელი. ხოლო, საქმის ზეპირი მოსმენის დროს სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ მას დღეის მდგომარეობით არ გააჩნია საკმარისი სახსრები ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესასრულებლად. და ითხოვა გრაფიკით განსაზღვრული თანხის შემცირება, სესხის მოქმედების ვადის გაზრდა და დავალიანების დაფარვის მიზნით ახალი გრაფიკის შედგენა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 13 დეკემბერს მა--- ღვ------–-ასა და სს „ტე-------“-ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N40.0------.0--- კრედიტის თანხა: 10500 ლარი, საბანკო კრედიტის ვადა- 23.12.2015-დან-23.12.2019-მდე, საპროცენტო განაკვეთი -20%, ყოველთვიური შენატანი 321.16 ლარი, პირგასამტეხლო- ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N40.0------.0-- საკრედიტო ხელშეკრულება,- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2 მსესხებელს სესხების დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულების დანართი გრაფიკებით დადგენილი ვადებით და ოდენობით, რაც დარღვეულ იქნა მის მიერ და დავალიანება დღემდე გადაუხდელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გრაფიკები, მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.3. N40.0------.0-- საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მსესხებელ მა--- ღვ------–-ას გადასახდელი აქვს 10721.13 (ათი ათას შვიდასოცდაერთი და ცამეტი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ,- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”ტე-------ი” (ყოფილი სს “კო--------------------ი“) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე , 867-ე, 868-ე, 623-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 400-ე, 403-ე, 417-ე, 418-ე, 891-ე, 895-ე, 902-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს საბანკო საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებისა და მისი შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე მა--- ღვ------–-აზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით.
დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელე სს ”ტე-------ი”-ს (ყოფილი სს “კო--------------------ი“) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მა--- ღვ------–-ას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
იმავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული იყო მოპასუხის ვალდებულება გადაეხადა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხის მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, N40.0------.0-- საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მსესხებელ მა--- ღვ------–-ას გადასახდელი აქვს 10721.13 (ათი ათას შვიდასოცდაერთი და ცამეტი) ლარი. მოსარჩელე ასევე ითხოვს 2016 წლის 29 აგვისტოდან პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებაზე გათვალისწინებული დარჩენილი ძირითადი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 433 ლარის გადახდის დაკისრებას;
დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვადამდე შეწყვიტა რა საკრედიტო ხელშეკრულება, მიიღო მატერიალური ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პროცენტის სახით მისაღები თანხა წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს და არსებობს მოპასუხეთათვის მისი ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა სრულად ცნო, რაც მითითებული ნორმის შესაბამისად, ასევე, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.
იმავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 433 ლარი. მოსაჩელემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
მითითებული ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი - 216.5 ლარის გადახდა, ხოლო - 216.5 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე -სს ”ტე-------ი”-ს (ყოფილი სს“კო--------------------ი“) მოთხოვნა;
2. დაეკისროს მოპასუხე მა--- ღვ------–-ას (პ/ნ 3----------) სს ”ტე-------ი”-ს (ყოფილი სს “კო--------------------ი“) სასარგებლოდ 10721.13 (ათი ათას შვიდასოცდაერთი და ცამეტი) ლარის ანაზღაურება.
3. დაეკისროს მოპასუხე მა--- ღვ------–-ას (პ/ნ 3----------) სს ”ტე-------ი”-ს (ყოფილი სს “კო--------------------ი“) სასარგებლოდ 2016 წლის 29 აგვისტოდან პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებაზე გათვალისწინებული დარჩენილი ძირითადი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
4. დაეკისროს მოპასუხე მა--- ღვ------–-ას (პ/ნ 3----------) სს ”ტე-------ი”-ს (ყოფილი სს “კო--------------------ი“) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 216.5 (ორასთექვსმეტი და ორმოცდაათი) ლარის გადახდა
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6 .გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია