გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2018
საქმის ნომერი
080210015001043306
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1299-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.06.2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გ------ი ესაძე

მოსარჩელე - სს ,,თ-----------“

წარმომადგენელი - ლ--–- ბა----–---

მოპასუხე - გიორგი ჩ---–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ------ი ჩ---–--ეზე 2011 წლის 26 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2539.09 ლარის (ძირი-1553.79 ლარი; პროცენტი-540.20 ლარი; ჯარიმა-445.10 ლარი) მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.

 

1.2. გ------ი ჩ---–--ეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და საადვოკატო ხარჯის 101.56 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, გ------ი ჩ---–--ესთან 2011 წლის 26 იანვრის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1590 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური 36%. ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დამდეგი დაანგარიშების დღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანებაა - 2539.09 ლარი (ძირი-1553.79 ლარი; პროცენტი-540.20 ლარი; ჯარიმა-445.10 ლარი).

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხე გ------ი ჩ---–--ემ სარჩელი არ სცნო და წარმოდგენილი შესაგებელით განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

საქმის განხილვისას გ------ი ჩ---–--ემ განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ასევე შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. გ------ი ჩ---–--ესთან 2011 წლის 26 იანვრის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1590 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით.

მტკიცებულება.

-საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. (ტ.1.ს.ფ. 12-32).

 

3.2.2. საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანებაა - 2539.09 ლარი (ძირი-1553.79 ლარი; პროცენტი-540.20 ლარი; ჯარიმა-445.10 ლარი).

მტკიცებულება:

სარჩელი. გადახდების ისტორია. დავალინების შესახებ ცნობა. (ტ.1.ს.ფ. 23-40).

 

3.2.3. მოპასუხე გ------ი ჩ---–--ემ სარჩელი არ სცნო და წარმოდგენილი შესაგებელით განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საქმის განხილვისას გ------ი ჩ---–--ემ განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ასევე შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლო.

მტკიცებულება:

შესაგებელი. მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2.4. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებს დავალიანების არსებობას. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები.

მოპასუხე კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში საფუძვლიანია, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 623-625-ე, 411-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე-873-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

6.4.ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

6.5.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ „იამზე ბურჯალიანს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან განვადების ბარათის ყველა არსებით პირობაზე.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.9. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,თ-----------ს'' მიერ სრულად იქნა შესრულებული საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის.

 

6.10. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და აღნიშნავს შემდეგს.

მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ხანდაზმულობა, რადგან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით -სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი მეორე ნაწილებით - დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით - წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, - მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილით - საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. მოპასუხეს ეკისრებოდა სახელშეკრულებო ვალდებულება ყოველთვიურად შეეტანა მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის პროცენტი. წარმოდგენილი გადახდების ისტორიის მიხედვით, მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2012 წლის 27 ივნისს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2015 წლის 21 ივლისს. შესაბამისად სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან იგი სასამართლოში შეტანილია სამწლიანი ვადის დაცვით.

 

6.11.განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის სარგებლის (პროცენტის) მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთს და პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებისათვის.

 

- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

-დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის, მოპასუხის დავალიანება შეადგენს, ძირი-1553.79 ლარი; პროცენტი-540.20 ლარი; ჯარიმა-445.10 ლარი. მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. ამდენად, მოთხოვნა სესხზე სარგებლის (პროცენტი) – 540.20 ლარი, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.12. მოპასუხეს სადავოდ მიაჩნია პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

-საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეებს გააჩნიათ დავალიანება მოსარჩელის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, ხოლო იურიდიული მომსახურებისათვის გადაიხადა 101.56 ლარი, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,თ-----------ს” სარჩელი.

 

2. დაეკისროს გ------ი ჩ---–--ეს მოსარჩელე სს ,,თ-----------”-ს სასარგებლოდ 2011 წლის 26 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2539.09 ლარის (ძირი-1553.79 ლარი; პროცენტი-540.20 ლარი; ჯარიმა-445.10 ლარი) გადახდა.

 

3. დაეკისროს გ------ი ჩ---–--ეს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და საადვოკატო ხარჯის 101.56 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.

 

4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე