განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2018
საქმის ნომერი
060100118002277558
დავის ტიპი
126
თარიღი
03.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/12-18

№067301117001

 

03 მაისი, 2018 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მა---------–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ----------------------------–--ლი (------------–-------–-–-----------------------------------------------------–-------------------------------------

 

ადვოკატი- სო------------–-–--ლი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნო------------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანსდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ნო------------–--ლი ერთად თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად ძალადობდა დედის - ცი--–----------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. სისტემატური ძალადობა გამოიხატებოდა ნო------------–--ლის მიერ ცი--–----------–---–ის მიმართ არაერთგზის განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. კერძოდ, 2017 წლის ნომებრის დასაწყისში, ამ უკანასკნელმა თავისივე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი ხ--------------------------ში, დედას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე სახის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი. მათ საცხოვრებელ სახლში ანალოგიურ ძალადობას ჰქონდა ადგილი 2017 წლის 22 ნოებერსაც, კერძოდ, ცი--–----------–---–ს ზურგისა და კისრის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა სკამი. 2017 წლის 29 ნოემბერს კი, დაახლოებით 22 საათზე, ისევ თავისივე საცხოვრებელ სახლში, სცემა ცი--–----------–---–ი სკამისა და ხელის გამოყენებით. ხოლო 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 09 საათზე, კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად რამდენიმეჯერ მოქაჩა თმებში. ყველა ზემო აღნიშნულ ქმედებას, კი ნო------------–--ლი ჩადიოდა, თავისი არასრუწლოვანი შვილის, ბა--------------–---–ის თანდასწრებით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნო------------–--ლის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ნო------------–--ლმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ ნო------------–--ლის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, დედამ -დაზარალებულმა ცი--–----------–---–მა, მამამ- მოწმე ვა-------------–---–მა და დამ- მოწმე მა---------–---–მა, ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ნო------------–--ლის წინააღმდეგ.

 

2018 წლის 17 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის # 000335918 დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ცი--–----------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევისა და სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ, 30.11.2017 წ. 18:52-19:10 სთ უჩიოდა ტკივილს თავის, სახისა და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოებში: ზედა ტუჩის მიდამოში ცენტრალურად და მარჯვნივ შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა ზომით 0,5X0,4 სმ. ქვედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლჩაქცევა ზომით: 0,3 X 0,2 სმ. კეფის მიდამოში ცენტრალურად აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,8 X0,6 სმ. მარჯვენა მხარის შიგნითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,5 X1,3 სმ (მისივე გადმოცემით მარჯვენა მხარის შიგნითა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებული დაზიანება მიაყენა შვილმა დაახლოებით 1 კვირის წინ) სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა.

 

ზემოაღნიშნულ დასკვნაში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა შო------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის10 აგვისტოს განაჩენით დადგენილია, რომ ნო------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, მას, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 (ორი) წელი; მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე ამავე განაჩენით დანიშნული და შეუსრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 150 საათი, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, შეეცვალა ჯარიმით 1875 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმის ჩვენება, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ნო------------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლო იზიარებს ბრალდებულ ნო------------–--ლის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის დედამ - დაზარალებულმა ცი--–----------–---–მა, მამამ- მოწმე ვა-------------–---–მა და დამ -მოწმე მა---------–---–მა, ისარგებლეს მათთვის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ნო------------–--ლის წინააღმდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ნო------------–--ლის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ცი--–----------–---–ის, აგრეთვე მოწმეების: ვა-------------–---–ისა და მა---------–---–ის ჩვენებები, ამ უკანასკნელებმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენება ბრალდებულ ნო------------–--ლის წინააღმდეგ. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული, აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ნო------------–--ლი უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ნო------------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოუწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ნო------------–--ლის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული ნო------------–--ლი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნო------------–--ლი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნო------------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მუ------- მ--–---ის (----------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ხონი ,,---------–--’ (ზონა ხ-------, სე----------------------, კ--------–----, ნ----------- ს/კ №3-.07.4-.0--) და ქ. ხონში , სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3206.00 მ2 მიწის ნაკვეთს (ზონა ხ-------, სე----------------------, კ--------–----, ნ----------- ს/კ №3-.0--42.0--- – 8 000 ( რვა ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა;

 

გამართლებულ ნო------------–--ლს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე