გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
200210018002363846
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210018002363846

საქმე №2/272-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 ივნისი, 2018 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ზ-------------’’

წარმომადგენელი - ა-–----------–---–ი

მოპასუხე - მ--–-------------ი

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის ვალდებულების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე მ--–-------------ს სს ,,ზ-------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების გადახდა 1689.08 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1189.08 ლარი, სარგებელი - 500 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

სს ,,ზ--------------’’ და მ--–-------------ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №21743201, რომლის საფუძელზეც გაიცა სესხი 1200.00 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით. ყოველთვიურად საპროცენტო სარგებლის და ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 148.92 ლარს. ხელშეკრულების 2.2.7.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დაფაროს სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი ყოველთვიურად თანაბარწილებად ანუიტეტური გრაფიკის შესაბამისად, ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის გადახდის გრაფიკი 22.02.2017 წელს და აღნიშნული თარიღის შემდგომ მოპასუხის მხრიდან აღარ მომხდარა დავალიანების დაფარვა. 2018 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხის ჯამური დავალიანება გამსესხებლის წინაშე შეადგენს 2767.1 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1189.08 ლარი, სარგებელი - 1578.02 ლარი. სს ,,ზ-------------’’ ამცირებს მოთხოვნას და ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 1689.08 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1189.08 ლარი, სარგებელი 500 ლარი. სესხის სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა სესხის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. შეტყობინება ვალდებულების შესრულების შესახებ გაგზავნილი იქნა მოპასუხისათვის, თუმცა აღნიშნული ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მ--–-------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით დაეთანხმა დავის ფაქტობრივ გარემოებებს და სარჩელი სარგებლის მოთხოვნის ნაწილში მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სს ,,ზ--------------’’ და მ--–-------------ს შორის 2016 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №21743201, რომლის საფუძელზეც გაიცა სესხი 1200.00 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით. ყოველთვიურად საპროცენტო სარგებლის და ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 148.92 ლარს. ხელშეკრულების 2.2.7.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დაფაროს სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი ყოველთვიურად თანაბარწილებად ანუიტეტური გრაფიკის შესაბამისად, ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.

 

3.1.2. 2018 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხის ჯამური დავალიანება გამსესხებლის წინაშე შეადგენს 2767.1 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1189.08 ლარი, სარგებელი - 1578.02 ლარი. სს ,,ზ-------------’’ ამცირებს მოთხოვნას და ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 1689.08 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1189.08 ლარი, სარგებელი 500 ლარი.

 

3.1.3. სესხის სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა სესხის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 22 დეკემბრის №21743201 ხელშეკრულება (ს.ფ. 16-20);

- სესხის გადახდის გრაფიკი (სასესხო ხელშეკრულებაზე №21743201) (ს.ფ. 21-22);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 23);

- სესხის ამონაწერი (ს.ფ 24);

- სამომხმარებლო სესხის განაცხადი (ს.ფ 27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ზ-------------ს’’ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 623-ე, 625-ე, 873-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

2016 წლის 22 დეკემბრის სესხის №21743201 ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ზ-------------’’, ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც ირკვევა, რომ მოპასუხე გაფრთხილებული იყო დავალიანების არსებობის შესახებ, მაგრამ მისი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს დარიცხული სესხის პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, ანგარიშიდან ამონაწერით) არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, სს ,,ზ-------------’’ უნდა დაუბრუნდეს მოპასუხე მხარის მიერ ცნობილი მოთხოვნის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 35 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე,365-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ზ-------------ს’’ სარჩელი მოპასუხე მ--–-------------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე მ--–-------------ს მოსარჩელე სს ,,ზ-------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლი 22 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 1689.08 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1189.08 ლარი, სარგებელი - 500 ლარი.

 

3. მოპასუხე მ--–-------------ს მოსარჩელე სს ,,ზ-------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 15 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

4. სს ,,ზ-------------’’ დაუბრუნდეს 35 ლარი მის მიერ სარჩელზე 2018 წლის 14 მარტს სს ,,საქართველოს ბანკში’’ (საგადახდო დავალება #538), გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 50 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300863150.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი