გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2018
საქმის ნომერი
270210018002319285
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29-18 (270210018002319285)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - თეა მოსიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ი“

წარმომადგენელი - ტა-----–-------იძე

 

მოპასუხე - ნო---------ია

წარმომადგენელი - ან–--–----------ვა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ნო---------იასათვის მოსარჩელე შპს ,,ემ------------ი“-ს სასარგებლოდ შემცირებული დავალიანების 798 ლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, აღიარა ძირი თანხის და პროცენტის გადახდის ვალდებულება სრულად და მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. შესაგებელი, 19.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2017 წლის 04 იანვარს მოსარჩელე შპს ,,ემ------------’’-სა და მოპასუხე ნო---------იას შორის ელექტრონული განაცხადის საფუძველზე, ელექტრონულად დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, პროცენტის 98 ლარის გათვალისწინებით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ვადაში სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 1,5 %-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-სესხის ხელშეკრულება;

-ელექტრონული განაცხადი;

-04/01/2017 წლის საგადახდო დავალება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2.მსესხებელმა ნო---------იამ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე, რის გამო მისი დავალიანება შეადგენს ძირი თანხის სახით - 400 ლარს, ხოლო პროცენტია (საკომისო) – 98 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-სესხის ხელშეკრულება;

-ელექტრონული განაცხადი;

-04/01/2017 წლის საგადახდო დავალება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მოსარჩელე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასევე ითხოვს მოპასუხისათვის შემცირებული პირგასამტეხლოს სახით 300 ლარის დაკისრებას, რაც შეუსაბამოდ მაღალია და მიზანშეწონილია მისი შემცირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებლები;

-სესხის ხელშეკრულება;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.06.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სწორედ აღნიშნულ, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა, რომლითაც მათ შორის განისაზღვრა ხელშეკრულების პირობები, უფლება-მოვალეობანი.

 

6.2.სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო იმავე კოდექსის მე-400 მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სახელშეკრულებო ურთიერთობა ანუ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და რომ დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს საწინააღმდეგო ფაქტების დადასტურება, კერძოდ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს ან არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. აქვე სადავო სამართალურთიერთობის გათვალისწინებით, სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლს, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ისე საგადახდო დავალებით და ელექტრონული განაცხადით დადგენილია, რომ 2017 წლის 04 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ნო---------იამ მოსარჩელისაგან მიიღო სესხი - 400 ლარი, პროცენტისა (საკომისიოს) და პირგასამტეხლოს გათვალისწინებით.

 

მითითებული გარემოებების ცხადყოფს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და პროცენტის (საკომისიოს) ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (№ას-888-834- 2012). აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს).

 

ამრიგად, ხელშეკრულებაზე ელექტრონული თანხმობით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა, ასევე პროცენტი, რაც არ სცდება გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება ნო---------იას მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხისა და პროცენტის გადახდევინება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა მითითებულ ნაწილში დასაბუთებულია.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ცნო მისთვის ძირი თანხის - 400 ლარის და პროცენტის (სკომისიოს) – 98 ლარის გადახდის, დაკისრების ნაწილში. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან.

 

6.3.მოპასუხე მხარემ შესაგებლით სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირი თანხისა და პროცენტის მსგავსად, მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი პირგასამტეხლოზეც, თუმცა ამ ინსტიტუტთან მიმართებით კანონმდებლის მიერ დადგენილია სპეციალური დებულება, კერძოდ, საუბარია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 45%-ს, ხოლო წელიწადში 540%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა.

 

6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.2.რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული მომსახურებისათვის გათვალისწინებული საფასურის - 42 ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ, ამ კუთხით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაასაბუთებს, რომ ეს ხარჯები ფაქტობრივად და უდავოდ გასწია და რომ ეს თანხა გონივრული იყო (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Nilsen and Johnsen v. Norway [GC], no. 23118/93, §62, ECHR 1999-VIII, შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 53-ე მუხლის მე-3 წინადადების მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. გამომდინარე აქედან, კანონმდებლის მიერ ქონებრივ დავაზე დადგენილია იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული ოდენობა პროცენტული მაჩვენებლით. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხისაგან უნდა აუნაზღაურდეს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი დავის საგნის ღირებულების მხოლოდ 4 პროცენტის 31,92 ლარის ოდენობით.

 

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი

 

8.1.წინამდებარე გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

 

აღნიშნული კოდექსის საქმის განხილვის დროს მოქმედი 365-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ნორმას შინაარსობრივად ავსებს მითითებული ნორმატიული აქტის 2571 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ იმ საქმეებზე, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება, მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ამასთანავე, განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს, რაც ცვლის გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს. მოსამართლის განმარტება აისახება სასამართლო სხდომის ოქმში. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული არ არის, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

აღნიშნული ნორმები ცხადყოფენ, რომ რამდენადაც სარჩელზე ქონებრივ-სამართლებრივი დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, წინამდებარე გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შევიდა კანონიერ ძალაში და იგი არ საჩივრდება. ამის მიუხედავად, 2571 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გამოეტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 2571-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.შპს ,,ემ------------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.მოპასუხე ნო---------იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 648 ლარის გადახდა;

 

3.მოპასუხე ნო---------იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის - 31.92 ლარის ანაზღაურება;

4.გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა