გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2018
საქმის ნომერი
010210016001641557
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001641557

2-3894/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02/05/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: შპს “მ------------------ი“

წარმომადგენელი: თ------------------

მოპასუხე: მ-------- თ---------– დ-----ი, დ----- დ------ე, ვ----– ლ--------------ე და გ------- ს------–--ე

წარმომადგენელი: გ-----------–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს “მ------------------მა“ სარჩელი აღძრა მ-------- თ---------– დ-----ის, დ----- დ------ის, ვ----– ლ--------------ის და გ------- ს------–--ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 1682 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზაცია გაუკეთდეს ავტომანქანა B--------. სარეგისტრაციო ნომერი M----------------------------.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2015 წლის 14 მაისს შპს “მ------------------სა“ და მ-------- თ---------– დ-----ს შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება №26/05/05, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 1 წლის ვადით მ-------- თ---------– დ-----ს ასესხა 1565 აშშ დოლარი. სესხს სარეგებელის სახით უნდა დარიცხვოდა თვეში 6 პროცენტი. მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 14 რიცხვში სესხის დაფარვის მიზნით გადაეხადა 93.90 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ყოველ მესამე თევს კი მართვის საკომისიო 31.30 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. სესხის დაფარვის ვადების დარღვევისათვის გათავლისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 0.5%, ანუ 7.82 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა აუტომანქანა B--------. სარეგისტრაციო ნომერი M-----. ს/ნ W----------------- მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ მსესხებელი მოსარჩელეს გადაუფორმებდა კუთვნილ ავტომანქანას, ასევე კრედიტორი უფლებამოსილი იქნებოდა გაასხვისოს უზრუნველყოფის საგანი და ასევე თანხა ამოიღოს მოპასუხის ნებისმიერი ქონებით. სესხის უზრუნველსაყოფად დ----- დ------ესთან, ვ----– ლ--------------ესთან და გ------- ს--–------ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მათ იკისრეს მ-------- თ---------– დ-----ის სესხის დაფარვის ვალდებულება.

 

მ-------- თ---------– დ-----მა არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. მას გადასახდელი აქვს 1682 აშშ დოლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 1265 აშშ დოლარს, სარგებელი 170.71 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 247, 27 აშშ დოლარს. მ-------- თ---------– დ-----მა უზრუნველყოფის საგანი - ავტომანქანა გადამალა და მოსარჩელეს არ წარუდგინა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. დ----- ლ--------------ე და ვ----– ლ--------------ე სარჩელს ცნობენ ნაწილობრივად. მათ შესაგებელში მიუთითეს, რომ სარჩელს სრულად ცნობენ, მაგრამ სხდომაზე პირგასამტეხლოს ოდენობა სადაო გახადეს და მოითხოვეს მისი შემცირება.

2.2. გ------- ს--–------ეს სარჩელი ჩაბარდა 2017 წლის 16 მარტს. მან შესაგებელი არ წარმოადგინა.

2.3. მ-------- თ---------– დ-----ს სარჩელი ჩაბარდა საჯარო შეტყობინების გზით, მან შესაგებელი არ წარმოადგინა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეები განიხილება დისპიზიციურობის პრინციპის დაცვით. დისპოზციურობის პრინციპი გულისხმობს არა მხოლოდ მხარეებისათვის საპროცესო უფლების მინიჭებას, არამედ იგი გულისხმობს საპროცესო მოვალეობის დაკისრებასაც. ერთერთი ასეთი მოვალეობაა მოპასუხემ წარმოადგინოს შესაგებელი. შესაგებლის წარმოუდგენლობა საქ.სსკ-ის 232I-ე მუხლის საფუძველზე იწვევს მოპასუხის საწინააღმდეგო იურიდიულ შედეგს, რაც მასში გამოიხატება, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულებად ითვლება. გ------- ს--–------ემ და მ-------- თ---------– დ-----მა შესაგებელი არ წარმოადგინეს. აღნიშნული გაგებული უნდა იქნას მათ მიერ სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურებად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2015 წლის 14 მაისს შპს“მ------------------სა“ და მ-------- თ---------– დ-----ს შორის გაფორმდა სალომბარდე ხელშეკრულება №26/05/05, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ 1 წლის ვადით მ-------- თ---------– დ-----ს ასესხა 1565 აშშ დოლარი. სესხს სარეგებელის სახით უნდა დარიცხვოდა თვეში სესხად გაცემული თანხის 6 პროცენტი. მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 14 რიცხვში სესხის დაფარვის მიზნით გადაეხადა 93.90 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ყოველ მესამე თვეს კი მართვის საკომისიო 31.30 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულება ს.ფ. 19-21

 

3.1.2. სესხის დაფარვის ვადების დარღვევისათვის გათავლისწინებული იქნა პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 0.5%, ანუ 7.82 აშშ დოლრის ექვივალენტი ლარის გადახდა. ასევე ვალდებულების შეუსრულებლობისას დავალიანებას დაერიცხება ჯარიმა დავალიანებად დარჩენილი თანხის 12 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულება ს.ფ.19-21

 

3.1.3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ მ-------- თ---------– დ-----ი მოსარჩელეს გადაუფორმებდა ავტომანქანას - B--------. სარეგისტრაციო ნომერი M-----, ს/ნ W----------------- სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში შპს “მ------------------ს“ უფლება ექნებოდა გაესხვისებინა ავტომანქანა და მიღებული თანხით დაეფარა სესხის დავალიანება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულება ს.ფ.19-21

 

3.1.4. საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგრამ მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ შეთანხმებისამებრ ავტომანქანა B--------. სარეგისტრაციო ნომერი M----- აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. თუმცა ავტომანქანა შეთანხმებისამებრ დარჩა მ-------- თ---------– დ-----ის მფლობელობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

- სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულება ს.ფ.19-21

 

3.1.5. მხარეთა შეთანხმებით, თუ ავტომანქანა B--------. სარეგისტრაციო ნომერი M----- დავალიანების დასაფარად არ იქნება საკმარისი, თანხის ამოღება უნდა მოხდეს მ-------- თ---------– დ-----ის ნებისმიერი ქონებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

- სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულება ს.ფ.19-21

 

3.1.6. შპს “მ------------------სა“ და მ-------- თ---------– დ-----ს შორის დადებული №26/05/05 სალომბარდე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 14 მაისს დ----- დ------ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დ----- დ------ემ იკისრა მ-------- თ---------– დ-----ის სესხის დაფარვის ვალდებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის ხელშეკრულება. ს.ფ.22-23

 

3.1.7. შპს “მ------------------სა“ და მ-------- თ---------– დ-----ს შორის დადებული №26/05/05 სალომბარდე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 30 მაისს ვ----– ლ--------------ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვ----– ლ--------------ემ იკისრა მ-------- თ---------– დ-----ის სესხის დაფარვის ვალდებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის ხელშკრუელბას.ფ. 24-25

 

3.1.8. შპს “მ------------------სა“ და მ-------- თ---------– დ-----ს შორის დადებული №26/05/05 სალომბარდე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 23 ივნისს გ------- ს--–------ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ------- ს--–------ემ იკისრა მ-------- თ---------– დ-----ის სესხის დაფარვის ვალდებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის ხელშკრუელბას.ფ. 26-27

 

3.1.9. მ-------- თ---------– დ-----ს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1265 აშშ დოლარი, და სარგებელი 170.71 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

დავალიანების შესახებ ცნობა ს.ფ. 31

 

3.1.10. ხელშეკრუელბის 6.9 მუხლით მ-------- თ---------– დ-----ი ვალდბეული იყო სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე წარედგინა კრედიტორისათვის. მ-------- თ---------– დ-----მა ავტომანქანა კრედიტორს არ წარუდგინა. საქმეში წარმოდგენილი არაა ავტომანქანის ძებნის მტკიცებულებები, მაგრამ მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მოსარჩელემ ავტომანქანის ადგილსამყოფელი ვერ მიაგნო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულება ს.ფ.19-21

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხეები სადაოდ ხდიან პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. პირგასამტეხლოზე შეთანხმებას არ უარყოფენ. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა კანონიერი, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ 1682 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_საქართველოს კონსტიტუცია.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მ-------- თ---------– დ-----მა მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ავადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. ანალოგიურად ვალდებულების დარღვევად უნდა შეფასდეს თავდები პირების მიერ სესხის გადაუხდელობა. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

დადგენილია, რომ შპს“მ------------------სა“ და მ-------- თ---------– დ-----ს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2015 წლის 14 მაისის №26/05/05 ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ 1 წლის ვადით მ-------- თ---------– დ-----ს ასესხა 1565 აშშ დოლარი. სესხს სარეგებელის სახით უნდა დარიცხვოდა თვეში სესხად გაცემული თანხის 6 პროცენტი. მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 14 რიცხვში სესხის დაფარვის მიზნით გადაეხადა 93.90 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ყოველ მესამე თვეს კი მართვის საკომისიო 31.30 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მ-------- თ---------– დ-----ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ მ-------- თ---------– დ-----ი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მ-------- თ---------– დ-----მა დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 1265 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მ-------- თ---------– დ-----ი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი - ყოველთვიურად 6 %-იანი სარგებლის დარიცხვა. მ-------- თ---------– დ-----ს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. მოპასუხემ სარგებელი არ გადაიხადა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. მ-------- თ---------– დ-----ს გადასახდელი აქვს სარგებელი 170.71 აშშ დოლარი. ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის ჯარიმას ნარჩენი სესხის 0.5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ მ-------- თ---------– დ-----მა არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცული პროცენტით არ გადაიხადა დროულად. მას გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა 1265 აშშ დოლარი და პროცენტი 170.71 აშშ დოლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მ-------- თ---------– დ-----ს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 247.27 აშშ დოლარი.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია თანაბრად იქნას გათვალიწინებული ხელშემკვრელი მხარეების ინტერესები. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა - 247.27 აშშ დოლარი, დაანგარიშებულია 2016 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდისათვის, სულ 47 დღე. შესაძლებელია 47 დღეში პირგასამტეხლოს სახით 247.27 აშშ დოლარის გადახდა არაგონივრულია, მაგრამ მას შემდეგ გასულია დაახლოებით 20 თვე და ამ პერიოდში სესხს არ ერიცხება არც სარგებელი და არც პირგასამტეხლო. შესაბამისად ამ პერიოდისათვის პირგასამტეხლოს სახით 247.27 აშშ დოლარის გადახდა გონივრულია. შესაბამისად არარსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ-------- თ---------– დ-----თან დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო დ----- დ------ესთან, ვ----– ლ--------------ესთან და გ------- ს--–------ესთან. მათ იკისრეს ვალდებულება მ-------- თ---------– დ-----თან ერთად აგონ პასუხი სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.

დადგენილია, რომ მ-------- თ---------– დ-----მა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ მას აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც მ-------- თ---------– დ-----ის ასევე დ----- დ------ის, ვ----– ლ--------------ის და გ------- ს--–------ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.9. მოსარჩელე მოითხოვს დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზაცია გაუკეთდეს ავტომანქანა B--------. სარეგისტრაციო ნომერი M----------------------------. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ამ ფორმულირებით ჩამოყალიბებული მოთხოვნა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას. ასეთი მოთხოვნა უფრო გაგებული უნდა იქნას, როგორც გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენა. სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ მ-------- თ---------– დ-----ი მოსარჩელეს გადაუფორმებდა ავტომანქანას - B--------. სარეგისტრაციო ნომერი M-----. ს/ნ W----------------- სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში შპს “მ------------------ს“ უფლება ექნებოდა გაესხვისებინა ავტომანქანა და მიღებული თანხით დაეფარა სესხის დავალიანება. მოსარჩელემ ამ შეთანხმებას დაარქვა სესხის უზრუნველყოფა, თუმცა ასეთი შეთანხმება არაა უზრუნველყოფა. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მოძრავი ნივთის გამოყენებას კანონი იცნობს და მას უწოდებს გირავნობას. თუ მოსარჩელეს სურდა სესხის უზრუნველყოფა ავტომანქანით, მაშინ მას უნდა ეხელმძღვანელა იმ წესებით, რაც გირავნობით ნივთის დასატვირთად არის კანონით დადგენილი. ავტომანქანის მოსარჩელის სახელზე გადაფორმება არ წარმოადგენს გირავნობას და მის მიმართ მოთხოვნის უზრუნველყოფის წესები არ გამოიყენება. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანა გაფორმებულია მოსარჩელის საკუთრებად, მას ვერ მიენიჭება მოსარჩელის საკუთრების სტატუსი. ის მოძრავი ნივთია და მისი გაფორმება არ წარმოშობს საკუთრების უფლებას (შესაძლებელია მისი მესაკუთრე ამჟამად სულაც მესამე პირია). ასევე ის ვერ ჩაითვლება გირავნობად, რამდენადაც არაა დაცული ქონების გირავნობით დატვირთვისათვის კანონით განსაზღვრული წესები. ავტომანქანის გადაფორმებაზე და მის რეალიზაციაზე შეთანხმება გაგებული უნდა იქნას, როგორც შეთანხმება გადაწყვეტილების აღსრულებაზე. დავის არსს სცილდება როგორ შეძლებდა კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის გარეშე მოვალის იმ ქონების გაყიდვას, რომელიც არაა გირავნობის საგანი. ამიტომ მის შეფასებაზე სასამართლო დროს არ დაკარგავს. ამ მოცემულობაში საკითხი გაგებული უნდა იქნას, როგორც შეთანხმება გადაწყვეტილების აღსრულებაზე.

 

6.10. სასამართლომ დაადგინა, რომ ავტომანქანა - B--------. სარეგისტრაციო ნომერი M-----. ს/ნ WBAEW33472KL55064 ვერ დაიძებნა, შესაბამისად რისკის ქვეშ დგას ამ ავტომანქანის გამოყენებით გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. ასეთ სიტუაციაში სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 251-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ,,თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში”.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------- თ---------– დ-----ის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით დადგენილი უნდა იქნას გადაწყვეტილების აღსრულების წესი. აღნიშნული გამომდინარეობს იქედან, რომ დარღვეული უფლებების აღდგენა დაკავშირებულია გადაწყვეტილების აღსრულებასთან. მართლმსაჯულების ინტერესში შედის არა მხოლოდ დავის დასრულება გადაწყვეტილების მიღებით, არამედ მის ინტერესში შედის მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულება, ამიტომ სასამართლო ზრუნავს გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიის შექმნაზე. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ დადგენილი აღსრულების წესით გადაწყვეტილება შეიძლება ვეღარ აღსრულდეს, ან მის აღსრულებას შეექმნება სირთულე, ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლომ დაადგინოს აღსრულების წესი და დაადგინოს ისეთი აღსრულების წესი, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას. ევრო სასამართლომ ,,ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ”, საქმეზე განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გარანტიის შექმნა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დანაწესს, რომლის მიხედვითაც 6-ე მუხლით გარანტირებული უფლება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე იქნებოდა ილუზიური, თუკი ეროვნული სასამართლოს სისტემა დაუშვებს, რომ საბოლოოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს. გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში დამოკიდებულია მოპასუხის ნებაზე ნებაყოფილებით აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და მოსარჩელეს გადაუხადოს დაკისრებული თანხა. საქმის განხილვამდე მ-------- თ---------– დ-----მა ვალის მზად ყოფნის სურვილი არ გამოხატა,ა მაიტომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მის ნაწილში გადაწყვეტილება მიქცეული იქნას იძულებით აღსრულებაზე. სწორედ აქ დგება აღსრულების წესის განსაზღვრის აუცილებლობა. აღსრულების წესის განსაზღვრა აუცილებელია იმიტომ, რომ აღსრულებისას გართულდება ავტომანქანის (B--------. სარეგისტრაციო ნომერი M-----. ს/ნ WBAEW33472KL55064) აღსასრულებლად გამოყენების გაგება. ავტომანქანა მოსარჩელის სახელზეა რეგისტრირებული და აღნიშნული გამოიწვევს გარკვეულ გაუგებრობებს. ასე, რომ არ მოხდეს ამისათვის აუცილებელია მ-------- თ---------– დ-----ის ნაწილში გადაწყვეტილება აღსრულდეს ავტომანქანის რეალიზაციის გზით. თუ ავტომანქანის დაძებნა ვერ მოხერხდა, ან მისი რეალიზაციით მიღებული თანხა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის არ დარჩა საკმარისი, მაშინ გადაწყვეტილების აღსრულება მიქცეული უნდა იქნას მ-------- თ---------– დ-----ის ნებისმიერ ქონებაზე. აღსრულების აღნიშნული წესი არ ვრცელდება თავდებ პირებზე. ისინი თავიანთი ქონებით აგებენ პასუხს და მათი პასუხისმგებლობა არაა დამოკიდებული ავტომანქანის რეალიზაციის შედეგებზე. ასევე ამ გადაწყვეტილებით არაა დადგენილი რიგითობა და იგი აღმასრულების განსასაზღვრელია.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 117.87 ლარს. დ----- დ------ემ და ვ----– ლ--------------ემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნეს. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომაზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ დ----- დ------ემ და ვ----– ლ--------------ემ სარჩელი სცნეს, ამიტომ ისინი ამ თანხის კუთვნილ ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდენ. ხოლო დანარჩენ ნაწილში გადახდილი სახ, ბაჟი დანარჩენ მოპასუხეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არაა გამოყენებული

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,მ------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მ-------- თ---------– დ-----ს, დ----- დ------ეს, ვ----– ლ--------------ეს და გ------- ს------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1682.98 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

3. მ-------- თ---------– დ-----ს და გ------- ს------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეს აუნაზღაურონ წინასწარ გადახდილი ბაჟი 117.87 ლარი.

4. მ-------- თ---------– დ-----ის ნაწილში დადგენილი იქნას გადაწყვეტილების აღსრულების წესი. კერძოდ: - გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით რეალიზებული იქნას ავტომანქანა B--------. სარეგისტრაციო ნომერი M----------------------------. გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის არასაკმარისობისას, გადაწყვეტილების აღსრულება მიქცეული იქნას მ-------- თ---------– დ-----ის ნებისმიერ ქონებაზე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30)

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე