გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
190210016001374825
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/850-2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ----------ი"

წარმომადგენელი თეონა კვინიკაძე

მოპასუხეები შ------ ი----------ი, ა----- ი----------ა, აზ--- ი----------ი; ნ----- მ-------ი

წარმომადგენელი დიმიტრი ნაცვლიშვილი

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შ------ ი----------ის, ა----- ი----------ას, აზ--- ი----------ის და ნ----- მ-------ისათვის 24 514,89 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 22 386.26 აშშ დოლარი, სარგებელი 1 127,23 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1001,4 აშშ დოლარი.

1.2. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–---ში მდებარე უძრავი ქონება კოდი 8----------- და კოდი 8----------- მესაკუთრე შ------ ი----------ი. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მსესხებლის მოთხოვნის სრულად შესასრულებლად და/ან შეუძლებელი იქნება ქონების რეალიზაცია რაიმე საფუძვლით, მოთხოვნა არ ჩაითვალოს დაკმაყოფილებულად და დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების შ------ ი----------ის, ა----- ი----------ის, აზ--- ი----------ის და ნ----- მ-------ის ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2008 წლის 20 მაისს სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და შ------ ი----------ს შორის დაიდო გენერალური საკრედირო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 70 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა შ------ ი----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტერის სოფელ ყ--------–---ში, კოდი 81.06.07.182.

 

გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2010 წლის 30 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა 36 012 აშშ დოლარი 89 თვის და 29 დღის ვადით. წლიური სარგებელია 18%. საკრედიტო ხელშეკრულება დამატებით უზრუნველყოფილია თავდებობით. 2010 წლის 30 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულებებით სოლიდარული თავდებებმა ა----- ი----------მა, აზ--- ი----------მა და ნ----- მ-------მა იკისრეს კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. თითოეულის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 70 000 აშშ დოლარით. მხარეები ასევე შეთანხმებულნი არიან, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, უნდა განხორციელდეს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაცია. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს დავალიანების 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ვალდებულება სრულად არ შესრულდა, გადასახდელია ძირითადი თანხა 22 386,26 აშშ დოლარი, სარგებელი 1 127,23 აშშ დოლარი, პირგასმატეხლო 1001,4 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს შემდეგი გარემოებეები:

 

2010 წლის 30 ნოემბერს ბანკისგან სესხის თანხა არ მიუღიათ. შ------ ი----------მა სს „ბანკ რესპუბლიკასთან“ დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სესხად მიიღო 50 000 აშშ დოლარი, პროცენტთან ერთად სულ უნდა გადაეხადა 69 149,84 აშშ დოლარი. 2008 წლის 5 ივლისიდან 2009 წლის 5 ოქტომბრამდე გადახდილია 29 550 აშშ დოლარი, 2009 წლის 31 დეკემბიდან 2010 წლის 30 აპრილამდე გადახდილია 3423,47 აშშ დოლარი, 2010 წლის 31 მაისიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე გადახდილია 8512 აშშ დოლარი, 2010 წლის 31 დეკემბრიდან 2011 წლის 28 თებერვლამდე გადახდილია 1598,34 აშშ დოლარი, ხოლო 2011 წლის 31 მარტიდან 2015 წლის 31 იანვრამდე გადახდილია 34 986 აშშ დოლარი, სულ გადახდილი აქვთ 76 453 აშ დოლარი, ნაცვლად 69 149,84 აშშ დოლარისა. ამდენად, ბანკის წინაშე ვალდებულება სრულად შესრულებულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2008 წლის 20 მაისს სს „ ბანკ რესპუბლიკასა (უფლებამონაცვლეა „თიბისი ბანკი“) და შ------ ი----------ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ, რომლის თანახმად საკრედიტო თანხის მაქსიმალური მოცულობა 70 000 აშშ დოლარი. ზღვრულ თანხაში იგულისხმება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ნებისმიერ დროს აღებულ ძირითად ვალდებულებათა ერთობლიობა დასარიცხი საპროცენტო სარგებლის, საბანკო გარანტიისათვის საზღაურის და ჯარიმების, ასეთის არსებობის გაუთვალისწინებლად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე შ------ იბაგიმოვმა მიიღო კრედიტის თანხა 50 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 21-26. ტომი 1)

-სარჩელი (ს.ფ. 2- 10. ტომი 1)

-შესაგებელი (ს.ფ. 90-65. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (10.05.2018 წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.2. 2008 წლის 20 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2008 წლის 20 მაისს სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და შ------ ი----------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შ------ ი----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---ში მდებარე 4001 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი და მასზე მდებარე 2 ნაგებობა კოდი 8-----------. საჯარო რეესტრში იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია სს „ბანკ რესპუბლიკას“ იპოთეკის უფლება, ხოლო უძრავი ქონების დაყოფის რეგისტრაციის შედეგად იპოთეკით დატვირთული ქონება რეგისტრირებულია ორ საკადასტრო ერთეულად - 2001 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი კოდი 8----------- და 2000 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი კოდი 8-----------. ორივე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია მოსარჩელის იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 26-25. ტომი 1)

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (ს.ფ. 65-68. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2- 10. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 90-65. ტომი 1)

 

3.1.3. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და შ------ ი----------ს შორის დაიდო N00012346 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიზანია N000099506 სესხის რესტრუქტურიზაცია. კრედიტის ოდენობაა 36 012 აშშ დოლარი, ვადა 89 თვე და 29 დღე, 2018 წლის 29 მაისამდე. კრედიტო სარგებელი წლიური 18%. კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შედგენს დავალიანების 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დამატებით ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ჩერდება საურავის დარიცხვა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და მსესხებელს ეკისრება ძირითადი თანხის დავალიანების 12%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 36-42. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (10.05.2018 წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.4. 2010 წლის 30 ნოემბერს სს ბანკ რესპუბლიკასა“ და აზ--- ი----------ს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით აზ--- ი----------ი თავდებად დაუდგა შ------ ი----------ს ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობაა 70 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულებების ასლი (ს.ფ. 43-44. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2- 10. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 90-65. ტომი 1)

 

3.1.5. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და ა----- ი----------ს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ა----- ი----------ი თავდებად დაუდგა შ------ ი----------ს ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობაა 70 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 47-48. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2- 10. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 90-65. ტომი 1)

 

3.1.6. 2010 წლის 30 ნოემბერს სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და ნ----- მ-------ს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ნ----- მ-------ი თავდებად დაუდგა შ------ ი----------ს ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობაა 70 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 43-46. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2- 10. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 90-65. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე შ------ ი----------მა 2008 წლის 20 მაისის და 2010 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებები არაჯეროვნად შეასრულა. 2015 წლის 19 მარტის შემდეგ კრედიტის თანხა ბანკისთვის არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მოითხოვს 2010 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრებას. ეს ხელშეკრულება დადებულია 2008 წლის 20 მაისის სესხის ხელშეკრულების რეფინანსირების მიზნით, ხოლო მოპასუხეების მხრიდან სადაოა რეფინანსირების დროს 2008 წლის 20 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული დავალიანების ოდენობა. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ის გარემოება, რა მოცულობის შეუსრულებელი ვალდებულება გააჩნდა მსესხებელს 2010 წლის 30 ნოემბრისათვის, რა დავალიანების რეფინანსირება განხორციელდა.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ 2008 წლის 20 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შ------ ი----------მა მიიღო 50 000 აშშ დოლარი. კრედიტის დაბრუნების გრაფიკის მიხედვით, სესხის დაბრუნების ვადა იყო 2011 წლის 30 მაისი, სესხი უნდა დაბრუნებულიყო ყოველთვიურად თვეში 1910 აშშ დოლარის გადახდით. სესხის სარგებელი შეადგენს 19 149 აშშ დოლარს.

 

მოპასუხეებმა სესხის დაბრუნების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოადგინეს სალაროს შემოსავლის ორდერები და სს „ბანკ რესპუბლიკას“ მიერ გაცემული ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან.

 

სს „ბანკ რესპუბლიკას“ მიერ 2009 წლის 8 ივლისს გაცემული ამონაწერის თანახმად, შ------ ი----------ის მიერ 2008 წლის 29 მაისს აღებული კრედიტის თანხაა 50 000 აშშ დოლარი, ხოლო დავალიანებაა 34 607,69 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 34 586,85 აშშ დოლარი, სარგებელი 20,84 აშშ დოლარი, ამასთან, ვადაგადაცილებული დავალიანებაა 0 აშშ დოლარი. ამდენად, 2009 წლის 8 ივლისის მდგომარეობით, შ------ ი----------ის დავალიანება იყო 34 586,85 აშშ დოლარი. ამასთან მსესხებლის ვადაგადაცილებული დავალიანება იყო უმნიშვნელო თანხის - 20,84 აშშ დოლარი. სულ გადახდილი იყო 26 740 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო 15 413 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი 11 326,85 აშშ დოლარი.

 

მოპასუხეებმა სადაო თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგინეს სალაროს შემოსავლის ორდერები. სალაროს შემოსავლის ორდერებში მითითებულია ინფორმაცია 2008-2015 წლებში თანხის გადახდის შესახებ. 2009 წლის 8 ივლისის ამონაწერის შემდგომი პერიოდის სალაროს შემოსავლის ორდერებში ტრანზაქციის დანიშნულებად მითითებულია ვალუტის გაყიდვით მიღებული შემოსავალი, რაც გულისხმობს ბანკში ვალუტის გაცვლის ოპერაციის შესრულებას. ამასთან, 2009 წლის 30 იანვრის (თანხა 245 აშშ დოლარი), 2009 წლის 20 მარტის (თანხა 174 აშშ დოლარი), 2009 წლის 20 თებერვლის (თანხა 174 აშშ დოლარი) სალაროს შემოსავლის ორდერების მიხედვით მასში მითითებული თანხა გადარიცხულია სს „ფინკასათვის“ სესხის დასაფარად. 2009 წლის 20 ოქტომბრის სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, 400 აშშ დოლარის გადამხდელია ნამაზოვი, ხოლო თანხის მიმღებია შ------ ი----------ი.

 

ამდენად, სალაროს შემოსავლის ორდერებით არ დასტურდება, რომ მათში მითითებული თანხა გადახდილია სადაო საკრედიტო ხელშეკრულების შესასრულებლად, რადგან ორდერში თანხის გადახდის დანიშნულებად არ არის მითითებული სს „ბანკ რესპუბლიკაში“ არსებული სესხის დაფარვა.

 

სალაროს შემოსავლის ორდერების გარდა მოპასუხეებმა საკრედიტო ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგინეს ასევე სს „ბანკ რესპუბლიკას“ მიერ გაცემული ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან.

 

2012 წლის 20 სექტემბერს გაცემულია ამონაწერი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 2008 წლის 29 მაისიდან 2009 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდში გადახდების შესახებ. ამონაწერის თანახმად, 2008 წლის 29 მაისს გაცემულია 50 000 აშშ დოლარი, საიდანაც 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით გადახდილია 64 727.24 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 46 117.01 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებულ ძირი 3882.99 აშშ დოლარი, პროცენტი 11 722 აშშ დოლარი, ვადაგადაცილბულ პროცენტი 1840.46 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1031.74 აშშ დოლარი. ამონაწერის თანახმად, 2009 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით სესხის ნაშთია 33 323.1 აშშ დოლარი, ხოლო 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით სესხის ნაშთია 0 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ამონაწერით არ დასტურდება საკრედიტო ვალდებულების სრულად შესრულება, რადგან მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ასევე 2009 წლის 20 სექტემბერს გაცემული ამონაწერი ანგარიშიდან, რომლის მიხედვით შ------ ი----------ის საკრედიტო ხელშეკრულების თანხაა 36 644.26 აშშ დოლარი. თანხის გაცემა ფიქსირდება 2009 წლის 26 ნოემბერს. ამონაწერის მიხედვით, 2010 წლის 1 ნოემბრამდე გადახდილია 9272,01 აშშ დოლარი., საიდანაც ძირითადი თანხაა 2007,96 აშშ დოლარი, პროცენტი 6430.86 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 833,78 აშშ დოლარი. ამდენად, 2009 წლის 9 აგვისტოდან 2010 წლის 30 ნოემბრამდე გადახდილია 9272,01 აშშ დოლარი, რაც დასტურდება ბანკ რესპუბლიკას მიერ 2012 წლის 20 სექტემბერს გაცემული ამონაწერით.

 

2012 წლის 20 სექტემბრის და 2015 წლის 24 თებერვლის ამონაწერების მიხედვით, 50 000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულებაზე 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით გადასახდელია 0 აშშ დოლარი.

 

2012 წლის 8 ივლისის ამონაწერის მიხედვით, კრედიტის 50 000 აშ დოლარის გაცემის თარიღია 2008 წლის 29 მაისის, ხოლო 2009 წლის 8 მაისის მდგომრეობთ დავალიანებაა 34 586,85 აშშ დოლარი. სულ დავალიანებაა 34 631.3 აშშ დოლარი, საიდანაც ვადამოსული პროცენტია 20,84 აშშ დოლარი.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის 20 სექტემბრის და 2015 წლის 15 აპრილის ამონაწერებით დასტურდება, რომ 2009 წლის 26 იანვარს ფიქსირდება შახრამ ი----------ზე სესხის გაცემა 36 644,26 აშშ დოლარის ოდენობით, ამავე ამონაწერების თანახმად, სესხის დასაფარად გადახდილია 36 012.17 აშშ დოლარი, რაც არის რეფინანსირების ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის თანხა. ამდენად, ამ ამონაწერებით დასტურდება, რომ რეფინანსირების ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა საკუთარი სახსრებიდან დაფარა შ------ ი----------ის საკრედიტო ვალდებულება, რაც არ იწვევს მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას, რადგან რეფინანსირების ხელშეკრულების საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის გრძელდება სახელშეკრულებო ურთიერთობა ახალი პირობებით.

 

2010 წლის 30 ნოემბრის შემდეგ კრედიტის დაბრუნების ისტორია ასახულია როგორც 2012 წლის 12 სექტემბრის ამონაწერში, ისე 2015 წლის 24 თებერვლის და 2015 წლის 15 აპრილის ამონაწერებში.

 

2015 წლის 24 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, სესხის დაბრუნების მიზნით გადახდილია 36 380.23 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 8768.56 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებული ძირი 4179.65 აშშ დოლარი. სარგებელი 17 692.10 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებული სარგებელი 5188.09 აშშ დოლარი. პირგასამტეხლო 551.86 აშშ დოლარი. 2015 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით დავალიანებაა 23 063.79 აშშ დოლარი.

 

2015 წლის 15 აპრილის ამონაწერი შეიცავს ინფორმაციას 2009 წლის 26 ნოემბრიდან 2010 წლის 30 ნოემბერამდე თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის თანახმად, 2009 წლის 26 ნოემბერს გაცემულია სესხი 36 644 .26 აშშ დოლარი, ხოლო 2010 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით დავალიანებაა 34 631.30 აშშ დოლარი, ხოლო 2010 წლის 30 ნოემბერს გადახდილი თანხაა 36 012.17 აშშ დოლარი, რაც არის რეფინანსირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

 

ამდენად, სს ბანკ რესპუბლიკას მიერ გაცემული ამონაწერებით დასტურდება, რომ შ------ ი----------მა 2008 წლის 20 მაისს სს ბანკ რესპუბლიკასთან დადებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე 2008 წლის 29 მაისს მიიღო 50 000 აშშ დოლარი, საიდანაც 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით გადახდილია საერთო ჯამში 64 727.24 აშშ დოლარი.

 

მოპასუხე სადაო ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს აფუძნებს 2012 წლის 12 სექტემბრის საბანკო ამონაწერს, რომლის მიხედვით, 50 000 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტიდან 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით დავალიანებად მითითებულია 0 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სხვა საბანკო ამონაწერებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება სრულად შეასრულა.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის 20 სექტემბერის ამონაწერის თანახმად, 2009 წლის 26 ნოემბერს გაცემული კრედიტის თანხაა 36 644.26 აშშ დოლარი, საიდანაც 2010 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით გადახდილია 9272,01 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 2007,96 აშშ დოლარი, პროცენტი 6430,86 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 833,78 აშშ დოლარი. ამ დროისათვის ამონაწერის მიხედვით გადასახდელად დარჩენილი თანხაა 34 631.13 აშშ დოლარი. ამავე ამონაწერით დასტურდება, რომ რეფინანსირების ხელშეკრულების დადების დღეს 2010 წლის 30 ნოემბერს სესხის დაბრუნების მიზნით გადახდილია 36 012.17 აშშ დოლარი, რაც არის არა მსესხებლის მიერ დაბრუნებული თანხა, არამედ რეფინანსირების შედეგად ბანკის მიერ საკუთარი სახსრებით კრედიტის დაბრუნების მიზნით გადახდილი თანხა, რის შედეგად მსესხებელი სესხის დაბრუნების ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება და იგი რეფინანსირების გამო აგრძელებს ბანკისათვის თანხის დაბრუნებას თავდაპირველი ხელშეკრულებისგან განსხვავებული ახალი პირობებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რეფინანსირების დროს დავალიანებაში სრულად არ არის გათვალისწინებული მოპასუხის მიერ რეფინანსირებამდე კრედიტის დაბრუნების მიზნით თანხის გადახდის ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს 2012 წლის 20 სექტემბრის და 2015 წლის 15 აპრილის ამონაწერებში 2009 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება 34 607,69 აშშ დოლარი იმ თანხით, რაც გადახდილია რეფინანსირებამდე და სულ გადახდილი თანხა შეადგენს 9322,44 აშშ დოლარს. ამდენად, რეფინანსირების ხელშეკრულების დადების დროს მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 25 285,25 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ 2010 წლის 30 ნოემბრის შემდეგ შ------ ი----------მა 2015 წლის 19 მარტის ჩათვლით პერიოდში გადაიხადა სულ 37 680 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა ვადიანი 8768,56 აშშ დოლარი, ვადაგადადაცილებული ძირი 4857,18 აშშ დოლარი (სულ 13 625,74 აშშ დოლარი); პროცენტი ვადიანი 17 692,10 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებულ 5496,37 აშშ დოლარი (სულ 23 188,47 აშშ დოლარი); პირგასამტეხლო 866,02 აშშ დოლარი.

 

ამდენად, რეფინანსირების შემდეგ მოვალის მიერ გადახდილია ძირითადი თანხა 13 625,74 აშშ დოლარი, პროცენტი 23 188,47 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 866,02 აშშ დოლარი.

 

რეფინანსირების დროს რეალურად არსებულ დავალიანებას შემდეგნაირად უნდა გამოაკლდეს გადახდილი თანხა:

რეფინანსირების შემდეგ სესხის დაბრუნების ვადა შეადგენს 7 წელს 5 თვეს და 29 დღეს. წლიური საპროცენტო სარგებელია 18%, რის გამოც გადასახდელი წლიური სარგებელი შეადგენს 4551,34 აშშ დოლარს, ხოლო სულ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში გადასახდელი სარგებელია 31 859,38 აშშ დოლარი. რეფინანსირების შემდეგ გადახდილია ძირითადი თანხა 13 625,74 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტია 23 188,47 აშშ დოლარი. რეფინანსირების შედეგად შ------ ი----------ს სულ უნდა გადაეხადა ძირითადი თანხა 25 585,25 აშშ დოლარი, სარგებელი 34 135,05 აშშ დოლარი, ჯამურად 59 420,3 აშშ დოლარი.

 

სარჩელით სარგებელი მოთხოვნილია ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის, 2016 წლის 27 მაისის მდგომარეობით გადაუხდელი სარგებელი და არა სრულად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში გადაუხდელი სარგებლის თანხა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2010 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით არსებულ დავალიანებას უნდა გამოაკლდეს 2010 წლის 30 ნოემბრის შემდეგ გადახდილი სესხის ძირითადი თანხა 13 625,74 აშშ დოლარი, რის შემდეგ გადასახდელი ძირითადი თანხის დავალიანებაა 11 625,76 აშშ დოლარი.

 

რაც შეეხება კრედიტის სარგებელს. მოვალე სესხიხ თანხას იხიდია 2010 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტის თვის ჩათვლით - 4 წლისა და 4 თვის მანძილზე. ამ დორის მანძილზე რეფინანსირების დროს არსებული რეალური დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 19 722,47 აშშ დოლარი, ხოლო რეალურად გადახდილია ვადის დაცვით 17 692,10 აშშ დოლარი, ხოლო ვადის გდაცილებით 5496,37 აშშ დოლარი. ამდენად, პროცენტის დავალიანება მსესხებელს აღარ გააჩნია, რადგან მოსარჩელე მოითხოვს სესხის ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადაუხდელ საპროცენტო სარგებელს და არა ხელშეკრულების დარჩენილ ვადაში გადაუხდელ სარგებელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებებს:

- ამონაწერები სესხის ანგარიშიდან (ს.ფ. 101-116. ტომი 3)

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ტომი 1-100. ტომი 3)

- ამონაწერი სესხის ანგარიშიდან (ს.ფ. 54-57 ტომი 1)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 316-ე, 115-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მოსარჩელე მოითხოვს 2010 წლის 30 ნოემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულებას, ხოლო ეს ხელშეკრულება დადებულია 2008 წლის 20 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს „ბანკ რესპუბლიკას“ მიმართ არსებული შ------ ი----------ის საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების მიზნით. ამდენად, ამ ხელშეკრულებით შ------ ი----------ს ბანკიდან თანხა არ მიუღია, სესხის ხელშეკრულებაში მითითებული ძირითადი თანხა 36 012,17 აშშ დოლარი არის 2008 წლის 20 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება - ძირითადი თანხის, სარგებლის და კრედიტის გადახდის ვადის დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ რეფინანსირება არის მომხმარებლის მიერ საკუთარი მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იგივე ან სხვა საფინანსო კომპანიიდან მიღებული ახალი სესხით. რეფინანსირება თავისი შინაარსით არის მხარეებს შორის არსებული შეთანხმება, რომლითაც იცვლება სახელშეკრულებო პირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრას რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ამ შემთხვევაში მოპასუხეები სარჩელს არ ეთანხმებიან იმ საფუძვლით, რომ 2008 წლის 20 მაისის საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება შესრულებული აქვთ, გადახდილი აქვთ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სს „ბანკმა რესპუბლიკამ“ 2010 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარი სახსრებით მოახდინა შახრამ ი----------ის სესხის სრულად რეფინანსირება, რის შედეგად მხარეებს შორის წარმოიშვა ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა 2010 წლის 30 ნოემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ჯეროვნად შესრულებული არ არის.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეებმა სრულად შეასრულეს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 868-ე მუხლების თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი ხელშეკრულებაა და მსესხებელმა სესხის თანხასთან ერთად უნდა დააბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის თანხა შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვით.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ მოვალეს 2010 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით გააჩნდა შესასრულებელი ფულადი ვალდებულება 25 285,25 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ამდენად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით სესხის დაბრუნების ვალდებულება, ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში არსებობს ამ ნორმის გამოყენების საფუძველი, რადგან მოვალე არ მიიჩნევს სამართლიანად რეფინანსირების ხელშეკრულების პირობებს და სარჩელით სადაო საკრედიტო ვალდებულების ოდენობას. მოპასუხის განმარტებით, მას გადახდილი ჰქონდა იმაზე მეტი თანხა, ვიდრე რეფინანსირების ხელშეკრულებაშია მითითებული. დასახელებული ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების პირობები განისაზღვრება ერთერთი მხარის მიერ. საკრედიტო ურთიერთობაში ბანკი არის მხარე, რომელიც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების წარდგენით მხარეებს სთავაზობს საკრედიტო ურთიერთობის პირობებს, მეორე მხარეს კი ამ არსებითი პირობების შემუშავების და შეცვლის შესაძლებლობა თითქმის არა აქვს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნება, რადგან ხელშეკრულების დადებით მხარეებს სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში აქვთ უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის მთელი რიგი ნორმები, 420-ე და 325-ე მუხლები სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს მხარეთა მიერ შეთავაზებული პირობების სამართლიანობა და კეთილსინდისიერება, რა დროსაც სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შინაარსი, ვალდებულების შესრულების პროცესში გამოვლენილი გარემოებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით, ისევე როგორც 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

საკრედიტო ურთიერთობაში ბანკი ერთგვარად უპირატეს მდგომარეობაშია, იგი განსაზღვრავს საკრედიტო ხელშეკრულებისათვის არსებით პირობებს.

 

ამ შემთხვევაში ბანკი მოითხოვს რეფინანსირების ხელშეკრულებაში მითითებული საკრედიტო თანხის დაუბრუნებლობის გამო წარმოშობილი ფულადი ვალდებულების დაკისრებას. რეფინანსირების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბანკმა საკუთარი სახრებით მოახდინა შ------ ი----------ის საკრედიტო ვალდებულების შესრულება, რის შედეგად მოვალეს წარმოეშვა რეფინანსირების მიზნით გადახდილი თანხის ბანკისათვის დაბრუნების ვალდებულება. ვინაიდან სადაო არის შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა, უნდა შეფასდეს რამდენს შეადგენდა მსესხებლის ვალი რეფინანსირების დროს.

 

ამ შემთხვევაში მოვალემ ხელშეკრულების დადებით თანხმობა განაცხადა რეფინანსირებაზე, რის საფუძველზეც ბანკმა განახორციელა ქმედება – საკუთარი სახსრებით გადაიხადა მოპასუხის ფულადი ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის საფუძველზე პირობები უნდა განისაზღვროს სამართლიანად და სასამართლომ მხარეებს შორის არსებული შეუთანხმებლობის გამო უნდა შეამოწმოს ამ პირობების სამართლიანობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რეფინანსირების ხელშეკრულების დადების დროს არასოწრად არის განსაზღვრული მოვალის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა და სრულად არ არის გათვალისწინებული მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა. რეფინანსირების ხელშეკრულების დადების დროს მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 25 285,25 აშშ დოლარი, რის შემდეგ მოპასუხემ გააგრძელდა კრედიტის დაბრუნება. მან გადაიხადა სესხის ძირითადი თანხა 13 625,76 აშშ დოლარი, სარგებელი 23 188,47 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 866,02 აშშ დოლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ რეფინანსირების დროს რეალურად არსებულ დავალიანებას უნდა გამოაკლდეს ხელშეკრულების დადების შემდეგ გადახდილი თანხა. კერძოდ, სესხის ძირითადი თანხა 13625,76 აშშ დოლარი. რაც შეეხება სარგებელს, ვინაიდან მოსარჩელე მოითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტამდე 2016 წლის მაისამდე გადაუხდელ სარგებელს, ხოლო მოპასუხის მიერ ფაქტობრივად გადახდილია იმაზე მეტი სარგებლის თანხა, ვიდრე რეალური დავალიანებიდან გამომდინარეობდა, სარგებელი სრულად გადახდილად უნდა ჩაეთვალოს. ამდენად, მოპასუხეების მიერ გადასახდელია მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა 11 659,49 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს 1001,4 აშშ დოლარის დაკისრებას. 2010 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა ძირითადი თანხისა და პროცენტის გადაუხდელი დავალიანების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბანკის მიერ მიცემულ დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩერდება საურავის დარიცხვა ყოველი ვადაგადაცილებულ დღისათვის და მსესხებელს ეკისრება საურავი კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 12%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში გადაუხდელი დავალიანებაა 11 659,49 აშშ დოლარი, რომლის 12% არის 1399,13 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლო გონივრულია და გადასახედელი თანხის მოცულობის და ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით სამართლიანი პასუხისმგებლობის ზომაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.

 

პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლოს თანხა გონივრულია, რადგან მოპასუხეს 2015 წლის მარტის შემდეგ ვალდებულება აღარ შეუსრულებია, ვალდებულება თითქმის სამი წელია არ შესრულება. სადაო ხელშეკრულებით მსესხებელს სესხის თანხა არ მიუღია, ხელშეკრულება დადებულია მანამდე არსებული საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების მიზნით. შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებული სესხის ძირითადი თანხა არის მანამდე არსებული სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს ერთობლიობა, რომელიც ბანკმა საკუთარი სახსრებით გადაიხადა მოვალის ნაცვლად, რის გამოც მსესხებელს წარმოეშვა ვალდებულება ბანკს დაუბრუნოს კრედიტოს რეფონანსირების მიზნით გადახდილი თანხა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასმატეხლო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასმატეხლოს ზღვრული ოდენობის ფარგლებშია მოთხოვნილი. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის ყოველდრიური პირგასმატეხლოს დარიცხვა შეწყდა, რადგან ვალდებულების დარღვევის შემდეგ ბანკის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაშიც არ შესრულდა ვალდებულება, რა შემთხვევაშიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავალიანების 12%-ის გადახდევინება, რაც შეადგენს 1399,13 აშშ დოლარს, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლებია და შეადგენს 1001,4 აშშ დოლარს.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეებს კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა მოთხოვნილი ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს ნ------ მ-------ს, ა----- იბარგიმოვს და აზ--- ი----------ს შ------ ი----------თან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა, რადგან მათი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ნ------ მ-------თან, ა----- იბარგიმოვსა და აზ--- ი----------თან დადებული წერილობითი შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა შ------ ი----------ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამ ნორმის საფუძველზე სარჩელი საკრედიტო ვალდებულების შესრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

იპოთეკა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რადგან იგი სესხის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი გარიგება არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელი კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

 

2010 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულები მე-3 მუხლის თანახმად, ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფა განსაზღვრულია 2008 წლის 29 მაისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით, ამდენად, რეფინანსირების ხელშეკრულება უზრუნველყოფილია გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2008 წლის 29 მაისს სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და შ------ ი----------ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამ ნორმების საფუძველზე, იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. იპოთეკის ხელშეკრულების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სს „თ----------ის“ წინაშე საკრედიტო ვალდებულება მოპასუხეებს შესრულებული არა აქვთ, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ.

 

მოსარჩელე მოითხოვს, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება განხორციელდეს მოვალის და თავდებების სხვა ქონებაზე.

 

იპოთეკის ხელშეკრულების მე-8 მუხლის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, თუ მსესხებელი გააჭიანურებს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე გაყიდვის შემთხვევაში მიღებული თანხიდან იფარება ბანკის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები, აღსრულების ხარჯები, შემდეგ დაიფარება ბანკის მოთხოვნა სრულად, ხოლო ნაშთი გადაეცემა მესაკუთრეს. მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს ერთობლივი განცხადებით იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონისგან განსხვავებული რეალიზაციის ფორმის დადგენის შესახებ.

 

2010 წლსი 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულები 4,3 პუნქტის თანახმად, თუ ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მსესხებელი სრულად არ შესრულებს ვალდებულებებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაიწყოს იძულებითი აღსრულების მიქცევა უზრუნველყოფის საგნებზე. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხები არ იქნება საკმარისი მსესხებლის ვალდებულების სრულად შესასრულებლად, მსესხებელს რჩება პასუხისმგებლობა დარჩენილ ნაშთზე, ხოლო ბანკს აქვს უფლება იძულებით გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე. ამასთან, არ არის აუცილებელი, მსესხებლის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იძულებით აღსრულება შეეხოს თავდაპირველად უზრუნველყოფის საგანს და შემდეგ მსესხებლის სხვა ქონებას, ბანკის გადაწყვეტილებით შესაძლებელია იძულებითი აღსრულება თავდაპირველად დაიწყოს მსესხებლის სხვა ქონების მიმართ.

 

ამდენად, მხარეებს შორის 2010 წლის 30 ნოემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის გამოიყენება თავდაპირველი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალებები, ხოლო შეიცვალა უძრვი ქონების რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობები და გათვალისწინებულია მსესხებლის ნებისმიერ ქონების რეალიზაცია და არა მარტო იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამდენად, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით ბანკის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვს მოვალის სხვა ქონების რეალიზაციაც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდებობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის პირადი საშუალება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავდები პირადად, მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს ვალდებულების შესრულებისათვის, თუკი ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. ამ შემთხვევაში ნ------ მ-------ი, ა----- ი----------ი და აზ--- ი----------ი არიან სოლიდარული თავდებები, რადგან მათ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრეს შ------ ი----------ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. ამდენად, თავდებობის, როგორც ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალების არსი ის არის, რომ თავდები ვალდებულების შესრულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ამ შემთხვევაში სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თავდებები პასუხს აგებენ საკრედიტო ვალდებულებისათვის მთელი თავისი ქონებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უნდა განხორციელდეს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაცია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 24 514,89 აშშ დოლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 12 659,49 აშშ ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 51%. ამდენად, მოპასუხეებსს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1590,62 ლარის ამ პროპორციით ანაზღაურება, რაც შეადგენს 811,21 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ----------ის“ სარჩელი;

 

1.1. შ------ ი----------ს, ნ------ მ-------ს, ა----- ი----------ს და აზ--- ი----------ს დაეკისროთ სს „თიბისი ბანკისათვის“ 12 659,49 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა;

 

1.2. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყ--------–---ში მდებარე 2001 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი კოდი 8----------- და 2000 კვ.მ მიწის ფართი და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლი კოდი 8-----------. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მსესხებლის მოთხოვნის სრულად შესასრულებლად და/ან შეუძლებელი იქნება ქონების რეალიზაცია, დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების შ------ ი----------ის, ა----- ი----------ის, აზ--- ი----------ის და ნ------ მ-------ის ნებისმიერ შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის ხარჯზე;

 

2. შ------ ი----------ს, ა----- ი----------ს, აზ--- ი----------ს და ნ------ მ-------ს დაეკისროთ სს „თ----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 811,21 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი