გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2018
საქმის ნომერი
210210017002236620
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002236620

საქმე №2/989-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 მაისი 2018 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე - ჟ---–----------–------–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - მ------------–------–---–ი

მოპასუხე - ნ------------–---–ი

მოპასუხის წარმომადგენელი - ე-–------------------ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ნ------------–---–ს დაეკისროს მოსარჩელე ჟ---–----------–------–---–ის სასარგებლოდ 3 380 (სამი ათას სამარ ოთხმოცი) ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელში და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ჟ---–----------–------–---–ს 2002 წლიდან სარგებლობს 5 (ხუთი) ჰა სახნავი კატეგორიის მიწით სოფელ ა-----–---ს ტერიტორიაზე, რომლსაც იგი სისტემატურად ხნავდა და ამუშავებდა და იხდიდა იჯარის გადასახადს, თუმცა იჯარის ხელშეკრულება დრეისათვის არ გააჩნია. ვინაიდან, მიწის ნაკვეთები არ არის გამიჯნული, ჟ---–----------–------–---–ის შვილმა მ------------–------–---–მა 2016 წლის შემოდგომაზე შეცდომით დათესა ქერი სხვის ნაკვეთში, კერძოდ ნ------------–---–ის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთში. 2017 წელს, როდესაც ქერის აღების დრო მოვიდა, თანასოფლელებმა მას უთხრეს, რომ მისი დათესილი ქერის მოსავალი აიღო ნ------------–---–მა. აღნიშნულის შემდეგ გაიგო, რომ ქერი დათესა არა თავისი სარგებლობის ნაკვეთში, არამედ ნ------------–---–ის ნაკვეთში. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ მან ნაკვეთის დამუშავება - აჩეხვაში გადაიხადა 300 ლარი, ტრაქტორის მომსახურებაში - 120 ლარი, სათესლე ქერში გადაიხადა - 1320 ლარი, თაგვის წამალი შეიტანა ორჯერ და გადაიხადა- 320 ლარი, ტრანსპორტირებასა და დაკალიბრებაში - 100 ლარი, სახლამდე ტრანსპორტირებაში გადაიხადა - 100 ლარი, ნაკვეთამდე თესლის მიტანაში - 70 ლარი, ორჯერ მივიდა ნაკვეთში მანქანით და საწვავში გადაიხადა - 50 ლარი, ნაკვეთის დათესვა ქერით მას დაუჯდა 2 380 ლარი და შესაბამისაც მოსარჩელე ითხოვს მის მიერ გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას 2 380 ლარის ოდენობით. ამავე დროს მოსარჩელე ითხოვს მორალურ ზიანს - 1000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა მოპასუხე ნ------------–---–ს დაეკისროს სულ-3 380 (სამი ათას სამარ ოთხმოცი) ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ------------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 1000 ლარის ფარგლებში და განმარტა, რომ სოფელ ა-----–---ს ტერიტორიაზე სარგებლობაში გააჩნია 5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2016 წლის შემოდგომაზე მან გადაწყვიტა თავის ნაკვეთში ქერის მოყვანა, შეიძინა კიდეც სათესლე ქერი, მაგრამ როდესაც ნაკვეთში მივიდა იგი უკვე დათესილი დახვდა ქერით მისთვის უცნობი პირის მიერ. იგი ყველანაირად ეცადა ეპოვნა ის პიროვნება, რომელმაც მის ნაკვეთში ქერი დათესა, მაგრამ უშედეგოდ. ეს პიროვნება სოფელში აღარ გამოჩენილა და იგი იძულებული გახდა აეღო მოსავალი. მოპასუხე ნ------------–---–მა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ხუთი ჰექტარის დამუშავება და ქერის დათესვა დაუჯდებოდა არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარი და განმარტა, რომ თანახმაა მოსარჩელეს აუნაზღაუროს 1000 (ათასი) ლარი, კერძოდ ის ხარჯი, რომელიც მოსარჩელემ სავარაუდოდ გაიღო. მოპასუხემ ასევე დაადასტურა, რომ მის მიერ აღებული იქნა დაახლოებით 9 (ცხრა) ტონა ქერი, რომლის ღირებულებამ აღებაზე და ტრანსპორტირებაზე ხარჯების გამოკლების შემდეგ შეადგინა 2320 ( ორი ათას სამას ოცი ) ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ჟ---–----------–------–---–ს სარჩელში მითითებულ სოფელ ა-----–---ს ტერიტორიაზე რაიმე მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (10.05.2018 სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.2. მოსარჩელე ჟ---–----------–------–---–მა 2016 წლის გაზაფხულზე შეცდომით დათესა ქერი ნ------------–---–ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მოპასუხე ნ------------–---–მა აიღო მოსარჩელის მიერ დათესილი ქერის მოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (10.05.2018 სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრების საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებელის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის 3 380 (სამი ათას სამას ოთხმოცი) ლარის გადახდის დაკისრების დასადასტურებლად მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი. მოსარჩელე მხარე გაწეული ხარჯების დასადასტურებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით და არანაირი წერილობითი მტკიცებულებები ხარჯების გაწევის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ჟ---–----------–------–---–ი მიერ თანხის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები არ არის დასაბუთებული მტკიცებულებებით. შესაბამისად სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა მხოლოდ მოპასუხე მხარის მხრიდან სარჩელის ცნობას, ქერის დათესვის და აღების ღირებულების 1000 ლარის ოდენობით ხარჯის ნაწილში.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ დადგენილად არის მიჩნეული, რომ მოსარჩელე ჟ---–----------–------–---–ის მიერ 2016 წლის გაზაფხულზე ნ------------–---–ის მფლობელობაში არსებულ 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ქერის დათესვისას გაიღო ხარჯი არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (10.05.2018 სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2.2. მოპასუხის მიერ აღებული იქნა ჟ---–----------–------–---–ის მიერ დათესილი ქერის მოსავალი დაახლოებით 9 (ცხრა) ტონა ქერი, რომლის ღირებულებამ, აღებაზე და ტრანსპორტირებაზე ხარჯების გამოკლების შემდეგ, შეადგინა 2320 ( ორი ათას სამასოცი ) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (10.05.2018 სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 412-ე, 413-ე, 922-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე , 208 -ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 922-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, მოცემული უნდა იყოს შესაბამისი პირობები. კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და დაადასტურა ზიანის მიყენების ფაქტი 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გაწეული ხარჯების და შესაბამისად ქონებრივი ზიანის ოდენობა, ვერანაირი მტკიცებულება ხარჯების გაწევის თაობაზე ვერ წარმოადგინა, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოპასუხემ სარჩელი ცნო.

 

მოსარჩელე მხარე მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების გარდა ასევე აყენებს მოთხოვნას არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების შესახებ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ასეთი სახის ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით. ამ მუხლის 1-ი ნაწილით: არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე ამუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. მითითებული ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობები და სასარჩელო მოთხოვნას ამ ნაწილში უნდა ეთქვას უარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

თავდაპირველად მოსარჩელე ითხოვდა 15 000 ლარის გადახდას და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 3 380 ლარამდე, მოპასუხემ ცნო სარჩელი 1000 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელე (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 259! -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ჟ---–----------–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ნ------------–---–ს მოსარჩელე ჟ---–----------–------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1 000 (ათასი) ლარის გადახდა.

 

1.2. მოსარჩელე ჟ----–---- კ----–------–---–ს დარჩენილ მოთხოვნაზე ეთქვას უარი.

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-4 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე