გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
010210017002124211
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002124211

საქმე №2-3830/17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კო ლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე შპს „ა---–----------------------ი“

წარმომადგენელი ქ-----------------–-ძე

მოპასუხე რ---------–--–---–ი

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რ---------–--–---–ს დაეკისროს შპს „ა---–----------------------ი“-ს სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 1503 ლარის ოდენობით, რომელშიც შედის ძირი დავალიანება - 500 ლარი, საკომისიო - 75 ლარი და პირგასამტეხლო - 928 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე რ---------–--–---–ს ელექტრონული განაცხადის (ოფერტი) საფუძველზე, სადაც მან ასევე ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე და მიუთითა მისთვის სასურველი ანგარიში, შპს „ა---–----------------------ი”-ს მიერ დამტკიცდა და 14/11/2016წ გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით. კერძოდ სესხი სარგებელთან (საკომისიო) ერთად 575 ლარის (ძირი თანხა 500 ლარი + % 75 ლარი) ოდენობით უნდა დაბრუნებულიყო 14/12/2016წ.

 

ხელშეკრულების პირობები დეტალურად იყო გაწერილი ძირითად ხელშეკრულებაში, რომელიც განთავსებული იყო შპს „ა---–----------------------ი“-ს ვებ. გვერდზე (www.wincredit.ge) და რომლის გაცნობაც და რომელზე თანხმობაც მსესხებელმა დაადასტურა ელექტონულად ხელის მოწერით. ხელშეკრულების 8.4 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდებოდა სესხის დაფარვის თარიღის შემდეგ დღიდან, რომელიც ერიცხებოდა ძირსა და სარგებელს 1.5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ერთჯერადი ჯარიმა (100 ლარი) 30 ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ელექტროული ხელშეკრულების პირობები.

- ინფორმაცია განვადების ბარათის ინდივიდუალური პირობების შესახებ.

- აპლიკაციის ფორმა.

- სესხის განსაკუთრებული პირობები.

- საგადახდო დავალება.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და მის მიერ თანხის ჩარიცხვა არ დაფიქსირებულა.

 

ზ/ აღნიშნულის გამო მისი დავალიანება, 29/09/2017წ მდგომარეობით შეადგენდა 1503 ლარს, საიდანაც: ძირი დავალიანებაა - 500 ლარი, საკომისიო - 75 ლარი, ჯარიმა - 928 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- დავალიანების ცნობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, დაეკისროს მოპასუხე რ---------–--–---–ს შპს „ა---–----------------------ი“-ს სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 675 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 500 ლარი, საკომისიო - 75 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 361-ე, 400, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება მხარეებს შორის გაფორმებულ სესხის ელექტრონულ ხელშეკრულებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

როგორც დადგენილია, რ---------–--–---–სა და შპს „ა---–----------------------“-ს შორის 2016 წლის 14 ნოემბერს რ---------–--–---–ის ელექტრონული განაცხადის საფუძველზე დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რ---------–--–---–მა სესხის სახით მიიღო 500 ლარი, რის შემდეგაც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებითი ურთიერთობა.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს თანხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და მან დადგენილ ვადაში არ დააბრუნა სესხის თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მსესხებელ რ---------–--–---–ის ძირი დავალიანება მოსარჩელის მიმართ დღემდე შეადგენს 500 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ მოვალე მსესხებელმა გადააცილა ფულადი თანხის გადახდის ვადას, რომელიც ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული იყო 30 დღით. ასევე დადგენილია, რომ მსესხებელს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე რ---------–--–---–ზე სესხის ძირი თანხის, 500 ლარის და საკომისიოს 75 ლარის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს 982 ლარს, არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მისი შემცირება 100 ლარამდე. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხისა უნდა დაეკისროთ 100 ლარის გადახდა.

 

6.4. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, ამიტომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. სააპელაციო წესით გასაჩივრებას კი სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365 მუხლის თანახმად ექვემდებარება მაშინ, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ასევე გაწეული იქნა იურიდიული მომსახურეობის ხარჯი 100 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯიდან დავის საგნის 4%-ის ანაზღაურება, რაც შეადგენს 27 ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ა---–----------------------ი“-ს სარჩელი.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე რ---------–--–---–ს შპს „ა---–----------------------ი“-ს სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 675 ლარის ოდენობით.

2. დაეკისროს მოპასუხე რ---------–--–---–ს შპს „ა---–----------------------ი“-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯიდან დავის საგნის ღირებულების 4%-ის ანაზღაურება, რაც შეადგენს 27 ლარს.

3. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე